ძებნის რეზულტატი:
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოსთნ პარტნიორობა დროთა განმავლობაში ძლიერდება
NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი საქართველოში შემაჯამებელი განცხადებებით დასრულდა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სესიაზე განხილული საკითხები შეაჯამეს. როგორც რობ ბაუერმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე თემაზე: NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეთაური: NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ „გუშინ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე შესაძლებლობა მქონდა, ხაზგასმით აღმენიშნა, რომ NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, - აღნიშნა ადმირალმა რობ ბაუერმა. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, NATO-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში. მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გენერლ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოსა და NATO-ს შორის განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი. „ჩვენ ვაგრძელებთ NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნატოსთან თავსებადობისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებას. ამ მხრივ გამორჩეულია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს NATO-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს პრაქტიკულ მექანიზმს და მოიცავს NATO-ს სტანდარტების შესაბამისი კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა. ცნობისთვის, წინანდალში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა საქართველო NATO-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა. ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველოში ვიზიტი ალიანსის ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულების კიდევ ერთი დასტურია და აღსანიშნავია, რომ საქართველო სარგებლობს NATO-ს უპრეცედენტო მხარდაჭერით, რაც მნიშნელოვანი ფინანსური, საექსპერტო და პრაქტიკული დახმარებით გამოიხატება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მხარეებმა პლენარულ სხდომაზე გაამახვილეს ყურადღება. NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს და ქართული ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნისა და თავსებადობის დონე აღნიშნეს.
სკოლის აუცრელი თანამშრომლები, კორონავირუსზე ყოველ 7 დღეში ერთხელ, სრულად ვაქცინირებულები კი ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან
სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები კი ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავეები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით. „ორსული ქალები ტესტირებას ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით გათვალისწინებული რვა ანტენატალური ვიზიტისას PCR მეთოდით“, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც ძალაში უკვე შევიდა. ამჟამად, სკოლის პერსონალის 68%-ია ვაქცინირებული.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის. დაშავებულის მამის ინფორმაციით, კორპუსში სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა. „ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო“, - აცხადებს გიზო ქავთარაძე. ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების განმარტებით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება. „ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი. ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაშველებს დახმარებას სთხოვს ბათუმში 7 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს სამაშველო სამსახური ეძებს
პოლიციის ცნობით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ხუთ ადამიანს ეძებენ
პოლიციის ცნობით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ხუთ ადამიანს ეძებენ. ორი კონტაქტზე გავიდა სამართალდამცველებთან. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის ერთი ადამიანის ყვირილის ხმაც. მაშველებმა უკვე გამოიყვანეს ერთი ბავშვი, რომელიც ბათუმის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია. ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული ბავშვის მამის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა სავარაუდოდ ამ სამუშაომ გამოიწვია. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი.
სად შეიცვალა შედეგები უბნების ხელახალი გადათვლის შემდეგ
ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რიგ ოლქებში გადათვლის პროცესი ხმაურის და კონკურენტი პარტიების წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ, გვიან ღამით, ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და მე-11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ხელახლა გადათვლამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არსებული სურათი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების გამოვლენამ შეცვალა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, მისი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას ნაცვლად კი, გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. საჩივრების განხილვა დასრულდა მცხეთაშიც, სადაც მე-18 უბნის თავმჯდომარეს, რეგისტრატორს და მთვლელს დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილებაც დაეკისრათ. Europetime ამ დროისთვის არსებულ ცნობებს მცხეთისა და ზუგდიდის მაგალითზე წარმოგიდგენთ. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა მე-18 უბნის თავმჯდომარეს, რეგისტრატორს და მთვლელს დისციპლინური პასუხისმგებლობა, გაფრთხილება დაეკისრათ. კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილმა განაცხადა, რომ გადათვლის შემდეგ რეგისტრატორის მექანიკური შეცდომაა აღმოჩენილი და გასწორებულია. „იყო საჩივრები, განვიხილეთ, საჩივარში მოთხოვნილი იყო, რომ გაგვეხსნა, შესაბამისად, გავხსენით მაჟორიტარულიც, პროპორციულიც და ამასთანავე გაიხსნა სამაგიდო სიებიც. გამოვლინდა და დავადგინეთ კიდევაც, რომ ერთ რეგისტრატორს სამჯერ ჰქონდა ხელი მოწერილი და როდესაც ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, ამომრჩეველს არ მოაწერინა ხელი. კომისიურად ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს გადავთვალეთ უბნის შედეგები და დავადგინეთ, რა მოხდა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ბიულეტენების რაოდენობასა და ხელმოწერებს შორის არსებული შეუსაბამობა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უბნის შედეგების გაბათილებას ექვემდებარება, თუმცა კომისიამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ წარმომადგენელმა კომისიის გადაწყვეტილება „თვალში ნაცრის შეყრად“ შეაფასა. მან განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, ამ უბანზე კარუსელი განხორციელდა. ზუგდიდის საოლქო კომისიაში, მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლისას შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა მე-11 მაჟორიტარული ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია - საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა. ხმების გადათვლამდე, ამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმის უპირატესობით პირველივე ტურში იგებდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდნენ. ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი. ის პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამჭვირვალე იყო პროცესი, რომელსაც მედიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. ამ პროცესამდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში მაჟორიტარული სისტემით 9 კანდიდატი ჰყავდა გამარჯვებული, რასაც ერთი გამოაკლდა და ახლა „ქართული ოცნება“ 5-ის ნაცვლად 6 გამარჯვებული კანდიდატით არის წარმოდგენილი. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში ხმების 43.16%, „ქართულმა ოცნებამ“ 40.06% და პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ 10.64% მიიღეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა პირველივე ტურში 40%-იანი ბარიერის გადალახვით 8 ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა კი 6-ში გაიმარჯვეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 22 ან 23 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“, 19 ან 20 - „ქართულ ოცნებას“ ექნება. საკრებულოში 3 წევრი პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ ეყოლება. „ნაციონალური მოძრაობის და „ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება მეორე ტურზე, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ზუგდიდის მე-4 ოლქში გაიმართება. ცნობისთვის, მეორე ტური ზუგდიდის თვითმმართველი თემის მერის ასარჩევადაც გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია და „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია მიიღებენ. ოპოზიციონერი კანდიდატი მმართველი პარტიის წარმომადგენელს დაახლოებით 5%-ით უსწრებს. მას 46.88%, აქვს, მამუკა წოწერიას კი – 41.15%. პროპორციულ ნაწილში შედეგი ასეთია: ქართული ოცნება - 46.65% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%; გახარია-საქართველოსთვის - 7.79% საია - ველით, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის სადავო უბნებს ორგანიზაცია კენჭისყრას 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში)[1] აკვირდებოდა. საარჩევნო დღის დასრულების და ხმის დათვლის პროცესის შემდგომ, საია-მ ამავე ოლქებში შემავალ უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები შეისწავლა. შედეგად, კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე, საია-მ სამართლებრივი რეაგირება ჯამში 350-ზე მეტ შემთხვევაზე მოახდინა. მათგან: საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი; კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში; შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემის ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ცესკოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ მონაცემები ეტაპობრივად განახლდება საჩივრების განხილვის და უბნების გადათვლის შედეგების შესაბამისად.
უკრაინის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
უკრაინის პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევისას 261-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მიერ დასახელებულ რუსლან სტეფანჩუკს, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა დმიტრო რაზუმკოვი. უკრაინელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან 7 ოქტომბერს გადააყენეს. შესაბამის გადაწყვეტილებას ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 284 დეპუტატმა, მათ შორის 215-მა მმართველი პარტიიდან. რაზუმკოვი, რომელიც მანამდე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი იყო, უმაღლესი რადას სპიკერად 2019 წლის აგვისტოში აირჩიეს. დმიტრო რაზუმკოვისთვის უნდობლობის გამოცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ინიციატივით მოხდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად ის ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოლიგარქების გავლენის შემცირებას ისახავდა მიზნად. ცნობისთვის, რუსლა სტეფანჩუკი რიგი კანონპორექტების შემუშავებაში მონაწილეობდა. 2016-2018 წლებში, ის იყო ვიცე-პრემიერ სტეპან კუბივის მრჩეველი. სტეფანჩუკი ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კოლეჯიდან იცნობდა, როდესაც მონაწილეობდნენ პოპულარულ კომედიურ კონკურსში. ზელენსკის მეორადი გამარჯვების შემდეგ, 2019 წელს,რუსლან სტეფანჩუკი გახდა მისი მრჩეველი და პარტიის „ხალხის მსახურის“ იდეოლოგი. 2019 წლის 21 მაისიდან ის იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი უმაღლეს რადაში. აგვისტოს დასაწყისში ზელენსკიმ გაათავისუფლა სტეფანჩუკი, მაგრამ მალე, 19 აგვისტოს, ხელახლა დანიშნა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს იყო ნაბიჯი რაზუმკოვის შეცვლისთვის მოსამზადებლად. რუსლა სტეფანჩუკის ძმა, მიკოლა, ასევე დეპუტატია „ხალხის მსახურიდან“.
ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს
ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით გადარჩენილი ის ქალია, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხვდა ნანგრევებში. ბავშვების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მაშველებმა კიდევ რამდენიმე საკაცე მოამზადეს. რამდენიმე საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი კორპუსის წინ მდგარი მანქანიდან მაშველებმა ორი ბავშვის გამოყვანა მოახერხეს. მას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნანგრევებში ადამიანი იპოვეს. პოლიციის ცნობით, მცირეწლოვნების გარდა, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოჰყვა. აქედან ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. მაშველებმა უკვე გამოიყვანეს ერთი ბავშვი, რომელიც ბათუმის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია. ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. დაშავებული ბავშვის მამის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე, სარდაფში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა სავარაუდოდ, ამ სამუშაომ გამოიწვია. ამ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი, დაახლოებით 15 ოჯახი.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოზე: შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების შენელება
შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს. კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი საქართველოს ულოცავს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, თუმცა აღნიშნავს, რომ „შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება“. სენატორი ხაზს უსვამს, რომ ის იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც თბილისში ამერიკის საელჩომ და ეუთომ გამოთქვეს და ასევე, აღნიშნავს, რომ აშფოთებს ცნობები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მოსმენის შესახებ. „მე ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით. თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირერბული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადო ნდობას ძირს უთხრის და ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე“, - აცხადებს ბენ კარდინი „ამერიკის ხმასთან“. სენატორი განმარტავს, რომ ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობის მთავარი საყრდენი საერთო ღირებულებები და დემოკრატიული პროგრესია. „შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას, და საქართველოს მიღწევები მის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და გლობალური პოზიციების კუთხით, დემოკრატიული პროგრესის შედეგია. მე მოველი ჩვენ ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობას, რათა ორმხრივი პარტნიორობა გავაცოცხლოთ და განვაახლოთ იმპულსი დემოკრატიზაციისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, - აცხადებს კარდინი. ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება. ამავე თემაზე: აშშ-ში, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებსა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჟურნალისტებს, მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს მიენიჭათ
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჟურნალისტებს მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცათ. BBC-ს ცნობით, ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა 2021 წლის ნობელის პრემია მათთვის მიენიჭებინა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მარია რესა გამოხატვის თავისუფლების უშიშარი დამცველია. მარია რესა გამოხატვის თავისუფლებას მშობლიურ ქვეყანაში, ფილიპინებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ძალადობის და მზარდი ავტორიტარიზმის მხილებისთვის იყენებს. დიმიტრი მურატოვი რუსეთში სიტყვის თავისუფლებას ათწლეულების განმავლობაში იცავს. 1993 წელს ის დამოუკიდებელი გაზეთი „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ამასთან, ამერიკის ხმის ცნობით, 2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში, წარმოშობით ტანზანიელმა მწერალმა აბდურაზა გურნამ აიღო. „კოლონიალიზმის შედეგების და ლტოლვილების ბედის უკომპრომისოდ და თანაგრძნობით, სიღრმისეულად აღწერისთვის“, - ნათქვამია შვედეთის ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 72 წლის მწერალმა აფრიკის კონტინენტი გასული საუკუნის 60-იან წლებში დატოვა. მაშინ ზანზიბარში, სადაც ის იზრდებოდა, არაბები მკაცრად იდევნებოდნენ. ზანზიბარში დაბრუნების საშუალება გურნას მხოლოდ 1984 წელს მიეცა, როცა მან მამა სიკვდილის წინ მოინახულა. მის ათამდე ცნობილ რომანებს შორისაა „სამოთხე“ და „გაქცევა“. გურნა ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს და კენტის უნივერსიტეტის პროფესორია.
რუსთავის ციხესთან ზვიად კუპარავა აქციის ორ მონაწილესთან ერთად დააკავეს
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხმაური იყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ზვიად კუპრავა, აქციის ორ მონაწილესთან ერთად დააკავეს. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს დილიდან მივიდნენ.აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და ციხის პერიმეტრზე პროტესტის ნიშნად წარწერების დატოვება სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეთა თქმით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება. დღესვე, მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გაიმართება მასშტაბური აქცია. რუსთავის პოლიციის უფროსის განცხადებით, ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლება
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ჩინეთის მისიის ცენტრი შექმნა
CIA-ს დირექტორი ჩინეთზე ორიენტირებულ ერთეულს ქმნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ჩინეთის მთავრობას „სულ უფრო მტრულად განწყობილს“ უწოდებს და მას მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხედ განიხილავს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს „ახალი ცივი ომი“, მაგრამ ძირითადად ინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ჩინეთის მიმართ. ვაშინგტონის განმარტებით, ჩინეთის მისიის ცენტრი საფრთხეებთან გამკლავებას შეუწყობს ხელს. „დანაყოფი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საფრთხესთან მიმართებით, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ 21 -ე საუკუნეში", - განაცხადა ბერნსმა. შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ასევე ქმნის ტრანსნაციონალური და ტექნოლოგიური მისიების ცენტრებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩინეთის 148 სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა, რაზეც აშშ-მ ღრმა შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ტაივანის სრუტეში მშვიდობას ძირს უთხრის. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მ უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ ახლა მოქმედებას აპირებს, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო ქმედებები. ამის შესახებ მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა აშშ მზად ტაივანის დასაცავად.
იაპონიის ახალი პრემიერი თვლის, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება
ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ამის შესახებ იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსი უნდა განვითარდეს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს“, - განაცხადა ფუმიო კიშიდამ. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდო ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც ტერიტორიული დავა გადაწყდება.
ავღანეთში, მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში, ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-მდე ადამიანი. მედიის ცნობით, აფეთქება პარასკევის ყოველკვირეული ლოცვის დროს მოხდა. აფეთქების შესახებ ცნობა დაადასტურა თალიბანის ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ქარი საიდ ხოსტი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
უფლისციხესთან მტკვარმა კაცის ცხედარი გამორიყა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. მდინარე მტკვარში ცხედარი მწყემსმა უფლისციხესთან დაინახა და 112+ში დარეკა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.
ცესკოს სპიკერი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ზეწოლასა და მუქარაზე მიუთითებს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პროცესში ჩართულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. „საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებშიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი, კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. მის განცხადებებს წინ უძღოდა დაპირისპირება, როდესაც # 67 საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა. მანამდე, ოპოზიციამ #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ოპოზიციაში პრეტენზია აქვს მირანდა მესხთან, რომ „დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა“. ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რიგ ოლქებში გადათვლის პროცესი ხმაურის და კონკურენტი პარტიების წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ, გვიან ღამით, ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და მე-11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ხელახლა გადათვლამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არსებული სურათი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების გამოვლენამ შეცვალა. ამავე თემაზე სად შეიცვალა შედეგები უბნების ხელახალი გადათვლის შემდეგ
იურიდიულმა კომიტეტმა სიძულვილის შემცველი ბანერის აკრძალვის შესახებ „ალმას“ მოთხოვნას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს „ალმას“ საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად „საარჩევნო კოდექსში“ ან/და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი და სხვა პირებისა და პირთა ჯგუფებისადმი შეურაცხმყოფელი რეკლამის განთავსებას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, თუ რა ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდება, ამას კომიტეტი განსაზღვრავს. „ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც, ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტის შემუშავების პროცესში. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად: „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო ის, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს მას ბიუროს“. სარეკლამო კომპანია „ალმამ“ სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა 7 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით მოითხოვა. მანამდე, „ევროპულმა საქართველომ“ კომპანიას მიმართა, „იმავე სტანდარტით“ ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო 3+3-ის ფორმატში თანამშრომლობას ვერ შეძლებს, რადგან ოკუპანტი რუსეთიც ჩართულია
"3+3 ფორმატში მონაწილეობას საქართველო ვერ შეძლებს, რადგან ამ ფორმატში ჩართულია რუსეთი", - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად მოწადინებულია და ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობის ხელშესაწყობად. "ბოლო პერიოდში ვხედავთ საქართველოს აქტიურობას რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება 3+3 ფორმატს ჩვენ პოზიცია არაერთხელ გავაჟღერეთ. საქართველო ვერ შეძლებს იმ ფორმატებში თანამშრომლობას, სადაც ჩართულია ოკუპანტი ქვეყანა. თუმცა სხვა პროექტებში და სხვა ინიციატივებში, რომლის მიზანიც იქნება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება, სად შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუმცა რუსეთთან ერთად საქართველო ვერ იქნება, გარდა უკვე არსებული ფორმატებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სხვა ფორმატებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი განაცხადა, რომ საქართველოს 3+3 ფორმატში რუსეთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება, თუმცა ქვეყანა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. 25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. თუმცა ბოლო კვირების განმაბლობაში ირანს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობები საგრძნობლად დაეძაბა. აღსანიშნავია რომ 3+3 ფორმატის ალიანსის შექმნის ინიციატივა პირველად თურქეთმა გააჟღერა 2020 წლის დეკემბერში. კავკასიის რეგიონში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა. ამ საკითხზე Europetime ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. "ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ, ირანს სურვილი აქვს , უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის გარშემო. „თუმცა აქ არაერთი პრობლემაა. 3+3-ის კავშირის ფორმულასთან დაკავშირებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო. დიპლომატიური ურთიერთობა ასევ არ აქვს სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ კუთხით ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანი შედარებით ნაკლებად არის ჩართული კავკასიის ამბებში, განსხვავებით რუსეთისგან. ამიტომ, ახლა ირანი ცდილობს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. თუმცა ეკონომიკური კავშირის კუთხითაც სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული”, - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა 2021 წლის იანვარში Europetime-თან საუბარში. ანალიტიკოსის შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, ირანმა ეკონომიკური თვალსაზრისით ითანამშრომლოს კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, როდესაც სანქციების მიხედვით, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. რეალურად, სანქციები ირანთან ვაჭრების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემატური საკითხია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რეალურად მოგვარდეს, თუ ირან-ამერიკის ურთიერთობები მოგვარდება. „ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ 6 ქვეყნის კავშირის 3+3-ს შექმნა, უფრო ირანის სურვილების დონეზეა და რეალურად ირანს არაფერი გამოუვა. რაც შეეხება თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს, არ მგონია, თავად ვიზიტის ფაქტმა ამერიკული მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სანქციები ასეთ ვიზიტებს არ შეეხება. შეხვედრები და საუბარი ყველა მეზობელთან საჭიროა, იმიტომ რომ, შენს რეგიონში მდებარეობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი 2021 წლის იავარში ჩაწერილ კომენტარში. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები იმართება. ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
შს მინისტრმა დაასახელა ვერსია, რომელსაც სამართალდამცველები ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად განიხილავენ
შს მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქებას 90%-ით გამორიცხავს. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩანაწერები ნახეს სამართალდამცველებმა და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება საყრდენი კედლის გამოცლას უნდა გამოეწვია, რომელიც თავის მხრივ, შესაძლოა, სამშენებლო სამუშაოს უკავშირდებოდეს. მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. სამართალდამცველებს ეს ცნობა დაკარგულების ახლობლების გამოკითხვებზე დაყრდნობით აქვთ. ამასთან, მინისტრის თქმით, ორ ადამიანთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზე გავიდა, თუმცა ისინი ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ. ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს. მცირეწლოვანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. ნანგრევებში მოჰყვა კორპუსის წინ მდგარი ათამდე მანქანაც. კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე დაახლოებით, 12 საათზე ჩამოინგრა. ამავე თემაზე:
პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველ ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი - სპეციალისტების ( მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები. საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება. მსჯავრებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ. მსჯავრდებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
პრემიერი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ნანგრევებიდან მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანა. პრემიერი ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია 300-მდე მაშველი, რომლებიც 10-დან 15-მდე ადამიანს ეძებენ ნანგრევებში. „ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანამდე არის მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა მიზეზების თაობაზე ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დაადგენს. არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება, ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლოებით 12:00 საათზე ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მარავლსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. სადარბაზოში 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ამ დრომდე ნანგრევებიდან მხოლოდ ორი ბავშვის გამოყვანა მოახერხეს, რომლებიც კორპუსის წინ მდგარ მანქანაში იყვნენ და ნანგრევებში მოყვნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს მინისტრის ცნობით, ნანაგრევებიდან ორ ადამიანთან კონტაქტი აქვს პოლიციას, თუმცა ისინი ვერ ახერხებენ ზუსტი ადგილსამყოფელის მინიშნებას.