ძებნის რეზულტატი:

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მინერალებისა და გლუკოზის მიღება შეწყვიტა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობს. მისი შიმშილობის გარშემო არსებული გარემოებების საპასუხოდ აცხადებს, რომ 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც. „მინდა გამოვეხმაურო ხელისუფლების მიერ ჩემს შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას: ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება. 30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ. დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე. ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის ჰუმანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის“, - წერს ექსპრეზიდენტი. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი. ამავე თემაზე: მამუკა მდინარაძე: შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“ იუსტიციის მინისტრი: ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს. „როგორც მოგახსენეთ, ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით“, - განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა. მისივე განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას. შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მინერალებისა და გლუკოზის მიღება შეწყვიტა.

სახალხო დამცველი: მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს

სახალხო დამცველი ეხმაურება „მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს“. ომბუდსმენი ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას. ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი – მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა. დამატებით, სახალხო დამცველი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში. მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“, იუსტიციის მინისტრმა კი 5 ნოემბერს თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი „ფაფებს იღებს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია. მის კომენტარს თავად უწყება ავრცელებს. „რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა. „გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი, მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა. სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს კი მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მიერ სააკაშვილის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლის

სახალხო დამცველი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, „საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ყველა პატიმრის უფლებრივ მდგომარეობას. ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უდიდეს დარტყმას აყენებს პატიმართა ნდობას სამედიცინო პერსონალისადმი – მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა. დამატებით, სახალხო დამცველი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში. მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“, იუსტიციის მინისტრმა კი 5 ნოემბერს თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი „ფაფებს იღებს“.

ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი, 26 წლის მარილია მენდონსა ავიაკატასტროფაში დაიღუპა.სამხრეთ-აღმოსავლეთ მინას გერაისის შტატის სოფლად მომხდარის დროს ასევე დაიღუპნენ მისი ბიძა, პროდიუსერი და ეკიპაჟის ორი წევრი. ამის შესახებ BBC წერს. გასულ წელს, როდესაც პანდემიის გამო კონცერტები გაუქმდა, მომღერალმა ონლაინ კონცერტების სერია დაიწყო. ერთ-ერთმა ასეთმა წარმოდგენამ რეკორდი დაამყარა და მსოფლიოში ყურებადი პირდაპირი ტრანსლაცია იყო YouTube-ზე 3,3 მილიონი მნახველით. მარილია მენდონსას ორი წლის ვაჟი დარჩა. ის საღამოს კონცერტზე უნდა გამოსულიყო ქალაქ კარატინგაში, ავარიის ადგილიდან 12 კილომეტრში (შვიდი მილი). ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორც ემზადებოდა კერძო თვითმფრინავში ჩასასხდომად.

პაატა იმნაძის თქმით, 12 წლის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი გადაწყვეტილია და აცრები მალე დაიწყება

საქართველოში 12 წლის ბავშვების ვაქცინაციაც დაიწყება და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი2-თან“ განაცხადა. საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ. „საბედნიეროდ, ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჯერჯერობით, არ წარმოქმნილა ისეთი ვარიანტები, რომლებიც მძიმე შედეგებს მოიტანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პირველი პრიორიტეტია ის ავცრათ, ვინც სასიკვდილო რისკის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ბავშვებში ჩვენ 12 წლიდან ვაქცინაციას დავიწყებთ. კი, მათ შორის, მათი, ვისაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ეს საკითხი ექსპერტთა საბჭომ განიხილა და გადაწყვეტილია. ახლა ველოდებით, რომ შეიკრიბება იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ალბათ, ეს დღეების ამბავია. ასე რომ, ეს ვაქცინაცია, ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დაიწყება", - განაცხადა პაატა იმნაძემ. თავის მხრივ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედავად გახდეს შესაძლებელი. „დღემდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრაა შესაძლებელი. ეს ბავშვები არიან თანდაყოლილი პათოლოგიებით, ქრონიკული დაავადებებით. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაციის ჩატარება. სავარაუდოდ, ვაქცინაციის საბჭო შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს ამ საკითხზე, და შესაძლებელია, დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ამ ასაკში, ინფიცირების რისკი უფრო მეტია, ვგულისხმობ „დელტა“ შტამით გამოწვეულ ინფიცირებას, ვინაიდან კორონავირუსის ეს მუტაცია უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებში და მეტად საშიშია ორიგინალ, ჩინურ ვარიანტთან შედარებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჯერ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები იცრებიან.

პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც უწყების თქმით, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო

პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მასალას თან ახლავს ვიდეომასალაც. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში“, - აღნიშნულია ტექსტში. ამავე თემაზე: სახალხო დამცველი: მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. აქციაზე მყოფი მოქალაქეები ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ოპოზიციონერი ლიდერები. აქციას წინ უძღოდა პენიტენციური სამსახურის მიერ იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალის გასაჯაროება, რომელიც უწყების ცნობით, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მასალას თან ახლავს ვიდეომასალაც. ცნობისთვის, რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც კაცს დახმარებას ადგილზე უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკა მელია: ხელისუფლებას 24-საათიან ვადას ვაძლევთ

ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილისამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. ნიკა მელიას განცხადებით, "თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრი აქვს შერჩენილი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ". „ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. 24 საათი აქვს ბიძინა ივანიშვილს დრო იმისთვის, რომ თუ რაიმე საღი აზრის მარცვალი აქვს ხელისუფლებაში ვინმეს შერჩენილი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. „თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას ორი პირი დააკავეს. მოქალაქის დაკავებას სამართალდამცავებსა და დანარჩენ აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. „თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ დღეს, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის დროს.

BBC: გლაზგოში 100 000-მდე ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო

გლაზგოში 100 000-მდე ადამიანი მსვლელობით გამოვიდა, რათა მოითხოვონ მეტი ქმედება კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად, ამის შესახებ BBC აქციის ორგანიზატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ეს პროტესტი აქამდე ყველაზე მასშტაბური იყო COP26-ის სამიტის დროს და ჩატარდა ასობით მსგავს ღონისძიებასთან ერთად მთელ მსოფლიოში. პოლიციამ დააკავა 21 მეცნიერი, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაკეტეს. აქციაში მონაწილეობდა აქტივისტი გრეტა ტუნბერგი. კლიმატის ცვლილების შესახებ 100-მდე დემონსტრაცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ნაწილში, ხოლო ღონისძიებები ასევე იმართებოდა 100 ქვეყანაში, მათ შორის კენიაში, თურქეთში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და კანადაში. პოლიციის სპიკერის თქმით, სამართალდამცველებმა ხელი შეუწყვეს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარებას, მაგრამ პროტესტის უფლების დასაბალანსებლად საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან შესაბამისობაში მოქმედებდნენ. COP26 გლობალური კლიმატის სამიტი გლაზგოში განიხილება, როგორც გადამწყვეტი, რამაც კლიმატის კრიზისი საბოლოოდ უნდა გააკონტროლოს. ამავე თემაზე: 190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ქვანახშირს აღარ გამოიყენებს

კლინიკის დირექტორი: კაცი, რომელიც აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, რომ კაცს ადგილზე არავითარი რეანიმაციული პროცედურები არ ჩატარებია. „გარეგნული ნიშნებით, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა, ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში“, - განუცხადა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისულებას. შეგახსენებთ, კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური რუსთავში, აქციის დაწყებამდე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციის სამსახურის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შესული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება. მათვე ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ეკიპაჟი იმყოფება.​ საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე დროულად მივიდა. „მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე მივიდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“. ამავე თემაზე: კლინიკის დირექტორი: კაცი, რომელიც აქციაზე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. „ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. პენიტენციური სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა”, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. „თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, - ნათქვამია განცხადებაში. პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმების გარემოცვაში გადაღებული კადრები, რომელიც უწყების ცნობით, „მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს“ ასახავს. სახალხო დამცველის ცნობით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, იღებდა მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს დაუდასტურდა, 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4627 პაციენტი, 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 752 855-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 688 781-მდე. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის - 9.58% ხოლო 7 დღის - 10.45%. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 435 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა - 168, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 246, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 59, სამცხე-ჯავახეთი - 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613. 1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 272 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში, აქციის მონაწილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება. მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწრო პარტიული, დანაშულებრივი მოტივებით. დღეს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში. პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა. ამას დაემატა ის, რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთი ბრიგადა. სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერაღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთლობის და სიცოცხლის უფლება”, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე: კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა საგანგებო სიტუაციების სამსახური რუსთავში, აქციის დაწყებამდე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯადაცვის სამინისტრო: რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფოს განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ

„რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ“, - ამ შინაარსის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ. ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა.პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ეკიპაჟი იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთი ბრიგადა“. კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

სახალხო დამცველის მოადგილე: სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი ექიმების თხოვნით მიიღო, როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი

„მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ მედიასთან. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი. „მოხდა დაკავშირება ჩვენს ცხელ ხაზთან, ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ პატიმარს ჰქონდა ჩვენი ნახვის სურვილი გარკვეული ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, იგი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი რაც მიიღო, ექიმების თხოვნით მიიღო როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი. ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“, - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან რამდენიმე მილიგრამის სახით მიიღო, მას ექიმებმა სთხოვეს, როგორც მედიკამენტის ალტერნატიული საშუალება. „როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამგვარი დანამატი, როგორც ალტერნატივა ერთ-ერთი პრეპარატის. ის ასევე საუბრობს, რომ შემოთავაზება უფრო მეტი იყო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, ესეც მცირე ულუფით და ერთეულ შემთხვევებში დათანხმდა. ჩვენ სამედიცინო ჩანაწერები რაც გადავამოწმეთ, ეს მართლაც დასტურდება, ერთეულ და მილიგრამ შემთხვევეზე იყო საუბარი ამ დანამატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 ნოემბერს ვიდეოკადრები გაავრცელა.