ძებნის რეზულტატი:
მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 249 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 249 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 225 მილიონს აჭარბებს. ასევე, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
COVID19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, COVID19-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული: 2020 წელს – 45 516, 2021 წელს – 39 829. ორსულებში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა – 7 338-ია ანუ ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%. "ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID9-ით ინფიცირება ძალიან დაბალია, კერძოდ, ასაკობრივ ჭრილში, ორსულებს შორის აცრილთა მაქსიმალური წილი – 15%, 40-44 წლის ასაკის ფეხმძიმეებს შორისაა. COVID19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი – 0.23%", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
COVID19-ით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19ით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და სტაციონარების მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია. "დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი მთლიანი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში. რაც შეეხება ლეტალობას, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პანდემიის პერიოდში COVID19-ით განპირობებული ჯანდაცვის მუშაკთა სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა იყო 117, რაც 0.3%-ს შეადგენს სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან. გარდაცვლილთა შორის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 68.4%-ს შეადგენდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
"მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე კი ფასები საშუალოდ 30%-ით გაიზარდ" ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO) ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფასებმა განსაკუთრებით მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთზე მოიმატა. ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდა ძირითადად კორონავირუსის პანდემიამ, მიწოდების შეფერხებამ, ქარხნების დახურვამ და პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოწვია. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, წელს რუსეთში, კანადასა და აშშ-ში მარცვლეულის ცუდი მოსავალი მოვიდა, რამაც ფასების ზრდაზე ასევე დიდი გავლენა იქონია. სპეციალისტები მოსავლის შემიცირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
ივანე ჩხაიძე: დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება
"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ინფიცირების შემთხვევების შემცირების დამაიმედებელი ტენდენცია არ ჩანს. „სხვადასხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მოიმატებს. სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
გერმანიასა და საქართველოს შორის გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დროს დოკუმენტი გაფორმდა
გერმანიასა და საქართველოს შორის გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები შესაბამისი ოქმის ხელმოწერით გუშინ წარმატებით დასრულდა. გერმანიის საელჩოს ცნობით, 2019 წელს გამართული წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 188,15 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი ევრო გრანტია. ამას ემატება რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომლის დიდი ნაწილიც საქართველო ხმარდება. გერმანიასა და საქართველოს შორის სამთავრობო მოლაპარაკებები ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან მივიდა
"დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მივიდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას დახურულ კარს მიღმა, მედიის გარეშე ხვდება. მას ჟურნალისტებთან შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრას მოგვიანებით "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე შეუერთდნენ.
მოსამართლეების ნაწილი მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას არ ეთანხმება
მოსამართლეები შოთა გეწაძე და ქეთევან მესხიშვილი აცხადებენ, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების შინაარსს არ ეთანხმებიან. ამის შესახებ მოსამართლეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. „არ ვეთანხმები ამ განცხადების პათოსს, ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს“, - წერს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძე. ამასთან ქეთევან მესხიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით ცდილობენ, მეტი ნდობითა და პატივისცემით აღჭურვილი სასამართლოს შექმნას. „ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, - წერს მესხიშვილი. ცნობისთვის, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ისაა სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება. მანამდე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ამასთან, ამერიკის საელჩომ აღნიშნა, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა. პრეზიდენტმა კი 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას ამ ფორმით და ამ დროს, გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.
ელენე ხოშტარია: პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანურად მომიკითხა
"კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელენე ხოშტარიას თქმით, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ისევ რჩება. „მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა", - განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია: თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე
"რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, თავად კარგად არის, რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ის ყოველდღიურად უარესდება. "თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგენელია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე,"- განაცხადა ხოშტარიამ.
კახა კუჭავა: ელენე ხოშტარია უბრალოდ მოვინახულე
"ელენე ხოშტარია უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განცხადა. როგორც კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარლამენტში მუშაობს ექიმი, რომლისთვის მიმართვა ხოშტარიას ნებისმიერ დროს შეეძლება და თავად ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იქნება კავშირზე. „უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდ,ა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა, თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 33.2%
4 ნოემბერს 4 063 ადამიანი აიცრა. 5 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 995 150 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 044 096 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 948 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2%. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. საქართველო ამ დროისთვის „მწვანე პასპორტის“ შემოღების საკითხს განიხილავს.
აშშ-ის ელჩმა ეპიდსიტუაცია და მწვანე საშვების ამოქმედების საკითხი ჯანდაცვის მინისტრთან განიხილა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ამ კუთხით ბიზნესის აქტივაცია და ასევე მწვანე საშვების საკითხი იყო. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მწვანე საშვის ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. „აშშ-ის ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაციის პროცესი და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდპანდემიის მართვის სასარგებლოდ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება, ვინაიდან 40 000 მოქალაქეზე მეტი მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ მათი გადაადგილება გაკონტროლდეს, რითიც ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ.
კელი დეგნანი: ყველანი შეწუხებული ვართ. ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩის თქმით, ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, ვიდრე საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება. ამიტომ, შეხვედრის დროს ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას, გააგრძელოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა პანდემიაზე რეაგირების კუთხით. „მინისტრთან და პირველ მოადგილესთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ საქართველოში COVID19-ის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დაავადების შემთხვევათა შესამცირებლად და რაც მთავარია, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად. აქ ორი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ ცოტა რამ თუ იყო COVID19-ზე ცნობილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ მის შესახებ და რაც მთავარია, ჩვენ შევიტყეთ რომ, ვაქცინას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები ამ ვირუსისგან. საქართველოში ბევრმა გადაიტანა კოვიდი ან იცნობს ადამიანებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს დაავადება და საავადმყოფოში აღმოჩდნენ ან გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ,10 000-ზე მეტი ქართველია გარდაცვლილი COVID19-ით. ეს სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მეცნიერების დახმარებით, ჩვენ გვაქვს პასუხი ამ გამოწვევაზე, რაც არის ვაქცინაცია. დღეს მინისტრთან განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომა ვაქცინაციის წასახალისებლად, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და საზოგადოება, რათა ისევ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამას კი ვერ გავაკეთებთ, ვიდრე საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება. შეხვედრის დროს ასევე ნაყოფიერი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას, გააგრძელოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა პანდემიაზე რეაგირების კუთხით. ჩვენ ორი წელია, ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან, ასევე საქართველოს წითელ ჯვართან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, მზად ვართ დაგეხმაროთ ყველანაირად, რაც შეგვიძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ვაქცინა უსაფრთხო და მნიშვნელოვანი მათთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის. იმედია, რომ შევძლებთ დახმარებას ამ მნიშვნელოვან დროს. რაც შეეხება მწვანე პასპორტის ინიციატივას, ის ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში. ის დაეხმარა ადამიანებს, გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია, საქართველოშიც ასე იქნება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კელი დეგნანი: „მწვანე პასპორტის“ ინიციატივა ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში. იმედია, საქართველოშიც ასე იქნება
მწვანე საშვების ამოქმედების საკითხი ჯანდაცვის მინისტრთან განიხილა დღეს ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მწვანე პასპორტის ინიციატივა ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში. „ის დაეხმარა ადამიანებს, გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია საქართველოშიც ასე იქნება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ეკატერინე ტიკარაძე „მწვანე საშვის“ ამოქმედებაზე: 40 000 მოქალაქეზე მეტი ბინაზე მკურნალობს და მნიშვნელოვანია, მათი გადაადგილება გაკონტროლდეს
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მწვანე საშვის ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „აშშ-ის ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაციის პროცესი და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდპანდემიის მართვის სასარგებლოდ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება, ვინაიდან 40 000-ს მოქალაქეზე მეტი მოქალაქე მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ მათი გადაადგილება გაკონტროლდეს, რითიც ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.
გერმანია საქართველოს €5.2 მლნ-ს გამოუყოფს
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020). ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, მათ საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის 5.2 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი გრანტის გამოყოფას პროექტისათვის: „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“. პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 23.7 მლნ ევროს. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.
მიხეილ სააკაშვილი: მტრის ჯინაზე არ მოვკვდები
მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მედიას ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ #12 დაწესებულიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. „ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარ კოალიციას და იმას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ ჯერ მოაწყო აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისკენ. რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად?- იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა, განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ თვითმმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა ის ერთი დღე უნდა აჩუქონ საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც, რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია და რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით. მასაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია. კიდევ ერთხელ, მეგობრებო, შაბათის აქციაზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა - რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს არ არის თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა; ქართველების საქართველოდან მასობრივი გადინება; ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი; კორუფცია; თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა; სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. ცნობისთვის, 4 ნოემბერს, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
Politico-ს ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოც არის მიწვეული
ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოც არის მიწვეული, ასეთ ქვეყნებს შორის ასევე არიან უკრაინა მოლდოვა და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის, Politico-ს ვერსიით, არ არის თურქეთი, რასაც წინ უძღოდა ამ ქვეყნის უთანხმოება დასავლეთის რიგ ქვეყნებთან. შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას აპირებდა, თუმცა საელჩოების მიერ განმარტების გავრცელების შემდეგ „დიპლომატიური კრიზისი“ განიმუხტა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატიის სამიტს გამართავს. მიწვევები უკვე დაეგზავნათ რიგ ქვეყნებს. Foreign Policy სექტემბერში ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სამიტზე მოსალოდნელია 100-ზე მეტი ლიდერის დასწრება, რომელიც 9 -10 დეკემბერს, ვირტუალურად გაიმართება. „სიაში შედიან გეოგრაფიულად და ეკონომიკურად მრავალფეროვანი ქვეყნები“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ადმინისტრაცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ერი შეინარჩუნოს დემოკრატიულ წრეში. სამხრეთ კორეა, იაპონია, კენია, განა, ზამბია, ინდონეზია და ურუგვაი მოწვეულთა შორის არიან. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი მმართველობის პირველი წლის განმავლობაში გამართავდა სამიტს, რათა ავტორიტარული ქვეყნები ჩინეთი და რუსეთი დააბალანსოს. „ჩვენ ვცდილობთ, ჩავატაროთ სამიტი დემოკრატიისთვის, მისი მიზანია დემოკრატიული განახლების სტიმულირება მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უცხოურ მედიასთან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს გამართავს, მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მათივე ცნობით, პრემიერი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ის ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.