ძებნის რეზულტატი:

პატრიარქმა ამერიკის ელჩს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, „ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა“. „ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური, - აღნიშნა ელჩმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათთვის დიდი პატივია, წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები. მისივე თქმით, მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან და ამასთან დაკავშირებით გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას. შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.

გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის პოლიტიკაზე, გამოიყენოს თავისი სამხედრო ბაზები პოზიციების გასაძლიერებლად

გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლაიტონს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლაიტონს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციით შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს. ისაუბრეს ასევე რუსეთის ფედერაციის გეგმებზე რეგიონსა და საქართველოში - დესტაბილიზაციის მცდელობაზე, ანექსიის სურვილზე. „ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაზე, გამოიყენოს თავისი სამხედრო ბაზები პოზიციების გასაძლიერებლად სამხრეთ საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რა საკითხებს განიხილავს აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან შეხვედრა გამართეს. დელეგაცია ასევე შეხვდა კონგრესმენ ერიკ სვოლვეს და მოლაპარაკებები გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან შეხვედრისას რეფორმების დღის წესრიგზე ისაუბრეს, საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას. მხარეებმა ასევე, განიხილეს საარჩევნო რეფორმის საკითხები და ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე. NDI-ის დირექტორის, დევიდ მიტჩელის განცხადებით, საქართველო მათთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მომავალშიც ჩაერთონ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებში და დაეხმარონ საქართველოს იმ მიმართულებით, რასაც ჩვენი ქვეყანა ჩათვლის საჭიროდ. ერიკ სვოლველთან შეხვედრისას მხარეებმა, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. კონგრესმენმა ქართულ მხარეს საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, აღნიშნა რომ ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ხმა მიაწვდინოს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან მეტი დახმარება მიიღოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გაიმართა კონგრესმენებთან ალექს მუნთან, დევიდ მილერთან, რონალდ ჯინ იესტესთან, ენდი ჰარისთან, ჯონ როუზთან და ენდრიუ კლაიდთან. შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი. ადამ კინზინგერის თქმით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს კონგრესმენი დონ ბეკონი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არაა, გვჭირდება პარტნიორების შეიარაღება კონგრესმენი სმიტი: ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავების მიზნით

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით 6 000-მდე ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინის 6 000-მდე ბუსტერ დოზაა გაკეთებული. მისივე თქმით, ამ დოზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, „ომიკრონი“. „სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ ბუსტერი. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე ბუსტერია გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო მეტია მომართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა და PACE-ს თანამომხსენებლებმა 2021 წლის არჩევნებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებს შეხვდა. მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მთავრობის მეთაურმა პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიღებული მაღალი შეფასებაც ადასტურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს საქართველოში ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში ევროპის საბჭოს აქტიურ ჩართულობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების პროცესს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში", ასევე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის თანამომხსენებლები: ტიტუს კორლატეანი-რუმინეთი, სოციალისტების ჯგუფი; კლოდ კერნი-საფრანგეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირში თავშესაფრის ევროპული სააგენტო შეიქმნება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას თავშესაფრის ევროპული სააგენტოს შექმნის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათი ინფორმაციით, სააგენტო თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის (EASO) ბაზაზე შეიქმნება. სააგენტოს მიზანი თავშესაფრის მინიჭების სისტემის დახვეწა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გასაწევი ოპერატიული და ტექნიკური დახმარების გაფართოება და საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადების შეფასების დაახლოების ხელშეწყობაა. „სააგენტო ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ახალი სააგენტო მიგრაციის შესახებ ახალი პაქტის ფარგლებში იქმნება. პაქტში ასევე წარმოდგენილია ინიციატივები ევროკავშირის გარე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების და თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის დაჩქარების თაობაზე.

რას შესთავაზებს აშშ უკრაინას - დასავლური მედიის პროგნოზები

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს. მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის შეშფოთება NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ დისკუსიაში NATO-ს სულ მცირე 4 ძირითადი მოკავშირე ქვეყნის და რუსეთის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. Associated Press-ის თანახმად, აშშ-მ შესაძლოა, კიევს გარკვეული დონის ავტონომიის მინიჭება შესთავაზოს აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც ახლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს,რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მომდევნო ათწლეულში დამტკიცდეს. აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სტივენ პაიფერი ვარაუდობს, რომ უკრაინას შეიძლება, სთხოვონ დონბასის რეგიონს ისეთი უფლებები მიანიჭოს, როგორიცაა საკუთარი ჯანდაცვის, პოლიციისა და სკოლების გაკონტროლება. თუმცა სტივენ პაიფერს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ვაშინგტონმა უკრაინელებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგოს, რომლებიც საფრთხის ქვეშ დააყენებს მათ სუვერენიტეტს ან ეროვნული მთავრობის შესაძლებლობებს გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. ბაიდენი ამერიკული დიპლომატიის შეთავაზებებით პუტინთან ორსაათიანი ონლაინსესიის ფარგლებში გამოვიდა. მან შესთავაზა აშშ-ს მონაწილეობა მოლაპარაკებებში ევროპელებთან ერთად, არამხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, არამედ პუტინის უფრო დიდი სტრატეგიული წინააღმდეგობების გადასაჭრელად NATO-ს გაფართოებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება რუსეთის საზღვრებთან. ამავე თემაზე: თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი: შეუძლებელია, არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა პუტინის თქმით, მოსაზრებებს და წინადადებებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს და სტრუქტურის შინაარსზე საუბარი ჯერ ადრეა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

Reuters-ი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას დაადასტურებს, თუმცა წევრობასთან დაკავშირებით დაპირება არ გაიცემა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დაახლოების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას დაადასტურებს, თუმცა ევროკავშირის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით დაპირება არ გაიცემა. ამის შესახებ Reuters-ი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტზე დაყრდნობით წერს. დეკლარაციის პროექტის ამონარიდებს Reuters-ი გაეცნო და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აღიარებს ევროპულ მისწრაფებებს და დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ არჩევანს. „ეს არის იგივე ენა, რომელიც გამოიყენებოდა 2017 წელს „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ბოლო სამიტის განცხადებაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიისწრაფვიან, დააჩქარონ საბაზრო ეკონომიკის რეფორმები და შეუერთდნენ ბლოკს. საქართველო და უკრაინა ასევე აპირებენ ერთ მშვენიერ დღეს შეუერთდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით NATO-ს სამხედრო ალიანსს, თუმცა რუსეთთან ტერიტორიული კონფლიქტები ამას ართულებს. ბალკანეთის ექვს ქვეყანას - სერბეთს, კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვთ ფორმალური ევროპული „პერსპექტივა“ - საბოლოო წევრობისთვის, თუმცა პროცესი ძირითადად შეჩერებულია. სამიტზე, სავარაუდოდ იტყვიან, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები „უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას“. სამიტის განცხადება ასევე გაუხსნის შესაძლებლობას უკეთესი კავშირების დამყარებას ბელარუსთან, „როგორც კი იქნება აუცილებელი პირობები მშვიდობიანი დემოკრატიული ტრანზიციისთვის". დასავლეთი და ბელარუსის ოპოზიცია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 2020 წლის აგვისტოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, მას ასევე სდებენ ბრალს პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა ხელოვნური კრიზისის შექმნასა და „ჰიბრიდული თავდასხმით“ დესტაბილიზაციის მცდელობაში.

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე: რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე?

თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის შეფასებებზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის ერიკა ოლსონი. კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვის შეხვდა ერიკა ოლსონი და რა განცხადებებს აკეთებს ის, არ იცის. „რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე? - მიმართა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობას პარტია „ქართული ოცნებიდან“ განაგრძობს. მას ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია. „სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ იმ პროექტების, რომლებიც დაიწყო და განხორციელდა, გარკვეული განვითარების ეტაპი უკვე დაიხურა და ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კელი დეგნანი: საქართველო და აშშ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) GDDEI უკვე ოფიციალურად შეცვლის. ამერიკის ელჩი კელი დეგნანი თავდაცვის სამინისტროში დაესწრო თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შეჯამებას. „ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ და განგვეხილა სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, რადგან საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ. მოვისმინეთ შესანიშნავი ბრიფინგები თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა: მზადყოფნა, ლოგისტიკა, პერსონალის მართვა და რეკრუტირება. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შედეგად ამ ოთხი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს. შესანიშნავია, როდესაც ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც თავდაცვის ძალებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების შედეგად მიაღწია. მომავალი წლების განმავლობაშიც მოუთმენლად ველით ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელებას თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებთან“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტისას გასაჯაროებული ახალი ინიციატივით დაიწყო. ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა ინფორმაციითვის: GDRP-ის პროგრამა ამ წლის ბოლოს დასრულდება. GDRP-ის ჩაანაცვლებს GDDEI პროგრამა, რომელიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია. GDDEI, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ ოქტომბერში გამოაცხადეს, შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესს უწყობს ხელს. „GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება სულ 9 ბატალიონმა გაიარა. ქვედანაყოფებმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარეს. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ქართული ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

დღეს თბილისში EUCOM-ის დირექტორის მოადგილე პარტნიორობის, უსაფრთხოების თანამშრომლობისა და კოსმოსური შესაძლებლობების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ედუარდ ვონი ქართველ კოლეგებს შეხვდა, რათა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP) შეაჯამოს და „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე“ (GDDEI) გადასვლის პროცესი დაიწყოს. GDRP პროგრამის დასკვნითი ღონისძიების შემდეგ, ბრიგადის გენერალმა ვონმა განაცხადა, რომ „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) არის შესანიშნავი ქვეთავი ამერიკა - საქართველოს მიერ ერთად დაწერილ დიდ წიგნში.” ცნობისთვის, GDRP-ის პროგრამა აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის პირველი ძალისხმევაა, რომელიც კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული და 2018 წლის მაისიდან EUCOM-ის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ცენტრალური კომპონენტია. GDRP-ის პროგრამა ამ წლის ბოლოს დასრულდება. GDRP-ის ჩაანაცვლებს GDDEI პროგრამა, რომელიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია. GDDEI, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ ოქტომბერში გამოაცხადეს, შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესს უწყობს ხელს. ის ეფუძნება GDRP-ს და მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის გზით (საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება თავდაცვის სექტორში) ინსტიტუციურ რეფორმაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე (ბრიგადების მომზადება და დასაქმება ტერიტორიული თავდაცვისთვის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში). GDDEI პირდაპირ გამომდინარეობს GDRP-ის მიღწევებიდან და აჩვენებს შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოს მიმართ და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგომამდე „ფავორიტი პროექტი“ დაასახელა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც პოსტიდან მის წასვლას მიეძღვნა, ფავორიტი პროექტი დაასახელა. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან განაგრძობს. „მნიშვნელოვანია ასევე დევნილების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, ასამდე ნგრევადი ობიექტი დავხურეთ და რა თქმა უნდა, ეს ყველა პროექტი სამინისტროს ფორმატში კვლავ გაგრძელდება. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი პროექტი, რომელიც ნამდვილად არის უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში და მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი დაიწყო „ქართული ოცნების“ ფარგლებში, ეს არის „სოციალური კოდექსი“, რომელიც გახდება ჩვენი მოქალაქეების სოციალური საჭიროებების უსაფრთხოების ის გარანტი და ის პლატფორმა, რითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ჰქონდეთ სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხი ისეთი, როგორიც აქვს ყველა ევროპულ ოჯახს და ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენი განაცხადები ყველა არის სოციალური და ჩვენი გზა ნამდვილად არის ევროპისკენ. ეს პროექტი უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს. შემდეგ წელს უკვე დავიწყებთ განხორციელების კონკრეტულ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო და მისი გუნდი ამ პროგრამასაც და ამ პროექტსაც წარმატებით გააგრძელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ეს ეხება ჩვენს ანგარიშებს ყველა მიმართულებით, ვინაიდან, როგორც საჯარო მოხელე, ვგრძნობ მაღალ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს ჩავაბაროთ ანგარიში ყველა ამ განხორციელებული საქმიანობის შესახებ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სიტყვა კი მადლობით დაიწყო: უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24- საათიან რეჟიმში მუშაობდა“. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ უწყება პანდემიას გაუმკლავდა. „ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისთვისაც დაუღალავად შრომობდნენ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ბევრ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ამ პერიოდში განხორციელდა - ეს იყო სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება, სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, ეს არის საქართველოს 30 წლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯანდაცვაში განხორციელდა. კოვიდპანდემიის მიმართულებით ავიღეთ ყველაზე დიდი დარტყმა და გავუმკლავდით პანდემიას. მინდა თითოეულ აქ დასაქმებულ ადამიანსაც მადლობა გადავუხადო. ასევე არ შეიძლება, გამომრჩეს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმა, როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე ტექნოლოგიური გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ამ განხორციელებული სამუშაოთი ჩვენ შევძლებთ რეგიონში და სოფლად, ადგილზე მივუტანთ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგულირების სამსახურში განხორციელებული ცვლილებები. „ჯიემპი“ და „ჯიდიპის“ სტანდარტი, რომელიც საბოლოოდ საქართველოში დაიწყო, სექტორის სრული ჩართულობით და მობილიზებით. მადლობა მინდა გადავუხადო ფარმასექტორს იმ მზაობისთვის, რომელიც მათ ბოლო პერიოდში დააფიქსირეს და ეს გადის მაღალ პასუხისმგებლობაზე, რადგან ამით ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივაწვდით ხარისხიან მედიკამენტს, რომელიც პირველ რიგში აისახება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამავე თემაზე: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ანრი ოხანაშვილი ერიკა ოლსონს სთხოვს, დაასახელოს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადების საპასუხოდ ითხოვს, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაასახელოს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც მმართველმა გუნდმა განახორციელა. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს. „ვისურვებდი, რომ კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონკრეტული ნორმა დასახელდეს, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელ საერთაშორისო აქტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინაღმდეგება? თუ ასეთი დასახელდება, შეგვიძლია, შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ზოგადი ფრაზებით მე დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, ვიდრე პასუხს არ მოვისმენ, რას გულისხმობენ, რომელ კონკრეტულ საერთაშორისო აქტს ეწინააღმდეგება. საკითხი არის შემდეგნაირად - როცა რაღაცას აკრიტიკებ, ეს კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს. ჩემი ინტერესია, ადამიანმა, რომელიც აკეთებს ასეთ განცხადებას, დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტი, რომელს ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ამავე თემაზე: კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე: რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე? ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

ნინო ლომჯარია: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებები ალბათ დემოკრატიის მიმართულებით უკან გადადგმულ ნაბიჯს უკავშირდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის განცხადებები ალბათ, დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან არის დაკავშირებული. ომბუდსმენის თქმით, მისასალმებელია, რომ ეს გზავნილები აშშ-ის მხრიდან ისმის. „მე შევხვდი ერიკა ოლსონს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. ის ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ძალიან გამიხარდა და მისასალმებელია მისი მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მეც ვესაუბრე მას. ეს იყო სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები და ამ მიმართულებით არსებული სერიოზული გამოწვევები. ეს იყო საარჩევნო რეფორმის საჭიროება და ასევე, მე განსაკუთრებით ხაზი გავუსვი მედიის წინაშე მდგარ იმ პრობლემებს, რაზეც ახლა თქვენც გესაუბრეთ. ვთხოვე სახელმწიფო დეპარტამენტს ამ მიმართულებით კრიტიკული, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა ქვეყანაში. ასევე წაიკითხეთ: სახალხო დამცველის აპარატი, აშშ-ში ნინო ლომჯარიას ვიზიტის დეტალებს ავრცელებს მისასალმებელია, რომ ეს გზავნილები მათი მხრიდან ჟღერდება და იმედი მაქვს, აშშ-ის ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერის საქართველოში ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მისი განცხადებები ალბათ არის დაკავშირებული ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან დემოკრატიის მიმართულებით. საერთო ჯამში, 5 ივლისი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ასეთი განცხადებების გაკეთების ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ხედავენ რომ დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია ორგანიზატორთა როლი ამ ჯგუფურ ძალადობაში. ასევე, მათ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ მიუხედავად დაპირებებისა, სასამართლო რეფორმის მიმართულებით არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ისიც, რომ კვლავ გრძელდებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და დასრულდა ისე, რომ არცერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ ამ პროცესის არსებითი გაჯანსაღებისთვის. ასევე, საარჩევნო რეფორმის მიმართულებითაც, თუნდაც ის, რომ ბარიერის დაწევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ესეც იწევს მათ იმედგაცრუებას, რომ ეს საკითხები არ ხორციელდება,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა.

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ასევე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის მიმართავენ. „2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოლაპარაკებულ პოლიტიკურ შეთანხმებას, გიზიარებთ ჩვენს შეშფოთებას ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. 1.29 ივლისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება ტოვებს“ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის მიშელ დანიელსონის ხანგრძლივი მოლაპარაკებებითა და ძალისხმევით იქნა მიღწეული. მიზეზად მმართველმა გუნდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი დაასახელა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციის შემდგომი ცვლილება და 2021 წლის 1-ელ სექტემბერს შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. მათ მაინც მიაჩნიათ დოკუმენტი ანულირებულად. 2.ხელშეკრულების დატოვებამდე, „ქართული ოცნება“ ძირს უთხრიდა ამ შეთანხმების არსს და მიზანს თავისი ქმედებებით. სასამართლოში დანიშვნების გაგრძელება, სასამართლო სისტემის რეფორმების შეფერხება, საარჩევნო რეფორმების არასრული განხორციელება და ამნისტიის კანონის შესახებ შეთანხმებული ვერსიის მიღებაზე უარი, ამის რამდენიმე მაგალითია. 3.ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოლიტიკური პარტია „ლელო“-ს ლიდერების; ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ კვლავ გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. 4.სასამართლო რეფორმის პროგრესის ნაკლებობის გამო, საქართველომ დაკარგა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი 2021 წლისთვის. ევროკავშირის განზრახვის საპირისპიროდ, "ქართული ოცნების" მთავრობამ, რათა თავიდან აეცილებინათ მორიგი საჯარო საყვედური განუხორციელებელი რეფორმების გამო, განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო უარი ეთქვა დახმარების პაკეტზე. 5.სულ უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და ევროპელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ხშირად ახსენებენ, რომ საქართველო არის „სუვერენული სახელმწიფო“ - რუსული დოქტრინის „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსად. 6.მიმდინარე წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა ციხეში შესვლაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის კოლეგას ლიეტუვის სეიმიდან, ბ-ნ რაიმონდას ლოპოტას. მათი მიზანი იყო გლდანის ციხეში შიმშილობის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შეფასება. ქალბატონი ფოტიგა, წლების განმავლობაში, არაერთხელ ეწვია ქართულ ციხეებს სხვა და სხვა პოლიტიკოსების მოსანახულებლად, რომლებიც იხდიან ან იხდიდნენ სასჯელს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზიტზე უარი ეთქვა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მას შემდეგ, რაც საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მოთავსება არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მის საქმეს "პოლიტიკური ანგარიშსწორება" უწოდა. 7.საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო პუნქტია, გაჩერებულია. პოლიტიკური კონსენსუსის უპრეცედენტო მაგალითია, როდესაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტში სექტემბერში. ახლა "ქართულმა ოცნებამ" განაახლა დისკუსიები შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე უკვე მიღებულ პროექტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის გადასინჯვა კიდევ ერთი უკუსვლა იქნება საქართველოსთვის და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. მტკიცედ გვჯერა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. ისინი ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს ჩვენი წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს მისი ევროპული მომავალი. ამის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ. "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი მხარს უჭერს“, - აღნიშნულია წერილში. დოკუმენტს ხელს აწერენ: ხატია დეკანოიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია“; გრიგოლ ვაშაძე; გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“; იაგო ხვიჩია - „გირჩი“

პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილს, რომელმაც კომპეტენცია ვერ აიმაღლა, სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ისევ ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვით, სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ეძლევათ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც ჩააბარეს საგნობრივი და პროფესიული გამოცდა და მინიმალური ზღვარი გადალახეს და ასევე მათ, ვისაც მხოლოდ საგნობრივი გამოცდა აქვს ჩაბარებული უმაღლეს, 10 კრედიტ-ქულაზე. ცვლილების მიხედვით, მათ კვლავ ექნებათ შანსი, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები. „სამინისტრო ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან. შედეგად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შემდეგი ცვლილებები შევა: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების შესაბამისად, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლეს სტატუსი, სკოლის ადმინისტრაცია, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და დარჩებიან სისტემაში. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტ-ქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განათლების მინისტრი: მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს

კახა კალაძე მედიას: თუ ასე გაგრძელდება, მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის. „შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში სამჯერ-ოთხჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან. ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეიძლება ეს გამგეობის ან მერიის პროექტები იყოს, ახალი ბაღის მშენებლობა ან სპორტული მოედანი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ვიწვევთ მედიას, განურჩევლად ყველას. არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ავრცელებენ. გიწვევთ იმისთვის, რომ გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება. არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს? მოდიხართ, იღებთ არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან. სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემაზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხიდის მშენებლობის თაობაზე, შეიძლება თქვენი შეკითხვა ამ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე როგორც ქალაქის მერი ვიღებ პასუხისმგებლობას, ვცდილობ, რომ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და გიპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება ის კონკრეტული ინფორმაცია და არ მიეწოდება საზოგადოებას, მგონია, რომ ძალიან ცუდია. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-მ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა

აშშ-მ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ალექსანდრე ტუპიცკის სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულია, რომ სანქციები გამოყენებულია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების გამო, რომელიც მოიცავს ფულადი ქრთამის აღებას უკრაინის სასამართლო სისტემაში მსახურობისას. სანქცირებულთა სიაშია ასევე ტუპიცკის მეუღლე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ასევე დაუწესა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ თანაშემწეს ანდრეი პორტნოვსა და მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს. მას ეკრძალება აშშ-ში შესვლა, აშშ-ში არსებულ მის ქონებას და საბანკო ანგარიშებს კი ყადაღა დაედება. „მაგნიტსკის სიაში“ სახელმწიფო მდივნის ხელმოწერით, მასშტაბური კორუფციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები შეჰყავთ. „შეერთებული შტატები მოწოდებულია, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს დგამს კორუფციასთან საბრძოლველად და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის სანქციების და სავიზო შეზღუდვების მეშვეობით, გლობალური „მაგნიტსკის სანქციების პროგრამის“ ფარგლებში. მისივე განმარტებით, ეს დამატებითი ქმედებები ხელს უწყობს კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობას მთელ მსოფლიოში, რათა ხელი შეუშალონ და შეაჩერონ ისინი, ვინც შეეცდება, უგულვებელყოს საერთაშორისო სტანდარტები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

საგარეო უწყება დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის და სირიაში ჩინეთის ელჩის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის და სირიაში ჩინეთის ელჩის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის ელჩთან კომუნიკაცია შედგა. უწყების ცნობით, ჩინურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პრინციპით იხელმძღვანელებს მომავალშიც. „6 დეკემბერს, დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ბაგრატ ხუთაბასა და სირიაში ჩინეთის ელჩის, ფენ ბიაოს სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შედგა კომუნიკაცია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ქალბატონ ლი იანთან. ჩინური მხარის განმარტებით, სავარაუდოდ, ადგილი აქვს გაუგებრობას, დედაქალაქი აქტიურად არკვევს დეტალებს, რომელიც ქართულ მხარეს უახლოეს პერიოდში ეცნობება. ჩინურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პრინციპით იხელმძღვანელებს მომავალშიც. ჩინური მხარე ასევე მადლობელია საქართველოს მთავრობის ერთიანი ჩინეთის პრინციპის განუხრელად და თანმიმდევრულად დაცვისთვის. მხარეთა ამგვარი მიდგომა განაპირობებს ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.საუბრისას შეთანხმდა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას თავის საელჩოებს საზღვარგარეთ, რათა მათ თავი შეიკავონ მსგავსი კონტაქტებისგან. ამავე დროს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ, 7 დეკემბერს, შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც ჩინური მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.