ძებნის რეზულტატი:
ენტონი ფაუჩი მთავარი მრჩევლის პოზიციაზე ჯო ბაიდენის შეთავაზებას დათანხმდა
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი თანახმაა, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი გახდეს. ამის შესახებ მან NBC-ს განუცხადა. მანამდე ჯო ბაიდენმა მას ჯო ბაიენმა სამედიცინო საკითხებში მთავარი მრჩევლის პოსტიც შესთავაზა. მისი თხოვნა კოვიდინფექციის წინააღმდეგ შექმნილ ჯგუფში მუშაობასაც მოიცავდა. ენტონი ფაუჩი, 1984 წლიდან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელია.
„გირჩში“ უთანხმოების მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე ერთიანი პოზიცია აქვთ
ზურაბ ჯაფარიძე დიპლომატებს დღეს ისევ „გირჩის“ ლიდერის სტატუსით შეხვდა და განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება არ დაუტოვებია, თუმცა მის თანაგუნდელებთან გზები გაიყო. ამის განმარტება მას სოციალურ ქსელში (დახურული ჯგუფიდან) გავრცელებული ტექსტის გამო მოუწია, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აღარ „აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას“. მხარეებმა უკვე უარყვეს, რომ შეიძლება, უთანხმოება პარლამენტში შესვლის საკითხს უკავშირდებოდეს, თუმცა დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობენ. „რაც დავწერე სტატუსში, ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური გაერთიანების დატოვებას არც იაგო ხვიჩია აპირებს. „ჩემი, ზურა ჯაფარიძის, ვახო მეგრელიშვილის, სანდრო რაქვიაშვილის საერთო პოზიციააა, თუ ოპოზიცია შედის პარლამენტში, „გირჩიც“ შევა, თუ არ შედის - არ შევა. ჩვენ იქ საქმის გასაკეთებლად შევდივართ. მიუხედავად იმისა, ვინ რაზეა გაბრაზებული, იმის გაკეთების სურვილი, რაც გასაკეთებელი იყო, ისევე აქვს ზურაბ ჯაფარიძეს, როგორც იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს. ჩვენ ამ ნაწილში სრული თანამოაზრეები ვიყავით. მე თქვენ კოლეგებს ველაპარაკებოდი, თურმე ჭორი ყოფილა, რომ თითქოს, იაგოს ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს უნდოდათ პარალამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს არა, რაც არასერიოზულია. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით და ეს მინდა, რომ გამოირიცხოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. რას უკავშირდება ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, ამაზე საუბარი მის თანაპარტიელებს უჭირთ. „შიდა პრობლემა იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მსგავს შიდა პრობლემას შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების გამოწვევა. დღეს ზურა მიდის ელჩთან, ზუსტად ჩვენი სახელით და გასარკვევი გვაქვს, რომ მოვა, გვეტყვის თუ არა, რა უთხრა ელჩმა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. „არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩები. ტექნიკურად წარმოუდგენელია. მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია“, - განაცხადა სანდო რაქვიაშვილმა. „გირჩი“ ორგანიზაციად 2015 წლის ნოემბერში, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ოთხმა დეპუტატმა - ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ ახალი პოლიტიკური ცენტრი, „გირჩი“ დააარსეს.
Hyundai-მ აშშ-დან 129 000 ავტომობილი უკან გაიწვია
Hyundai აშშ-დან 129,000 ავტომობილს უკან დაიბრუნებს. კომპანიის განცხადებით, რამდენიმე მოდელს ძრავის ხარვეზები აღმოაჩნდა, რაც მანქანაში ცეცხლის გაჩენის შანსს ზრდიდა. იუწყება Reuters-ი. ავტომწარმოებლის განცხადებით, ძრავის შიდა ნაწილის ხარვეზის გამო დეტალის ნაადრევად გაცვეთის საშიშროება იყო, რაც ძრავს დააზიანებდა. კომპანიამ რამდენიმე მოდელი გაიწვია-2015-2016 Veloster, 2012 Santa Fe, 2011-2013 Sonata Hybrid, და 2016 Sonata Hybrid-ი. გასულ კვირას, Hyundai- სა და Kia Motors-ის აშშ-ის ქვედანაყოფებმა რეკორდულ 210 მილიონი დოლარის სამოქალაქო ჯარიმაზე დათანხმდნენ. აშშ-ის უსაფრთხოების მარეგულირებლების თქმით, ეს ჯარიმა მათ დაეკისრათ, რადგან კომპანიებმა ვერ შეძლეს, ძრავის პრობლემის გამო, 1.6 მილიონი ავტომობილის დროულად უკან დაბრუნება. Hyundai-ს თქმით, ყველა დაბრუნებული მოდელი ძრავისთვის გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მიიღებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, პირველი თურქული სატვირთო მატარებელი ჩინეთში ჩავა
პირველი მატარებელი, საექსპორტო საქონლით თუქეთიდან ჩინეთისკენ, პარასკევს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით გაემგზავრება, აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. თურქულ გაზეთ „ჰარიეთის“ ინფორმაციით, სტამბოლიდან მატარებლის 42-ვაგონიანი შემადგენლობა ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მან 7 ქვეყანა უნდა გაიაროს და 8 700 კილომეტრი დაფაროს, სარკინიგზო მონაკვეთი ტვირთის ტრანსპორტირებას, 18 დღის ნაცვლად, 12 დღეში უზრუნველყოფს. Anadolu Post-ის თანახმად, 10 ვაგონი წარმატებით ოპერირებდა ჩინეთი-თურქეთი-ევროპის მარშუტზე, ხოლო ნოემბერში მარშრუტს პრაღაც დაემატა. „თურქეთი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების და რეგიონში ცენტრალური პოზიციის განმტკიცების მიზნით განაგრძობს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს
ეუთოს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. „ეს განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის საფუძველზე. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას“, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს. შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მომდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება. განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივის დახურვის გამო. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია და ნეგატიურად აისახა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, განსაკუთრებით ახალგორსა და გალში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ პირობებზე. იმ ადამიანების დაღუპვა, რომლებსაც, 2019 წლის სექტემბრიდან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა წაერთვათ, არის კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაცია იმ მძიმე შედეგებისა, რომლებიც ადგილობრივი მოსახელობისთვის თავისუფლების შეზღუდვას მოჰყვება. ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარე თვითნებური დაკავებების, მათ შორის 2020 წლის 11 ივლისს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ სროლისა და დაჭრის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიეცეთ დაუყოვნებლივი წვდომა ყველა დაკავებულთან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გახელაძე და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ადამიანი. მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს (GID), როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფორმატს რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად. ვწუხვართ, რომ დღეის მდგომარეობით, მიმდინარე წელს არ ჩატარებულა არც ერთი რაუნდი და მოვუწოდებთ შეხვედრების განახლებას თანათავმჯდომარეების მიერ დადგენილ თარიღებში. ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გამოვხატავთ ჩვენ მხარდაჭერას ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ (Incident Prevention and Response Mechanisms (IPRMs)) და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე ადამიანების უვნებლობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას გალის IPRM-ის ხანგრძლივი შეჩერების გამო. ვაღიარებთ რა 2020 წლის ივლისში ერგნეთის IPRM–ის განახლებას როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე და მათი ფუნქციონირების მართვის მნიშვნელობას ფუძემდებლური პრინციპებისა და ძირითადი წესების სრული დაცვით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ურყევ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფის გზით. მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ანუ იმ ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიზირების, ან მასთან დაკავშირებული პროპაგანდის გავრცელებისგან, რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ღრმა შეშფოთებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსული სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და მილიტარიზაციის ზრდის გამო, მათ შორის „კავკაზ 2020“-ის სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ჩატარდა. კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, წამების გამოყენების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების განადგურებისა და გადაადგილების თავისუფლებასთან, საცხოვრებელთან და ქონებასთან დაკავშირებული უფლებების უხეში დარღვევების გამო. მხარს ვუჭერთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. ჩვენ მოვუწოდებთ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ვგმობთ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვას საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას, და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს აღმოფხვრას ნებისმიერი ის დაბრკოლება რომელიც ხელს უშლის დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ არსებულ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა; ამასთან, აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმები რუსეთის მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და მადესტაბილიზებელი კამპანიის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენდა. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და საქართველოთან მიმართებაში იკისროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება. მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას: ”ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. მივესალმებით პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პირველ წარმატებებს, მათ შორის მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და „საწარმო უკეთესი მომავლისთვის" საგრანტო პროგრამის დაწყებას, რამაც უკვე გამოიწვია ინტერესი და საზოგადოების ჩართულობა ადმინისტრაციული საზღვრის ყველა მხარეს. ასევე მივესალმებით სამშვიდობო ფონდის შექმნას უკეთესი მომავლისთვის და მხარს დავუჭერთ მის შემდგომ განხორციელებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძონ მუშაობა ეუთოსთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყონ ადგილზე ნდობის განმტკიცების ზომების განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს მუდმივმოქმედი საბჭოს ინფორმირება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების შემდგომი გაღრმავების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად იფუნქციონირებს. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა განხორციელებაში. საქართველოს მეგობართა ჯგუფი განაგრძობს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა. worldometers-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 66 231 071 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 812 547 ადამიანი, 1 524 457 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 894 067 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ყველას ამაღლებულ განწყობას გვიქმნის და ახლა შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია სრულდება. პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და მოქალაქეებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როდის დასრულდება ის საბოლოოდ. ვიცით, მძიმე წელია და ხალხი დაიღალა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში კოვიდ 19 ვირუსის ძალიან მაღალი გადაცემა ხდება, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ექსპერტმა მაიკ რაიანმაც და განაცხადა, რომ ვაქცინები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილია, თუმცა მხოლოდ ისინი, ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ზომების გატარების გარეშე პანდემიას ვერ დაასრულებენ. ”ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის”, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი ორი ვაქცინის დამტკიცების პროცესშია. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყების გეგმა უკვე წარადგინა.
ჰელგა შმიდი ეუთოს ახალი გენერალური მდივანია
გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ახალი გენერალური მდივანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ეუთოს პლენარულმა სესიამ ხელგა შმიდი გენერალურ მდივნად დანიშნა, მატეო მიკაჩი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ინსტიტუტთა საკითხებში დირექტორის პოსტს დაიკავებს, ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის თანამდებობას ქაირათა აბდრახმანოვა იკავებს, ტერეზა რიბეირუ კი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლად დაინიშნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შმიდი პირველი ქალია ორგანიზაციის ისტორიის მანძილზე, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. ის 2011 წელს გენერალური მდივნის მოადგილე იყო. ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს. „ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. “მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR. სწორედ ამის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 981, აჭარაში - 1 009, იმერეთში - 1 252. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში - 521, აჭარაში - 154, იმერეთში - 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 55. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 - თბილისში, 2 004 - აჭარაში, 424 - იმერეთში. 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -367, აჭარაში - 263, ხოლო იმერეთში - 28. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 904 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 932 პირი, აჭარაში - 12 102, იმერეთში - 5 206, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი მზადაა, კამერების წინ აიცრას
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამერიკის სამი ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას, ჯორჯ ბუშისა და ბილ კლინტონის მსგავსად, მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამერების წინ გაიკეთოს. ფაუჩის თქმით, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ამერიკელის წახალისება, რომ მათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, რაც საუკეთესო გზაა პანდემიიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება კითხვაზე, თუ როდის მოვა მისი რიგი რომ აიცრას, ფაუჩიმ უპასუხა, რაც შეიძლება მალე და საკუთარ ასაკს გაუსვა ხაზი. "საკმაოდ ბებერი ვარ“, - იხუმრა 79 წლის ფაუჩიმ. ცნობისთვის, ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კორონავირუსის ვაქცინაციის პირველ ეტაპზე მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და მოხუცები. აღსანიშნავია, რომ Gallup-ის გამოკითხვების შედეგად, რომელიც ნოემბერში ჩატარდა, ამერიკელების 42% აცხადებს, რომ მათ არ სურთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.
ტრამპმა სომალიდან ჯარის უმეტესი ნაწილის გაყვანის ბრძანება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა სომალიდან აშშ-ის ჯარის უმეტესი ნაწილის 2021 წლის დასაწყისამდე გაყვანის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. ”შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობას 2021 წლის დასაწყისამდე სომალიდან პერსონალისა და აქტივების უმრავლესობის გამოყვანის უზრუნველყოფა დაავალა,” - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი 2021 წლის 15 იანვრამდე ავღანეთიდან და ერაყიდან ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანს
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
საპატრიარქოს უწყებანის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასაფლავეს. შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ვირუსს თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი დავით მაჩიტაძე ემსხვერპლა.
უელსში სპეციალურ ID ბარათებს მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ
უელსის მოქალაქეები სპეციალურ ID ბარათს მიიღებენ მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე აიცრებიან, რათა დაადასტურონ, რომ მათ Covid-19-ს საწინააღმდეგო ინექცია მიიღეს. ამის შესახებ Independent-ი წერს. ,ეს დოკუმენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ მეორე დოზის მისაღებად ვაქცინაციის პუნქტებში მივიდნენ. უელსის მთავრობის ინფორმაციით, დოკუმენტში მითითებული იქნება ვაქცინაციის დრო, მფლობელის სახელი, ვაქცინის სახელი და პრეპარატის დოზის საიდინტიფიკაციო კოდი. ვაქცინაციის „პასპორტს“ მოწინაღმდეგეებიც ჰყავს. ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერის, მაიკლ გოუვის თქმით, ის ასეთი დოკუმენტის შემოღებას არ გეგმავს.
102 წლის ქალმა, რომელიც ესპანურ გრიპსა და კიბოს გადაურჩა, Covid-19 მეორედ დაამარცხა
102 წლის ნიუ-იორკელმა ქალმა ესპანური გრიპისა და კიბოს გარდა, კორონავირუსი ორჯერ დაამარცხა, ამის შესახებ Independent- ი იტყობინება. ანჯელინა ფრიდმანი 1918 წელს დაიბადა, მაშინ როდესაც მსოფლიო ესპანურ გრიპს ებრძოდა. ის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისი შვილის თქმით, პირველადკორონავირუსი ქალმა მარტში გადაიტანა, თუმცა ვირუსმა უსიმპტომოდ ჩაიარა, ხოლო მეორეჯერ გამოჯანმრთელება Covid-19-სგან მისთვის უფრო რთული აღმოჩნდა. 102 წლის ქალის თქმით, „არასდროს უნდა დანებდე და მუდამ იბრძოლო“. ანჯელინა ფრიდმანი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს.
ჩინეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით არავინ დაღუპულა
ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით არავინ დაღუპულა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 15 იმპორტულია. ჩინეთის მთვარობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“ ის 86 601 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.
ატლანტის ოკეანის ფსკერზე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა შემოვლითი გზის მოწყობა დასრულდა
ატლანტის ოკეანის ფსკერზე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა შემოვლითი გზის მოწყობა დასრულდა. ფარერის კუნძულებს დააკავშირებს. სამწლიანი ლოდინის შემდეგ ფარერის კუნძულებზე წყალქვეშა გვირაბების მოწყობის ძირითადი ეტაპი დასრულებულია და ის 15 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ BBC წერს. დაახლოებით 11 კმ სიგრძის გვირაბი ორ უდიდეს კუნძულს დააკავშირებს. გვირაბის გახსნით, სამგზავრო დრო მოსახლეობას საგრძნობად შეუმცირდება, მათ დედაქალაქიდან ერთი საათის ნაცვლად, უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად მხოლოდ 15 წუთი დასჭირდებათ.
ბენ ჰოჯესი: დარწმუნებული ვარ, ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან
ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დარწმუბელია, რომ ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან. ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
პრეზიდენტმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა
ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს. უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ კონტინგენტს მისიაში საქართველოს დროშა გაატანა, კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ,,მოგესალმებით,ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო,კაპრალებო, რიგითებო,ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თქვენი გაცილება. დიდი პატივია, რადგან, თქვენ იქ თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ. ის შეფასება, რაც ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიორებისგან, ნატოს პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებითაა. თქვენი რეპუტაცია ჩვენი ძველი, ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციაა, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ!დღეს მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა - პანდემიის გამოწვევის წინაშე, და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ.მინდა, გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში და თქვენს ოჯახებში. მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას: თქვენც და ჩვენც, და ვიცი, რომ თქვენი მისია წარმატებული იქნება! ღმერთი გფარავდეთ!“, - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს. მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.
ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს პატიმრობა შეეფარდა
ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კორუფციაში ბრალდებულად ცნეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კარლ-ჰაინც გრასერი გაფლანგვისთვის, ქრთამის აღებისთვის, მტკიცებულებების გაყალბებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათასობით ბინის გაყიდვისთვის ბრალდებულად ცნეს. ვენის სასამართლოს ინფორმაციით, გრასერმა 9 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამი აიღო. განაჩენი ასობით მოწმის ჩვენებისა და სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე იქნა გამოტანილი. თავად გრასერი უარყოფს დანაშაულს. მისმა ადვოკატმა განაჩენს არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 2000 წელს კარლ-ჰაინც გრასერი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი გახდა.
გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს
გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. "გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება," - წერს პრემიერი. გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ახალი გენერალური მდივანი გახდა. შმიდი პირველი ქალია ორგანიზაციის ისტორიის მანძილზე, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. ის 2011 წელს გენერალური მდივნის მოადგილე იყო.