ძებნის რეზულტატი:

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გაგზავნას არ გამორიცხავს

"აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს", – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ უცხოურ მედიასთან განაცხადა. „როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ნატო-ს ეგიდით, თუ რომელიმე ჩვენი მოკავშირე მოითხოვს დამატებით ძალებს, ან დროებით ელემენტებს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ ამ მომენტში ამის არანაირი მოთხოვნა ან ჯარის გადაადგილება არ არის“, – განაცხადა კირბიმ. მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთსა და უკრაინაში სიტუაციის მონიტორინგს, მაგრამ იგი სპეცსამსახურების ანგარიშების დეტალებში შესვლას არ აპირებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებაში. ისინი ისევ იქ არიან დიდი რაოდენობით“, – დაამატა პენტაგონის წარმომადგენელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. უწყება აღნიშნავს, რომ „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“. განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გერმანიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობდა და „თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს“. „ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს. მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“, - ვკითხულობთ განცხადებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია, რის გამოც მთავრობა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული განცხადება ქართულ მედიაში 17 დეკემბერს გავრცელდა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც ეხება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 დეკემბერს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2020 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს „საქართველო კვლავაც აქტიურად იყო ჩართული რიგი კონტრტერორისტული საკითხების გადაწყვეტაში“. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ზოგადად, მზად არის გამოავლინოს ტერორისტული საფრთხე, შეაფერხოს მისი განხორციელება და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე“ და დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზეა პასუხისმგებელი, ზოგადად, კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებულია“. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განაგრძო საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიან პროექტებზე. ამ თვალსაზრისით, ანგარიში აღნიშნავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობას პანკისის სათემო კავშირების კუთხით, რომლის მიზანიც პანკისის ხეობაში სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის თემების დაკავშირებაა. ანგარიშის თანახმად, მართალია, საქართველომ 2020 წელს აშშ-სთან ორმხრივი კონტრტერორისტული წვრთნების შეზღუდულ რაოდენობაში მიიღო მონაწილეობა, ქვეყანა „უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად დარჩა“. ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ გასულ წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით საკუთარი „სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების გაუმჯობესება განაგრძო“. დოკუმენტში სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა შეფასებულია როგორც „კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტური“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის, დაახლოებით, 350-მა ოფიცერმა გაიარა საბაზისო კონტრტერორისტული ტაქტიკის სასწავლო კურსი, რომლის ჩატარებაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიმინალური გამოძიების დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ქვეყანამ ტერორიზმის ბრალდებით ცეზარ თოხოსაშვილი გაასამართლა საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საქმიანობებში მონაწილეობისთვის. მისი ექსტრადიცია საქართველოში უკრაინიდან განხორციელდა და მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს შესახებ MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) ანგარიშზე დაყრდნობით, დოკუმენტი ბოლო წლებში ქვეყნის პროგრესს აღნიშნავს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანამ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეფექტურობის მნიშვნელოვან დონეს მიაღწია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს, საქართველომ დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონები, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნულ ბანკს პროცესის მეთვალყურეობა, ხოლო საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სიების შემოწმება დაევალათ.

რა საკითხები განიხილა კარენ დონფრიდმა კიევში, მოსკოვსა და ბრიუსელში ვიზიტის დროს

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა კიევში, მოსკოვსა და ბრიუსელში ვიზიტები დაასრულა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ტური შეაჯამა და განაცხადა, რომ ეს იყო პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა აშშ-ს დაეფიქსირებინა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, დიპლომატიის გზის არჩევისა და მჭიდრო კოორდინაციისკენ NATO-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან. „კიევში ყოფნისას მდივნის თანაშემწე დონფრიდი შეხვდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი იერმაკს, საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის უფროსის მოადგილეს ანდრეი კოსტინს. დოქტორმა დონფრიდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მან ასევე დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის ერთგულება პრინციპისადმი, რომ უკრაინის საკითხზე გარეშე გადაწყვეტილებები და დისკუსიები კიევის გარეშე არ გაიმართება. მან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან დაკავშირებით და დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს მძიმე შედეგებს. მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზის პოვნაა საჭირო, მათ შორის მინსკის შეთანხმებების განხორციელებით და ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით. მოსკოვში დოქტორი დონფრიდი შეხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს. ამ შეხვედრების დროს მას ჰქონდა გულწრფელი და პირდაპირი დისკუსია რუს კოლეგებთან. საბოლოოდ, მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა დაასრულა მოგზაურობა ბრიუსელში, სადაც მან კონსულტაციები გამართა NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან. მან გაიარა კონსულტაცია შემდგომი ნაბიჯების შესახებ და ასევე დაადასტურა ჩვენი ერთგულება მჭიდრო კოორდინაციის მიმართ. კარენ დონფრიდმა აღნიშნა, რომ ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან არის უდიდესი ძალა და რომ მათ გარეშე მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილონ მასკმა ვიდეოზარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ვიდეოზარი გამართეს. მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ციფრულ ეკონომიკასა და თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე ისაუბრეს. თურქული მედიის ცნობით, ილონ მასკმა და ერდოღანმა სხვადასხვა სფეროში თურქეთის სახელმწიფო, კერძო სექტორსა და მასკის კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ელექტრომობილებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს, გრძელვადიან ინვესტიციებს და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე ისაუბრეს თურქეთის საკომუნიკაციო თანამგზავრის Turksat 5B ორბიტაზე გაშვების პროცესზე. თურქეთმა იანვარში SpaceX-ის მეშვეობით კოსმოსში თანამგზავრი Turksat 5-A გაუშვა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ახლახან ჟურნალმა Time-მა 2021 წლის ადამიანად დაასახელა.

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან და გარდაიცვალა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის კაცი სიმაღლიდან და გარდაიცვალა. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, გარდაცვლილს, 33 წლის კაცს, რომელიც ხიდის კონსტრუქციიდან, სიმაღლიდან გადავარდა, 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შემთხვევა სურამში 17 დეკემბერს მოხდა. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. 240-ე მუხლი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია. შაბათს, 18 დეკემბერს, მის გარდაცვალებას ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია მოჰყვა. დასაქმებულები შრომისას უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.

საქართველოში „ომიკრონის“ ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს ღრმა კვლევა. „ომიკრონი“ შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა "ომიკრონისთვის" დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო „დელტა“ ან „დელტა პლუსი“. არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთან. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს

დავით ზალკალიანი: ეს არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ საუბარი რაღაც გავლენის სფეროებზე, რომელზეც საუბარია მოსკოვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მიუღებელია. „ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც ისინი თავად არიან ხელმომწერნი იმავე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ საუბარი რაღაც გავლენის სფეროებზე, მიუღებელია. ვციტირებ NATO-ს გენერალურ მდივანს , რომ „გავლენის სფეროები - ეს არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და მისი განმეორება არ მოხდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც NATO-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი NATO-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე. შეთანხმების პროექტის მეორე ტექსტში რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, რომ არ განათავსოს შეიარაღება და სამხედრო ძალები იმ რაიონებში, სადაც მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნება აღქმული. მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დადასტურდა

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაფიქსირდა. უკრაინის მოქალაქე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნდა, სადაც კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. „ომიკრონით“ ინფიცირებული ამჟამად სახლში მკურნალობს. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს

თემურ ალასანია სააკაშვილზე: გაძლებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

„მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ ბრძოლაზე თქვას უარი - ეს სრული ოქსიმორონია, ბრძოლაზე უარი არ იქნება", - აცხადებს თემურ ალასანია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა „ტვპირველთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, სააკაშვილს მისთვის სამშობლოში დაბრუნების მარშრუტი არ გაუმხელია, რითაც ოჯახის წევრი დაიცვა, რომ მას ცრუ ჩვენება არ მიეცა. „გაძლებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა - ამის პირობას გაძლევთ მე, თემურ ალასანია, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს მას. ციხისთვის ემზადებოდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა. მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარი არ გვქონია. მას შემდეგ, რაც საჯაროდ თქვა, რომ ჩამოვიდოდა, მე მიშა არ მინახავს", - ამბობს ალასანია. მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნების სურვილს სააკაშვილი გასულ წლებშიც გამოთქვამდა და მაშინ მასთან ამ საკითხზე უსაუბრია, და ეუბნებოდა, რომ ეს იყო რისკი და ასეთ ნაბიჯს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს. „გარანტიებში არ ვგულისხმობ, რომ არ დაგიჭირონ, არამედ, იმ მონაკვეთში ეს შენი ნაბიჯი სათანადოდ იქნება შეფასებული საზოგადოების მიერ და აღქმული იქნება, როგორც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მიერ. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი", - აცხადებს თემურ ალასანია. კითხვაზე ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამჯერად გარკვეული გარანტიები, ალასანია ამბობს, რომ ასეთის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. „ვცდილობ, რომ რაღაცნაირი ექსტრაპლაცია გავაკეთო, რაც მაქვს, მაგრამ მინიშნებითაც ვერ კი მივდივარ იმ დასკვნამდე, ვის შეიძლებოდა ასეთი გარანტიები მიეცა, ეს ერთი და თუ მისცემდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც ამას დაიჯერებდა. არ მეგულება დღეს ისეთი ვინმე, ვის გარანტიასაც დავუჯერებდი“. „თქვენ გელოდებიან, ჩამოსვლა იქნება ძალიან დროული", - ალასანიას თქმით, თავის დროზე (ოპოზიციის მხრიდან) იყო გარკვეული საუბრები. „ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი. ვერ შევძლებთ უსაფრთხოების დაცვას. მესამე ნაწილი პირდაპირ იმუქრებოდა - ძირითადად ეს მუქარა ხელისუფლებისგან მოდიოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ ვიღაც ერთმა მოატყუა, შეაცდინა, მიშას შეცდენა ძალიან ძნელია", - განაცხადა თემურ ალსანიამ. ამავე თემაზე: თემურ ალასანიას გამოკითხვა: ვესაუბრე ამერიკის კონსულს და მივიღე გადაწყვეტილება, გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ

ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა

ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ „არაეფექტიანი მკურნალობა გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, დიდია კორსაკოვის სინდრომის რისკი“. დასკვნის მიხედვით, ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იყო დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით. შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/12/2021 წლიდან შეწყდა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, განვითარდა მეორადად ცერებრო - ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით. ექსპერტთა დასკვნაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მკურნალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: „აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო - თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე. ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო - ფსიქოლოგიურ გამოკვლევას. ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო - რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა - რეაბილიტაციაში ჩართული იყოს მულტი - დისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტრო - ენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით. პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, აუცილებელია ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა - რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო - სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა - რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას", - ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები: ექსპერტი - ნევროლოგი, პროფესორი /ოთარ თოიძე/ექსპერტი - ნევროლოგი/ფსიქიტრი/ნარკოლოგი /თამარ ნიორაძე/ექსპერტი ფსიქიატრი /გიორგი ბერულავა/ექსპერტი ფსიქიატრი /მარიამ ჯიშკარიანი/ექსპერტი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი /კახაბერ მიქაძე/ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი /ლალი ჯავაშვილი/ექსპერტი ჰემატოლოგი, პროფესორი /მარინე აბაშიძე/ექსპერტი რეანიმატოლოგი ლევან ბესელია/ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

ნიდერლანდები „ომიკრონის“ გავრცელების შესაჩერებლად მკაცრ „ლოკდაუნს“ აწესებს

ნიდერლანდები „ომიკრონის“ გავრცელების ტალღის შესაჩერებლად მკაცრ „ლოკდაუნს“ დააწესებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. მისივე ინფორმაციით. „ლოკდაუნი“ 19 დეკემბრიდან ამოქმედდება. მაღაზიები, სკოლები, ბარები, რესტორნები და სხვა საჯარო დაწესებულებები დაიხურება მინიმუმ იანვრის შუა რიცხვებამდე. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ შეზღუდვები „გარდაუვალია“. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, 2.9 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა პანდემიის დაწყების დღიდან და დაიღუპა 20 000-ზე მეტი ადამიანი. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

პრეზიდენტი: მე მაქვს იმედი, რომ დაბრკოლებებს ერთად დავძლევთ

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი შეეხო არსებულ გამოწვევებს როგორც საგარეო მიმართულებით, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. "ჩვენთან უფრო ახლოს ვხედავთ რუსეთის უკიდურეს მიზნებს, რომ გამოწვევა შეუქმნას ძველ მსოფლიო წესრიგს, ეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითები, რომელიც ახლა სხვაგან ხდება და ვხედავთ მის უკიდურესად შემაშფოთებელ ქცევას უკრაინაში, ვხედავთ ბელარუსს, რომელიც იყენებს მიგრანტებს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ახალ ინსტრუმენტად, ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან საგულისხმო ახალ ტენდეციებს, საიდანაც არ გვაქვს ერთობლივი, მიზანდასახული, ისეთივე დაჟინებული გამოსავალი, როგორიც რუსული გამოწვევაა. ესეც უნდა დავძლიოთ და ვიპოვოთ გადაჭრის ახალი გზები. ამ გამოწვევებში ვხედავთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. ეს არის მსოფლიო, რომელშიც ამ წელს ვიცხოვრეთ და დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც განვაგრძოთ ცხოვრებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია რადიკალური, შიდა გამოწვევები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სადაც პოლარიზაციაა და არჩევნები უკიდურესად პოლარიზებულ კონტექსტში ჩატარდა. ეს ყველაფერი აზიანებს პოლიტიკურ მდგომაროებას, როდესაც ხდება სახელმწიფო ინტერესების გარკვეული ფორმით გვერდზე გადადება ინდივიდუალური პოლიტიკური ინტერესებისათვის ეს ძალიან საგულისხმო ტენდენციაა და ეს ის სენია, რომელმაც მოიცვა არამხოლოდ საქართველო, ეს ახალი დემოკრატიის პატარა ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ, დიდი და ძველი დემოკრატიები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ ამ პოლარიზაციით, როგორც ჩანს, ეს არის ტენდენციაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გადაჭრის საერთო გზა. ეს მეტის გაკეთებას საჭიროებს. ჩვენ ეს ვიხილეთ ჩვენს პროგრესირებად ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მიზანდასახულობა, რომ თუნდაც ჩაბმულიყო საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამი ვიზიტი - ალბათ, ჯერ ვერ ვიაზრებთ როგორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან ის აღნიშნავს ევროკავშირის ახალ განსაზღვრულობას, იყოს საქათველოში წარმოდგენილი და აქტიური. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვიხილეთ, რომ NATO-მ საქართველო ბოლო ღონისძიებებში ჩართო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა განვაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა. ეს ქართველი ხალხისთვის ნამდვილად მთავარი გამოწვევაა. სწორედ წლის ბოლოს გამოვედი ინიციატივით, რომლის შესახებაც თქვენც იცით, რადგან მსურს ახალი წელი ახალი მცდელობებით დავიწყოთ. მცდელობით, რომ გავერთიანდეთ, მცდელობით, რომ გადავლახოთ ზოგიერთი მთავარი უთანხმოება. რა თქმა უნდა, ეს არის და უნდა დარჩეს პლურალისტურ საზოგადოებად. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ზოგიერთ საკითხზე ისე, როგორც აქამდე, მაგრამ რა სარგებელია აქვს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვანაირად ფიქრს, თუ მათი ერთად განხილვა არ შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში, შენ შენს აზრებს შენთვის იტოვებ და უბრალოდ ახმოვანებ/ყვირი, რაც ჩვენს გარშემო ბოლო დროს ხშირად მომხდარა. მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა ამას გვერდი ავუაროთ და უთანხმოებაში ჩავიხედოთ, რადგან ერთმანეთის მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს. ვფიქრობ ამით ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რაც იყო და არის საქართველოს იდენტობა. ეს არის ერთიანობა და ტოლერანტობა. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო ეს ქვეყან დღეს არ აქ არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა კიდევ ძალიან დიდ ხანს იარსებებს და რომ ჩვენ ამ ახალ დაბრკოლებებს ერთად დავძლევთ. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ აქ ყოფნისათვის, რადგან თუ ამ დაბრკოლებას ჩვენ „ხელში ვიღებთ“, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენს თავში ვიკეტებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება ისე როგორც არასდროს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ილია სულამანიძემ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ინტერნეტ-გამოკითხვაში გაიმარჯვეს. რადიო თავისუფლების ცნობით, შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა, სულამანიძე კი წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს დაეუფლა. მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ, თითოეულ ნომინაციაში, ხუთ-ხუთი ნომინანტი ახლახან დაასახელა. მათ შორის საუკეთესოები კი გულშემატკივრებმა გამოავლინეს. ლაშა შავდათუაშვილმა წლეულს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთადერთია, ვინც შეძლო სამივე დიდი შეჯიბრების ოქროს მედლის მოგება. იგი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს გახდა, ევროპირველობაზე კი 2013-ში მიაღწია წარმატებას. გარდა ამისა, ზაფხულში შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლით, ოლიმპიადებზე მოგებული მედლების სრული კომპლექტი შეკრა. 20 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) 2021 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს (21-წლამდელთა) შორის და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში. მან უფროსებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ნაკრებში და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გარდა ამისა, ორჯერ დიდ სლემზეც შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას საერთაშორისო კონსორციუმის ექიმები შეისწავლიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საერთაშორისო კონსორციუმის ექიმები შეისწავლიან და დასკვნასაც დადებენ. ხატია დეკანოიძემ "მთავარი არხის" ეთერში, განაცხადა, რომ ექიმები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიცენზია აქვთ, ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვლენ: დეკანოიძემ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 18 დეკემბერს მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე აქვს და ბოლო 10 დღის განმავლობაში წონაშიც დაიკლო.

პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩლაკი სალომე ზურაბიშვილთან ერთად აანთეს, სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული სასახლის ეზო დათვალიერეს და სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ამასთან, ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ძაღლის ბედი „ბედი მომეც და სანეხვეზე დამაგდეო“ - ხალხური სიბრძნე გვეუბნება. არ ვიცი, ბედზე მინდობა ოპტიმიზმია თუ თავქარიანობა, მაგრამ ბედობის დღე მინიმუმ სამი გვაქვს ერთმანეთის მიყოლებით და გულის სიღრმეში ყველას გვჯერა ამ დღეებში „სიკეთეების დაბედების“. რატომ სამი? - პირველ ჯერზე თუ იმედები გაგიცრუვდებათ, მალევე მოგეცემათ ახალი და ახალი შანსი გამოასწოროთ საკუთარი ბედისწერა სასურველი სიკეთეების დაბედებით... რატომაც არა... ხომ ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვებს უნდა სჯეროდეთ თოვლის ბაბუის თუ სანტა კლაუსის ჯადოსნური ძალის... ალბათ, დიდებსაც გვჭირდება ცოტაოდენი ჯადოსნობა ცხოვრების გასალამაზებლად... ძაღლის ბედი ჰქონიაო - არ ვიცი, რას ნიშნავს... სიკვდილშიც ბედი ჰქონიაო/არ ჰქონიაო - ვერც ეს გავიგე კარგად, რას ნიშნავს... ბედის-წერა/ბედის მწერალიო - ნეტა, ვინ არის ჩვენი ბედის მწერალი? ბედმა გაუღიმა/ბედმა უმუხთლაო... ვიღაც ქუდ-ბედ-იანი აღმოჩნდაო, ვიღაც უ-ბედ-ო/უ-ბედ-ურიო... საბედომ მიატოვაო - თუ მისი ბედი იყო, ნეტავ როგორღა მიატოვა? მისი ბედი ეგ ყოფილაო/არ ყოფილაო - ესეც პასუხი... თავო ჩემო, ბედი არ გიწერიაო; რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობსო - ეს ფრაზები არ მომწონს, მაშინებს კიდეც... ბედის ვარსკვლავი/ბედ-ნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიო - აი, ეს არის ნამდვილი მაგია... ალბათ, ბედმა გაგიღიმაო - როდესაც მეუბნებიან, გაორებული ემოცია მიპყრობს... ჯერ ეიფორია მიპყრობს, ვის არ უნდა, ბედის ნებიერად იგრძნოს თავი... შემდეგ რეალისტი ვხდები და მახსენდება, რომ ბედი მაშინ გვიღიმის, თუ დაუღალავად ვშრომობთ, თუ ბევრჯერ არ გაგვიღიმა ბატონმა თუ ქალბატონმა ბედმა და ბოლოს, როგორც იქნა ინება თავისი მოწყალება მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დავმარცხდით, დავიღალეთ, გავრისკეთ, მსხვერპლი გავიღეთ... იქნებ ბედი გამოცდაა ჩვენი გამძლეობის? იქნებ ბედი ხელის არ ჩაქნევაა და კარზე გამუდმებით კაკუნი? იქნებ ბედი მიზანდასახულობაა? სხვადასხვა ქვეყანასა თუ კონტინენტზე ბედი აშკარად სხვადასხვა ღვთაებათა პანთეონში სახლობს - საქართველოში ჩვენს ბედს „ვორქაჰოლიზმი“ ჰქვია, მეორე სახელად - ბევრი შრომა საკუთარი პირადი ცხოვრების თუ ჯანმრთელობის ფასად... რას ვიზამთ, ღვთაებები ხომ მსხვერპლს ითხოვენ და სალი კლდეების სამშობლოში ქალბატონი თუ ბატონი ბედი ისეთივე მკაცრია როგორც თავად ეს ცამდე აჭიმული მწვერვალები... აქ ამ ბედის ვარსკვლავზე დავიბადეთ - ბევრი შრომა და ცოტაოდენი სარგებელი, ბევრი შრომა და ცოტაოდენი იმედი, ბევრი შრომა და მომავალზე დარდი - საკუთარ, სხვის და ყველას მომავალზე... ალბათ ბედმა გაგვიღიმა, ალბათ ესეთია ბედის ღიმილი... ვისაც ჯერ კიდევ არ გაუღიმა ამ ქალბატონმა თუ ბატონმა, მოთმინებით იცდის სადღაც დაჩრდილულ კუნჭულში და იმედით ელოდება ბედის წყალობას... მეც იმედით ველოდები, თქვენც როდის გაგიღიმებთ ფორტუნა... *** სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს მტკიცედ სჯერა, რომ მათ ცხოვრებას ბედისწერა განსაზღვრავს, მეორე მეოთხედს ასევე მტკიცედ სჯერა, რომ საკუთარი ცხოვრების განსაზღვრა მხოლოდ თავად შეუძლია... მესამე და მეოთხე მეოთხედები, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა აზრის არიან ფატალიზმის, დეტერმინიზმის, ინდივიდუალიზმის და სხვა მრავალი იზმის შესახებ... რა უცნაურია, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული კვლევებიც ძირითადად იგივე სურათს ქმნის - მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მუდმივად ქმნის თანაბარ ორპოლუსიანობას, მეორე ნახევარი კი სულაც არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას რაიმეს, ვინმეს, ან თუნდაც საკუთარი თავის სასარგებლოდ - ალბათ, სხვა ბედის ვარსკვლავზე დაიბადნენ... *** „ძაღლის ბედი ჰქონიაო“ - ამ ფრაზაზე ხან ჩვენი „საფირმო“ თბილისური „საყურიანი“ ქუჩის ძაღლები მახსენდება... ხან ის ძვირადღირებული ლეკვები, ადამიანზე მეტად რომ ფასობს და პატრონები სიამაყით დაატარებენ საპარიკმახეროებში გრუმინგისა თუ პედიკურ-მანიკურისთვის... ხან ის ძაღლები, პატრონები ცემით რომ ხდიან სულს იმ გამართლებით, რომ მათი ძაღლია... ხან ის ორი მაწანწალა ძაღლი, ვიღაც გადამთიელმა რომ შეიცოდა, დაბანა, დავარცხნა და ოკეანეებს მიღმა გაამგზავრა ბედნიერი ძაღლური ცხოვრებისთვის... ხან ის კომენტარები სოციალურ ქსელებში, ადამიანები თვითცინიზმით რომ წერდნენ, ჩვენც ვიყეფებთ კარგი პატრონი თუ გამოგვიჩნდებაო... ძაღლის ბედიც მხოლოდ ორ „ქართველ“ ძაღლს ჰქონია... ბედის-წერა/ბედის მწერალიო - ნეტა, ვინ არის ჩვენი ბედის მწერალი? იმედია, წერა კარგად ეხერხება და მწერლობას არ იბრალებს?

ჯორჯ კლუნს ერთდღიანი სამუშაოს სანაცვლოდ $35 მილიონს სთავაზობდნენ, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ჯორჯ კლუნმა ავიაკომპანიის რეკლამაში მონაწილეობის სანაცვლოდ $35 მილიონზე უარი თქვა. „უფიქრია თუ არა ოდესმე, რომ საკმარისი ფული აქვს", The Guardian-თან ინტერვიუში ჯორჯ კლუნს ეს შეკითხვა დაუსვეს. „დიახ, 35 მილიონი დოლარი შემომთავაზეს ერთი დღის სამუშაოსთვის, ავიაკომპანიის რეკლამისთვის, მაგრამ მეუღლეს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ არ ღირდა“, - უპასუხა მსახიობმა. ჯორჯ კლუნმა განმარტა, რომ „ავიაკომპანია ასოცირდება „ქვეყანასთან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეა, ზოგჯერ კითხვის ნიშნებს ბადებს“. Celebrity Net Worth-ის მიხედვით, კლუნის ქონება 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული, 2018 წელს კი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა.

გერმანიამ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიამ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა და მოგზაურობაზე შეზღუდვა დაუწესა. ამის შესახებ BBC იუწყება. გერმანიის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა კვლავ შეეძლებათ, თუმცა კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ დაორკვირიანი კარანტინი გაიაროან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა აცრილები. ზომები 19 დეკემბრიდან შედის ძალაში. საფრანგეთმა უკვე შემოიღო მსგავსი შეზღუდვები, რადგან ბრიტანეთში კოროვირუსული ინფექციის გავრცელების დონე მაღალია. დანია, საფრანგეთი, ნორვეგია და ლიბანი ასევე დაემატა მაღალი რისკის ქვეყნების სიას და ამ ქვეყნებიდან მგზავრობა ასევე შეიზღუდება. 18 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში Covid19-ის კიდევ 90,418 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალ მაჩვენებლად მიიჩევა.

COVID19: 2 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი, გარდაიცვალა 47. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 909 160-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 - 6.96%, ხოლო 7 დღის - 6.48%. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858 949-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 13 071 კოვიდინფიცირებული. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3. ინფიცირების აქტიური შემთხვევა - 37 114, საიდანაც 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 329, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 220. 1426 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 319 ადამიანი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 31, იმერეთში - 33. 1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში. 30 264 - სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიან. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია - 35 925.