ძებნის რეზულტატი:
მამუკა მდინარეძე: როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს
"როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, საქართველოს და ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია იქნება უცვლელი. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარტნიორები და დასავლელი მეგობრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებენ. „ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში, აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად და ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
ნათია თურნავა: ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა დროულია
"ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის დროული, საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. „ძალიან დროული და მისასალმებელი მიმართვაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რადგანაც ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, თუკი რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საქართველო. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანად, ხელისუფლებამ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში, როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა“, – ნათქვამია წერილში.
მამუკა მდინარაძე: ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილი იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე გუნდის შიგნით, თავის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა და ამის შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილი იყო. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტყუილია. „ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ, ჯადაცვის მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესრულებას გააგრძელებს. შესაბამისად, პოსტებზე რჩებიან მისი მოადგილეებიც.
აშშ უკრაინას სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების გასაძლიერებლად $20 მილიონს გამოუყოფს
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო მონაკვეთების გაძლიერების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უკრაინა აშშ-ისგან 20 მილიონ ამერიკული დოლარის დახმარებას მიიღებს. პროექტი დაიწყება 2022 წლის იანვარში და იგი უკრაინელი მესაზღვრეებისათვის სხვადასხვა სახის აღჭურვილობის მათ შორის უპილოტო საავიაციო სისტემების, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიდეო-თვალთვალის მოწყობილობის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ დახმარების კომენტირების დროს, უკრაინაში აშშ-ის საელჩოში სამართალდაცვითი საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა, სარა ლანგელკომპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ტექნიკური დახმარება გამიზნულია უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოქმედი ქვედანაყოფების უნარების ასამაღლებლად, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ დასახული ამოცანების შესრულება და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. ამის შესახებ ლაპარაკია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის ცნობაში, რომელიც მან სააგენტო ტასს გაუგზავნა შეკითხვის საპასუხოდ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინები“ კიევს გადაეცა უკრაინის 60 მილიონ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც აშშ-მა სექტემბერში გამოაცხადა. მთლიანობაში აშშ-მა უკრაინას 2021 წელს 450 მილიონი დოლარი გამოუყო „უსაფრთხოების ამოცანების უზრუნველსაყოფად“.
მესამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ; ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა. ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე. არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია. როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას. ღრმად მწამს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს. ყველანაირი მცდელობა, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დაჩაგვრისა, რა მილიარდებით და სადამსჯელო რაზმებითაც არ უნდა იყოს ეს უმცირესობა აღჭურვილი, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს, და, გამორიცხული არაა, მიზნადაც ისახავდეს სწორედ ამას. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ეს უმძიმესი შედეგი ყველა ქართველი პატრიოტისთვის კატასტროფაა, ხოლო ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლის ერთადერთი სასურველი განვითარებაა. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომაც, მინდა ვთხოვო ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმატს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები ჩატარდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს. საარჩევნო საერთო კრება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინრეგისტრაციითა და არჩევნების დღეს ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა. კენჭისყრაზე თავიდან თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა – ვასილ ოსეფაშვილმა და დავით ჯაფარიძემ კანდიდატურები მოხსნეს. არჩევნებში მონაწილეობა განაგრძო დავით ასათიანმა. ხმის მიცემა 19:00 საათამდე გაგრძელდა და არჩევნების პასუხები ერთ საათში გახდა ცნობილი. ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევდა ადმინისტრირებას.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 13-15 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინაში ჩავა ვიზიტით, სადაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იგეგმება უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხის განხილვა და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს დონბასის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების შესრულებით. რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, კარენ დონფრიდი ბრიუსელში გაემგზავრება ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების თაობაზე დისკუსიების გასამართად.
ივანე ჩხაიძე: შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს
"ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ შესაძლოა „ომიკრონი“ გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს", - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ თითოეულ ქვეყანაში რამდენიმე კვირაში დომინანტური ხდება. „სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში "ომიკრონი" ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდი ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. მართალია, ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სფეროზე, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
განათლების სამინისტრო: ფონდი "ქართუ" €40 მლნ-ის ციკლოტრონებს ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრს აჩუქებს
"ფონდი "ქართუ" €40 მლნ-ის ციკლოტრონებს ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრს აჩუქებს", - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბელგიური ტექნოლოგიური კომპანია IBA, "ქართუ ფონდის" დაკვეთით საქართველოსთვის, ადრონული თერაპიის აპარატების - ციკლოტრონების დამზადებითაა დაკავებული. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და "ქართუ ფონდის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ციკლოტრონების აწყობის პროცესი დაათვალიერეს. განათლების მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება. "ციკლოტრონების მწარმოებელ წამყვან კომპანიაში “IBA” ციკლოტრონების აწყობის პროცესი დავათვალიერეთ. როგორც მოგეხსენებათ, ადრონული თერაპიის ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი – ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან წამყვანმა მეცნიერებმა უკვე გამოხატეს დიდი ენთუზიაზმით თავიანთი სურვილი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში. ამჟამად ციკლოტრონები გადის ტესტირების პროცესს,"- განაცხადა განათლების მინისტრმა. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში. "ფონდი „ქართუ“ ქუთაისში ახორციელებს მეგა-პროექტს, რომლის ფარგლებშიც ძალიან მალე გაიხსნება ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც მედიცინის, ისე ზოგადად, ფიზიკის განვითარების მხრივ საქართველოში. აღნიშნული პროექტი სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს როგორც მსოფლიო, ასევე რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, “IBA”-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 06:18 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ ბაკურციხესთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ამირან გამყრელიძე: სიკვდილიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ათასს არ ჩამოსცდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რა შემთხვევაში შემცირდება ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. "ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დღეში 3 500 კორონავირუსის ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია. სიკვდილიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასს ქვემოთ არ ჩამოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 922 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 841 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 939 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 902 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 922 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 889 286-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის - 7.88% ხოლო 7 დღის - 7.42%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 999 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 832 675. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 731 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა - 162, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 171, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 185, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24. ➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854, საიდანაც: 6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 396, აჭარაში - 514, იმერეთში - 1 324. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 452. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 321 ადამიანი, მათგან თბილისში - 176, აჭარაში - 34, იმერეთში - 32. 1 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 756 - თბილისში, 264 - აჭარაში. 36 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2.• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 130 ადამიანი.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 36.6%
საქართველოში ჯამში 2 308 497 აცრაა ჩატარებული. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 230 347 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 43.3%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 046 097 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.6%. 11 დეკემბერს 6 817 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 31 256 ადამიანს.
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება და ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ხმის უფლების მქონე ოცდაცხრამეტივე დელეგატმა დაუჭირა მხარი. ვიქტორ სანიკიძეს გამარჯვება ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პირველმა მიულოცა. მან კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ, ერთადერთი კონკურენტის სასარგებლოდ მოხსნა. სანიკიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა. 35 წლის ვეტერანი კალათბურთელი ამჟამად პარლამენტის წევრია, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების" სახელით.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები“, - იუწყება სუს-ი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.
ამირან გამყრელიძე: „ომიკრონით“ ინფიცირებულებში „დელტასთან“ შედარებით, ვირუსი ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ერთთვიანი დაკვირვების შედეგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამს ბევრად მსუბუქად მიმდინარეობა აქვს „დელტასთან“ შედარებით. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მძიმე შემთხვევები. „სტაბილიზაციაზე ვისაუბრებთ, როცა ჩამოვცილდებით 1 000-ს, გვექნება რამდენიმე ასეული შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოვა 20-ის ქვემოთ. ახალ შტამთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, მაგრამ საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს. ერთია დამამშვიდებელი, რაც გუშინ განცხადება იყო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის, უკვე ამ დაკვირვების განმავლობაში თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით ეს შტამი, ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ამირან გამყრელიძე „რუსთავის2-ს“ განუცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულების მიმართვიანობა ვაქცინაციაზე შეჩერდა. მისივე ინფორმაციით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ აუცრელია 50%-ზე ოდნავ მეტი ადამიანია. „ბოლო ერთი კვირაა, სამწუხაროდ გაჩერდა 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის მიმართვიანობა აცრებზე, ერთიანად აცრილია მხოლოდ 86 ათასი ადამიანი პირველი დოზით. ასევე, „ბუსტერ“ დოზით აცრები და ასევე მეორე დოზით ვაქცინაცია იზრდება. ამიტომ, სულ მეტი და მეტი მოწოდება გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას პირველადი დოზით“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ამავე თემაზე ივანე ჩხაიძე: შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან
ეკონომიკის მინისტრი: თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდია აშშ-ს მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ნათია თურნავა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვას აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისადმი, განმტკიცდეს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები საქართველოსთან, ძალიან დროულს უწოდებს. „მისასალმებელია, რომ ეს მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, იმიტომ, რომ ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, იმიტომ, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანმა ხელისუფლებამ. მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.
იტალიაში, ორი შენობის ჩამონგრევისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, სიცილიის რეგიონში, კრავანუზაში ორი შენობის ჩამონგრევისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით, ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ორი კი შენობის ნანგრევების ქვეშ ცოცხალი იპოვეს. ნანგრევებში ეძებენ ბავშვებსა და ორსულს. შენობის ჩამონგრევა სავარაუდოდ, გაზის მილის აფეთქებამ გამოიწვია.
გერმანის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი პოლონეთს ეწვია
გერმანის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი საინაუგურაციო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. შოლცის პოლონელ კოლეგასთან მოლაპარაკებებისას, სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრა და ბელარუსის საზღვარზე განვითარებული პროცესები იქნება. გერმანიამ მხარი დაუჭირა პოლონეთის მცდელობებს, შეაჩეროს მიგრანტების ნაკადი ბელარუსიდან. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ბერლინი პოლონეთისა და შეერთებული შტატების ზეწოლას განიცდის, გადადოს Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედება, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. Nord Stream 2 ფართოდ გააკრიტიკეს, რადგან ევროპას დაუცველს ტოვებს ენერგომომარაგებაზე კრემლის გავლენის გამო. მილსადენს რუსული გაზი პირდაპირ ევროპაში შეაქვს უკრაინის გავლით ტრანზიტის გარეშე. მორავიეცკიმ თქვა, რომ ის მოუწოდებს შოლცს, გადადოს მილსადენის ამოქმედების ნებართვის გაცემა.
მეუფე იოანე: ბაგრატის ტაძარში დიდი დაზიანება არ არის, კედელი გარედან სველდება
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელის თქმით, ბაგრატის ტაძრის დაზიანების ხარისხი გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება. მისი თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და აღდგენით სამუშაოში სპეციალისტები ჩაერთვებიან. „კულტურის მინისტრი იყო მოსული და შეისწავლეს. დაისვა საკითხი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს და მომავალში მხოლოდ სერთიფიცირებული ადამიანები დაიშვებიან სამუშაოზე. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია გამოსწორება. დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი. გელათისგან განსხვავებით ფრესკები არ არის და დაზიანება არ გვაქვს", - განაცხადა მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია და ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა და ტენიანია კედლების ფრაგმენტები.