ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში-448, ხოლო იმერეთში-28. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 803 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 437 პირი, აჭარაში-12 071, იმერეთში-4 605“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პროკურატურა, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა.საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების ა.ხ.-ს და ა.კ.-ს მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მოპოვებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მტკიცებულება", - ნათვამია განცხადებაში. პროკურატურა ასევე ასაჯაროებს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც პროკურატურის თქმით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, ”ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. "ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს", - აცხადებენ პროკურატურაში.

აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა და „გირჩის“ მთავარი ბრძოლა წინაა. “სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა

აშშ-ის მთავრობამ USAID-ს მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, გარდაიცვალა 38 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჯამში გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 152 704 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 126 904, გარდაიცვალა 1 425 პაციენტი.

რეკორდული რაოდენობის ტესტი ჩატარდა - თამარ გაბანია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ისეთი პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის მაღალი ხარისხის. ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და გაიკეთოს ტესტი. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში არიან ჩართულნი. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტები ანტიგენის ტესტით სწრაფად იღებენ პასუხს. 17 ათასამდე ავიდა ანტიგენის და პისიარ ტესტის რაოდენობა გუშინ, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

თამარ გაბუნია, კოვიდ კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თამარ გაბუნია, კოვიდ კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 112-ით გადაყვანას, თვითდინებით მისული პაციენტები აფერხებენ. „მართალი გითხრათ, ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია. 112 ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველამ ერთიან სურათში ვიმოძრავოთ და ერთი ხაზი დავინახოთ. 112 -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მასვე შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობა არის განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში. ეს არაფრით არ უკავშირდება რაღაც ტიპის ზეგავლენას ვიღაცის მხრიდან. ამ შემთხვევაში ნაცნობობას ვგულიხმობ. ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როდესაც პაციენტი მოდის და მიაჩნია, რომ მის მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავს. აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ არის დამძიმებული და ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. ხშირად ხდება ისე, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ამდენად, ყველასთან გვაქვს თხოვნა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა. ამიტომ, ამ ნაკადის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე ხანში მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა აქაც 100%-იანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს კლინიას მიმართოს. მას უფლება არ აქვს, რომ სერვისზე უარი უთხრას. ამ შემთხვევაში ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში, კორონავირუსით რეინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში, კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "მიმდინარეობს კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს. სავარაუდო შემთხვევებზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი, PCR-ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ამ ადამიანების გენომის კვლევა, რომელიც დროსა და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც დღეს ქვეყანაში მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს. იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იყო რეინფიცირება, საჭიროა პროფესიულ საბჭოზე კარგად განხილვა და შემდეგ, გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ჯერჯერობით, დადასტურებული არ გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის ვაქცინის უფრო ადრე მიღებაზე მუშაობს

საქართველო კორონავირუსის ვაქცინის ადრეულ პერიოდში მიღებაზე მუშაობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „მიმდინარეობს მუშაობა, რომ პირდაპირი კონტაქტებით ვაქცინა უფრო ადრე მივიღოთ. ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისათვის, დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის არის შეკვეთილი. იმედი გვაქვს, რომ COVAX-ის პლატფორმა ამ ვაქცინას მოგვაწოდებს გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვეებში. მწარმოებელ ქვეყნებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

თბილისში, კორონავირუსზე ტესტირების ადგილების რაოდენობა, გაიზრდება

თბილისში, კორონავირუსზე ტესტირების ადგილების რაოდენობა, გაიზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე, იმ 40 დაწესებულებას, რომელიც ტესტებს ახლა ატარებს, პოლიკლინიკები და ამბულატორიები დაემატება, შემდეგ ეტაპზე კი, აფთიაქების და სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილიც. „აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც გაშლილია მთელი თბილისის მასშტაბით, არ ყოფნის, რიგებია და ტესტის გაკეთების მოთხოვნილება დიდია, შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს განხილული, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ყველა აფთიაქში. მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სივრცის გამოყოფა. იქ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების შესაბამისი პირობები, რომ ტესტი ჩაატარო. ამიტომ შესაძლებელია ეს განხილული იყოს, თუ ამ 40-მა დაწესებულებამ გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ კიდევ ვზრდით ამ რიცხვს. თბილისში არის დაახლოებით, 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, ამიტომ ჯერჯერობით, ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში საკმაოდ დიდია. ახლა, ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ვინც აძლევს მათ ტესტებს და შემდგომ უხდის ფულს თითოეული ტესტის ჩატარებაში. შესაბამისად, გამრავლდება ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მაშინ აფთიაქებზეც და სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც ვიფიქროთ, როცა ეს ძალიან დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება. „უფრო მეტი ადამიანი ვლინდება. ჩვენ თუ ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით, დაახლოებით, 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა არის 1442 - მხოლოდ ანტიგეით და 3600 PCR ტესტით გამოვლენილი, ანუ რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში, რომ გაფართოვდება. ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ ამასთანავე, ამ ტესტირებით ვლინდებიან უფრო ადრეულ ეტაპზე და შედარებით უფრო მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები, რომელთა სწრაფი იზოლირებაც უკეთეს შედეგს მოგვცემს,“ - აღნიშნა მან.

რადგან საქართველო აფხაზეთს კვლავ თავისად მიიჩნევს, რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება - ბჟანია

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავისად მიიჩნევს, რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. „მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ მსოფლიო უფრო ჰუმანური არ გამხდარა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინა პლანზე რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენ მასთან სამშვიდობო შეთანხმება არ გვაქვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხიც განვიხილეთ. რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

DUNE და სხვა ბლოკბასტერები ონლაინ გამოვა

კინოსტუდია Warner Bros.-ის გადაწყვეტილებით, ყველა მსხვილი პროექტი კინოთეატრების გარდა ონლაინაც გამოვა. კომპანიას სტრიმინგ სერვისი HBO Max მოემსახურება. უახლოეს დროში კინოკომპანია შემდეგი ფილმების გამოშვებას გეგმავს: დიუნი, ტომი და ჯერი, ქალი საოცრება 1984, მატრიცა 4, მეფე რიჩარდი, წყევლა 3, თვითმკვლელთა რაზმი, გოძილა კინგ კონგის წინააღმდეგ, მორტალ კომბატი. ფილმები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი HBO Max-ის ვიდეოთეკაში. სტუდიის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. დღემდე აშშ-ს კინოთეატრების 50%-ზე მეტი დახურულია.

თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში - აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ 2021 ფისკალური წლისთვის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. კერძოდ, დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს. „თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის გადასაჭრელად. ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ეუთო-ს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დამრღვევად რუსეთი რჩება - სტივენ ბიგანი

ეუთო-ს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დარღვევად რჩება რუსული აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ოკუპაცია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ სტივენ ბიგანმა განაცხადა. "ეუთო-ს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე უხეშ დარღვევად რჩება რუსული აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ოკუპაცია. 2014 წლიდან კონფლიქტმა უკრაინის 13 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და მილიონზე მეტს სახლის დატოვება აიძულა. ყირიმელი თათრები, ეთნიკური უკრაინელები და სხვანი, ვინც ოკუპაციას ეწინააღმდეგება, ამ დრომდე განიცდიან რეპრესიებს", - განაცხადა ბიგანმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, "რუსეთს დისლოცირებული ჰყავს თავისი სამხედრო კონტინგენტი მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიებზე ამ ქვეყნების ხელისუფლებების თანხმობის გარეშე". "თავად რუსეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გრძელდება, თუმცა გამოწვევებს ეუთო-ს პრინციპებს მხოლოდ რუსეთი როდი უქმნის", – დაამატა ბიგანმა და ევროპაში ყველაზე მწვავე კრიზისებს შორის ბელარუსში არსებული ვითარება დაასახელა. ცნობისთვის: კოვიდ-პანდემიის გამო ორგანიზაციის 27-ე მინისტერიალი 3-4 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში იმართება.

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ მოიძებნება გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება, საპარლამენტო მანდატი ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ მოიძებნება გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება, საპარლამენტო მანდატი, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს. „დაახლოებით ერთი კვირაა, კომუნიკაცია გვაქვს. მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს. როგორც გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარესთან, რომ შევძლოთ პოზიციების განსაზღვრა. ეს უზრუნველყოფს, რომ დისკუსიები საერთო პლატფორმისკენ წავიდეს. მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რეალურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ასახავს წუხილებს, რაც გამოითქვა გასულ კვირებში, ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას შეუძლია, გამოვიდეს კრიზისიდან უფრო ძლიერი, მათ შორის - გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. მე ვხედავ ამის შესაძლებლობებს“, – განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. ელჩი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები რთული იქნება. „კარგი შესაძლებლობა იქნება ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგისთვის, რომ რეალურად მოვუსმინოთ ოპოზიციას​. გვექნება დისკუსიები. ვნახავთ, რა შედეგი ექნება ამას და როგორ გავაგრძელოთ სვლა ამის შემდეგ. ძალიან ვაფასებ, რომ ოპოზიციასთან ერთად ვმუშაობთ ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოების დასრულებისთვის. არსებობს შესაძლებლობები, რომ ორივე მხარემ ნახოს საერთო გზა, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიისათვის. რთული მოლაპარაკებები იქნება. ვიმედოვნებთ, მოიძებნება გზა, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს საპარლამენტო მანდატი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საუბარი სწორედ ამას შეეხება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

112-ს ოპერატორები დაემატებიან

112-ს ოპერატორები დაემატება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად 300 ოპერატორი, თითქმის 24 საათის განმავლობაში მუშაობს. „ორი დღის წინ დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და ეს მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7-6-5 წუთზე. არის შემთხვევევები, როცა უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება. გვინდა უფრო გავამარტივოთ თემა. გვინდა დავამატოთ ახალი ოპერატორები, გასამმაგებულია დღეს რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც იყო ჩეულებრივ რეჟიმში. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის და 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. გადავიწყვიტეთ რომ სერვერები გავაძლიეროთ. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ ეს,“ - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვას ვირუსთან ბრძოლაში დრო არ დაუკარგავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვას ვირუსთან ბრძოლაში დრო არ დაუკარგავს - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „დრო ნამდვილად არ დაკარგულა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას ყველა გამოწვევას რომ ვუპასუხოთ. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთლიანად სახელმწიფოების გამოწვევაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რომელიც ჯერჯერობით იმყოფება ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებიდან, იმისთვის რომ დროულად იქნეს ამოცნობილი ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე დროული რეაგირებაა საჭირო, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“, - აღნიშნა ტიკარაძემ. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება. “ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს იმის შესახებ, რა არის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება. ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9%. ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას. თუმცა ამის ანალიზი კეთდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად უნდა წარვადგინოთ, როგორც ინფიცირების კოეფიციენტი, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი და საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს. „ალბათ გამოვაცხადებთ“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს. „შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ“, - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის „კატა-თაგვობანას“ თამაში უნდა დასრულდეს - მიშელი

ევროკავშირსა და თურქეთს შორის „კატა-თაგვობანას“ თამაში უნდა დასრულდეს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი აირის რესურსებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა. „კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს. ოქტომბერში ჩვენ წარვადგინეთ პოზიტიური დღის წესრიგი, გავუწოდეთ ჩვენი ხელი. თურქეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები, მტრული რიტორიკა“, - განაცხადა შარლ მიშელმა. Reuters-ი წერს, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ თურქეთმა საბერძნეთთან სადავო წყლებიდან კვლევითი გემი კვლავ გაიყვანა. აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „მომავალ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტს გავმართავ,“- განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში. ცნობისათვის, ეს თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა.

ოპოზიციამ ელჩებს „ქართული ოცნებისთვის“ გასაცნობად, საკუთარი მოთხოვნები წერილობით გადასცა

ოპოზიციონერი ლიდერები მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების შუამავალ ელჩებს შეხვდნენ. კონსულტაციებიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მივიდნენ, რომელსაც ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ. „მოქალაქეების“ ლიდერს დეტალებზე არ უსაბრია. „შეხვედრის დეტალებს, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით. „ქართული ოცნებიდან“ დათმობას და კომპრომისს რომ არ ველოდეთ, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალოთ. უზარმაზარ სამუშაოს სწევენ, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ნელ-ნელა მიდიოდეს წინ. დღეს არის სწორედ წინგადადგმული პატარა ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, ორივე მხარე ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „ფასილიტატორებს გადავეცით წერილობითი მოთხოვნები და ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“. მესამე რაუნდი იმის შემდეგ გაიმართება, რაც პოზიციების ურთიერთგაცვლა მოხდება“. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერმაც: „დღეს ჩვენ მოვიტანეთ წინადადებათა პაკეტი, რომელიც გადავეცით დიპლომატებს. ძირითადი კომპონენტი - რიგგარეშე არჩევნები - არ შეცვლილა, მაგრამ არის უამრავი სხვა საკითხიც ამ პაკეტში. ფასილიტატორებმა გვთხოვეს დრო, რათა მივიღოთ ხელისუფლებისგან ჩამოყალიბებული პასუხი ამ პაკეტზე. იმედია, ამის შემდეგ შეჯერდება პოზიციები. მესამე რაუნდს უახლოეს ორ დღეში ველოდებით. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია, შეთანხმება ვერ შედგება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ეს მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი, დოკუმენტური ფორმით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ. „ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტურ პასუხს „ქართული ოცნებისგან“. „ქართული ოცნებისგან“ იყო შემოთვლილი გარკვეული წინადადებები, ძალიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით, რა წინადადებები იყო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ოპოზიციის პოზიციებს შეცვლიდა, არ მოსულა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მოლაპარაკებების შუამავალი ერთ-ერთი დიპლომატი, კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ წინსვლა იქნება. „განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამის გამოყენება პროცესების წინ წასაწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა. მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.