ძებნის რეზულტატი:

პენტაგონის გამოძიებით, ამერიკულმა დრონმა 10 ავღანელი შეცდომით მოკლა

პენტაგონმა გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა, რომლის დროსაც 10 ავღანელი დაიღუპა, შეცდომა იყო და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ BBC წერს. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური ინსპექციის გამოძიებით, ადამიანები, რომლებიც ავიაიერიშში მონაწილეობდნენ, დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ. თვითმფრინავის თავდასხმაში მონაწილეებს სჯეროდათ, რომ სახლი ცარიელი იყო და ვერ შენიშნეს ბავშვის შესვლა სამიზნე რაკეტის გასროლამდე ორი წუთით ადრე. წინასწარი გამოძიების შემდეგ, პენტაგონმა სექტემბერში აღიარა, რომ თავდასხმა „ტრაგიკული შეცდომა“ იყო და კომპენსაცია შესთავაზა იმ ათი ადამიანის ნათესავებს, რომლებიც აგვისტოში, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ბოლო ეტაპზე, დრონით თავდასხმისას დაიღუპნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ანგელა მერკელი დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „საპატიო ლეგიონის“ ორდენი გადასცა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რყევების მიუხედავად, მერკელმა ევროპული ერთიანობის შენარჩუნებისთვის თავისი წვლილი შეიტანა. „საპატიო ლეგიონის“ ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ, 1802 წლის 19 მაისს არის დაწესებული. მერკელი თანამდებობას 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. სამი პარტია, რომლებიც იმედოვნებენ გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, აცხადებს, რომ მათი მიზანია, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნოს ქვეყნის შემდეგი კანცლერი. ორდენის დევიზია - „ღირსება და სამშობლო“.

დეკანოზი: მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას

"მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ესაა მისი პრინციპული პოზიცია", - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა. „ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, - განაცხადა დეკანოზმა ბოტკოველმა. ცნობისთვის, პატრიარქმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს წერილით მიმართა.

კახა კალაძე: ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არავის უხარია

"არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რა არის ამაში სასიხარულო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს. „ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ აქვს გაჟღერებული. როდესაც ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები გაანადგურა - ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგწონდათ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ოპოზიციაზე: არ ვამბობ, რომ ძმაკაცები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანია

"შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება. „მათი გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა დაჯდომა, ჯანსაღი პოლემიკა, დებატები. შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქალაქის განვითარებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პოლონეთი საქართველოს 468 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია Biontech-თან ერთად შექმნა. Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება. გარდა ამისა, ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა. ტვირთის გადაცემას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. ერიკა ოლსონი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან გამართავს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. ასევე, ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს. ამავე თემაზე: ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

სახალხო დამცველი: N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს ვერ მიაწვდიან

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმეს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი. შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა, 2021 წლის 24 ოქტომბრის ვიზიტის შემდგომ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით, ამასთან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული პროცესი დასრულდება რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, დაწესებულებაში დასაქმდა 5 ექიმ-რეანიმატოლოგი, რომლებიც მორიგეობას უწყვეტად ახორციელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებას გააჩნია სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. „მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კერძოდ, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოებისა და მისთვის ღირსების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საკითხს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ N12 პენიტენციური დაწესებულების კატეგორიის პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სხვა პატიმრებთან შესაძლოა ჰქონდეს გადაკვეთა, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების რისკებს. ამ კუთხით არსებული ვითარება წინა ვიზიტის შემდგომ არ შეცვლილა. დაწესებულებაში ფიზიკური უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების საფრთხე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ N18 დაწესებულებას ზოგადად აქვს სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების პატიმართათვის, მათ შორის, მოშიმშილე პატიმართათვის, შესაბამისი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა, თითოეული პატიმრის საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმ-სპეციალისტთა ან კონსილიუმის მიერ, რაც ზედმიწევნით უნდა დააკმაყოფილოს პენიტენციურმა სისტემამ. ამასთან, სამედიცინო სერვისის მიწოდების პარალელურად, დაუშვებელია, რომელიმე პატიმარი მოთავსდეს მისი პატივისა და ღირსების შემლახავ გარემოში. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნებისა და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების შესაბამისად და შეურჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანიამ რუსული ხომალდი დააკავა

დანიაში, სკაგენის ნავსადგურის დრეიფზე დააკავეს რუსეთის სამეცნიერო ხომალდი, „აკადემიკოსი იოფე“, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი იყენებს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ „აკადემიკოი იოფეს“ დოკუმენტები ჩამოართვეს. საელჩოში აცხადებენ, რომ „გემის დაკავება განხორციელდა, როგორც დროებითი ღონისძიება, მაგრამ დეტალებს არ აკონკრეტებენ. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 38 წევრი და 23 მეცნიერი იყო. „აკადემიკოსი იოფე“ , რომელსაც ოკეანეში ბგერის შორს გავრცელების ცდებისთვის იყენებდნენ, 1988 წელს ფინეთში აიგო. ხომალდი ჰიდროაკუსტიკური სიგნალების გამოსხივების აპარატით არის აღჭურვილი. მედიის ცნობით, ამ ტექნოლოგიას ოკეანოლოგები იყენებენ, თუმცა მას სამხედრო დანიშნულებაც აქვს.

ლუკაშენკომ და პუტინმა „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დადგენილებას“ მოაწერეს ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამეკავშირეო სახელმწიფოს ინტეგრაციის დადგენილებას მოაწერეს ხელი. ღონისძიება ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა. რუსეთის და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ამტკიცებს 28 ე.წ. სამოკავშირეო პროგრამას, რომლებიც სექტემბერში მიიღეს და ძირითადად, ეკონომიკის სფეროში ინტეგრაციას ეხება. რუსეთმა და ბელარუსმა ასევე დაამტკიცეს ერთობლივი განახლებული სამხედრო დოქტრინა და „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საიმიგრაციო პოლიტიკის კონცეფცია.

პრემიერი სახელმწფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელებაზე ესაუბრა

არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. „განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახალი სამშვიდობო ფორმატი - სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში გამოვიდა და ამ პროცესში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე საქართველოშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრად ალექსეი რეზნიკოვი დანიშნა

უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის ახალ მინისტრად ალექსეი რეზნიკოვი დანიშნა. ალექსეი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი ტარანს შეცვლის. რეზნიკოვს მანამდე უკრაინის ვიცე პრემიერის თანამდებობა ეკავა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა თავის Telegram არხზე 3 ნოემბერს განაცხადა. მელნიჩუკმა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ტარანის შემცვლელად წარადგენდნენ ვიცე-პრემიერ ოლექსი რეზნიკოვს. პარლამენტი ამ კვირაში მთავრობის ცვლილებების განხილვას გეგმავს.

ისტორიაში პირველად, ვატიკანის საგუბერნატოროს გენერალური მდივანი ქალი იქნება

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის საგუბერნატოროს ხელმძღვანელად ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა. 52 წლის იტალიელი მონაზონი რაფაელა პეტრინი გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს და პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციული ოპერაციების ზედამხედველობაზე, რომელიც წმინდა საყდრის მუზეუმებს, ფოსტასა და პოლიციას მოიცავს. აგვისტოში, რომის პაპმა მონაზონი, ალესანდრა სმერილი დანიშნა ვატიკანის განვითარების ოფისის დროებით მდივნად, რომელიც მართლმსაჯულებისა და მშვიდობის საკითხებს კურირებს.

ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას დმიტრო კულებას შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით, ვაშინგტონში აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას გამართავენ. ნედ პრაისის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი უკრაინა-აშშ-ის ურთიერთობებში, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურება. „შეხვედრები იქნება „შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ შორის რუსული აგრესიის ფონზე“, - განაცხადა ნედ პრაისმა. დღეს დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ. მინისტრის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია პრაქტიკული დოკუმენტი იქნება, რომელიც უკრაინისა და შეერთებული შტატების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს მოიცავს, გააძლიერებს ერთიანობას რუსული აგრესიის ფონზე და ორმხრივ ურთიერთობებში ახალ სფეროებს მოიცავს. "სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპისთვის ვაშინგტონის მზადყოფნა უკრაინისადმი ნდობაზე მიუთითებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ში დიდ კომპანიებს თანამშრომლების ვაქცინაცია ან კვირაში ერთხელ კოვიდტესტის ჩატარება დაევალათ

აშშ-ში დიდ კომპანიებს თანამშრომლების ვაქცინაცია ან კოვიდტესტის ჩატარება დაევალათ. ათობით მილიონ ამერიკელს, რომლებიც მუშაობენ კომპანიებში 100 ან მეტი თანამშრომელით, 4 იანვრამდე უნდა ჩაიტარონ კოვიდვაქცინაცია ან ყოველკვირეულად გაიარონ ტესტირება. ახალი წესები დღეიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სრულად ვაქცინაციისთვის საჭიროა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა. მედია წერს, რომ ახალი მოთხოვნები ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე თამამი ნაბიჯია, რათა დაარწმუნოს ამერიკელები, რომ საბოლოოდ გაიკეთონ ვაქცინა, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია თვეების განმავლობაში. წარმატების შემთხვევაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს დიდ გზას გაუხსნის პანდემიის დასრულებას, რომელმაც შეიწირა 750,000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე. რეგულაციები აიძულებს კომპანიებს, მოითხოვონ, რომ არავაქცინირებულმა მუშაკებმა COVID19-ზე უარყოფითი ტესტირება ჩაიტარონ კვირაში ერთხელ მაინც და ატარონ ნიღაბი სამუშაო ადგილზე ყოფნისას. ახალი წესი 4 იანვრიდან შედის ძალაში.

კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ის აცხადებს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ფასდაუდებელი ღირსება გააჩნია, თითოეული სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის და ამიტომაც თითოეული სიცოცხლე უნდა დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ მას. "როგორც მასმედია გვაუწყებს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა, შეუქცევადი სახე მიიღოს. ვერავინ, საქართველოს ვერც ერთი მკვიდრი, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვერ დარჩება გულარხეინ მაყურებლად. კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ფასდაუდებელი ღირსება გააჩნია, თითოეული სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის და ამიტომაც თითოეული სიცოცხლე უნდა დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ მას. ვერავინ, ვერავინ, ვერავინ იფიქრებს, უგრძნობელი და უმოქმედო დარჩეს საფრთხის ქვეშ მდგარი სიცოცხლის წინაშე, სიცოცხლისა, რომელიც ხვალ შესაძლოა, აღარ იყოს; მაშინაც კი, როცა ადამიანი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებას ცდილობდეს, ვერ დავრჩებით მაყურებლად, ჩარევის გარეშე. თითოეული სიცოცხლის წინაშე კათოლიკე ეკლესია არამხოლოდ წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა, არამედ იმისაც, რომ დაშვებულ იქნას, რომ მავანი აღმოჩნდეს ან ჩააგდონ ადამიანისათვის უღირს მდგომარეობაში. თითოეული ადამიანისათვის მოკვდა იესო, სწორედ იმის სათქმელად, თუ რა ფასი ადევს და რაოდენ ძვირფასია თითოეული ადამიანი. თითოეული ვაგებთ პასუხს ღვთის წინაშე ჩვენს ქმედებათა გამოც და უმოქმედობისთვისაც, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აარიდებს თავს. აქ ჩემი განზრახვა როდია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიო (ეს შესაძლო დავალება მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს საქმეა), არამედ – კათოლიკეთა სახელით, მივმართო ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცულ იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც. ეს ასე უნდა იყოს ყოველი ადამიანის შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეროვნული შეფერილობის მიუხედავად. თუმცა ამ შემთხვევაში, თითოეულის კერძო შეფასების მიუხედავად, ვერავინ დაივიწყებს იმ როლს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი დღევანდელობა ხომ მის მიერ შესრულებული ისტორიული როლის შედეგიცაა". + ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი. ამ განცხადებასთან სრულ თანხმობაშია წმიდა საყდრის ნუნციუსი საქართველოში, მისი აღმატებულება არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური. წყარო: Catholic.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას ასახავს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას ასახავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC) ახალი ქარტიით, აშშ და უკრაინა მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ კოორდინირებულ თანამშრომლობას. „სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC) ახალი ქარტიით, შეერთებული შტატები და უკრაინა მიზნად ისახავენ, განაგრძონ SPC-ის გამოყენება ჩვენი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის, რომელიც ორმხრივი პრიორიტეტების წინსვლას მოემსახურება და რომლებიც ჩამოყალიბებულია აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პირველი სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში. განახლებული ქარტია ასახავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად. ახალი ქარტია, სხვა საკითხებთან ერთად ეხება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან მომდინარეობს “, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ფარგლებში აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ. აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა 2008 წელს დაიწყო. ვაშინგტონის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი შეერთებული შტატებისა და უკრაინის თანამშრომლობაში, რომელიც საერთო პრიორიტეტების მთელს სპექტრს მოიცავს. აშშ აცხადებს, რომ ცამეტი წლის შემდეგ, აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა გაძლიერდა და მომწიფდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ქარტიის განახლება და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა 21-ე საუკუნის გამოწვევების გადასაჭრელად. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას დმიტრო კულებას შეხვდება

სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი

სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში 4 სასულიერო პირი გადაიყვანეს. ჭყონდიდის ეპარქიაში, ამ ეტაპზე მობილიზებულია პოლიცია. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

მაიკლ კარპენტერი ეუთოში აშშ-ის ელჩად დამტკიცებაზე: ეს მართლაც უდიდესი შესაძლებლობაა, ვემსახურო ჩემს ქვეყანას

"თავს მივიჩნევ მოკრძალებულად, მადლიერად და დაფასებულად. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები ჩემს საქმეს", - ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა Twitter-ზე დაწერა. მაიკლ კარპენტერის თქმით, წინ დიდი შესაძლებლობები აქვს. „ჩემთვის უდიდესი პატივია, ახალი პოსტიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც აშშ-ის ელჩი ეუთოში. მინდა გამოვხატო, უდიდესი მადლიერება, ასეთი დაფასებისთვის. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები ჩემს საქმეს", - წერს Twitter-ზე მაიკლ კარპენტერი. ცნობისთვის, ეუთო-ში აშშ-ის ელჩად მაიკლ კარპენტერი სენატმა გუშინ დაამტკიცდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3631 ადამიანი. ცნობისთვის, გუშინ საქართველოში 55 301 ტესტი ჩატარდა.