ძებნის რეზულტატი:
მესამე პრეზიდენტი: მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა
"ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა", - ამის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა. კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გუშინ, გადადგა. ამის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობას პარტია „ქართული ოცნებიდან“ განაგრძობს.
ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ემანუელ მაკრონის თქმით, ბოიკოტი, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების არყოფნასთან ასოცირდება. „ვფიქრობ, ამ თემის პოლიტიზირება არ ღირს. არ ღირს მცირე და სიმბოლური ზომების მიღება, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მუშაობას ვუჭერ მხარს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩინეთში თავისი სამუშაოს განხორციელებაში უნდა დავეხმაროთ, რათა ყველა სპორტსმენი დაცული იყოს და ოლიმპიური მოძრაობის წესებს პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამასთან, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოუცხადეს. ცნობისთვის, ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 4-დან 13 მარტის ჩათვლის კი ჩინეთი პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე დოზის მიღება მეორე დოზიდან, სულ მცირე, 6 თვეში უნდა მოხდეს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ახალი მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ ყველა ზრდასრული ადამიანისა და 16-17 წლის ასაკის ჯგუფისთვის მცირდება. „ვაქცინის ერთჯერადი გამაძლიერებელი დოზა მათთვის, ვინც, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე აიცრა, ხელს შეუწყობს კორონავირუსისგან მუდმივი დაცვის უზრუნველყოფას“, - აცხადებენ მარეგულირებელში. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება. 8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82% ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის - 8.06% ხოლო 7 დღის - 7.74%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა - 148, იმერეთი - 543, ქვემო ქართლი - 226, შიდა ქართლი - 280, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 723 საიდანაც: 6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 555 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 606, აჭარაში - 122, იმერეთში - 457. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პაციენტი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 172 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 745 - თბილისში, 255 - აჭარაში. 37 285 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 574 ადამიანი.
იან კელი თბილისის მერის კომენტარზე: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. მგონი, ამას კისინჯერიც ვერ წარმოიდგენდა
ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმის მოადგილესთან დაკავშირებით, თბილისის მერის კომენტარს აფასებს. „საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. მგონი, ამას კისინჯერიც ვერ წარმოიდგენდა“, - წერს Twitter-ზე ამერიკის ყოფილი ელჩი. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე: რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე? ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. ჰენრი ალფრედ კისინჯერი - ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. მუშაობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებზე. ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კისინჯერმა მშვიდობის განმტკიცების დარგში, 1973 წლის ნობელის პრემია მიიღო.
საქართველოში აშშ-ის საელჩო: Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა რაოდენობას ვაორმაგებთ
"აშშ-ის საელჩოს მიზანს საქართველოში წარმოადგენს გაზარდოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები სტუდენტებისთვის. საელჩო მოხარულია გამოაცხადოს, რომ ჩვენ ვაორმაგებთ Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა რაოდენობას", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ამასთან, 10 დეკემბერს, Gulf Georgia-ს სათაო ოფისში (პიქსელის შენობა, ჭავჭავაძის 34, მე-6 სართული) გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელსაც Gulf Georgia-ს მხრიდან ხელს მოაწერს გენერალური დირექტორი, ქრეიგ ქრამერი (Craig Kramer), ხოლო ამერიკის მხრიდან ვირტუალურად ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაცია World Learning-ის ვიცე-დირექტორი მელისა ოპენჰაიმერი (Melissa Oppenheimer). ღონისძიებას დაესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი; კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი; World Learning-ის გენერალური დირექტორი ქეროლ ჯენკინსი (Carol Jenkins). "აშშ-ის საელჩოს მიზანს საქართველოში წარმოადგენს გაზარდოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები სტუდენტებისთვის. საელჩო მოხარულია გამოაცხადოს, რომ ჩვენ ვაორმაგებთ Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა რაოდენობას და Gulf Georgia-სთან ინოვაციური პარტნიორობით მომავალი წლიდან საქართველოდან ყოველწლიურად 6 ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი გაემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად. Global UGRAD პროგრამა წარმოადგენს ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამას ქართველი ბაკალვრიატის სტუდენტებისთვის და მათ აძლევს საშუალებას ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის წინააკადემიურ ტრენინგებს, აკადემიურ კურსებს, მოხალისეობრივ საქმიანობას, პროფესიული განვითარების სემინარებსა და კულტურულ აქტივობებს. აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული აკადემიური გაცვლითი პროგრამები - როგორიცაა Global UGRAD - ხელს უწყობს გლობალური მოქალაქეობის იდეას, რომელიც იწყება ახალი იდეების, ადამიანებისა და კულტურების გაცნობით. პროგრამის მონაწილე სტუდენტები საქართველოს უბრუნდებიან უკეთ მომზადებულები, რათა ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. აშშ-ის საელჩო საქართველოში ახორციელებს 20-ზე მეტ კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას და ყოველწლიურად 200-ზე მეტ ქართველს აგზავნის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ბოლო 30 წლის განმავლობაში შევიძინეთ 6000-მდე ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების კურსდამთავრებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თეთრი სახლი: უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის გარეშე არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შემდგომ სამხედრო ინტერვენციას ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. „მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები იცავენ პრინციპს: უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები და დისკუსიები უკრაინის გარეშე არ იქნება. ლიდერებმა რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად“, - აღნიშნავს თეთრი სახლი. ამასთნ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მზადყოფნას, ჩაერთოს ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდასაჭერად, მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სხვადასხვა შეხვედრასა და ფორმატში კომუნიკაციისას ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა. კახა კუჭავას განცხადებით, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს, არ იცის. „გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე და ა.შ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ რომ „ხომ ვამბობდითო“?! სამი წელია ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად ძალიან ბევრ ფორმატში მათთან ერთად როცა მქონდა შეხვედრები და კომუნიკაცია, არც კი მიგრძვია რაიმე სახის დაპირისპირება. არ მაქვს ინფორმაცია ვინ შეცვლის ტიკარაძეს, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, რადგან პარლამენტის დამტკიცება არაა საჭირო", - განაცხადა კუჭავამ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.
კელი დეგნანის თქმით, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ღირებულებაა
ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ღირებულებაა. საელჩომ ელჩის კომენტარი გაავრცელა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას მიეძღვნა. „ადამიანის უფლებათა დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება აღინიშნება. ეს დღე განსაკუთრებულია ამერიკელებისთვის, რადგან შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელიც დაეფუძნა რწმენას, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად და მათ შემოქმედმა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები მიანიჭა. ამერიკის პირველი ლედისა და დეკლარაციის შემდგენელი კომიტეტის წევრის, ელეონორ რუზველტის მოწვევით ჩატარდა გაეროს კონფერენცია, რომელმაც 1948 წლის დეკლარაცია შეიმუშავა. ადამიანის უფლებათა დღეს, რომელიც 1950 წელს დაარსდა, შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება დეკლარაციაში მოცემულ ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზეიმობს და პატივს მიაგებს მათ, ვინც ამ უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაზე მუშაობს. ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანაზიარი ღირებულებაა. აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა, ევან ელიოტმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აშშ-სა და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს და განიხილეს ძალისხმევა, რომელიც ამ მხრივ წამოჭრილი გამოწვევების დასაძლევად იქნა გაწეული“, - აღნიშნული აშშ-ის საელჩოს ტექსტში.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს ბრალს წაუყენებენ
მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გიორგი ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ე. ც.-ს და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ე. ც.-ს და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა. ე.ც. 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა. 26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი. ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ. 29 სექტემბერს, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი მ „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ. იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ—სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში,სადაც მიხეილ სააკაშვილი ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს. გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის ხანმოკლე საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები. ამასთან, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში. ამასთანავე, საუბარი შეეხო დაგეგმილ კონტაქტებს, სტრატეგიული საბჭოს პირველი სხდომის ორგანიზაციისა და მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხებს.
ომბუდსმენის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კოვიდ 19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომებმა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. „გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.). შედეგად საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37 % მდეა აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად. კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
კახა კალაძე ერიკა ოლსონთან დაკავშირებით რეპლიკაზე: ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია
„არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მან არ იცოდა, არსებობდა თუ არა კონკრეტული თანამდებობა, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობდა. „გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი, ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.
საია-ს თავმჯდომარე: თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს
„მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით, უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება", - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა. როგორც ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გასაგები იქნებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს მტრების მისამართით, მაგრამ როდესაც ისინი ჟღერდება იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. „მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. თუ ხვდება და ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის. თუ ვერ ხვდება და ისე აკეთებს ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამაზიანებელია. ეს ჩვენ არა მარტო კახა კალაძის მხრიდან მოვისმინეთ, მოვისმინეთ პარტიის ხელმძღვანელის მხრიდანაც კელი დეგნანის მიმართ, უბრალოდ არ გაჩერდა ეს ადამიანი და აგრძელებს და აგრძელებს განცხადებებს", - განაცხადა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, კახა კალაძე ერიკა ოლსონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს და სხდომა ერთი კვირით გადაიდო. ამასთან, მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დატოვა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", სხდომაზე კი შესაბამისი გადაწყვეტილება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მიიღეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, მათთვის ბუნდოვანია გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსესუსი. მისივე განმარტებით, კრიზისი რაც ახლა ხდება, გამოწვეულია მმართველი პარტიის მიერ. "ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დღეს კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა და დატოვოს დარბაზი. ეს არის ერთგვარი კრიზისის მოცემულობა და ეს კრიზისი ბუნებრივია, შეიქმნა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის "ქართული ოცნების" მიერ. კონკრეტულად არ მინდა პერსონიფიცირება, ეს ვისი და რის გამო მოხდა, ეს მოხდა მთლიანად სისტემის გამო, რომელმაც პირდაპირი გაგებით წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა ჩიხში", - განაცხადა ბასილაიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან ოსტინ სკოტთან, ჯო ვილსონთან, სტივ ვომაკთან და რუბენ გალეხოსთან. პარლამენტის ცნობით, კონგრესმენებთან შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები, ასევე, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იყო. კონგრესმენები დაინტერესდნენ, როგორ ხედავს ქართული მხარე მოვლენების შესაძლო განვითარებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს ტრაგიკული შედეგები თავიდან იყოს აცილებული. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დაჩქარების საკითხს და როგორც მათ აღნიშნეს, მხარს დაუჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი. რა საკითხებს განიხილავს აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს
„ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, „რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში“, ამჟამად კი მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს“. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ იყო ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუცია ასახავს ქართველი ერის ურყევ ნებას ააშენოს დემოკრატიული, თავისუფალი, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 2012 წლის პირველ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის. ჩვენ გვჯერა, რომ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებით წარმატების მიღწევა გარდაუვალია“,- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება აღინიშნება.
ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს აშშ-ში შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკა ოლსონს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, ხანგრძლივი შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს. მხარეებმა, მშვიდობიანი კავკასიის ფორმატში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს. ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა. ქართულმა დელეგაციამ არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით, გავლენის დაბრუნების მცდელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე „3+3“ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა ერიკა ოლსონთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე. ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება, გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იყოს ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ასევე წაიკითხეთ: ანრი ოხანაშვილი ერიკა ოლსონს სთხოვს, დაასახელოს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და როგორც აღინიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგმობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა. „ერიკა ოლსონთან ძალიან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და გულღია შეხვედრა გვქონდა. ჩვენ შევძელით, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
ამერიკის საელჩო: კელი დეგნანი მის უწმინდესობას აღსაყდრების მოახლოებული იუბილის მისალოცად ესტუმრა
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მის უწმინდესობა ილია მეორეს აღსაყდრების მოახლოებული იუბილის მისალოცად ესტუმრა. ამერიკის საელჩოს ცნობოთ, მათ განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ასევე, ელჩმა დეგნანმა მის უწმინდესობას აშშ-ის დაფინანსებით მიმდინარე ჯვრის მონასტრის შენარჩუნებისა და დაცვის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პატრიარქმა ამერიკის ელჩს უმასპინძლა
კახა კუჭავა უვადო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და ექპერტების პოზიციას ემხრობა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უვადო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და ექპერტების პოზიციას ემხრობა. ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „მე არ ვარ ექიმი, ამიტომ გამიჭირდება კომპეტენტური პასუხის გაცემა. როგორც ადრე ვამბობდი, ვემხრობი იმ ექსპერტებს, იმ ექიმებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებას. ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული“, - განაცხადა კუჭავამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ "მწვანე პასპორტებთან" დაკავშირებით, საჭიროების მიხედვით, გარკვეული რეგულაციები შეიცვლება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უვადო „მწვანე პასპორტებს“ მხარს არ უჭერს.