ძებნის რეზულტატი:

შრომის ინსპექცია: საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილება სექტორის წარმომადგენლებს ეცნობებათ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე - ბიზნესის მდგრად აღდგენას. საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს

18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის გადაყვანაზე: მისი თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა, რომ არ დაზიანებულიყო

რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ექსპრეზიდენტის გადაყვანის საკითხზე შეკითხვას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უპასუხა. იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზეც, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდარღვევად ცნო. ბრეგაძემ კადრების გასაჯაროება ახსნა იმით, რომ მათ ამისკენ მოუწოდებდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის ადვოკატები და მედია, პარალელურად კი „დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, „თითქოს ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა“. „ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ. რომელ ძალადობრივ „ინვაზიაზეა“ საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს. როდესაც ადამიანს პრეტენზია გაქვს, რომ ხარ იურისტი, გაქვს იურიდიული განათლება და ამბობ, რომ ადამიანი გაიტაცეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, საუბარიც ზედმეტია კვალიფიციურობაზე”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს თანამშრომელთა ფარული მოსმენის საკითხზე ესაუბრა

ესტონეთის მთავრობის მეთაურის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოს მიერ მეგობარი ქვეყნების დიპლომატების მოსმენა მიუღებელია. მედია აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში გაიმართა, თუმცა Eesti Päevaleht-თან საუბარში შეხვედრის შემდეგ კაია კალასმა აღიარა, რომ, ფაქტობრივად, განიხილებოდა უფრო რთული თემები - შეჩერებული რეფორმები საქართველოში და შემოდგომაზე გამოქვეყნებული ცნობები, რომ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების, მათ შორის ესტონეთის წარმომადგენლებს ფარულად უსმენდნენ. „მე მას ვუთხარი: „გვინდა მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ ეს, გაატარეთ სასამართლო რეფორმები, შეეცადეთ, გადალახოთ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება“, - განაცხადა კაია კალასმა. ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილეს საქართველოს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში. „ვთქვი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენენ. ასევე ვუთხარი: „ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, თქვენს ზურგს უკან ცუდს არაფერს ვამბობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა“, - განაცხადა კაია კალასმა. შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადება 6 ოქტომბერს გაავრცელა და ასევე მიუთითა იმ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შორის, თბილისში, 4 ოქტომბერს შედგა. „საქართველოს ელჩს გადავეცით ჩვენი შეშფოთება სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ მიღებული ცნობების გამო: ეს ეხება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის სერიოზულ დარღვევას, რაც საფრთხეს უქმნის ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - იუწყებოდა ესტონეთის საგარეო უწყება. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, აკრედიტებულმა ელჩებმა განაცხადეს, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიური კორპუსის სახელით გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამავე თემაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლის პრესსპიკერი რუსეთს: ჩვენ არ დავთმობთ პრინციპებს - ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი

„ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რუსეთის წინადადებების საპასუხოდ. „ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. შეგახსენებთ, მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა. რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

საგამოძიებო სამსახური: საქართველოში რეგისტრირებულ სანქციადადებულ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დავიწყეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. უწყების განცხადებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. „საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე აშშ-მ საქართველოში მოქმედ სამ კომპანიას სანქცია დაუწესა

სალომე სამადაშვილი ანრი ოხანაშვილს: ჩრდილოეთ კორეაში სიცილიც აკრძალეს და მგონი, გაღიმებაც აგვიკრძალოთ ამ დარბაზში

ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, სადაც მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ იუსტიციის მინისტრს, ოპოზიციის მიმართ მმართველი გუნდის წევრთა კრიტიკას უპასუხა. „ვისმენდი მინისტრის და უმრავლესობის გამოსვლას და მივხვდი, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემა აქვს, არ იცით, ვინ ხართ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ არ განსაზღვრავთ იდენტობას. მუსიკაში არსებობს ერთაკორდიანი ნაწარმოები და ძალიან მოსაწყენია მოსასმენად, და ძალიან მოსაწყენი გახდა თქვენი პოლიტიკური გამოსვლებიც, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმის გარდა, სათქმელი არაფერი გაქვთ. ბატონო ანრი, ჩრდილოეთ კორეაში სიცილიც აკრძალეს 11 დღის განმავლობაში და ოპოზიციას თქვენ ცენზურას უწესებთ, რა უნდა თქვას, და მალე, მგონი გაღიმებაც აგვიკრძალოთ ამ დარბაზში და საცოდავი სანახაობაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენიმე დაკავებულებს ერთთვიანი და ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაქტზე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. „17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადეს სუს-ში.

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოში „უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს“ გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

8-10 დეკემბერს, ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის მიზნით ეწვევნენ და ამ ვიზიტთან დაკავშირებით 17 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს და ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური თანამშრომლობის და დიალოგის შეწყვეტის გამო სერიოზულ შეშფოთებს გამოხატავენ და პოლიტიკურ ძალებს ამ პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებენ. განცხადების ავტორების თქმით, ეს ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდეს მათ, განსაკუთრებით ორ უმსხვილეს პარტიას, ქართულ ოცნებას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დააყენონ ქართველი ხალხის საერთო ინტერესი. ამავდროულად, გამოთქვეს შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევების გამო. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ყველა ბრალდება და ინფორმაცია საარჩევნო გადაცდომის შესახებ. თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ყველა ბრალდება და ცნობა საარჩევნო გადაცდომის შესახებ. თანამომხსენებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა. მომხსენებლებმა ღრმა სინანული გამოთქვეს, რომ პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა. მომხსენებლებისთვის ეს ასევე ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. მომხსენებლები ასამბლეას 2022 წლის პირველ ნახევარში წარუდგენენ თავიანთ ანგარიშს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

იუსტიციის მინისტრი: როცა გვექნება სამედიცინო პერსონალის თანხმობა, მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

ამირან გამყრელიძე: ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ღამის კლუბების გახსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა. NCDC-ს დირექტორის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბებმა ღონისძიებები გამართონ. „რამდენადაც მახსოვს, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და არ გადაწყვეტილა. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამის კლუბები ემზადებიან, შესაბამისი წესების მკაცრად დაცვითა და აღსრულებით, მაგრამ რომ საკოორდინაციო საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მათი მუშაობის აღდგენის შესახებ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა", - აღნიშნა გამყრელიძემ „ფორმულას“ გადაცემაში მრგვალი მაგიდა. მისივე თქმით, ეს არ არის დისკრიმინაციული მიდგომა. „მოგეხსენებათ ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია, რომ მათ ჩაატარეს ბევრი ტრენინგები და ვიცი, რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან სერიოზულად, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, არ მგონია, რომ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ამიტომ, ჯერ უნდა ფრთხილად ვიყოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, კლუბების ხელმძღვანელები დღეს იუწყებოდნენ, რომ უნდა გაეხსნათ ობიექტები, თუმცა მოგვიანებით შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

ამირან გამყრელიძე: ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა იმ ქვეყნებშია, სადაც განათლების დონე მოიკოჭლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკომუნიკაციო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, „აგრესიული არ იყო“. NCDC-ს ხელმძღვანელმა ამის მიზეზებზე ისაუბრა. „საკომუნიკაციო კამპანიას ვაკლებთ. მეტი ახსნა და სიახლოვე მოვაკელით მოქალაქეებს... რატომ არ იყო აგრესიული ეს ვაქცინაციის კამპანიები - ვაქცინები არ იყო ჯერ იანვარში, თებერვალში, მარტში. კომუნიკაცია [ვაქცინაციაზე] ყველამ დავაკელით, მათ შორის მეც, მათ შორის ჩვენმა ინსტიტუტმაც. მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. მეორე პრობლემა დაკავშირებულია, არ მოეწონებათ ახლა ამას რომ ვიტყვი, სამწუხაროდ, საშუალო განათლების დონესთან ქვეყანაში. ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა იმ ქვეყნებშია, სადაც სამწუხაროდ, [განათლების] საშუალო დონე მოიკოჭლებს“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ გადაცემაში მრგვალი მაგიდა.

დმიტრო კულება: ჩვენი მიზანია, აშშ-ის მხრიდან დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს

უკრაინის მიზანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წლიური დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. უკრინული სააგენტო UNIAN-ი იუწყება, რომ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას 756 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ, უსაფრთხოების განმტკიცებისთვის - 400 მილიონი აშშ დოლარი. მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, უცვლელი რჩება“, - განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, ამერიკულმა მხარემ 460 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინაში საკვანძო რეფორმების მხარდასაჭერად. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის პირადად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია რუსული ესკალაციის ფონზე. „ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, მას ყოველ საერთაშორისო შეხვედრაზე ვაფიქსირებ: ძლიერი უკრაინა საუკეთესო ფაქტორია რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებისთვის. ამიტომ დიპლომატები ბევრს მუშაობენ უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, ახალი იარაღის, ახალი ტექნოლოგიების მოზიდვის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კრემლის პრესსპიკერი: ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი მეგობრები არ არიან

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ არის მეგობრული, მაგრამ არსებობს ურთიერთპატივისცემა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი მეგობრები არ არიან. მათ ჯერ არ ჰქონიათ ხშირი კონტაქტი“, - განაცხადა პესკოვმა. მანვე დაამატა, რომ პუტინი და ბაიდენი შეხვდნენ, როდესაც ვლადიმერ პუტინი პრემიერ მინისტრი იყო. „იმ დროს ისინი ხვდებოდნენ თეთრ სახლში სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების დროს, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, შეხვედრის ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონდათ“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებმა მოლაპარაკებები 7 დეკემბერს გამართეს.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. „ადმინისტრაციული აქტი დღეს გავასაჩივრეთ. შესაბამისად, ეს უკვე სამართლებრივი პროცესია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, ეს სასამართლო ხელისფლებამ უნდა განიხილოს. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ისინი თვლიან, რომ რაიმე დავარღვიეთ, ჩვენ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, რაც რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს ეფუძნება. საუბარია გადაწყვეტილების მიღების მიზნებზე - ხაზგასმით ვიტყვი, რომ კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული. აქ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალი იყო. როდესაც საქმე ეხება მართლწესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას დღეს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს. "ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1986 წლიდან იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო. 130 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა დროს მასში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა და ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარ შეშფოთებას წარმოაჩენს. სალივანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების უკანასკნელი შეფასება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. „ვაპირებთ, რომ მაგიდაზე დავდოთ ჩვენი შეშფოთების საკითხები. აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ პუტინს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, გასული კვირის შემდეგ რაიმე ცვლილება არ მომხდარა“, – განაცხადა სალივანმა.

სალომე ზურაბიშვილი: პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა

პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, ძველი დემოკრატიებიც დააზარალა, ბევრ ქვეყანაშია და საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან საუბრისას. ზურაბიშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომელიც რეგიონშია. „უსაფრთხოება და სტაბილურობა სულ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ახლოს ვხედავთ რუსეთის უკიდურეს გადაწყვეტილებას, დაუპირისპირდეს ძველ წესრიგს – ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოს ტერიტორიაზე; ვხედავთ, რომ ეს მაგალითი ახლა სხვაგან მეორდება და უკრაინაშია უკიდურესად შემაშფოთებელი ქცევა; ვხედავთ, რომ ბელარუსი იყენებს მიგრანტებს, რაც ახალი ინსტრუმენტია მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის; ვხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან შემაშფოთებელ ახალ ტენდენციას და უნდა ვიპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები. ამ გამოწვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ რაღაც გუშინ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე. ეს არის ის სამყარო, სადაც ჩვენ წელს ვცხოვრობდით და სავარაუდოდ მომდევნო წელსაც გავაგრძელებთ ცხოვრებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა პოლარიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ის არ შეხებია მხოლოდ პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას – საქართველოს და ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ პოლარიზაციის გამო. „ასევე ცნობილია შიდა უკიდურესი გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოში; პოლარიზებული არჩევნები, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი საკითხია, სადაც სახელმწიფო ინტერესები ცალსახად გვერდით არის გადადებული ცალკეული პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ. ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ ამ პოლარიზაციის გამო. როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია ბევრ ქვეყანაში და საერთო გამოსავლები უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ისაუბრა ახლახან ჩატარებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და განაცხადა, რომ ეს სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის საქმეში, მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისშიც კი. „ჩვენ დავინახეთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბოლო სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის საქმეში და ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისშიც კი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტები არის ის, რაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაბიჯის წინ გადადგმა. იყო აქტიური, საკმარისი არ არის, საჭიროა მეტი წინსვლა და ვხედავთ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ჩვენ მზად ვართ, შეგვიძლია ეს წინსვლა და ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა. მე გამოვთქვი ახალი ინიციატივა, რომელიც უთანხმოებების გადალახვისა და გაერთიანების მცდელობაა, მაგრამ საზოგადოება პლურალისტული უნდა დარჩეს. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ერთნაირად ბევრ განსხვავებულ საკითხზე, მაგრამ ამავდროულად, აზრი არ აქვს განსხვავებულ აზროვნებას ან განსხვავებულ საკითხებს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთად განხილვა. ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა ამ ყველაფრის გადასაჭრელად და შევხედოთ უთანხმოებებს, რადგან შესაძლოა, ერთმანეთის მოსმენა იყოს საინტერესო და ვფიქრობ, ამით ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც არის საქართველოს იდენტობა, რომელიც იყო ერთიანობა და ტოლერანტობა. სხვა შემთხვევაში, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, დღეს ეს ქვეყანა არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იარსებებს და რომ ერთად შევძლებთ ამ ახალი გამოწვევების დაძლევას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2784 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.45%, ბოლო 14 დღის - 7.11% ხოლო 7 დღის - 6.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 205, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 174, კახეთი - 143, მცხეთა-მთიანეთი - 88, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 285 საიდანაც: 1 106 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 699 - თბილისში, 263 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაცინეტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 206 ადამიანი.