ძებნის რეზულტატი:

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც აშშ-მ სანქცია დაუწესა, „დელტას“ უფროსს სპეციალისტთან აქვთ კავშირი - ამერიკის ხმა

საქართველოში და თურქეთში რეგისტრირებული სამი კომპანია, ROV Solutions, SAEROS Safety ERO Company და Gensis Engineering, რომლებსაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიურომ (BIS) სანქციები დაუწესა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვან სპეციალისტს, ლევან კოტიაშვილს და მის მეუღლეს ეკუთნით. დირექტორი კი ლევან კოტიაშვილის შვილია. ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company-ის იურიდიულ მისამართად, თბილისში, კოტიაშვილების საცხოვრებელი სახლის მისამართია მითითებული - იოსელიანის 2. BIS-ის ცნობით, ამ მისამართს იყენებს Gensis Engineering-ის ქართული ფილიალიც, თავად Gensis Engineering კი თურქეთში, სტამბულის რაიონში, პენდიკშია რეგისტრირებული, ასევე საცხოვრებელ სახლში. ამერიკული მხარის ცნობით, საქართველოში და თურქეთში რეგისტრირებული ეს სამი კომპანია საექსპორტო კონტროლს არღვევდა, კერძოდ, მათი საშუალებით ხორციელდებოდა "ან იყო მცდელობა" - ირანის თავდაცვის ძალების სამხედრო პროგრამებისთვის, ამერიკული წარმოების ტექნიკის ან ტექნოლოგიის არალეგალური გზებით მიწოდებისა. ლევან კოტიაშვილმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ ამ კომპანიებში, მისი პარტნიორი ნამდვილად იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, თუმცა ირანისთვის ამერიკული წარმოების ტექნოლოგიების გადაცემას კოტიაშვილი უარყოფს. "ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მასოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია..შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“. ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მახსოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია“- განუცხადა ლევან კოტიაშვილმა ამერიკის ხმას. კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ამ ფიქტიური კომპანიების საფარქვეშ შესრულებულიყო უკანონო ოპერაციები - ირანის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ, კოტიაშვილმა გვიპასუხა - „ალბათ, შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“. კოტიაშვილი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი ოპერაცია აქვს შესრულებული ირანელ პარტნიორებთან ერთად. „2013 წელს შემოვიტანეთ კომპიუტერის აქსესუარები, ეს იყო და ეს, ისიც ირანიდან არ შემოგვიტანია.“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვანი სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირანელი პარტნიორების დაინტერესება მისი პერსონით, შესაძლოა, „დელტაში“ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. „მე ეს ხალხი გავიცანი მანამდე, სანამ დელტაში დავიწყებდი მუშაობას“ - ამბობს ლევან კოტიაშვილი. ლევან კოტიაშვილის მიერ 2012 წელს, თბილისში დაფუძნებულ კომპანია ROV Solutions-ს, რომელსაც ოფისის მისამართად, ტაშკენტის ქუჩა 12ა აქვს მითითებული, საკუთარ ვებ გვერდზე უწერია, რომ კომერციული-ტექნიკური დაივინგის სფეროში ოპერირებს, ნავთობისა და გაზის სექტორში წყალქვეშა სამუშაოებისა და ინსპექტირებისთვის. ასევე ჰყავს აგენტები ტაილანდსა და ჰონკონგში. კომპანიის მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს, ეს ნომერი სატელეფონო ბაზებში რეგისტრირებული არ არის. სატელეფონო ინტერვიუს დროს ლევან კოტიაშვილს ვკითხეთ, იცოდა თუ არა ROV Solutions საქმიანობის შესახებ, ამ დროს საუბარი მოულოდნელად გაწყდა, რესპოდენტმა მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელით. „ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა, საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ დაივინგის კომპანიის მეპატრონეს, რომელიც ქვეყანაში უკვე წლებია მუშაობს და გამოცდილება კომერციული დაივინგის მიმართულებითაც აქვს. ის აცხადებს, რომ ROV Solutions-ის შესახებ არაფერი სმენია. დელტა“, რომელიც ქართული სამხედრო მრეწველობის ცენტრია, თბილისის საავიაციო ქარხანასთან ერთად, შემდეგ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს აერთიანებს: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტს; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს; მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტს; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს და ინსტიტუტ „ოპტიკას“. ლევან კოტიაშვილი აკადემიური დოქტორის ხარისხს ფლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. ეს ინფორმაცია სტუ-ში დაადასტურეს. ამავე დროს, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან, რომელიც „დელტას“ შემადგენლობაშია. 2016 წელს, მეცნიერთა ჯგუფს, რომელშიც ლევან კოტიაშვილიც შედიოდა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევისთვის გრანტი გამოუყო. პროექტის სახელწოდებაა „ლოკალიზებული პლასტიკური არეებისა და პლასტიკური ზონის კვლევა, ბირთვულ ენერგეტიკაში და მრეწველობაში გამოყენებული მარტენსიტული კლასის Cr-იან ფოლადებში, დაბალციკლური დაღლილობითი დეფორმაციისას“. ლევან კოტიაშვილს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, რამდენიმე ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე (გამოგონებაზე) პატენტი აქვს მიღებული, მეტალურგიაში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, რომელიც დღეს რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ცენტრ - როსპატენტშია დაცული. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს გადაწყვეტილებით, თბილისში რეგისტრირებული ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company და თურქეთში რეგისტრირებული Gensis Engineering, რომელსაც ქართული ფილიალი აქვს (და „დელტას“ უფროსს სპეციალისტთან არის დაკავშირებული), აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამავე მიზეზით, აშშ-მ „შავ სიაში“ შეიყვანა კიდევ 37 კომპანია და საწარმო, რომლებიც ჩინეთში, მალაიზიასა და თურქეთშია რეგისტრირებული. სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. უწყებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. "დღეს, მსურს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარვუდგინო და შევეხო იმ ძირითად საკითხებს, თუ რა დამხვდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად და რა სამომავლო გეგმები გვაქვს. პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეები ხალხს უნდა დავუბრუნოთ. ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, იზრუნო ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, ეს არის შესაძლებლობა, ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი, უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარება და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა. ეს შესაძლებლობაა და ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა მეგობრებო", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. „ჩემი გამოსვლის დასაწყისში მოკლედ შევეხები იმას, თუ კიდევ რა გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ჩვენი ხალხი, როდესაც გუნდმა პრემიერ-მინისტრად წარმადგინა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა

2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. „სამწუხაროდ, პოლიტიკურთან ერთად, მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დამხვდა. გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წარმოშვა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მძიმედ აისახა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება და ეკონომიკური საქმიანობის რიგი სფეროები გაჩერდა. საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია და ამ პრობლემამ სახელმწიფო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგანაც კრიზისის შედეგად შექმნილი ზიანის რეკომპენსირება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის რთულად ადმინისტრირებადი აღმოჩნდა. გუნდთან ერთად, არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედეთ და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ეკონომიკის მართვის მიდგომებსა და შედეგებს შორის კონტრასტს, ბოლო პერიოდში არსებული პარამეტრების გაუმჯობესებას ნათლად ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა დადებითი ტენდენციები თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას ნიშნავს

"რამდენიმე კვირის წინ მე წარმოვადგინე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვისლის განცხადებით, ამასთან ერთად, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. „აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება. ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის საელჩო: ცესკოს წევრების დანიშვნის წესის შეცვლით, პარლამენტმა კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი გადადგა

პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ეუთო/ოდირის დიდი ხნის წინ არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. „იმისათვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩრევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა,რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური", - აღნიშნულია განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრაზე: პატრიარქმა დამლოცა, სხვა საუბარი არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გუშინ პატრიარქს შეხვდა და მასთან ერთად მისი მოადგილე თამარ გაბუნია იმყოფებოდა. „ეს ჩვეული წესია. გუშინ იყო ბარბარობა. პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე. სხვა საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგა.

ნათია თურნავა სამთავრობო ცვლილებებზე: შეეშვით ჭორაობას

"შეეშვით ჭორაობას", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები. „რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა სამთავრობო გუნდში ცვლილებები, თქვენ ყოველთვის ცდილობთ, რომ შექმნათ განცდა, თითქოს რაღაც ხდება, რაც არასწორია. სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ შეეშვათ ამ ჭორაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ წლიური ანგარიშის დროს პრემიერმა მხოლოდ ორი მინისტრი მოიხსენია და მათ შორის ნათია თურნავა არ იყო, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მაღალი აღიარება ეკონომიკურ წინსვლაზე საუბარია. „პრემიერის გამოსვლის ძალიან მოცულობითი ნაწილი დაეთმო სწორედ ქართულ ეკონომიკას და ეკონომიკაში მიღწეულ დადებით შედეგებს. ეს არის ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის ყველაზე მაღალი აღიარება“, - აღნიშნა თურნავამ.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: არ არის სწორი შეფასება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასწორი და არასამართლიანი უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა და იღებს, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. „მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკოს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება, მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ეს შეფასება მე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი,“- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. "პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ზალკალიანი სამთავრობო ცვლილებებზე: მუდმივი არავინ არ არის

"მუდმივი არავინ არის", - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული საკითხი მისთვის უცნობია. „არ ვიცი, 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ, მახსოვს, 2 თვის დანიშნული ვიყავი, ჟურნალისტი მოვიდა და ხვალ გხსნიანო, 4 წელი გავიდა, არ მაქვს პრობლემა, მუდმივი არავინ არ არის“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლო, სამთავრობო ცვლილებებს ჭორაობა უწოდა.

საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო - საქართველოს ნიკო ქაჯაია წარადგენს

საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო, საქართველოს კი ნიკო ქაჯაია წარადგენს. ხმის მიცემა ვებგვერდზე – vote.junioreurovision.tv 19 დეკემბერს შეწყდება, საბავშვო ევროვიზიის კონცერტის დაწყებამდე, შემდეგ კი, კვლავ განახლდება 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს. საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება. პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულებს. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს.

„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პირები შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს. დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“. ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე „ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.

თეა წულუკიანი: ჩვენ არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, ვინც ვინმეს თავს დაუხრის

"ბევრ ანგარიშს დავსწრებივარ, დღეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანგარიში, რადგან პრემიერ-მინისტრმა თავის ხალხსა და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, ვინც ვინმეს თავს დაუხრის", – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ანგარიში იყო ყოვლისმომცველი. „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაში იგულისხმება ის, რომ მადლიერი ვართ ჩვენი ამომრჩევლის, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის. იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს. დაწყებული ოკუპაციიდან, გაგრძელებული უმუშევრობით და დასრულებული იმ საჭიროებიდან, რომელიც გამომდინარეობს კიდევ უფრო დიდი, სწრაფი ტემპით ეკონომიკის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებით. ეს იყო ყოვლისმომცველი ანგარიშით, ასევე ემოციურად მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩვენს ხალხს, იმ დიდი მოთმინებისთვის, რომელიც დღეს სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველას სჭირდება პანდემიის პირობებში. ვფიქრობ, ეს კარგი სტარტია მომავალი წლის სამუშაოებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, სამინისტროებისთვის ერთი წლის თავზე კიდევ უფრო დიდი შედეგები ვაჩვენოთ“, – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დღეს ანგარიში წარადგინა. "ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაიკლ მაკფოლი პუტინს: გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან

რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი მაიკ კრემლის მიერ წამოყენებულ პირობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მაკფოლმა ვლადიმერ პუტინისთვის ევროპის უსაფრთხოების შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით დამატებითი მუხლები წარადგინა. „ახლა, როცა პუტინმა ევროპის უსაფრთხოების შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი იდეები გამოაქვეყნა, ნება მიბოძეთ, წარვადგინო შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი: 1. რუსეთი თანხმდება მოლდოვადან ძალების გაყვანას და ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენას. 2. რუსეთი თანხმდება საქართველოდან ძალების გაყვანას, უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულ ქვეყნებად აღიარებაზე და სრულად აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს. 3. რუსეთი თანხმდება უკრაინიდან ძალების გაყვანას, უბრუნებს ყირიმს უკრაინას, წყვეტს უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერას და აღადგენს ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტს სრულად. 4. რუსეთი თანხმდება კალინინგრადიდან ისკანდერის რაკეტების გამოტანას. 5. ინდივიდუალური და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობის აღიარებით, რუსეთი თანხმდება, შეწყვიტოს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თუ რუსეთი. 6. რუსეთი განამტკიცებს დადებულ პირობებს იმ შეთანხმებებზე, რომლებსაც უკვე მოაწერა ხელი, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე. მეტის დამატებაც შემიძლია, მაგრამ მოლაპარაკების დასაწყებად ესეც საკმარისია“, - წერს მაკფოლი. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც NATO-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი NATO-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე. შეთანხმების პროექტის მეორე ტექსტში რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, რომ არ განათავსოს შეიარაღება და სამხედრო ძალები იმ რაიონებში, სადაც მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნება აღქმული. ამავე თემაზე: მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

ზალკალიანი ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე: ანგარიში არავის მოუთხოვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი ესტონელი კოლეგის შეხვედრაზე ფარული მიყურადების საკითხზე საუბარი იყო, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილისთვის „ანგარიში არავის მოუთხოვია“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან. დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ „არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის“. „მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ და მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს. არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. არ მოსთხოვა ანგარიში! ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა! გეუბნებით, როგორც იყო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში. ამავე თემაზე: ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს თანამშრომელთა ფარული მოსმენის საკითხზე ესაუბრა

ამირან გამყრელიძე: ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები

ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები, ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მასობრივი თავშეყრები, სადაც მიმდინარეობს კვება, ალკოჰოლის მიღება, ეს არის ყველაზე მთავარი რისკფაქტორი ვირუსული ეპიდემიების დროს. „ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მივესალმებით, რომ ოჯახური, მოკრძალებული აღნიშვნა იყოს, მაგრამ ძალიან ნუ გავაფართოებთ ამ არეალს. მე არ მივესალმები კლუბების გახსნას. ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, თუ ამის გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, „ომიკრონის“ საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, კლუბების ხელმძღვანელები დღეს იუწყებოდნენ, რომ უნდა გაეხსნათ ობიექტები, თუმცა მოგვიანებით შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები: „მთავარი მოულოდნელობა“ და მართლმსაჯულების რეფორმა, როგორც „დამოკლეს მახვილი“ საქართველოსთვის

15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტის ფარგლებში მიღებულ 22-გვერდიან დეკლარაციაში ევროკავშირმა დაინტერესებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი აღიარა, ამასთან, მიუთითა, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საზოგადოებებში. ეს სამიტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინისგან შემდგარი ასოცირებული ტრიოსთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ამ ფორმატში, კოორდინირებული მუშაობით პირველად იყვნენ წარმოდგენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. დეკლარაციაში, როგორც ამას სამიტამდე ერთი დღით ადრე, არაოფიციალურ საუბრებში აცხადებდნენ ევროკავშირის ოფიციალური პირები და რაზეც Europetime 14 დეკემბერს წერდა, ასოცირებული ტრიოს მიმართ მხარდამჭერი ჩანაწერი გაჩნდა. ამ ჩანაწერს მთავარ მოულოდნელობას უწოდებს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე, რომელსაც Europetime სამიტის შედეგებსა და დეკლარაციაში ასახული პუნქტების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ჩემთვის მოლოდინი იყო ასოცირების ტრიო და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რომ ეს ჩანაწერი აისახა დეკლარაციაში, პირველი ვერსია მქონდა ნანახი და თავიდან ეს ჩანაწერი არ იყო, რაც ნიშნავს, რომ დიდი სამუშაო გაიწია, კონკრეტულად ვისი მხრიდან, ამაზე პასუხის გაცემა ჩემთვის ახლა რთულია, თუმცა შედეგი ძალიან დადებითია. ამით ევროკავშირმა აღიარა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მისწრაფებები და ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრები გახდნენ. ეს ჩანაწერი ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და ნამდვილად შეიძლება, რომ წარმატებად ჩაითვალოს“, - მიიჩნევს ივანე ჩხიკვაძე. რაც შეეხება საყურადღებო ნაწილს, ეს არის მართლმსაჯულების შესახებ ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირმა ზოგადად, ქვეყნებთან მიმართებით ახსენა, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია დეკლარაციაში არსებული მითითება - რომ „ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე განისაზღვრება ჩვენი შესაბამისი შეთანხმებებით და ჩამოყალიბდება, როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ისტორიაში ვნახეთ, რომ თავდაპირველად, უკრაინა იყო ლიდერი, თუმცა რეფორმების და მოლოდინის თვალსაზრისით, ევროკავშირის იმედგაცრუება გამოიწვია, შემდგომ იყო მოლდოვა ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქაც ანალოგიური პრობლემა იყო და რაღაც დონეზე ევროკავშირი თვალსაც ხუჭავდა კონკრეტული მიმართულებით. შემდეგ ვიყავით ჩვენ, საქართველო, აქაც დავინახეთ, რომ ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, ამიტომ ეს ჩანაწერი გარკვეულწილად ახმოვანებს იმას, რომ ზედაპირული რეფორმების გატარების შედეგად გახდეს ქვეყანა მოწინავე და ამაში მას კრედიტს მისცემენ, ასე აღარ იქნება“, - აღნიშნავს ივანე ჩხიკვაძე. ასევე წაიკითხეთ: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, რეფორმები არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული პრიორიტეტები შემდეგ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკაში აისახება, მათ შორის, ეს მოიცავს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, ენერგეტიკა, გარემო, ჯანდაცვა, ციფრული კავშირები, მართლმსაჯულების რეფორმა, სატრანსპორტო კავშირები და ასე შემდეგ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის პოლიტიკაში მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი საქართველოსთან მიმართებით ისევ აქტუალური იქნება. „თვის დასაწყისში ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელიც ევროკავშირიდან საქართველოსკენ წამოვა, ეს მიებმება მართლმსაჯულებას, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ის თემაა, რომლის არმოგვარების შემთხვევაში ყოველთვის დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული საქართველოზე და რა თქმა უნდა, თავისთავად ხელისუფლებაზე“, - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე Europetime-თან. ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს. ამავე თემაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები

18 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 372 433 აცრა ჩატარდა

18 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 372 433 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 252 696 ადამიანი - 43.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 074 608 ადამიანი - 37.4%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 44 183 ადამიანს. 17 დეკემბერს 9 398 ადამიანი იცრა.

ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ, რეაბილიტაცია აუცილებელი იქნება

რადას დეპუტატი, ლიზა იასკო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტს შეხვდა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ლიზა იასკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება. „ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ბოლო 3 დღის განმავლობაში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვერავითარ პროგრესს ვერ ვხედავ, ძალიან სუსტად არის, მისი გათავისუფლების შემდეგ, რეაბილიტაცია აუცილებელი იქნება, აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალადობამ გამოიწვია, რომელიც გლდანის ციხეში განხორციელდა. მან არ იცის, რამდენად შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - აცხადებს ლიზა იასკო. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

„ღია ცის შეთანხმების“ დატოვებაზე რუსეთის გადაწყვეტილება ძალაშია

რუსეთმა ოფიციალურად დატოვა „ღია ცის“ ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების ჯგუფი. რადიო თავისუფლების ცნობით, მოსკოვმა 18 დეკემბრიდან შეწყვიტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მოსკოვმა გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბერში, ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლის შემდეგ მიიღო. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთი შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რასაც თავის მხრივ მოსკოვი უარყოფდა და შეთანხმების ჩაშლაში პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებდა. ცნობისთვის, „ღია ცის“ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი და 2002 წელს შევიდა ძალაში. 34 ხელმომწერს უფლება აქვს, განახორციელოს ხანმოკლე, შეუიარაღებელი დაკვირვება და სამეთვალყურეო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე - სამხედრო ძალებისა და მოქმედებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მიზნით. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რუსეთის „ღია ცის“ ხელშეკრულების დენონსაცია ოფიციალურად გაფორმდა.

19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისში გარკვეულ ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ათონელის ქუჩაზე, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 19 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ათონელის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზეც აიკრძალება. საახალწლო ღონისძიებების მსვლელობის ფარგლებში, 14 იანვრის ჩათვლით, ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ ლ. ტოლსტოის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს (მარცხენა სანაპირო) გავლით, ბარათაშვილის ხიდის, რ. თაბუკაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით. ს. ვირსალაძისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდი) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დაშვებულია ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და ნოე ჟორდანიას მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსი N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ხიდზე და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგ, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. ავტობუსი N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებს ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე, მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან განაგრძობს სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით. დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მარშრუტი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ დაუკავშირდება ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგ ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩით მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და განაგრძობს სვლას დადგენილი სქემით. მიკროავტობუსის მარშრუტები N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, გადაინაცვლებენ მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩით (ელბაქიძის დაღმართი) დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს. შემდეგ, მარშრუტი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მარშრუტი იმოძრავებს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N150 გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, გადაინაცვლებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მოხვდება გორგასლის ქუჩაზე, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით.