ძებნის რეზულტატი:

მექსიკაში ავარიის შედეგად, სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის სამხრეთით, ავარიის შედეგად, სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სავარაუდოდ, მიგრანტები ცენტრალური ამერიკიდან, სატვირთო მანქანის მისაბმელში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ BBC წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მკვეთრ მოსახვევში გადატრიალდა და ხიდს დაეჯახა ჩიაპასის შტატის დედაქალაქის, ტუქსტლა გუტიერესკენ მიმავალ მთავარ გზაზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა შორის არიან ქალები, კაცები და ბავშვები. ტრანსპორტში მყოფი ადამიანების უმეტესობა გვატემალიდან იყო, სხვები - ჰონდურასიდან, ეკვადორიდან და დომინიკის რესპუბლიკიდან. ჩიაპასი მთავარი სატრანზიტო წერტილია არალეგალი მიგრანტებისთვის.

რუსეთის საგარეო უწყება 3+3 პლატფორმაზე: პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება

რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო ჩაერთოს 3+3 პლატფორმის მუშაობაში. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრას ეხება, ნათქვამია, რომ 10 დეკემბერს მოსკოვში, საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის 3+3 პირველი შეხვედრა გაიმართა. განცხადების თანახმად, საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც, ასევე, მიწვეულები იყვნენ, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. სხდომის განმავლობაში განიხილეს მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის მუშაობა ფოკუსირებული უნდა იყოს პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც ყველა მონაწილე მხარის ინტერესში შედის. მათ შორის - ზომების მიღება ნდობის ასამაღლებლად, ურთიერთქმედება სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით და საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე წინააღმდეგობის გაწევა. პარალელურად, რუსეთში ირანის საელჩოც გამოეხმაურა ამ ფორმატში გამართულ შეხვედრას და განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ფორმატს, რადგან ის შეესაბამება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ასევე წაიკითხეთ: თურქეთში ირანის ელჩი: 3+3 ფორმატი ირანის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაშია თურქეთი აცხადებს, რომ მოსკოვი „3+3 ფორმატის საინაუგურაციო შეხვედრას“ 10 დეკემბერს უმასპინძლებს საელჩოს განცხადებით, რეგიონის სახელმწიფოების საკითხები, გამოწვევები და უთანხმოება ამ ქვეყნების ძალისხმევით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, 9 დეკემბრის კომენტარში საგარეო უწყება განმარტავს, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადეს უწყებაში. ცნობისთვის, 10 დეკემბერს, აშშ-ში გამართული შეხვედრის დროს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მოლაპარაკებების დროს, 3+3 ფორმატის ფარგლებში გასამართ პირველ შეხვედრაზეც ისაბრეს. ქართული მხარის ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "დღეს, თბილისის დროით 22:17 საათზე, ქალაქ მარტვილთან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტოლტენბერგის პასუხი რუსეთს: მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები

იენს სტოლტენბერგმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას, ოფიციალურად უარყოს კიევისა და თბილისის წევრობის პერსპექტივა. „გავლენის სფეროების აღდგენა მიუღებელია“, - განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ალიანსის პოზიცია უცვლელია. ვერ დავეთანხმებით იმას, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, აღადგინოს სისტემა, რომელშიც რუსეთის მსგავს სახელმწიფოებს ჰქონდათ გავლენის სფეროები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ და შეეძლოთ, გადაეწყვიტათ, რა უნდა გაეკეთებინათ სხვა წევრებს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. რუსეთი NATO-ს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს

ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა ფორუმზე: ივლისში, ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებლები მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დღეს, ადამიანის უფლებათა ფორუმი გაიმართა, რომელზეც ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის დამკვიდრების, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის ხელისშემშლელი უთანასწორობის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (OHCHR) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა. „ადამიანის უფლებათა დღის წლევანდელი გზავნილია - „ყველა ადამიანი თანასწორია“. ფორუმზე სამ ძირითადი სფერო განიხილეს, სადაც პანდემიამ განსაკუთრებით გაამწვავა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა: 1. გენდერული თანასწორობა, 2. ლგბტქი+ თემის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, 3. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები. „2021 წელს, თანასწორობის საკითხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენდა. ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტქი+ თემისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ივლისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე. ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის სიტყვაში. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე ევია კოტანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისის (OHCHR) უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ადამიანის უფლებათა ფორუმი წლევანდელი ადამიანის უფლებათა კვირეულის ერთ-ერთი შემაჯამებელი ღონისძიებაა. კვირეულის მსვლელობისას, ევროკავშირმა (EU), გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა პრინციპების მიმართ, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და ყველა საკვანძო პოლიტიკური დოკუმენტით. ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ფორმატის საფუძველია, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება. ამასთან, ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და აშშ-ში პარტნიორები მას მხარს უჭერენ. „აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე გზავნილი, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიასთან მიმართებით ესკალაციის გაგრძელებას არ აპირებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეარხ „1+1“-ის ეთერში. ზელენსკის თქმით, ეს დღეს „მცირე და არა საბოლოო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია“. 10 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც NATO-ს, საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს. „ევროპის უსაფრთხოების ძირეული ინტერესებისთვის აუცილებელია, ოფიციალურად უარყოფილი იყო NATO-ს, 2008 წლის, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან, ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლი: უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის გარეშე არ იქნება ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

Reuters-ი: კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული კალიფორნიელი კაცი აშშ-დან გაიქცა და ბელარუსს შეაფარა თავი

6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარი ბუნტის დროს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კალიფორნიელი კაცი გაიქცა შეერთებული შტატებიდან გაიქცა და, სავარაუდოდ, ბელარუსს შეაფარა თავი, განაცხადეს ფედერალურმა პროკურორებმა Reuters-ის ცნობით. პროკურორების განცხადებით, ბრალდების საქმეზე, კადრებში ჩანს, როგორ დგას 49 წლის ევან ნოიმანი კაპიტოლიუმის შენობასთან მოწყობილ ბარიკადებთან და იცვამს გაზის ნიღაბს. საქმეში შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, მოგვიანებით ნეიმანი იხსნის გაზის ნიღაბს და უყვირის პოლიციას: „მე მზად ვარ, მოვკვდე, თქვენ?" ვიდრე ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა რამდენიმე ოფიცერს და შევარდება ბარიკადის გამოყენებით, ამ ბარიერებს იყენებს პოლიციელებზე თავდასხმისთვის. გამოცემა Daily Beast-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნეუმანი გასულ თვეს იყო ნაჩვენები ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის სპეციალურ გადაცემაში, სახელწოდებით „მშვიდობით, ამერიკა", სადაც მოთხრობილია მისი მოგზაურობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და მის დედაქალაქ მინსკში. გადაცემაში მან თქვა, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა ბელარუსიში, რადგან შეერთებული შტატები, მისი აზრით, აღარ არის კანონისა და წესრიგის ქვეყანა, იტყობინება Daily Beast. ნოიმანი ერთ-ერთია იმ 220-ზე მეტ პირს შორის, რომელსაც ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება.

COVID19: 3 542 ახალი შემთხვევა, 64 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 542 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი, გარდაიცვალა 64. ამ დროისთვის საქართველოში, ჯამში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის - 7.93% ხოლო 7 დღის - 7.53%. 3 542 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 187, იმერეთი - 558, ქვემო ქართლი - 182, შიდა ქართლი - 251, გურია - 85, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 117, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 967, საიდანაც: 6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 422, აჭარაში - 516, იმერეთში - 1 307. ამ ეტაპზე 1 560 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 122, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 334 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 35, იმერეთში - 34 1 174 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 742 - თბილისში, 255 - აჭარაში. 38 629 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 39 512 ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რუსეთი უკრაინა შეიჭრება, მას მკაცრი ეკონომიკური ზომები დაემუქრება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მიიღებს. მისივე თქმით, თუ რუსეთი ასე იმოქმედებს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა, რასაც რუსეთისთვის მოჰყვება მძიმე შედეგები. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთი უნდა შეაჩერონ. მინისტრმა დაამატა, რომ რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მუშაობენ იმისთვის, რომ დასავლური ეკონომიკა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. „ასევე ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკული მდგრადობაში. ასე რომ, ისინი არ არიან მხოლოდ დამოკიდებულნი რუსეთის ენერგომომარაგებაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“, - განაცხადა ლიზ ტრასმა BBC-ს ცნობით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენი გერმანიასა და რუსეთს შორის იქნება „პრობლემა“, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „ეს იქნება ახალ გერმანელ კოლეგასთან განხილვის საკითხი G7-ის მოლაპარაკებებზე. ჩვენ აბსოლუტურად უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ენერგიაზე. ეს უნდა იყოს არასაბაზრო ეკონომიკებზე დამოკიდებულების შემცირების საერთო სტრატეგიის ნაწილი, მავნებელ აქტორებზე დამოკიდებულების შემცირების და თავისუფალ სამყაროს შეუძლია, უზრუნველყოს სტრატეგიული დამოუკიდებლობა, რომელიც მას სჭირდება გადარჩენისთვის და აყვავებისთვის“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ უარყოფს უკრაინა.

საქართველოს საგარეო უწყება: მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2008 წლის 3 აპრილს NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება NATO-ს წევრი. ხსენებული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. „ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც NATO-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება დადასტურდა 2008 წლის შემდგომ გამართულ NATO-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში NATO-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამავე თემაზე: სტოლტენბერგის პასუხი რუსეთს: მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები

რუსეთის „უტიფრობას“ პასუხი მხოლოდ განცხადებებით არ უნდა გაეცეს. NATO-ს მხრიდან საჭიროა ქმედებები

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს წინ უძღვის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის გარშემო აშშ-ის, მისი ევროპელი მოკავშირეებისა და NATO-ს შეშფოთება და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ულტიმატუმის ენა მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში NATO-სგან მოითხოვა, უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაიცა. რუსეთს მალევე უპასუხეს ბრიუსელიდან და შეახსენეს, რომ მიუღებელია, როდესაც ის ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები. რუსეთის პერიოდულად გააქტიურება კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის საკითხს, ხომ არ არის უფრო ქმედითი ნაბიჯებისა და კონკრეტული ინიციატივების შეთავაზების დრო ქვეყნებისადმი, რომლებიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და რომლებიც მუდმივად არიან რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, NATO-ს პასუხი არ შეიძლება, შემოიფარგლოს მხოლოდ იმით, რაც ჩვენ მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან, ან რა განცხადებებსაც აწი მოვისმენთ. კერძოდ კი, NATO-მ განცხადებებს„ „უნდა მოაყოლოს ქმედებები“. „ეს ქმედება უნდა იყოს მეტის შეთავაზება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო. მაგალითად, გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, რომლისთვისაც რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, რომელსაც NATO-მ პასუხი უნდა გასცეს. რუსეთის ფედერაცია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს, ითხოვს გარანტიებს, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. ეს არის სუვერენიტეტის სრული უგულვებელყოფა - ქვეყანას არაფერს ეკითხები და ისე ცდილობ, მისი ბედი გადაწყვიტო - რუსეთისთვის დამახასიათებელი სტილია, იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია არის ის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე, უკრაინას მისცა გარანტიები (ბუდაპეშტის მემორანდუმი მაქვს მხედველობაში) და მერე თავადვე დაარღვია“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ამ რეგიონის თაობაზე ჩანაწერი ძალიან ნათლად უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც უნდა დამტკიცდეს მომავალში, შემდეგ, უკვე ჩნდება კითხვა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მადრიდის სამიტზე. „ეს არის ქვეყანა, რომელმაც ხელაღებით დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და არღვევს დღესაც, ამიტომ, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რაიმეს ითხოვდეს სხვისგან, ეს არის უტიფრობა, რასაც პასუხი მხოლოდ განცხადებით არ უნდა გაეცეს, რადგან ეს რუსეთს არ გააჩერებს“, - მიიჩნევს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მეტის შეთავაზება ასოცირებული ტრიოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ბრიუსელში 15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ფლანგი უფრო და უფრო ცხელი წერტილია ევროპის უსაფრთხოებისთვის, წერს თენგიზ ფხალაძე გამოქვეყნებულ სტატიაში (ევროპის მოქმედებების დროა - აღმოსავლეთ პარტნირობის სამიტი და შავი ზღვის რეგიონის მომავალი) რომელშიც აღნიშნავს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარა ცენტრალური საკითხი იყო რიგაში, NATO-ს მინისტერიალზე და ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სტოკჰოლმში. და, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ცენტრალური საკითხი ბრიუსელის სამიტზეც". როგორც ცნობილია, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე. Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძე მიუთითებს, რომ შემდგომი სამიტი უნდა იყოს მეტი, ვიდრე რიგითი ტექნიკური ღონისძიება, რაც გარკვეულწილად გამოწვევაა ევროკავშირისთვისაც. „შეუძლებელია, წევრობაზე ვილაპარაკოთ, რადგან ამისთვის არც ევროკავშირია მზად და არც ჩვენ, მაგრამ ცხადია, მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტის შეთავაზების შესაძლებლობა ევროკავშირს აქვს და ამ ქვეყნებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ეს უნდა შესთავაზოს. თუმცა, ზუსტად ვიცი, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ და ზოგადად, ამ სამიტის წინააღმდეგ, და არ არის დასამალი, რომ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მუშაობენ ძალიან აქტიურად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაინც წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Eurpetime-თან. სტატიაში კი ის ასევე მიუთითებს, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი ბრძოლის ველი შავი ზღვის რეგიონში, და რომ საქართველო რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლია. „ქვეყნის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია. მცოცავი ოკუპაცია (ანუ რასაც რუსეთი „ბორდერიზაციას“ უწოდებს), მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, წამება, ქართველების ეთნიკური დევნა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სხვა დარღვევები სასტიკ რეალობად იქცა საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. მოლდოვა ასევე განიცდის ტერიტორიულ პრობლემებს, რომელშიც მთავარი დამნაშავე რუსეთია. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი მოლდოვაში არ არის ისეთი სერიოზული, როგორც საქართველოში - რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე - მოსკოვი იყენებს სხვა ინსტრუმენტებს ქვეყანაზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად, მათ შორის ენერგომომარაგების საკითხს. გასული წლის ივლისში, ასოცირებულმა ტრიომ ხელი მოაწერა ბათუმის დეკლარაციას, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ურყევი ვალდებულება, განაგრძოს ევროკავშირში მათი ინტეგრაციის პროცესი ყოვლისმომცველი რეფორმების გზით…“ და გააძლიერონ სამმხრივი თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და გაიმეორონ დაპირება, რომ ერთად იმუშავებენ მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავლისთვის. შარლ მიშელმა, რომელიც დაესწრო ხელმოწერის ცერემონიას, ბათუმის სამიტს უწოდა „მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც „ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კავშირებს ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორებს შორის. მან ხაზი გაუსვა, რომ სამი ასოცირების შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეები არის თანამშრომლობის ყველაზე ამბიციური ფორმა, რომელიც ევროკავშირს აქვს ნებისმიერ მესამე ქვეყანასთან“. მომავალ კვირას, ბრიუსელის სამიტი შეიძლება მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს. დღეს ევროკავშირი არ არის მზად აღმოსავლეთის ინტეგრაციისთვის ახალი პოლიტიკური ვალდებულებების აღებისთვის და ასოცირებულ სამეულს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური გახდება. თუმცა, თანამშრომლობისთვის ახალი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და უნდა გადაიდგას, რაც გამოავლენს ყველა მხარის გრძელვადიან ერთგულებას რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ასეთი ამბიცია შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას უმაღლეს განათლებაში და უკეთეს შესაძლებლობებს სტუდენტებისა და მეცნიერთა გაცვლისთვის, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურისა და სერვისების რეგულირებაზე (მაგ. როუმინგის რეგულაციები) და ახალი პროექტების/მინი საგზაო რუკების დაწყებას უკეთესი სექტორული ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირს შეუძლია, „ასოცირებული ტრიო“ „სამი ზღვის ინიციატივაში“ მიიწვიოს. ასეთი ინიციატივები იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომ ევროკავშირი არის ერთიანი და მტკიცე ევროპელი მეზობლების მიმართ, და რომ მზადაა, გამოიყენოს პრინციპი „მეტი მეტისთვის“. ის, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში, არ რჩება რეგიონში - და, საბოლოოდ, ეს გავლენას მოახდენს ევროკავშირზე. ევროკავშირს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს პასიური. რუსეთის ახალი აგრესიით უკრაინის მიმართ, რეგიონს სჭირდება ევროპა“, - წერს თენგიზ ფხალაძე სტატიაში.

ყირიმისა და შავი ზღვის რეგიონში მილიტარიზაციის წინააღმდეგ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც 63-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ნაწილების მილიტარიზაციის პრობლემის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 22, ხოლო 55-მა თავი შეიკავა. წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსია, ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და შეყოვნების გარეშე შეაჩეროს უკრაინის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მცხოვრებლების შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ რუსეთის ტერიტორიაზე გამოძახების დაუშვებლობას, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყირიმელი ბავშვების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურისთვის საბრძოლო მომზადებას. ამასთან, მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე სპეციალიზებულ უწყებას, თავი შეიკავონ ყირიმში ყოველგვარი ვიზიტებისაგან, რომლებიც უკრაინასთან შეთანხმებული არ არის.

აშშ-მ ჩინეთს, მიანმარსა და ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს, მიანმარს, ჩრდილოეთ კორეას და ბანგლადეშს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სანქციები დაუწესა. შავ სიაშია შეყვანილი ჩინური, ხელოვნურ ინტელექტის კომპანია SenseTime Group-ი. აშშ-მ კომპანია დაადანაშაულა სახის ამოცნობის პროგრამების შემუშავებაში, რომელსაც შეუძლია, განსაზღვროს სამიზნის ეთნიკური წარმომავლობა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია უიღურების იდენტიფიცირებაზე. ჩინეთი უარყოფს სინძიანში ძალადობრი ქმედებებს, მაგრამ აშშ-ს მთავრობა და მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ პეკინი იქ გენოციდს ახორციელებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირაში ვირტუალურ სამიტზე 100-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი შეკრიბა და მთელ მსოფლიოში, დემოკრატიის გაძლიერება მოითხოვა. კანადა და გაერთიანებული სამეფო, მიანმარში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სანქციებს შეუერთდნენ, ვაშინგტონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ჩრდილოეთ კორეას პირველი ახალი სანქციები დაუწესა.

მეცნიერები მუშაობენ დანამატზე, რომელსაც შესაძლოა, ნევროლოგიური დაავადებების მქონეთათვის ვარჯიშის ეფექტი ჰქონდეს

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევრებმა გამოავლინეს უნიკალური მოლეკულური სიგნალები, რომლებიც სხეულის დანარჩენი ნაწილიდან იგზავნება ვარჯიშის დროს და რეალურად აღწევს ჩვენს ტვინსა და თვალებში. ჯგუფის წინასწარმა კვლევამ ბადურაზე ვარჯიშის სარგებლის შესახებ, რამდენიმე „პერსპექტიული“ შედეგი გამოავლინა. ასოცირებული პროფესორი რიკარდო ნატოლი, ამბობს, რომ შესაძლებელია მოლეკულების პოტენციურად ხელახალი კოდირება/ტაბლეტებში გამოყენება და მიღება ვიტამინის სახით. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კუნთებსა და ბადურას შორის კომუნიკაციის უნარი იკარგება. დანამატების მიღების მსგავსად, შესაძლოა, ჩვენ მივაწოდოთ გენეტიკური ან მოლეკულური დანამატები, რაც საშუალებას მისცემს ამ ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესს, გაგრძელდეს ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რას აწვდიან ეს მოლეკულები სხეულს და როგორ ურთიერთობენ ისინი“, - ამბობს რიკარდო ნატოლი. მისი კოლეგა, ჯოშუა ჩუ-ტანი მიუთითებს ალცჰაიმერით და პარკინსონით დაავადებულთათვის სარგებელზე. „ვიცით, რომ ვარჯიში კარგია ჩვენი მხედველობისთვის, მაგრამ ჩვენი მიზანია, გავიგოთ ვარჯიშის სარგებელი მოლეკულურ დონეზე და რამდენად სასარგებლოა ის ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და ბადურისთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება იმას, რაც აქამდე იყო ცნობილი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა ხდება სხეულში ვარჯიშის შემდეგ და რატომ არის ფიზიკური აქტივობა ასე კარგი ჩვენი ტვინისა და თვალებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს, ფუტურისტულ თერაპიას შეუძლია, დაეხმაროს პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი. ამასთან, დაეხმაროს დაავადების პროგრესირების შენელებას“, - ამბობს მკვლევარი ჯოშუა ჩუ-ტანი.

ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ

ამერიკელმა კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში, როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა“, - ნათქვამია წერილში. წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მყარ საფუძველს ემყარება, როგორიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმება, მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. საქართველოს როგორც ღირებულ პარტნიორს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, აღიარებს ასევე ევროკავშირიც, რასაც მოწმობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ეკონომიკის ზრდა-განვითარება წარმოადგენს, აშშ-სთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცება მძლავრ სტიმულს მისცემდა საქართველოში საბაზრო რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, ხოლო ამერიკულ საქონელსა და მომსახურებებს გზას გაუხსნიდა სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პარტნიორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის არსებობა. წერილში ნათქვამია, რომ დღეს „როდესაც აშშ-ს რეგიონის არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული, საქართველოსთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაძლიერება ხელს შეუწყობდა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო მყარი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას“. ამასთანავე, ეს იქნებოდა „მძლავრი სიგნალი, რომ ამერიკის დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული წესები კვლავ ძალაშია და მოქმედებს იქ, სადაც ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული ავტორიტარული სისტემები“. წერილში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით საქართველოს წამყვანი როლი. წერილს, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ კონგრესმენები: კეროლ მილერი, ადამ კინზინგერი, სტივ უომეკი, ჯონ როუზი, ჯიმი გომესი, ჯერალდ კონოლი, დენ კრენშოუ და ალექს მუნი. მათი ნაწილი საქართველოს სექტემბერში სტუმრობდა და შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ სავაჭრო ურთიერთობები იყო. წერილს აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

ლინას ლინკევიჩუსი: აღარანაირი დათმობა რუსეთთან

"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა NATO-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი მიენიჭებინათ", - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსიმ Twitter-ზე დაწერა. ლინკევიჩუსის განცხადებით, ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია, ახლა კი რუსეთი უფრო მეტს ითხოვს. „2008 წელს NATO-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის MAP-ი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი. ცნობისთვის, 2 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან. ლავროვის განცხადებით, ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც NATO-ს პერსპექტივისგან ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა.

ე.წ. სერბთა რესპუბლიკის დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული ე.წ. სერბთა რესპუბლიკის სახალხო ასამბლეის (პარლამენტი) დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ეს არის სერბთა რესპუბლიკის თავისუფლების მოპოვების მომენტი“, – ამის შესახებ ბოსნიელი სერბების მმართველი კოალიციის ლიდერმა, მილორად დოდიკმა განაცხადა. ამასთან, ჩატარებული კენჭისყრის საბოლოო შედეგი ბოსნიის სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა საბოლოოდ „სერბთა რესპუბლიკის“ პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ასამბლეის დეპუტატებმა რეგიონულ მთავრობას მისცეს უფლება, იმუშაოს ახალ კანონებზე ჯარის, საგადასახადო და სასამართლო სისტემების თაობაზე, რომლებმაც ბოსნია-ჰერცეგოვინის საკანონმდებლო აქტები უნდა ჩაანაცვლოს. ცნობისთვის, „დეიტონის ხელშეკრულების“ მიხედვით, რომელმაც დაასრულა 1992-1995 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნა, მაგრამ ორ ავტონომიურ რეგიონად – ე.წ. სერბთა რესპუბლიკად და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციად დაიყო, სადაც ბოსნიელი და ხორვატი მოსახლეობა დომინირებს, ხოლო „სერბთა რესპუბლიკაში“ ეთნიკურად სერბები არიან უმრავლესობაში.

აშშ-ში ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

"აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე, ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის. არკანზასის შტატში ტორნადოს შედეგად მოხუცთა თავშესაფარი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

დავით ბაქრაძე: ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უფრო მკაფიო იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში

"ბოლო პერიოდმა ცხადად აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უფრო მკაფიო იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში",- ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტისას საუბარი ძირითადად შეეხებოდა იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორებთან ერთად გაატარებდა რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში. როგორც ელჩმა აღნიშნა, შტატებში ძალიან რეალურად ხედავენ და აღიქვამენ ამ საფრთხეებს და შესაბამისად, ძალიან მკაფიოა მათი პოზიციები, რომ იქნება ეს სანქციები თუ სხვა მოქმედებები უნდა იყოს ბევრად უფრო გადამჭრელი, ვიდრე ეს იყო 2008 თუ 2014 წლებში. „სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, რომ ახლა არის მოქმედების დრო. ნამდვილად ამ შეხვედრების დროს გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აღიქვამს რეგიონში არსებულ ვითარებას იმ საფრთხეებს, რომლებიც გარედან მომდინარეობს და ასევე ხედავენ იმ აუცილებლობას და ვალდებულებას, რომელიც ამერიკას გააჩნია, როგორც ალიანსის ლიდერს სხვა ქვეყნების დარწმუნების მხრივ. სწორედ ამ არგუმენტებს იშველიებდა ქართული დელეგაცია ამერიკულ მხარესთან საუბრის დროს. ზოგადად ძალიან დროული ვიზიტი იყო ამ თვალსაზრისით. როგორც დელეგაციის წევრებმა თქვეს, დაჩქარდა ეს ვიზიტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ამერიკულ მახრეს მიეწოდა სრული სურათი რეგიონში არსებული გამოწვევების თვალსაზრისით", - ბაქრაძემ. ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან ოსტინ სკოტთან, ჯო ვილსონთან, სტივ ვომაკთან და რუბენ გალეხოსთან. პარლამენტის ცნობით, კონგრესმენებთან შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები, ასევე, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იყო. კონგრესმენები დაინტერესდნენ, როგორ ხედავს ქართული მხარე მოვლენების შესაძლო განვითარებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს ტრაგიკული შედეგები თავიდან იყოს აცილებული.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განცხადებით, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია აუცილებლად მიიჩნევს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს განცხადება მიუღებელია. „NATO უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი NATO-ელი პარტნიორები. ამასთან, ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც NATO-სკენ მიისწაფვის და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის NATO-ს კარი ღიაა და ეს არის NATO-სა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და NATO-ს გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ზალკალიანმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.