ძებნის რეზულტატი:
POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს
POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე გადაიდგმება, რადგან რუსეთმა ათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოფიციალურ პირებს ვაგნერის წინააღმდეგ სანქციების მომზადება გასულ თვეს დაავალეს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სამუშაო ახლა შესრულებულია. მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები 13 დეკემბრის შეხვედრაზე მიიღებენ ზომებს, რომლებიც მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. თითქმის 40 გვერდიანი დოკუმენტების პროექტების მიხედვით, ჯგუფს უნდა დაეკისროს სანქციები უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში მისი საქმიანობისთვის, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“, - წერს POLITICO. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.
ჯო ბაიდენი: დემოკრატია მთელ მსოფლიოში ისე საჭიროებს დამცველებს, როგორც არასდროს
დემოკრატია აწყდება „საგანგაშო გამოწვევებს“ მთელ მსოფლიოში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 დეკემბერს დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტენდენციები, „ძირითადად არასწორ მიმართულებაზე მიუთითებს“ და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დემოკრატია დამცველებს საჭიროებს. ონლაინსამიტზე, რომელიც ისტორიაში პირველი ამგვარი ფორუმია, 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს მიწვევა. ამასთან, რუსეთი მათ შორის არ არის. გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - უფლებადამცველები, ჟურნალისტები, კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები. 9 დეკებრის წესრიგის სამი მთავარი საკითხი იყო: მსოფლიოში ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. სამიტი ტარდება ბაიდენის საარჩევნო დაპირების ფარგლებში, რომ ის მთელ მსოფლიოში გააღრმავებს დემოკრატიას ავტორიტარული მთავრობების მომძლავრების ფონზე. ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს შესთავაზებენ, გამოაცხადონ „კონკრეტული ზომები და ვალდებულებები მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმების“ სფეროში, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენაა მიმართული. მიწვეული ქვეყნების უმრავლესობას (77) შეადგენენ ქვეყნები, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია Freedom House-ის კლასიფიკაციის მიხედვით, „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ კატეგორიას განეკუთვნებიან. მათში შედის ევროკავშირის უმრავლესობა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ-სამიტში „დემოკრატიისთვის“, საქართველოდან მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი დღეს მიიღებს.
ეკატერინე ტიკარაძე ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს
ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ, ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესრულებას გააგრძელებს. შესაბამისად, პოსტებზე რჩებიან მისი მოადგილეებიც. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე მესაზღვრეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა
უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის საქმეზე ჩატარებული შემოწმების შედეგად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობამ უწყების რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ უკრაინულ საიტ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა ანდრეი დემჩენკომ, რომლის თანახმად, სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება უწყებამ სექტემბრის ბოლოს დაიწყო. „გამოძიების დროს თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდნენ სასაზღვრო ქვედანაყოფის, სასაზღვრო რაზმისა და სამხრეთრეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი შემადგენლობის წარმომადგენელი თანამდებობის პირები. არ შემიძლია გავამხილო გამოძიების ყველა დეტალი, ვინაიდან მასალა შეიცავს გასავრცელებლად შეზღუდულ ცნობებს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ მასალები წინასასამართლო გამოძიებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს, რომლებმაც აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დავამატებ, რომ გამოძიების შედეგების საფუძველზე ზემოხსენებული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანოთა რიგ თანამდებობის პირებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება
ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია. პროექტით, თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. ამასთან, აღნიშნულ კენჭისყრებს შორის დროის მინიმალური მონაკვეთი დადგენილი არ იქნება. პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
გიორგი ვოლსკი ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილზე: მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა
"მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია. "რასაც დღეს ვუყურებთ, საბოტაჟის რეჟიმია, რომელიც ჩვენი ოპოზიციის საქმიანობის და მომავლის ხედვის შინაარსს არ ცვლის. მხოლოდ დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება და საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი დახსნა - ამის ირგვლივ ტრიალებენ. ხან მთავრობის დაშლის თემას შემოაგდებენ, ხან სხვადასხვა სანქციის მოთხოვნას, რომ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება”,- განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი. ამასთან, წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.
ილია ჭიღლაძეს საპატრიარქომ მღვდელმოქმედება აუკრძალა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა. „როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას. ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისთვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: „მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას. ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის“, – აცხადებენ საპატრიარქოში. ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას.
აზერბაიჯანის ტყვეობიდან გამოხსნილ ხუთ სომეხ სამხედროს ბრალი წაუყენეს
4 დეკემბერს სომხეთში დაბრუნებული 10 ჯარისკაციდან ხუთს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამხედრო მოვალეობის ან სამხედრო სამსახურის წესების დარღვევა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვარდან ტადევოსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა. უწყებამ ტყვეობიდან დაბრუნებული ხუთი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შუამდგომლობები უკვე წარადგინა. აზერბაიჯანის ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ნარეკ იერიმიანის ადვოკატმა კარმენ პოღოსიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შესახებ. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დღეს გადაწყვეტილება კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდება.
კელი დეგნანი: ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა მისი სიტყვები. იმედი მაქვს, მომდევნო ჩამოსვლაზე ერიკა ოლსონი მასთან შეხვედრას შეძლებს
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ შემდეგი ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმის მოადგილე თბილისის მერთან შეხვედრას შეძლებს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც კახა კალაძის მიერ ერიკა ოლსონთან დაკავშირებულ რეპლიკაზე ჰკითხეს. კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის საელჩოს თბილისის მერიასთან კარგი თანამშრომლობა აქვს. „ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა მისი სიტყვები, თუმცა დავამატებ, რომ როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს, თუმცა იმედი მაქვს, მომდევნო ჩამოსვლაზე შეძლებენ შეხვედრას და განიხილავენ სხვადასხვა, მნიშვნელოვან საკითხს. საელჩოს კარგი თანამშრომლობა აქვს თბილისის მერიასთან, საინტერესო პროექტები გვაქვს. იმედია, მომავალში შეხვედრის შანსი გვექნება", - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. „რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე?“, - თბილისის მერმა მისი ეს რეპლიკა მედიასთან ასე განმარტა: ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი, ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“.
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას“,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილი: დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. მთელ მსოფლიოში დემოკრატიებს საფრთხეებთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა ინიციატივას დროული უწოდა, „ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების წინაშე დგას, იმდენად, რომ შეიძლება ითქვას, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული. ომი, რომელსაც ჩვენ ყველა მეტი პოლიტიკური ნებითა და მიზანდასახულობით, ჩვენი საზოგადოებების მეტი კონსენსუსითა და ერებს შორის მეტი სოლიდარობით უნდა დავუპირისპირდეთ“. „ყოველდღიურად დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში ისეთ მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავება უწევთ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ემუქრებიან, უპირისპირდებიან რა კანონზე დამყარებულ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს: · გადაუჭრელი კონფლიქტები, სამხედრო შეჯახებები, ტერიტორიული დავები, ოკუპაცია და გაყინული კონფლიქტები ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს, უპირისპირდება საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობასა და სტაბილურობას. · დამატებით, ახალი და არატრადიციული საფრთხეები აღმოცენდა, რომელთა სამიზნე, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ინსტიტუტებია. დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში ახლა ომის ჰიბრიდული მეთოდების საფრთხე ემუქრება, მათ შორის კიბერთავდასხმები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლა და იძულება. · ახალი საფრთხე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ასევე გამოწვევაა დემოკრატიების უნარისათვის, იპოვონ სწორი ბალანსი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებას შორის. · და ბოლოს, ის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას. საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს (საქართველოს) ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულებელყოფილია. როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა. ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახვინა. საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი NATO-ს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა: · სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით. · ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია. ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას. თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ. თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, ვიდრე არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია. ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კელი დეგნანი: საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რეფორმების გაგრძელების პროცესი იხილონ
„ევროკავშირი, აშშ და სხვები, რომლებიც ნამდვილად დიდი ხანია, მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებისადმი გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს. „ეს არის ნორმალური პროცესის ნაწილი, რომ გაგრძელდეს ის რეფორმები, რაზეც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობს და ჩვენ ვნახეთ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი და მოლოდინი არის, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. პარლამენტმა სთხოვა რეკომენდაციები ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ, მათ შორის მმართველი პარტია, რომ ეს რეფორმები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არსებობს იმედი, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა, ყველა პარტია კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს, რომ განახორციელოს ეს რეფორმები, დაამტკიცოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს საქართველოს წინსვლა იმ გზაზე, რომლით სვლაც ქართველების უმეტესობას სურს. ეს არის საქართველოს, როგორც ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და რომელსაც ევროპული ქვეყნების ოჯახში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ბევრი რამ აქვს იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, ბუნებრივია, ის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. იმედი მაქვს, ამ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
პარლამენტთან, დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. მოსახლეობას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს. რაც შეეხება საახალწლო პროგრამას, თბილისის მერის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებებიც საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. მისივე თქმით, 7 იანვარს დიდი საშობაო კონცერტი მოეწყობა. 2022 წლის შესახვედრად მერიის მიერ 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ირაკლი კობახიძე: ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა, პირველ რიგში, პრემიერის პრეროგატივაა, ჩვენთვის განმსაზღვრელია მისი პოზიცია
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდში ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრემიერმა უნდა მიიღოს. „პარტიის ორგანოები პარტიის წესდების შესაბამისად იმოქმედებენ. პოლიტსაბჭოსა და მის წევრებს თავისი ფუნქცია აქვთ, სწორედ ამის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელია პრემიერის პოზიცია. ბუნებრივია, რომ გუნდში კონსულტაციები მიდის, რომელიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ მინისტრის კანდიდატურა შეირჩეს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს
ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერის ან სხვა მინისტრების შეცვლა არ განიხილება. ირაკლი კობახიძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ეკატერინე ტიკარაძე პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერთან დაპირსპირების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გაგრძელდება. „არ შეიძლება, პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადაითარგმნოს, როგორც სკანდალი ან დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი, დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, პოლიტსაბჭოში ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ისევ გვექნება თანამშრომლობა და ამას საზოგადოება მომავალშიც დაინახავს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება გადადგომის მიზეზს, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. „მეგონა, საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია, ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან, ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება მის შემცვლელს, თვლის, რომ „პრემიერ-მინისტრი აარჩევს შესაფერის კანდიდატს, რომელიც ამ პროცესს ღირსეულად წარუძღვება“. „ის თავად ისაუბრებს ამის შესახებ. მე ჩემი პოზიციიდან ჩემს მომავალ კოლეგას ყველანაირად მხარში დავუდგები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 9 დეკემბერს გადადგა. ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას ეკატერინე ტიკარაძე თვის ბოლომდე შეასრულებს
ბუნდესტაგმა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა
გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუღებელია, რომ საავადმყოფოებში ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საავადმყოფოებში, მოხუცთა სახლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულები უნდა წარადგინონ. ახალ ზომებს მხარი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, ბუნდესრატმაც უნდა დაუჭიროს.
პრემიერი: საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად, დიდი გარდატეხის წელი იყო 2021, ვინაიდან, ქვეყანა დავამშვიდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი. „რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ. ახლა მინდა, რომ ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და გისურვოთ, პირველ რიგში, მშვიდობა, ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს მშობლებს. მივესალმები ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს
„დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებით ჩატარდა. მისი შეფასებით, ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. „სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახვინა. საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი NATO-ს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა: · სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით. · ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია. ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას. თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ. თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, ვიდრე არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია. ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთი NATO-ს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს, იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაიცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ შეაკავონ თავიანთი უკრაინელი პროტეჟეები, NATO კიევს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს. „სხვაგვარად შეუძლებელია იმ სამხედრო სწავლებების ინტერპრეტირება, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები შავ ზღვაში ატარებენ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. ასევე წაიკითხეთ: პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება განცხადებაში მითითებულია, რომ NATO-ში უკრაინის შეყვანის მცდელობა, რაც იქ გამოიწვევს ალიანსის სარაკეტო სისტემების დაყენებას, პირდაპირ საფრთხეს ქმნის რუსეთისთვის, რადგან ამ რაკეტების მინიმალური საფრენი მანძილი ცენტრალურ რუსეთამდე აღწევს, რასაც რუსეთი სამხედრო საფრთხედ აღიქვამს და რამაც შესაძლოა, ევროპაში მასშტაბური კონფლიქტი გამოიწვიოს. შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის შესახებ ცნობების პარალელურად, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს აფრთხილებენ, რომ შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომები დაუწესდება. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლი: უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის გარეშე არ იქნება რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა პუტინის თქმით, მოსაზრებებს და წინადადებებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს და სტრუქტურის შინაარსზე საუბარი ჯერ ადრეა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ უარყოფს უკრაინა. თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა