ძებნის რეზულტატი:

გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. „საქმეში წარმოდგენილი იყო ბევრი მოწმე, ასევე ბევრი ვიდეოჩანაწერი. მინდა, ცალსახად განვაცხადო ბრალდების მხარის ყველა მოწმის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, არასანდო. მათ გამოძიება რამდენჯერმე შეიყვანეს შეცდომაში და შემდეგ ჰქონდათ მცდელობა, რომ ნაფიცი მსაჯულებიც შეეყვანათ შეცდომაში. არაერთი მტკიცებულებით მტკიცდება მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობა“, – განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ. თამაზ გორთამაშვილი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი, დაჭრეს. მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

პაატა იმნაძე: „ომიკრონით" უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად

"უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოების დატვირთვა კიდევ უფრო მოიმატებს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით მოწოდება კვლავ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა. „საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება. „ომიკრონის" ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“. დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა, კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, „მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა“. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აშშ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე: სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოხდა

შეერთებული შტატები ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. შესაბამისი ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის Twitter გვერდზე განთავსდა. „მივესალმებით გერმანიის რეაგირებას, ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაასამართლოს პირი მის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობისთვის. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, ეს მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოხდა“, - ვკითხულობთ სოცილური ქსელით გავრცელებულ პოსტში. შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან. გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოს 101 თანამშრომელი გაძევებულია ქვეყნიდან. თავად რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ საქმე ეხება მიკერძოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთსა და გერმანიას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს. ცნობისთვის, ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა. ამავე თემაზე: გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალი დაადგინა და რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს სწორი მიდგომა აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პოზიცია, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, სწორი მიდგომაა. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, პრეზიდენტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „გამოხატა მზაობა და ინიციატივა, რომ შერიგებისთვის ლიდერობა ჩაიბაროს, რაც მისასალმებელია. ხაზგასასმელია, რომ მან არა მხოლოდ ინიციატივა გაახმოვანა, რომ პროცესი წაიყვანოს, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონახაზი ჰქონდა – მხარეებმა მოლაპარაკებების არეალი არ უნდა შეზღუდონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა მკაფიოდ გააჟღერა, რომ ამ პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა სერგეენკომ. აქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.

იაპონიის ქალაქ ოსაკის ცენტრში მასშტაბური ხანძარია

იაპონიის ქალაქ ოსაკის ცენტრში მდებარე ბიზნესკვარტალში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. არსებული ცნობებით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეოთხე სართულზე, ადგილობრივი დროით 10:20 საათზე (თბილისის დროით 05:20 საათზე) გაჩნდა, რის შემდეგაც დაშავდა 28 ადამიანი. მათგან 27-ს აღენიშნებოდა გულისა და სუნთქვის გაჩერება. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში სიცოცხლის ნიშნების გარეშე გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, შენობის იმ სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, განთავსებული იყო კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ზოგად სამედიცინო, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას. ხანძრის გამომწვევი დაზუსტებული მიზეზი ჯერ უცნობია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ერთ-ერთი მამაკაცის ხელში არსებული საქაღალდიდან სითხის დაღვრამ გამოიწვია.

მერაბ კობიაშვილი: ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაამართლეს, აცხადებს, რომ მომხდარი მისი დიდი ტრაგედიაა. „არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სიმართლისთვის, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა მერაბ კობიაშვილმა. თამაზ გორთამაშვილი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი, დაჭრეს. მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

თემურ ალასანიას გამოკითხვა: ვესაუბრე ამერიკის კონსულს და მივიღე გადაწყვეტილება, გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ის უკვე მივიდა საამართლოში. „მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე რომ მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან. მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ და ამის შემდეგ გადავწყვიტო, რა პოზიცია დავიჭიროთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. მათ ექსპერტიზას არ ვენდობი. ეს არის პოლიტიკური პიარი და საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობით და რაც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის უკანონო, პოლიტიკური დევნით“, - განაცხადა თემურ ალასანიამ მედიასთან. თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება. სავარაუდოდ, საქმე ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი თემურ ალასანიას ესაუბრება. ამავე თემაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს

აშშ-ის საზღვაო ძალების წევრებმა შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს სანაპირო დაცვის შვიდ ბაზაზე რადარები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა დაამონტაჟეს

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წევრებმა შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს სანაპირო დაცვის შვიდ ბაზაზე რადარები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა დაამონტაჟეს. ამერიკის საელჩოს ცნობით, საქართველოს საზღვაო სამეთვალყურეო შესაძლებლობების გაუმჯობესებითვის შეერთებულმა შტატებმა $4 მილიონზე მეტი გამოყო.

რატი ბრეგაძე: დარბაზის ნაწილი ცარიელია, ოპოზიციის სურვილი არ არის, რომ ერთმანეთთან ცივილური ფორმებით საუბრის შესაძლებლობა გვქონდეს

"დარბაზის ნაწილი ცარიელია და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ვიფიქრე, ალბათ დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა მოუსმინონ. მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილი არ არის, რომ ერთმანეთთან ცივილური ფორმებით საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეთ. „დარბაზის ნაწილი ცარიელია და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ვიფიქრე, ალბათ დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ... სამწუხაროდ, ეს მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები მძიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

რატი ბრეგაძე: მსჯავრდებულებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული რეფორმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად იწყება პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას. „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პარლამენტმა აზარტული თამაშების შემზღუდავი კანონი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით, 82 ხმით დაუჭირა მხარი. „თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“,-განაცხადა პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვისას. პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის განმარტება, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს. დავით სონღულაშვილის განმარტებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია იურიდიული კომიტეტის შენიშვნები ტერმინოლოგიის დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები. „იმისთვის, რომ ტელევიზიების ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული, შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეცა ის მოცემულობა და ის დრო, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო. ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან მიმართებით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ის რიტორიკა, რომლითაც უნდათ კანონპროექტი დააზიანონ და საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ, ვერ მოხდება, რადგან თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. სათამაშო, ისე მედია ბიზნესს კრიტიკული მოსაზრებები აქვთ და მათი შენიშვნების გათვალისწინებას ითხოვდნენ.

2022 წლის 19-მილიარდიანი ბიუჯეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა 2022 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, კენჭისყრაზე დღეს დადგა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ. ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ. ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19 362,6 მლნ. ლარით განისაზღვრა. საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის შემდეგ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდა. ჯანდაცვის სამინისტრო: 6.09 მილიარდი ლარია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2.8 მილიარდ ლარს; განათლების სამინისტრო: 1.68 მილიარდი ლარი; ეკონომიკის სამინისტრო: 932 მილიონი ლარი; იუსტიციის სამინისტრო: 310 მილიონ ლარს; ფინანსთა სამინისტრო: 105 მილიონი ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტრო 176 მილიონი ლარი; თავდაცვის სამინისტრო: 1 მილიარდ ლარს; შსს-ს დაფინანსებაა 865 მილიონი ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 593 მილიონი ლარი.

ვიოლა ფონ კრამონი: საერთაშორისო მეგობრები საქართველოს პრეზიდენტს ეთანხმებიან. უფრო მეტია მოსალოდნელი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებას გულისხმობს, Twitter-ზე ეხმაურება. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, კიდევ მეტია მოსალოდნელი“, - წერს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე 16 დეკემბერს უმასპინძლა. ამავე თემაზე: პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს

მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას - მეც თქვენს რიგებში ვარ

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას - მეც თქვენს რიგებში ვარ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმისთვის, რომ შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები, 21 დეკემბერს, აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს. „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ. ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს! აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტის სასახლეში მიღებას პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი დაესწრო. მათ შორის იყვნენ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები. სალომე ზურაბიშვილი: დროა, გამოვიდეთ ამ რაღაც „ახალგაზრდული ჯახიდან“, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე სალომე სამადაშვილი: პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო ირაკლი ზარქუა: შერიგების თემა იმაზე თუ გადის, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია

ინჟინერი, რომელიც წლების განმავლობაში პენტაგონის კონტრაქტორად მუშაობდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ინჟინერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა პენტაგონის კონტრაქტორად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 63 წლის ჯონ მიურეი ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას პირისთვის, რომელიც მას რუს აგენტს მიაჩნდა, თუმცა სინამდვილეში FBI-ს თანამშრომელი იყო. FBI-მ მას შემდეგ ჩაატარა ოპერაცია, რაც ის უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის მარტში მიურეი შეხვდა ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელმაც თავი რუსეთის მთავრობის აგენტად წარუდგინა. რვა თვის განმავლობაში მან 300-ზე მეტი წერილი გაუგზავნა ფედერალური ბიუროს აგენტს. ის რუსეთისთვის მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამდა, ამასთან, გაამჟღავნა აშშ-ის სამხედრო გამანადგურებლების შესახებ ოპერატიული დეტალები.

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ხვდება. სტუმრებს შორისაა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. შეხვედრის დაწყებამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა

რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. რუსეთის პროექტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც წინათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ,“ ასევე არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან NATO-ს შემადგენლობაში, არ გამოიყენებს მათს ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. საუბარია აგრეთვე შეიარაღების შეზღუდვებზე. NATO-სთან შეთანხმების ე.წ. პროექტში საუბარია მის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ალიანსის გაფართოება, „მათ შორის უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების“ მიერთება, აგრეთვე ის, რომ უარი თქვან „ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ და საზღვრის მახლობლად მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებაზე. გარანტიების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამჯენჯერმე გააკეთა განცხადება. ჯერ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე და მას შემდეგაც. საპასუხოდ, აშშ-ის ადმინისტრაციის და NATO-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთს არ შეიძლება, ჰქონდეს ვეტოს უფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანებაზე. ასევე წაიკითხეთ: რუსეთი NATO-ს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება სტოლტენბერგის პასუხი რუსეთს: მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

Europetime-თან კომენტარში NATO-ს ოფიციალური პირი რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია კიევსა და მოსკოვში გამართული ბოლო შეხვედრების შესახებ და ალიანსი სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება. „ჩვენ მზად ვართ რუსეთთან შინაარსიანი დიალოგისთვის. ჩვენ კვლავ ვიწვევთ რუსეთს NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე უახლოეს მომავალში. გავეცანით რუსეთის წინადადებებს და NATO-ს 30-ვე მოკავშირე შეთანხმდა ერთობლივ განცხადებაზე 16 დეკემბერს: „თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, მზად ვართ ნდობის განმტკიცების ზომებზე სამუშაოდ. ეუთო ასევე არის შესაბამისი პლატფორმა“. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა: „ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ბოლო წინადადებების შესახებ. ცხადია, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა წარიმართოს ორმხრივ საფუძველზე, რუსეთის ქმედებების გამო NATO-ს შეშფოთების გათვალისწინებით და ის ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებსა და დოკუმენტებს და ჩატარდეს NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით. NATO-ს მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებაზე“. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ასევე განვაგრძობთ კონსულტაციებს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი NATO-ს 16 დეკემბერს ეწვია მოლაპარაკებებისთვის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს კიევსა და მოსკოვში ბოლო შეხვედრების შესახებ. ჩვენ სიტუაციას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა. რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრს: სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ხდება, რა რეაგირება გაქვთ?

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ჰკითხა, ხომ არ არის კორუფცია მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში გიორგი ვაშაძემ მინისტრს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ აუდიტის დასკვნა წარუდგინა. „მე მაქვს აუდიტის რამდენიმე დასკვნა წლების მიხედვით, მათ შორის 2021 წლის დასკვნა და წაგიკითხავთ რამდენიმე ციფრს: 2 713 000 ლარი; 719 000 ლარი; 1 491 000 ლარი; 651 000 ლარი და ა.შ. ეს არის თქვენს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებაში დანაკლისი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ხდება, ვიღაცის მიერ მითვისება ხდება. მე მაინტერესებს, რა რეაგირება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?! რატომ არ ხდება ამ საქმეების გამოძიება?! არავინ არ არის პასუხისმგებელი, ამხელა თანხების გაფლანგვაზე და კორუფციულ სქემებზე თქვენს უწყებაში. ხომ არ ხდება ისე, რომ კორუფცია არის მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ყოველთვის თქვენს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს?!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.