ძებნის რეზულტატი:
Pfizer-ის ცნობით, მათი აბები კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. Associated Press-ი იტყობინება, რომ Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კომპანია მალე მიმართავს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს, რომ ახალი პრეპარატი დაამტკიცონ. პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა. კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ. მათ ჰქონდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება და ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის სიმსუქნის, დიაბეტის ან გულის დაავადების გამი ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
პარლამენტი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დასჯის ან აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევას იწყებს
საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევისთვის ემზადება. კანდიდატთა შესარჩევი ღია საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის შესახებ დღეს, სპეციალური კომისიის პირველ სხდომაზე იმსჯელეს. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, განისაზღვრა გრაფიკი და შესაბამისი კრიტერიუმების მითითებით, გამოცხადდა კონკურსი. მისივე თქმით, საბუთები 18 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ინფორმაციის გავრცელება ეთხოვება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამდივნოს, ამასთან, თბილისსა და რეგიონებში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ინფორმაციას გაავრცელებს კანდიდატთა შესარჩევი ღია საკონკურსო კომისიის მდივანიც. „ვგეგმავთ, რომ ნოემბრის ბოლომდე დავასრულოთ პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს საბუთების მიღება-გადარჩევას და მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენას, ხოლო დეკემბერში განვახორციელოთ მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებთან გასაუბრება. ამ გასაუბრების საფუძველზე, როგორც კონვენციით, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულებით გვაქვს ვალდებულება, რომ უნდა შევარჩიოთ სამი კანდიდატი, რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება განსხვავებული სქესის. ამ სამ კანდიდატს, შესაბამისი კრიტერიუმებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, ოფიციალურად წარვადგენთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელიც თავისი ოფიციალური წერილით, კანდიდატების შესახებ ინფორმაციას გადაუგზავნის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც განხორციელდება ამ სამი კანდიდატის შერჩევის შემდგომი პროცედურები და შეირჩევა უკვე მათ მიერ ერთი კანდიდატი, რომელსაც მიეცემა ოთხწლიანი მანდატი, საქართველოს სახელით წარმოდგენილი იყოს წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტში“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
აშშ საუდის არაბეთს $650 მილიონის ღირებულების იარაღს მიჰყიდის
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთისთვის $650 მილიონის ღირებულების იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა. პენტაგონის განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში. მედიის ცნობით, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან პირველი მასშტაბური შეთანხმებაა სპარსეთის ყურის ქვეყნისთვის იარაღის გადასაცემად. იარაღის მიყიდვაზე შეთანხმება კონგრესის თანხმობას არ საჭიროებს, მაგრამ კანონმდებლებს შეუძლიათ მისი დაბლოკვა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. უცხოური მედია იხსენებს, რომ დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რამდენიმე ორპარტიულ რეზოლუციას, რომლითაც საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის დაბლოკვას და იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ომისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტას ცდილობდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებითა და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს: ერთი მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია, პატივი სცეს მოშიმშილე პატიმრის სურვილს - უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ეფექტური და დროული მოქმედების გზით დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს, შესაბამისი ორგანოების ან/და პირთა მხრიდან მიღებულმა არასათანადო ზომებმა, შესაძლებელია წარმოშვას ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით. საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები. თავისუფლებააღკვეთილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ცალკე აღებული, ცხადია არ არის საკმარისი საპატიმრო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის არაეფექტიანად შესაფასებლად, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ შესაძლოა გააჩინოს ეჭვი დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მონაცემები. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, ასეთი ინფორმაციის დაცვის მიზნით, აწესებს მკაცრი კონფიდენციალურობის პრინციპს. პირს უნდა ჰქონდეს განცდა და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმას და ადეკვატური მკურნალობის გაწევას. სწორედ ამიტომ, დაწესებულება/პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას პირის ჯანმრთელობის შესახებ, ვალდებულია დაიცვას მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მონაცემები გაამჟღავნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, შესაბამისმა დაწესებულებამ/პირმა უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისგან და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან. იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება შესაძლოა გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც წესი, ვერ იქნება გამართლებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება. კანონმდებლობის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია თავად ამ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობით. ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მეგის ქარდავა სისხლის სამართლის ახალი საქმის ფარგლებში, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა ახალი საქმის ფარგლებში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა გია გოროზიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ მეგის ქარდავა საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს. „საგამოძიებო უწყებიდან მასთან შეხვედრა უკავშირდება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, კონკრეტული დეტალიზაცია ჩემთვის უცნობია, ეს გახლავთ, როცა მეგის ქარდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ჩვენ პოზიცია გახლავთ ის, რომ საგამოძიებო უწყებას არ ვენდობით, მათთან გულწრფელი ვერ ვიქნებით, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებას ჩვენებას არ მივცემთ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას, კონვენციის დათქმა არის ასეთი - იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საქართველოშია გადმოცემული, შეუძლებელია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს. ზოგადი ინფორმაცია მაქვს საგამოძიებო უწყებიდან, ეს ეხება სისხლის სამართლის 333-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დაზარალებული ვინ არის, ვერ გეტყვით, თუმცა, ახალი სისხლის სამართლის საქმეა. ვფიქრობ, ეს აბსურდული საქმეა, რადგან გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგის ქარდავა საქართველოში ჩამოიყვანეს. მეგის ქარდავა საგამოძიებო უწყებას სრულ უნდობლობას უცხადებს, ყველა ბრალდება, რომელიც მის მიმართ წარმოებულია და განაჩენია დამდგარი, აბსურდული, უკანონოა", - განაცხადა გია გოროზიამ. ამავე თემაზე მეგის ქარდავა: არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილი გამოკითხეს
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილმა პოლიციის შენობა უკვე დატოვა. ბერი პეტრე ღუდუშაური აცხადებს, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მიყვანილი ჩოხოსნების მოთხოვნას ტაძრის დატოვების შესახებ არ დაემორჩილნენ, პოლიციამ კი, ისინი დააკავა. „საპატრიარქოსთვის გვაქვს მიწერილი წერილი, რომ მეუფე სტეფანეს არ აქვს უფლება, ბერი დაიყვანოს ერისკაცობამდე, ეკლესიის სასამართლოს გარეშე. საქართველოს ეკლესიას სასამართლო არ აქვს, გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ არ დავტოვეთ მონასტერი მეუფე სტეფანეს მოწოდებით, ვითხოვდით სინოდს და თუ ეთანხმებოდნენ დავტოვებდით, გადავაბარებდით მშვიდობით, მაგრამ რა ვნახეთ, დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ, ამასობაში ჩვენც გავუწიეთ წინააღმდეგობა. პოლიციამ ბერები დაგვიჭირა და ყველა წაგვიყვანეს მარტვილის სამმართველოში. დაჭერილები ვიყავით შვიდნი, დაგვკითხეს, სამი გამოგვიშვეს, ოთხი ჯერ იქ ჰყავთ", - განაცხადა პეტრე ღუდუშაურმა. თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ამბროსი სხულუხიამ განაცხადა, რომ დილიდან მარტვილის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციას მისგან აინტერესებდა დაბრუნდებოდა თუ არა სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში. მისი თქმით, მონასტერში 200-300 პირი შევიდა, მათ შორის ჩოხოსნები და პოლიცია, რომლებმაც მამაოები კელიებიდან ლოცვის დროს გაიყვანეს. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. ამავე თემაზე: მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა
შსს ბარსელონაში სპეცოპერაციისას კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრის, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება
შსს აცხადებს, რომ ბარსელონაში სპეცოპერაციისას კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქეა დაკავებული. უწყების ცნობით, ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები. ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები - 9 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 8, ერთი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მათ ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა დაკავებულების საცხოვრებელი 7 ბინა. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარები ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით მწვანე წყალბადის მომავლის ტექნოლოგიას რეალობად აქცევს. დღეს გაფორმებული დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში მწვანე წყალბადის პონტეციალისა და სარგებლის შეფასება; პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველჰყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად; იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის. მისივე განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის - გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში.
პრეზიდენტი: დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი და არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენ მაგივრად, რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია
"ჩვენ დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული წევრი და არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენ მაგივრად რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია", ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს. "მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია. ეს დიპლომატია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ახლაც. ამიტომ სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა, 300 წლის წინ იყო არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ დიპლომატიურად ყოფილიყო აქტიური. მიღწეულ იქნა თუ არა იმ დროს ის გეგმები და ამბიციები, გაცხადებული მიზანი, ეს იყო იმ გზის დასაწყისი, რომელზეც დღეს ვდგავართ. ბევრად უფრო აქტიურად, სულ სხვა მდგომარეობაში, ასოცირებული ქვეყანა ვართ იმ ევროპის, რომელზეც სულხან - საბა ორბელიანი ოცნებობდა და მის შემდეგ ბევრი დიდი ქართველი. ეს არის ყველა იმ ადამიანის ღვაწლის შედეგი - ახსენეთ, პირველი რესპუბლიკა, პირველი ელჩები, რომლებიც ბევრად უფრო რთულ პირობებში იბრძოდნენ იმავე მიზნისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, როგორც ერთ-ერთი მათი ნაწილი, დემოკრატიული ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება, იყოს სრულიად დამოუკიდებელი. დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სხვადასხვა გამოწვევიდან გამომდინარე. ჩვენ დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული წევრი და არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენ მაგივრად, რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია. გეთანხმებით იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ყველანი ვართ გაერთიანებული. რატომღაც ზოგჯერ გვავიწყდება, პოლარიზაციის გაჩაღებულ მდგომარეობაში, რომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებული, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაა ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის აზრით, დღეს დიპლომატიის მთავარი მიზანი და ვალდებულებაა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობის მიზანთან ქვეყანა რაც შეიძლება ჩქარა და ეფექტურად მიიყვანოს. „ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ჩვენი დიპლომატი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ ვიაროთ ამ გზაზე სწრაფად და ეფექტურად.ასევე, მეორე გამოწვევაა მათი, ჩვენი ძალიან მტკივნეული - ოკუპაციის საკითხი. ესენი არიან ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ, რომლებიც მსოფლიოს ეუბნებიან რომ არ შევეგუებით. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, მათ უფრო აქტიურად შეეძლებათ ჩარევა. ჟენევა არის ერთ-ერთი ადგილი. ერთ დღესაც დეოკუპაცია მათ ხელში იქნება და ამ საკითხსაც წარმატებულად წარმართავენ. დღეს მთავარია, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ყველა ჩვენმა პარტნიორმა და არაპარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ხმა და ეს ხმა ყველგან გაისმევა. ბევრი ახალი გამოწვევაც გვაქვს, გაიზარდა დიასპორას რიცხოვნობა. ერთად უნდა ვმუშაობდეთ დიასპორა რომ იყოს ქვეყანასთან დაკავშირებული. ჩვენ ვნახეთ, პანდემიის დროს ყველა ჩვენი საელჩო როგორი ჩართული იყო. ჯერ ტესტირება, შემდეგ ვაქცინები, ჩვენი დიასპორის დაბრუნება. უცებ ბევრი ახალი პრობლემა შეიქმნა და ამ პრობლემის ახალი მეთოდები რომ დაეძლიათ. ეკონომიკა რჩება ჩვენი დიდი გამოწვევა და ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში. კულტურა-ჩვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, ჩვენი თვითმყოფადობის გატანა გარეთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არ არის პატარა ქვეყანა გადაკარგული და ეს არის ქვეყანა ძველი ცივილიზაციით. დღეს ჩვენს დიპლომატიას აქვს საბრძოლველი. ეს ბრძოლაა და წინა ხაზზე დგას დიპლომატია. ისინი უნდა იყვნენ ტექნიკოსები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, ენის მცოდნეები და სხვა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. "ეს მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენი დიპლომატებისგან და ვიტყოდი, რომ კიდევ მეტსაც ვითხოვთ. ვიტყოდი, ერთი მხრივ, რომ, ეს სიტყვები წავართვა პოეტს, რომ - ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ უფრო ლამაზი მინდა. კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ კიდევ ბევრი საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსები, ბატონო პრემიერო“, - მიმართა სალომე ზურაშვილმა ირაკლი ღაბირაშვილს, რომელიც ამავე ღონიძიებას ესწრებოდა.
ბერლინში რუსეთის საელჩოსთან დიპლომატის ცხედარი იპოვეს
გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან დიპლომატის ცხედარი იპოვეს. უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან, დიპლომატი სავარაუდოდ, ფანჯრიდან არის გადავარდნილი. სხვადასხვა წყარო იმასაც წერს, რომ საელჩომ ექსპერტიზაზე უარი თქვა. თავად დიპლომატს კი, რომელიც მეორე მდივნად 2019 წლიდან მუშაობდა, გერმანელები მზვერავად მოიხსენიებენ. რაც შეეხება რუსულ წყაროებში მოძიებულ ცნობებს, გარდაცვლილი 35 წლის კირილ ჟალო, ეფესბეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსეი ჟალოს შვილია. ოპოზიციის ცნობით, სწორედ გარდაცვლილის მამა კურირებდა საზღვარგარეთ რუსი დისიდენტების ლიკვიდაციას.
"ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის ციხესთან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს
ხვალიდან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის ციხესთან პერმანენტული საპროტესტო აქცია დაიწყება. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ რუსთავის ციხესთან და ეს აქცია იქნება პერმანენტული, მზარდი. "ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ. "ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს. ჩვენ, რომ ვიცოდეთ ამ ხელისუფლებას აქვს პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული გააჩნიათ და ღირსება, ბუნებრივია, პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმას მოვთხოვდით, უბრალოდ, იმ ელემენტარულსაც ვერ ახერხებენ, რომ არაკაცები არ იყვნენ. ვითარება არის მძიმე, მიხეილ სააკაშვილის საციცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამარათლობა აღვკვეთოთ, რამეთუ არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოვგვაჩენს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტში ირაკლი ღარიბაშვილიც მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში, 9-10 დეკემბერს გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯო ბაიდენი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ფორუმი ქვეყნებში დემოკრატიის სტიმულირების მიზნით და ამავე დემოკრატიებში ერთიანი ქმედებებით, დიდი გამოწვევების გადასალახად იმართება. ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის ასევე არიან უკრაინა მოლდოვა და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის, Politico-ს ვერსიით, ჯერჯერობით არ არის თურქეთი, რასაც წინ უძღოდა ამ ქვეყნის უთანხმოება დასავლეთის რიგ ქვეყნებთან.
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ კონსტრუქციულობის მოლოდინი არ მაქვს, საკრებულოში სხვა პარტიის წარმომადგენელიც არის და მზად ვარ თანამშრომლობისთვის
თბილისის მერს „საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პარტიის წარმომადგენელიც არის და კახა კალაძე მზადაა თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა. „ერთად ვიმუშაოთ ქალაქის საკეთილდღეოდ. თბილისთან დაკავშირებით, პროექტების, ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ თემაზე შეიძლება თანამშრომლობა. პირველი არჩევნების შემდეგ, 2017 წლის შემდეგ ჩემს ოპონენტებს მივმართე, თუ რაიმე საინტერესო წინადადება, ხედვა ექნებათ თბილისთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქისთვის, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის და მზად ვარ ახლაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოზე როცა იწერება სიცრუე, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, ჩვენთვის დიპლომატია გადარჩენის ფორმაა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „დღეს დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან სოციალურ სივრცეში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩვენ შესახებ, თუნდაც დღევანდელი ჩვენი ვითარების შესახებ“. ამას კი, ზურაბიშვილის შეფასებით, სჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება და „ვინ, თუ არა, ადგილზე მყოფი ჩვენი დიპლომატები არიან იმ ადგილას, სადაც უფრო სწრაფად შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა“. პრეზიდენტის განცხადებით, „სამინისტრო უფრო ღია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ჩვენი ხარჯებით ვაგზავნით. როცა ბრუნდებიან, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, დადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის დიდი სურვილია“. „ბატონო პრემიერო, ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც ალბათ მეტი რესურსი სჭირდება. დღეს დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან სოციალურ სივრცეში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ჩვენ შესახებ, თუნდაც დღევანდელი ჩვენი ვითარების შესახებ. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება და ვინ, თუ არა, ადგილზე მყოფი ჩვენი დიპლომატები არიან იმ ადგილას, სადაც უფრო სწრაფად შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა. ამას ბევრი წელია, ვიმეორებ. ჩვენ გვჭირდება მეტი საელჩოები, რადგან ეს არის ინსტრუმენტი პატარა ქვეყნისთვის. თუ შენ არ გაქვს სივრცე, სადაც შეგიძლია, მიიღო შენი კოლეგები, სადაც შეგიძლია, ჩვენი კულტურა წარადგინო და სადაც შეიძლება, თავი მოუყარო დიასპორას, თუ არ გაქვს ეს ძლიერი ინსტრუმენტი, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაკეთება. ბატონო მინისტრო, ჩვენ გვჭირდება მეტი დიპლომატები და ვიტყოდი, რომ სამინისტრო უფრო ღია უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ვაგზავნით საზღვარგარეთ ჩვენი ხარჯებით. როცა ბრუნდებიან, ფართოდ ღია უნდა იყოს ჩვენი კარი, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, დადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის დიდი სურვილია. ასე რომ, ყველას ერთად ბევრი საქმე გვაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ელჩებს დიდი მისია აკისრიათ. „ერთი საკითხია, რომელიც ასევე მაწუხებს. ბევრი რამ იწერება საქართველოზე. ვიცით, სხვადასხვა კუთხით ძალები ამაზე მუშაობენ და მგონი, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ. პოლიტიკურად შეიძლება, ბევრ რამეს ვერ უპასუხონ, რადგან ეს მათი საქმე არ არის, უნდა იყვნენ წარმომადგენლები ერთიანი საქართველოსი და არა რომელიმე პარტიის თუ რომელიმე მხარის, მაგრამ, როცა იწერება რამე, რაც არის სიცრუე და სჭირდება დაზუსტება, პასუხი, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება. ჩვენთვის დიპლომატია არის გადარჩენის ფორმა. დიდი ქვეყნებისთვის ალბათ დიპლომატია რაღაც უფრო ლუქსის ნაწილია და ვიტყოდი, ბოლომდე ნაკლებად არიან დამოკიდებული ამ ერთ ინსტრუმენტზე. ჩვენ პრაქტიკულად, დამოკიდებული ვართ და ყველაფერი გადის ამ ხაზზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე თქვენ და ჩვენს ელჩებს, ვინც საზღვარგარეთიდან დღეს დისტანციურად გვისმენენ. გისურვოთ წარმატება, გამძლეობა, რადგან დღევანდელ დაძაბულ მსოფლიოში ძალიან რთულია ის მისია, რაც თქვენ გაკისრიათ. მინდა, ჩემი და საზოგადოების სახელით ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი
„ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული დიპლომატია არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენს კავშირებს განამტკიცებს, არამედ მსოფლიოში არსებული 80-მდე მისიის სახით უზრუნველყოფს უწყვეტ ურთიერთობას სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შორის“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „ჩვენ პირველად შევიმუშავეთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია; მიმდინარეობს და დაგეგმილია მრავალი სახელმწიფო პროგრამა უცხოეთში ქართული დიასპორის გასაძლიერებლად. ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. ყველაფერი ეს, ძვირფასო მეგობრებო, ცხადყოფს, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველა ეტაპზე დიპლომატიის როლი საკვანძო და არსებითი იყო. დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია საკუთარ სიტყვას იტყვის დღეს არსებული ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების დაძლევის, საქართველოს შემდგომი წინსვლის პროცესშიც. თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან დიპლომატს ამ დარბაზსა თუ მსოფლიოს მრავალ წერტილში, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა მოულოდნელი „რეიდები" ჩაატარა
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა მოულოდნელი „რეიდები" ჩაატარა ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და საავადმყოფოში. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ახალგორის საავადმყოფო რთული ეპიდემიური მდგომარეობის ფონზე შეამოწმა. „სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმების თქმით, სტაციონარში მედიკამენტების დეფიციტი არ არის. რაც შეეხება ეპიდემიურ რეჟიმთან შესაბამისობას, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაზეც მივუთითებთ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას", - განაცხადა მარინა კოჩიევამ. მას არ დაუკონკრეტებია რა სახის ხარვეზები გამოვლინდა ახალგორის საავადმყოფოში. ამ დღეებში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აქტიურად წერდა Facebook-ზე ახალგორის საავადმყოფოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ადგილობრივ ექიმებს არაკომპეტენტურობის და გულგრილობის გამო აკრიტიკებდა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მაღაზიებიც შეამოწმა და აღნიშნა, რომ პირბადეების რეჟიმი დაბაში შედარებით მოწესრიგდა და უკვე ქუჩაშიც ბევრ ადამიანს უკეთია პირბადე. მან დასძინა, რომ მსგავსი ინსპექტირება დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა რაიონებშიც ჩატარდება. მისი თქმით, სექტემბრიდან ინფიცირების მაჩვენებელი ახალგორის რაიონში 11 პროცენტით, ზნაურის რაიონში კი 4 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 71 პროცენტი, ცხინვალზე მოდის. წყარო - რადიო თავისუფლება
იუსტიციის მინისტრი: ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდშია ჩანიშნული, მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება. როგორც მინისტრი აცხადებს, ეს რეკომენდაცია პატიმრის უსაფრთხოებისთვის და მართლწესრიგისთვის არის გაცემული. „ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში პროცესს ხელს შეუშლიდნენ და ამ პროცესში იქნებოდა 500-600 ადამიანი ჩართული. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილი ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ! პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ სააკაშვილი და დავიცვათ მართლწესრიგი“, - აცხადებს რატი ბრეგაძე „რუსთავი2-თან“.
ირაკლი ღარიბაშვილი: კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა პირველებმა დავიწყეთ
ჩვენი ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა და ამ ხედვის წარმატების გასაღებიც დიპლომატიაშია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის დამსახურებაა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე თანადგომაც და 2012 წლის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად უპრეცედენტოა. „მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ მშვიდობისკენ სწრაფვამ, უკეთესი მომავლის რწმენამ შეგვანარჩუნებინა სახელმწიფო, ეროვნულობა, იდენტობა. ჩვენი ქვეყანა დღესაც გადის ოკუპაციის უმძიმეს პერიოდს. ჩვენ ამ გამოწვევასაც მშვიდობასა და განვითარებას ვუპირისპირებთ. გვჯერა, რომ ეს ერთადერთი გზაა დროებით დაკარგული ტერიტორიებისა და ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების დასაბრუნებლად. ჩვენი ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა. ამ ხედვის წარმატების გასაღებიც დიპლომატიაშია. დიპლომატიური ძალისხმევის დამსახურებაა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე თანადგომაც. უპრეცედენტოა 2012 წლის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სულხან-საბას ისტორიული „დიპლომატიურ მისია“ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ
„ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში კი ქართველი დიპლომატები დგახართ ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში კი ქართველი დიპლომატები დგახართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქართველ დიპლომატებს „ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა“. „მე მინდა ჩემო გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობით თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, გასაძლიერებლად. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის სასიხარულოა, რომ დღეს აღინიშნება დიპლომატიის დღე. ასევე მინდა აღვნიშნო, როგორც ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ეს არის ქალბატონი პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. სიმბოლურია, რომ დიპლომატის პროფესიულ დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ სწორედ სულხან-საბას სახელს უკავშირდება როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. თავის დროზე დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს - ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა. ბოლო ათწლეულში კი ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში ქართველი დიპლომატები დგახართ. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისთვის“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პაატა იმნაძე: მე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, კონკრეტული შეჯერებული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. „მე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ. განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისადმი, როგორებიც არიან ჩემი კოლეგები და პედაგოგები. მაგრამ აქ არის ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელიც გასათავლისწინებელია და შეჯერებული გადაწყვეტილება ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-თან. მისი თქმით, საუბარია მწვანე პასპორტებზე, რიმლებიც აპრობირებული მეთოდია ევროპის ბევრ ქვეყანაში. შეგახსენებთ, საქართველო „მწვანე საშვების“ მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს. დღეს ეს თემა ამერიკის ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან განიხილა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გასაზრდელად ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის ხაზი გაუსვა მწვანე პასპორტების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს მექანიზმი ამერიკის ბევრ შტატშია წარმატებული. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ ასე იქნება საქართველოშიც. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.