ძებნის რეზულტატი:

ბილ გეითსი იტალიური კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციას განახორციელებს

ბილ გეითსი იტალიური კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის განვითარებაში ინვესტიციას განახორციელებს. დაფინანსების მიზანია მეორე თაობის ვაქცინების შემუშავება, რომლებსაც შეუძლიათ, უფრო ფართოდ გაუმკლავდნენ Sars-CoV-2 კორონავირუსის შემაშფოთებელ ვარიანტებს. „მოხარულები ვართ, რომ ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ინვესტიცია ჩადო ReiThera-ს ტექნოლოგიაში“, - განაცხადა სტეფანო კოლოკამ, ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა და კომპანია ReiThera-ს თანადამფუძნებელმა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. „პროექტი საშუალებას მოგვცემს, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერ-თანამშრომლების ქსელს დავუკავშირდეთ, ჩვენი ახალი GRad ვექტორული ტექნოლოგიის პოტენციალის გამოყენებით ვაქცინების შემუშავების მიზნით, რომლებიც საჭიროა ახალი COVID19-ის ვარიანტებისთვის“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი. ReiThera-მ უკვე შეიმუშავა GRad-COV2, Covid19-ის ვაქცინის კანდიდატი. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და კარგად ადაპტირდება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში, რაც კომპანიის დამფუძნებლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მესამე ფაზის კვლევა დაიწყოს. ამავე თემაზე: მეორე ფაზის კვლევისას ახალმა იტალიურმა ვაქცინამ ეფექტიანობა აჩვენა

თამარ გაბუნია: "მწვანე პასპორტი" რეგულაციებს ვერ ჩაანაცვლებს

"მწვანე პასპორტი" მიმდინარე, რთულ ეპიდემიურ სიტუაციაში, რეგულაციებს ვერც ერთ შემთხვევაში ჩაანაცვლებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რა იქნება პასპორტის მოსალოდნელი შედეგი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია. "მწვანე პასპორტი" მიმდინარე, რთულ ეპიდემიურ სიტუაციაში, ვერც ერთ შემთხვევაში რეგულაციებს ვერ ჩაანაცვლებს. თუ ეპიდემიური მდგომარეობა უკონტროლო გახდა, შეიძლება დავუბრუნდეთ შეზღუდვებს. რა იქნება პასპორტის მოსალოდნელი შედეგი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია", - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელ საბჭოზე მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით იმსჯელეს. „მწვანე საშვზე" ვმსჯელობდით. ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ბიზნესაქტივობებეზე ზემოქმედების კუთხით, ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. პრეზიდენტის თქმით, ეწინააღმდეგება და მეტიც, მიუღებლად მიაჩნია, რომ ქვეყანა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას დაუბრუნდეს.

3 ნოემბერს 3 469 ადამიანი აიცრა

4 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. ცნობისთვის, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. საქართველო ამ დროისთვის „მწვანე პასპორტის“ შემოღების საკითხს განიხილავს.

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია

"ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კი, უკიდურესად საყურადღებო", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რამდენიმე დიდი ქალაქი 10 -15%-ით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს, მათ შორის არის თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. „ეპიდემიური მდგომარეობა რთულია. 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამასთან, ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროები და 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში ეკლესიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

"არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესიის მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია. „არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს საველე ჰოსპიტალის გამოყენება

"შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის კვლავ დაგვჭირდეს საველე ჰოსპიტალი", - ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე გამოყენებული იქნება კოვიდსასტუმროებიც. „შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის კვლავ დაგვჭირდეს საველე ჰოსპიტალი და ასევე გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები“, - განაცხადა გაბუნიამ.

15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილი 5469 ადამიანიდან, 98,95% არავაქცინირებული იყო

15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, სრულად ვაქცინირებულებში ინფიცირებისგან დაცვის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულების ინფიცირების შანსი არავაქცინირებულებთან შედარებით, 9,87%-ით ნაკლებია. ამას მოწმობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა, რომელიც სექტემბერში ჩატარდა. 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილი 5469 ადამიანიდან, 98,95% არავაქცინირებული იყო ამ პერიოდში სრულად იყოს ვაქცინირებული 814 851 ადამიანი, მათგან 11,403-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სულ 72 სრულად ვაქცინირებული მოხვდა. 15 მარტიდან 30 სექტემბრის პერიოდში გარდაცვლილთაგან (5469) 98, 95 არავაქცინირებული იყო. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცინირებულებში სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია. 15 მარტის - 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53 767 ადამიანი. ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1 386 ადამიანის. ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციისგან დაიცვა 93,4%, მათ შორის 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში - 91,7%, 18-59 წლის ასაკში - 95%. „60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა. სულ ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა სრულად ვაქცინირებულ 62 ადამიანს. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციისგან განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია. ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

პაატა იმნაძე: თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება

"თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. „სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება, ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს დიდი განსხვავებაა“,- განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იდეა, რომელიც აუცრელების ფასიან მკურნალობას გულისხმობს, ვერ განხორციელდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იდეა, რომელიც აუცრელების ფასიან მკურნალობას გულისხმობს, ვერ განხორციელდება. მისი განმარტებით, ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. „აუცრელების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. სხვა ყველა პუნქტში პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე ამისთვის მადლობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა: რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდპასპორტის შემოტანა დაწესდეს, აუცრელი ადამიანებისთვის კი მკურნალობა ფასიანი გახდეს.

პაატა იმნაძე: აცრილების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ასაკია - ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო, კითხვაზე კი, რა არის აცრილების გარდაცვალების მიზეზი, პასუხობს, რომ ეს არის ასაკი. „გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი - პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის პაატა იმნაძე 67 წლის არის. შეგახსენებთ, 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილი 5469 ადამიანიდან, 98,95% არავაქცინირებული იყო.

თბილისში 50%-ია აცრილი, აჭარაში - 45%-ზე მეტი

ე.წ. ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე. მისი თქმით, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ. ის მომხრეა, რომ აცრებთან დაკავშირებით ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარდაკარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არა ერთი ან ორი კვირა, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, ახალქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელია. სამ რეგიონი კი ახლოს არის 60%-იან მაჩვენებელთან, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 50%-ია აცრილი, აჭარაში - 45%-ზე მეტი. ამასთან, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, შედარებით პატარა რეგიონში 45%-ის ფარგლებშია აცრა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ 60%-იანი მოცვა სწრაფად გავრცელდეს, შეირჩა ორი მუნიციპალიტეტი - გურჯაანი და ოზურგეთი. „ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის. აქ ჩემს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, სამწუხაროდ, ისინი აკეთებენ ბავშვთა აცრებს [გეგმური], მაგრამ არ ცრიან მოზრდილებს კოვიდზე. ისინი რამდენჯერმე გადამზადდნენ, მაგრამ შიში აქვთ და ეს შიშის სინდრომი უნდა მოიხსნას. მე-5 ტალღაა, დღესაც კორონავირუსის 4 000 ახალი შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ, უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებას. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ, ახლა ცოტა დაიკლებს, შემდეგ ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ, გვექნება ყოველდღიურად ასეთი ცუდი გამოსავალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნიდერლანდელი ჟურნალისტი რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა

ჰოლანდიური გაზეთი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გააძევა მათი კორესპონდენტი, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ცხოვრობს - ეს მეორე ასეთი გადაწყვეტილება დასავლელი ჟურნალისტის წინააღმდეგ ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებამ ტომ ვენნიკს ბინადრობის უფლება გააუქმა რიგი სამართალდარღვევის გამო და 2025 წლის იანვრამდე აუკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. გაზეთ de Volkskrant-ის ცნობით, ვენინკს აცნობეს, რომ მას რუსეთში შესვლა 2025 წლის იანვრამდე აეკრძალა და ქვეყანა სამ დღეში უნდა დატოვოს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ორი სავარაუდო დარღვევის მოტივით ახსნა: პირველ შემთხვევაში მან 2019 წელს გადაიხადა ჯარიმა იმისთვის, რომ დაგვიანებით აცნობა მოსკოვში საცხოვრებელი მისამართის შესახებ. მეორედ კი ნიდელანდელმა ჟურნალისტმა ჯარიმა იმიტომ გადაიხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გასულ წელს, ჩუკოტკაში ჩავიდა.

მოსამართლეები: ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც "გაუგებარი“ და არც "უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია"

"ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ისაა სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იმ განცხადებებს, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მხრიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევას მოჰყვა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს, რადგან ისინი აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. ყველა სუბიექტს შევახსენებთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარეშე ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელების ჩათვლით, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია - პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე, ყველა გარეშე სუბიექტისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ - ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება. კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. გაუგებარია, თუ რატომ შეფასდა აღნიშნული კონფერენციის ჩატარება ,,ნაჩქარევად“: კონფერენცია დაინიშნა და მისი დღის წესრიგიც გამოქვეყნდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით. ამდენად, ყველა დაინტერესებული პირისათვის 7 დღით ადრე გახდა ცნობილი კონფერენციის თარიღის და განსახილველი საკითხების შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე ,,ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და რომ ,,დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს“. ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ასარჩევად კანონი საკონკურსო პროცედურების განხორციელებას არ ითვალისწინებს. უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს. არც წარსულში ყოფილა შემთხვევა და არც 31 ოქტომბრის კონფერენციაზე შეზღუდულა რომელიმე მოსამართლე - დაესახელებინა კანდიდატურა და ამგვარად ჩაბმულიყო საარჩევნო პროცესში. არჩევნები ჩატარდა სრულიად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში, კანონით დადგენილი ფარული კენჭისყრის პირობებში. თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი,მზად ვართ ვიმსჯელოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს დ ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა. არადა, სასამართლო ხელისუფლებისთვის უპირველესი მიღწევა, მისი რეალური დამოუკიდებლობის გამოხატულება სწორედ ისაა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სისტემისავე შიგნით აღიარებული მათი დამსახურების და ჩამოყალიბებული შეხედულებების საფუძველზე. ამიტომ, საბჭოს წევრად ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა ან აურჩევლობა ვერ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ სისტემის გარეთ არსებული, რიგ შემთხვევებში სუბიექტური განწყობების საფუძველზე. 2013 წლიდან მოყოლებული სასამართლო ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა რეფორმების 4 ეტაპი, რომელთა შედეგად სრულად არის უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება. ჩვენ კვლავაც გახსნილნი ვართ ყველა შესაძლო რეფორმის მიმართ, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ სისტემურ გაუმჯობესებებზე და არა ცალკეული მოსამართლეების დევნაზე. ამასთან, რეფორმის პროცესში სასამართლო უნდა მონაწილეობდეს სრულუფლებიანი, კვალიფიციური პარტნიორის სტატუსით, რომლის აზრიც მოსმენილ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას და რომელიც დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნა, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ამასთან, ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, წარმოეჩინა გამჭვირვალობა. პრეზიდენტმა კი 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას ამ ფორმით და ამ დროს, გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.

"ლელოს" ლიდერმა უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე პარლამენტს ოფიციალურად მიმართა

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა. ხაზარაძის მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ამასთან, ანალოგიური განცხადება უკვე დაწერა დეპუტატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

პატრიარქმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს წერილით მიმართა

"მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს წერილი გადასაცემი", - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა. დეკანოზის თქმით, პატრიარქის თხოვნაა, რომ სააკაშვილმა შიმშილი შეწყვიტოს. "მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს წერილი გადასაცემი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა წერილი გადავცე და მოვიკითხო. თხოვნაა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილი", - თქვა მიქაელ ბოტკოველმა. ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა უკვე წონის 10% დაიკლო

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა, რასაც ჯანდაცვის მდივანმა ისტორიული მოვლენა უწოდა. გაერთიანებულ სამეფოში ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, კოვიდპაციენტებს ამ წამლით სახლში უმკურნალონ. ამის შესახებ BBC იუწყება. „დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან დიდი ბრიტანეთი ახლა პირველია მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული საშუალება, რომელიც შეიძლება, სახლში მიიღოთ კორონავირუსის სამკურნალოდ“, - განაცხადა საჯიდ ჯავიდმა. ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. FDA-ს მიერ მხარდაჭერილი ყველა სხვა სამკურნალო საშუალება წვეთოვანი გზით მიიღება ან ინექციას მოითხოვს. დი­ა­ბე­ტი, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა - ამ კატეგორიაში ცდე­ბმა, რომელშიც 762 აუცრელი პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენეს, რომ აბის მიღების შემდეგ, და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა აღარ იყო სა­ჭი­რო, ხოლო ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა კი 50%-ით შემ­ცირ­და. 14%-მა პროცენტმა პრეპარატის ნაცვლად, პლა­ცე­ბო მიიღო, მათგან 8 გარდაიცვალა, ხოლო არავინ გარდაცვლილა მათ შორის, ვინც კაფსულა მიიღო. Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. FDA-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოლოდინში, Merck-მა უკვე დაიწყო პრეპარატის წარმოება. ამავე თემაზე: COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს COVID19-ის სამკურნალო წამალი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

საქართველოსა და გერმანიას შორის თბილისში სამთავრობო მოლაპარაკებები იმართება

2021 წლის 4-5 ნოემბერს, თბილისში, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები იმართება. გერმანიის საელჩოს ცნობით, მოლაპარაკებების დროს მხარეები განიხილავენ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებსა და პარტნიორობის სამომავლო გეგმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ასევე მდგრადი ურბანული განვითარება. სამთავრობო მოლაპარაკებებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან მონაწილეობენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან - ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია რიგი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა. წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 2019 წელს გაიმართა, გამოყოფილმა თანხამ 188,5 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი ევრო არის გრანტი. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობა, რომლისთვისაც 76 მილიონი ევროს გრანტია გამოყოფილი, რომლიდანაც საქართველოს წილი ყველაზე დიდია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. საელჩოს განმარტებით, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე ღონისძიება ქვეყანაში დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

პატრიარქის მდივანი: საპატრიარქო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს

"საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის", - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის წერილი უნდა გადასცეს. "წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.

პრეზიდენტმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მიიღო. საუბარი შეეხო თვითმმართვეობის არჩევნების მომდინარეობას და როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. „არჩევნებმა ჩაირა მშვიდად, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე კანდიდატებს შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა როგორც პროფეზიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევა მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცედლობებით დასრულება რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ,