ძებნის რეზულტატი:
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ბიძგები თბილისის დროით 06:42 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკას სამხრეთ-დასავლეთით 16კმ-ში, სოფელი მამიშლართან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 54 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 145 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06% ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის - 8.22% ხოლო 7 დღის - 7.91%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652 საიდანაც: 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 ადამიანი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32. 1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 - თბილისში, 279 - აჭარაში. 37 188 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა საკმარისი იქნება
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა, - შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ელექტრონულ პორტალზე - www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში - CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით, დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა. დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება უკვე ძალაშია. როგორც ცნობილია, ე.წ „მწვანე პასპორტის" კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
კახა კალაძე: მოქალაქეების მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს დედაქალაქის მერიაში გაიმართება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, კვირაში ორი დღე-ხუთშაბათი და პარასკევი, მოქალაქეების მიღებისთვის გამოყონ. ამასთან, როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეების მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს დედაქალაქის მერიაშიც გაიმართება. „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების ჩართულობა იმ პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია. ასევე, ადამიანებთან ელემენტარული კომუნიკაცია, ელემენტარული მოსმენა თუ ვის რა უჭირს, რა სჭირდება, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ გამგებლებს გავალებთ, გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი და პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ ადამიანებს. მე კარგად მესმის ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პასუხი იმაზე, რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ, რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს, რატომ ვერ კეთდება. იგივე მოქალაქეების მიღება, იქნება დედაქალაქის მერიაში, ხუთშაბათობით და პარასკეობით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საჭიროებები და პრობლემები აქვთ", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, დედაქალაქის ახალი მთავრობა მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგა.
მამუკა ხაზარაძე: ჩვენი მართლმსაჯულება ერთი ადამიანის მიერ იმართება
"ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება", - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეზე სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ხაზარაძის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება არ არის და „ყველაფერი გასტუმრებულია პატიოსნად“. ,,სამი წელია მიმდინარეობს ეს აბსურდი. წინა სასამართლო სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება ამ საქმეში არ არის, ყველაფერი არის გასტუმრებული პატიოსნად, ამ საქმეს არ გააჩნია დაზარალებული ჩემი და ბადრის გარდა, არ გააჩნია არც მომჩივანი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორები აგრძელებდნენ მუშაობას ჩვენთან ერთად და ახლაც, ამ ბანკს წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში", - განაცხადა ხაზარაძემ. ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მამუკა ხაზარაძემ 6 დეკემბერს მისცა. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.
დიდი ბრიტანეთი და დანია სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთი და დანია სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში. მინისტრები აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაძლიერების მიზანია, შეძლონ რუსეთის შეკავება მისი აგრესიული ქცევებისა და კრემლიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავდასაცავად. მინისტრების პოზიციით, NATO-მ უნდა შეძლოს ძალების განლაგება მისი პასუხისმგებლობის ყველა რეგიონში იმ ტემპით, რომელიც აუცილებელია მოკავშირეთა დროული დახმარების უზრუნველსაყოფად კრიზისის ან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. დანია და დიდი ბრიტანეთი აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას NATO-ს სამხედრო მობილურობის მიმართულებით, ჩრდილოეთის ჯგუფისა და ორმხრივ საფუძველზე. ეს ორი ქვეყანა ევროპაში დაძაბულობის მთავარ კერად პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან მიგრანტთა „იარაღად გამოყენებას“, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრას, ყირიმის ანექსიას, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას მიიჩნევს. თავიანთ განცხადებაში მინისტრები საუბრობენ რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან დესტაბილიზაციური ქმედებების დაუშვებლობაზე და ამბობენ, რომ უკრაინაში კრემლის ნებისმიერი სახით შეჭრა მნიშვნელოვან საპასუხო შედეგებს გამოიწვევს.
საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმაა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს“,- აღნიშნულია განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. „მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე“,- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. „კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ორი წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა. საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, სამი წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას. მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა. მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე. ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და შვილი მოკლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ პარლამენტის წინ, პარასკევს, 10 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა, მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, გელით ყველას პარასკევის საღამოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საახალწლო პროგრამას, თბილისის მერის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებებიც საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. „24 დეკემბერს გვინდა, საზეიმოდ გავხსნათ „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, საინტერესო ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები და კონცერტები: ზღაპრის გმირები, საბავშვო ვორქშოფები, მსვლელობები. პატარების და არამხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუა აამაღლებს. „საახალწლო სოფელში“ მოსულ სტუმრებს ასევე, დახვდება ღია კინოთეატრი, ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და მრავალი საახალწლო ინსტალაცია. ყოველდღიურად, ორივე ლოკაციაზე, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება. სადღესასწაულო დღეების განმავლობაში, ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში ტრადიციულად გაიმართება საახალწლო ბაზრობები და იმუშავებს კვების სხვადასხვა ობიექტი“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, 7 იანვარს დიდი საშობაო კონცერტი მოეწყობა. რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ, გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის, სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები და ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიციების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები. „აღსანიშნავია, რომ საახალწლო პროექტში რამდენიმე ათასი ადამიანი იქნება ჩართული და დასაქმებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანებს. მინდა, იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა. მესმის, რამდენად რთული და მძიმე პერიოდი გამოიარეთ. მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ იყოს საინტერესო პროგრამები, რათა არ გაჩერდეთ და გააგრძელოთ საქმიანობა თქვენი მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გათვალისწინებით განხორციელდება. „მოგიწოდებთ, დავიცვათ წესები და ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. დაცვის ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ყველა უნდა ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გერმანიის კანცლერი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ყველას ესმის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზღვრები ხელუხლებელი დარჩეს“, - განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ. სააგენტო Reuters-მა აშშ-ის კონგრესზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს. ცნობისთვის, გერმანელებმა 26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი აირჩიეს, რომელიც ამ პოსტზე სოციალ–დემოკრატების კანდიდატია.
აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალს Evusheld-ს ავტორიზაცია მიანიჭა
აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალს Evusheld-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, „ევუშელდი“ შეიძლება, გამოყენებული იყოს პროფილაქტიკის საშუალებად 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც იმუნური პრობლემები აქვთ და შესაძლოა, ვერ იღებდნენ ადეკვატურ იმუნურ პასუხს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგან. ამასთან, თერაპია მოიცავს პროფილაქტიკური ინექციების მიღებას ექვს თვეში ერთხელ. კლინიკური კვლევის მიხედვით, წამალი დაახლოებით 83 პროცენტით ეფექტურია სიმპტომატური დაავადების თავიდან ასაცილებლად ასეთი ინტერვალის დროს. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ბაჰრეინმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი Evusheld-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამასთან, ბაჰრეინი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წამლის ავტორიზაცია მოახდინა და მას მხოლოდ იმუნოდეფიციტისა და გადაცემის რისკის ქვეშ მყოფები გამოიყენებენ. Evusheld-ი მონოკლონური ანტისხეულის (ტიქსაგვიმაბი და ცილგავიმაბი) კომბინაციაა, რომელიც შემუშავებულია AstraZeneca AB-ის მიერ მოზრდილებში COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი "ქართული ოცნების" წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას უყარეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა. ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა. ამასთან, ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
მამუკა ხაზარაძე პროკურორს: რაღაცაში გაერკვიეთ, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, უცოდინრობის
"რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, რა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, უცოდინრობის", - ასე მიმართა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პროკურორმა კონკრეტულ კაპიტალთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ბადრი ჯაფარიძის შემდეგ პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემაც მოისურვა, რასაც მასსა და პროკურორს შორის მცირე კამათი მოჰყვა. ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მამუკა ხაზარაძემ 6 დეკემბერს მისცა. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.
თურქეთი აცხადებს, რომ მოსკოვი „3+3 ფორმატის საინაუგურაციო შეხვედრას“ 10 დეკემბერს უმასპინძლებს
თურქეთი აცხადებს, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიის ექვსმხრივი სამშვიდობო პლატფორმის საინაუგურაციო შეხვედრას 10 დეკემბერს უმასპინძლებს. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. „სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების გათავისუფლებასა და „ნაღმების რუკების“ გადაცემაში. ევროკავშირმა ასევე დაუჭირა მხარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რაც მოიცავს 17 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის განაღმვის სამუშაოსა და ადრეული აღდგენისთვის. ევროკავშირი ასევე მზადაა, ტექნიკური დახმარების გზით დაუჭიროს მხარი საზღვარზე დეესკალაციას და დელიმიტაციას, როგორც ეს მხარეებს ესაჭიროებათ. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მომავალში, ყოვლისმომცველი შეთანხმება სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან აქტიურ კონტაქტს განაგრძობს და მათი მანდატის შესრულებას სრულად უჭერს მხარს, რაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობით, ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველ მოგვარებას გულისხმობს“, - განაცხადა პიტერ სტანომ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე ირანელმა და აზერბაიჯანელმა მინისტრებმა 3+3 ფორმატში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას
ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი. ამის მიზეზად მან 8 დეკემბერს გავრცელებულ წერილში სისუსტე დაასახელა. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა თქვა, რომ საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი იმისთვის, რომ დაედგინათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და "დიახ ის არის საქართველოში". გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და პროცესზე დაყენებული შუამდგომლობებიც ამ შინაარსთან იქნება დაკავშირებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება. მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არის გმირული აქტი და უადგილოა იმაზე საუბარი, რომ მას მესაზღვრისთვის რაღაც დოკუმენტი უნდა წარედგინა. ასევე ნახეთსააკაშვილი წერს, რომ სისუსტის გამო სასამართლო პროცესს დიდი ალბათობით ვერ დაესწრება„ეს არის გმირული აქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრიდან და მსგავსი საკითხები იურიდიული გარჩევის კატეგორიას არ ექვემდებარება. ეს არის აბსოლუტურად მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოება, როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბრუნდება სამშობლოში, მას აქვს ნებისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ. მისი თქმით, დააყენებს სხდომის ვიდეოტრანსლირების შუამდგომლობას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად. პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეში ფიგურირებს ასევე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სააკაშვილს უკრაინის საზღვრის კვეთაში ეხმარებოდა ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ჯო ბაიდენი დემოკრატიის სამიტს დღეს მართავს
დღეს პირველი დღეა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოწვეული სამიტისა დემოკრატიის მხარდასაჭერად. ონლაინ სამიტზე, რომელიც ისტორიაში პირველი ამგვარი ფორუმია, 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს მიწვევა. ამასთან, რუსეთი მათ შორის არ არის. გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - უფლებადამცველები, ჟურნალისტები, კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები. დღის წესრიგის სამი მთავარი საკითხია: მსოფლიოში ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. სამიტი ტარდება ბაიდენის საარჩევნო დაპირების ფარგლებში, რომ ის მთელ მსოფლიოში გააღრმავებს დემოკრატიას ავტორიტარული მთავრობების მომძლავრების ფონზე. ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს შესთავაზებენ, გამოაცხადონ „კონკრეტული ზომები და ვალდებულებები მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმების“ სფეროში, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენაა მიმართული. როგორც იტყობინებიან, საქმე შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, მონაწილე ქვეყნებში ამერიკული „მაგნიტსკის კანონის“ ანალოგიური სანქციების შემოღებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. მიწვეული ქვეყნების უმრავლესობას (77) შეადგენენ ქვეყნები, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია Freedom House-ის კლასიფიკაციის მიხედვით, „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ კატეგორიას განეკუთვნებიან. მათში შედის ევროკავშირის უმრავლესობა. 31 ქვეყანა შედის „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში (მათ შორის არიან, მაგალითად, საქართველო და უკრაინა), 3 – „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში. ზოგიერთი ქვეყნის მიწვევამ უფლებადამცველებს შეკითხვები გაუჩინა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ მიწვევა არ ნიშნავს აშშ-ის მხრიდან მოწონებას და პირიქით - თუკი ქვეყანა მიწვეული არ არის, ეს აუცილებლად არ მოასწავებს, რომ ვაშინგტონი მას ავტორიტარულად მიიჩნევს. მაგალითად, სამიტზე არ არიან მიწვეული ნატოს წევრი თურქეთისა და უნგრეთის ლიდერები, სამაგიეროდ მიწვეული არიან პაკისტანის, ფილიპინებისა და ბრაზილიის წარმომადგენლები. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ-სამიტში „დემოკრატიისთვის“, საქართველოდან მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ჯო ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს: დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისთვის მნიშვნელოვანია, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისთვის
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დეკემბერში ძალიან დიდი აქციისთვის ემზადებიან
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდეგ მკურნალობს, წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ დეკემბერში ძალიან დიდი აქციისთვის ემზადებიან. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების თემიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. „ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში - ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია. მინიმუმამდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია რეჟიმის ყველაზე დიდი საერთაშორისო იზოლაცია და უფრო მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. რას შვება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით, ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან. იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე, იქირავა „ექსპერტები", რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას. ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციისა და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად, ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად. რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს, რაზე ვთანხმდებით. ჩემი აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორე მხრივ, თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიისა და თავისუფლება ძალადობისგან. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის განცხადებით,"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა
"კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ და ამიტომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კონკურსში პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, ერთია ის შეთავაზება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აკეთებს და მეორე საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან. „დასრულდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელებული იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი შოთა წურწუმია, ასევე, „ქართულ ოცნებას“ დასახელებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ჯუმბერ იზორია. მოგეხსენებათ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უმრავლესობა უჭირავს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, ჩვენ გვყავს 7 წარმომადგენელი ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ასევე, 7 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარი ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა, თუმცა კონკრეტულად რომელი პარტიის წარმომადგენელმა, უცნობია, რადგან კენჭისყრა ფარული პრინციპით ჩატარდა. ხმები კი ასე გადანაწილდა: 13 ხმა ჯუმბერ იზორიამ, 12 კი შოთა წურწუმიამ მიიღო, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა. ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად 12 მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად – 15. „ქართული ოცნება“ – 12„ნაციონალური მოძრაობა“ – 7„საქართველოსთვის“ – 7„ლელო“ – 1საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნას 14 წევრის ხმა სჭირდება. თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 26-მა დეპუტატმა. აქედან 13-მა ხმა მისცა “ქართული ოცნების” კანდიდატ ჯუმბერ იზორიას, 12-მა — პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატ შოთა წურწუმიას, ერთი ბიულეტენი კი, რომელშიც ორივე კანდიდატი იყო შემოხაზული, გაბათილდა. ამასთან, სხდომას კოვიდრეგულაციების გამო არ ესწრებოდა ენმ-ის წევრი რამაზ გულუა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა
აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც თავად ქართველების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონმა Foreign Policy-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე განაცხადა. ერიკა ოლსონის თქმით, აშშ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს. „ვწუხვართ, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ დააფიქსირა ერთგულება მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმებისადმი, ჩვენ მართლაც ძალიან გვსურს, ვიხილოთ ნაბიჯები ამ პირობების შესრულების მიმართულებით“, - აღნიშნა ერიკა ოლსონმა და ამ კონტექსტში, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. ასევე წაიკითხეთ: დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის ამერიკის ელჩი: მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს „ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვმასპინძლობთ დემოკრატიის სამიტზე, და მოუთმენლად ველი იმ დაპირებებსა და სამოქმედო გეგმებს, რომლებსაც საქართველო წარადგენს მომავალ წელს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე ჩართულობას და როცა საჭიროა, გვექნება მკაცრი გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნა ერიკა ოლსონმა. შეგახსენებთ, ერიკა ოლსონი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში გასულ თვეს იმყოფებოდა. ამავე თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტი: ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს
PACE-ს თანამომხსენებლებმა კახა კუჭავასთან შეხვედრისას მიმდინარე რეფორმებსა და ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე გაამახვილეს ყურადღება
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ. პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდება ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და უმცირესობათა საკითხებზე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGTBI). თბილისში, კორლაცეანი და კერნი გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან და საპარლამენტო პოლიტიკურ ფრაქციებთან. თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“, „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“, ასევე, LGTBI თემს. თანამომხსენებლები ასევე გამართავენ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამავე თემაზე: PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ეწვევიან