ძებნის რეზულტატი:
გაერო საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდებს
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივა უკან გაიწვიოს. შესაბამისი განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. „ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს წამების პრევენციისა და პირადი ინფორმაციის დაცვაში. მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმის დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. ამავე თემაზე: სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის
კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე წარიმართა
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოუწოდებს პარლამენტს, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ ეს რეორგანიზცია უნდა განხორციელდეს, ეს პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს და გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ. ელჩის რეკომენდაციაა, რომ ამ პროცესში ჩაერთონ თავად ინსპექტორის ოფისი, სფეროს ექსპერტები და დაინტერესებული პირები. „სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი არის მნიშვნელოვანი სააგენტო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე, მის მოვალეობებშია სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლებოდა, ჩადენილი ყოფილიყო საჯარო მოხელეების მიერ და ამით ის უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის რეორგანიზაციას, გაყოფას, სამწუხაროდ, განხორციელდა გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთვათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებზე. მაშინ, როდესაც არ იყო იმის საჭიროება, რომ ეს პროცესი ნაჩქარევა წარმართულიყო. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა ოფისის გაძლიერებას, თუმცა მისი განხილვა არ მომხდარა. ყველაზე პრობლემურია, რომ ეს კანონი შეიცავს ისეთ რეგულაციას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას. მაშინ, როდესაც კითხვის ნიშანი და საჩივარი არ ყოფილა მათ მიმართ არც პარლამენტიდან და არც სხვა ზედამხედველი ორგანოს მხრიდან და ყველა ასრულებს კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. ამავე თემაზე: გაერო საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდებს
პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს აირჩევს
პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა. პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალი აღიარა
თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეზე დაკავებული ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე განაცხადა. "მე თავს ვცნობ დამნაშავედ, ოღონდ ნაწილობრივ. ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად", - თქვა ალეკო ჭელიძემ. მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. "ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. გაუგებარიც არის და აბსურდულიც... მე დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე", - თქვა მან სასამართლო სხდომაზე. ცნობისთვის, 15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.
26 დეკემბერს, კოვიდვაქცინით მხოლოდ 2 502 ადამიანი აიცრა
კვირას, 26 დეკემბერს მხოლოდ 2 502 ადამიანი აიცრა. 27 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 466 815 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 276 364ადამიანი - მოსახლეობის 44.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 124 908 ადამიანი - მოსახლეობის 39.2%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 64 364-ს. ყველაზე მეტი აცრა თბილისში ჩატარდა - 1919. შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში კი არავინ აცრილა.
ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა
„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა. მან, ბიუროს თავმჯდომარეს ალტერნატიული კანონპროექტის განხილვის მიზნით, ბიუროს სხდომის ჩანიშვნა სთხოვა იმისთვის, რათა პარტიას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა მიეცეს. „პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანი, 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა და ახლა იმიტომ, რომ მისი სახლში გაშვების კანონიერი მექანიზმი კანონმდებლობაში არ არსებობს, რეფორმა უნდა ჩაატაროთ. კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს, მით უმეტეს, რომ ამხელა რეფორმაა, გავიაროთ კონსულტაციები შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან, ვენეციის კომისიასთან და ოდირთან. თუ ასეთი კარგია თქვენი რეფორმა, იტყვის ის ხალხი და ჩვენ გავჩუმდებით, ბოდიშს მოვიხდით და ვიტყვით, რომ რაღაც შეგვეშალა. აქ არა მხოლოდ გაუქმებაზეა საუბარი, პარლამენტის მიერ 6 წლით არჩეული დამოუკიდებელი თანამდებობის პირის სახლში გაშვებაზეა საუბარი. არდაწერილი სტანდარტია და დასაბუთებაც არ გვაქვს. მაშინ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს, ვთქვათ ეს ღიად! ლონდა თოლორაიაზე კი არ არის საუბარი, პრინციპზეა საუბარი, რა სტანდარტს ვამკვიდრებთ. აქვე, ფრაქცია „ლელოს“ სახელით, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვისარგებლოთ რეგლამენტის 108-ე მუხლით, რომელიც ეხება ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას. როგორც რეგლამენტში არის ჩაწერილი, იმ წუთიდან, როცა ბიურო დაიწყებს პროცედურას კანონპროექტის განხილვისა, ამ მომენტიდან საკომიტეტო მოსმენამდე, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლებამოსილება. მე თან მაქვს ალტერნატიული წინადადება სახელმწიფოს ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.
ბიუროს გადაწყვეტილებით, უმრავლესობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით განიხილება
პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის, ასევე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ კანონის პროექტებს პარლამენტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილავს და მიიღებს. მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის საგანი გახდა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, როცა ყველა ახალი წლისათვის ემზადება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებულად მიღება დამაზიანებელია. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული პაკეტი ცვლილებებს 31 კანონში იწვევს და დაახლოებით 300 გვერდს შეადგენს.
სახალხო დამცველი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის
საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ომბუდსმენის შეფასებით, კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. „მიგვაჩნია რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას. ინიცირებული კანონის პროექტის მთავარი ხარვეზი არის სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან რომ არ გვაქვს საქმე, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტიურად არ იცვლება ინიცირებული კანონის პროექტით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა საჯარო მოხელეებთან და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით. პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდა იმ ტიპის დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც ეფექტურად და გამჭვირვალედ ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, ითხოვდა ინფორმაციას მიმდინარე რეჟიმში და სწავლობდა სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენს ანგარიშებში ყოველთვის ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა დროულობის, დეტალურობისა და ზედმიწევნითობის მოთხოვნებს. ჩვენ, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანო, მზად ვართ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არათუ დაყოფა, არამედ პირიქით გაძლიერება ჭირდება როგორც საკანონმდებლო, ისე საბიუჯეტო მიმართულებით. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი არ გვთავაზობს რამე შინაარსობრივ სიახლეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადგილზე იქმნება 2 ახალი ორგანო და მხოლოდ მიზერულად იზრდება საგამოძიებო იურისდიქცია. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურაზე დამოკიდებულების კუთხით არ არის რამე სიახლე შემოთავაზებული (რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა დღესდღეობით). ამის საწინააღმდეგოდ, კანონპროექტის მიხედვით პროკურატურის თანამშრომლები აღარ მოექცევიან სამსახურის საგამოძიებო მანდატის ქვეშ. განსაკუ თრებულად საგანგაშოა კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის პროცედურით შესაძლებელი ხდება კანონპროექტის მიღება სამივე მოსმენით 1 კვირაში. როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც გამართულად და ეფექტიანად საქმიანობს და იმ პირობებში, რომ არცერთ დაინტერესებულ მხარესთან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოსთან (მათ შორის სახალხო დამცველთან) არ მომხდარა წინასწარი კონსულტაცია, ნათელია რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენაა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. პარალელურად მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს - მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას გააუარესებს. გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
ენტონი ფაუჩი: Covid19-ის შემთხვევები გაიზრდება, რადგან „ომიკრონი“ მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი Covid19-ის შემთხვევების კიდევ უფრო მომატებას პროგნოზირებას, რადგან „ომიკრონი“ მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარს CNBC ავრცელებს. ფაუჩის თქმით, ყოველკვირეული საშუალო მონაცემი აშშ-ში იყო დაახლოებით 150,000 და, სავარაუდოდ, რაოდენობა კიდევ მოიმატებს. „განსაკუთრებით ვღელავთ არავაქცინირებულებზე. ეს არის ყველაზე დაუცველი ჯგუფი, როდესაც თქვენ გაქვთ ვირუსი, რომელიც უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ. აშშ-ში ეს შტამი უკვე დომინანტურია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემით, წინასაშობაო პერიოდში სულ 51 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო დეკემბრის შუა პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
ირაკლი კობახიძე: ეროვნული თანხმობა ბევრად მარტივი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემის ნაწილი არ იქნება
საქართველოს პრეზიდენტი ალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში მმართველი პარტიის ლიდერებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა შერიგების შესახებ რთული პროცესი იქნება. „ქალბატონ სალომესთან, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - მზად ვართ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის ამ პროცესის მიზანი. მიზანი არის საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება. „საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. ამასთან, პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივ ძალას უწოდებს და აღნიშნავს რომ ეროვნული თანხმობა ბევრად მარტივი იქნება, თუ ეს პარტია პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება. „ჩვენი ხედვაა, რომ რაღაცების შეფასება და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამის მიხედვით დასკვნების გამოტანაა საჭირო. მათ შორის დამნაშავეები და დანაშაულებები საჭიროებს შეფასებას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ეს მათი დღის წესრიგია, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოითხოვონ, საზოგადოებამ კი იცის, რა მძიმე დანაშაულებები აქვს ამ კაცს ჩადენილი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საზოგადოების რწმენიდან გამომდინარე და რაც მთავარია, სამართლის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე: ნიკა მელია პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება, შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას აფასებს. სააკაშვილის თქმით, აუდიენციისას მან განიხილა სამი პრეზიდენტის შეხვედრის საკითხიც, მისი მხრიდან „ყოველგვარი პირადი თხოვნების (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე) გარეშე. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო: ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი. არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია. ამიტომ, მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგავრი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე.ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს“, - აღნიშნავს სააკაშვილი. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და აქტორებს ხვდება. ამ პროცესის ნაწილი იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მოითხოვა მესამე პრეზიდენტთან აუდიენცია. გიორგი მარგველაშვილი: საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია
პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას. „ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა. სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას. მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არამხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა. მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის! მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ: შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება, პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე იყოს მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს. ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114-ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. „ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია არის ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული - ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. ეს დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე: კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე განხორციელდა სახალხო დამცველი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის
კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე: დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, მედიასთან აცხადებს, რომ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ირაკლი კობახიძის თქმით, „ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია, ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული - გამოძიება და პერსონალური მონაცემები და დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები. „ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე: თუ სწრაფად გვინდა მიღება, ჯობდა, მეც მცოდნოდა და ბიუროზე არ გამეგო ამის შესახებ
27 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს წარადგენს და მის დაჩქარებული ვადებით მიღებას ითხოვს. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ბიუროს შესაბამისი თხოვნით მიმართა. „ჩვენი მიზანი იყო, რომ ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკრაინის საზღვართან და რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს ჩვენი გამოწვევაც არის და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ასევე მინდა დავაფიქსირო, რომ თუ ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება რაიმე რეკომენდაცია, შენიშვნა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. ვიმსჯელოთ და მხარდამჭერი აქტი მივიღოთ მაქსიმალურად სწრაფად, ჩვენი თხოვნა იქნება, რომ იქნება დაჩქარებული ვადებით მივიღოთ ეს რეზოლუცია“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა. საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროში წარდგენამდე, კონსულტაციების აუცილებლობაზე მიუთითა და დაამატა, რომ მსგავსი წინადადებები „იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი, ჩვენს კომპეტენციაში შემოდის, ამიტომ ვითხოვე სიტყვა. ამ კეთილშობილურ იდეასთან დაკავშირებით, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. თუმცა კარგი იქნება, თუ ინიციატორები წინასწარ გაივლიან კონსულტაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, რადგან თუ სწრაფად გვინდა ამის მიღება, ჯობდა, რომ მეც მცოდნოდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ხუთ სხვა კომიტეტთან ერთად მხარი დაუჭირა მსგავს განცხადებას, ამასაც გეტყოდით, კომუნიკაციის ნაკლებობაა. ინიციატივა კარგია, მაგრამ ჯობს, პროფილურ კომიტეტთან კონსულტაციები იყოს ხოლმე გავლილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. თავის მხრივ, გიორგი ვოლსკიმ, რომელიც ბიუროს სხდომას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ კოლეგები პოლიტიკურ ნიშნის მოგებას და შეჯიბრს თავს დაანებებენ. „ზედაპირულად რომ არ მივუდგეთ ალბათ, ეს ჩვენი საერთო შეხედულებაა. იმედია, საგარეო კომიტეტში ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავთ“, - დაამატა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
პოლონეთის პრეზიდენტმა მედიის საკუთრების შესახებ სადავო კანონპროექტს ვეტო დაადო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ვეტო დაადო მედიის საკუთრების შესახებ სადავო კანონპროექტს, რომელიც კრიტიკოსების თქმით, მიზნად ისახავდა ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არსებული, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას. BBC-ის ცნობით, კანონი ხელს უშლიდა ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მყოფ კომპანიებს, პოლონეთში ემართათ მედიასაშუალება. მაგალითად, კანონის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ში დაფუძნებულ Discovery ჯგუფს მოუწევდა თავისი წილის გაყიდვა მის კუთვნილ საინფორმაციო არხ - TVN24-ში. ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ კანონი მიზნად ისახავს მტრული სახელმწიფოების გავლენის შეზღუდვას. მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა (PiS) აცხადებდა, რომ უცხოური კორპორაციები ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობენ პოლონურ მედიაზე და ამ თვის დასაწყისში კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს. მაგრამ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი გამიზნული იყო TVN24-ზე, პოლონეთის ყველაზე ყურებად საინფორმაციო არხზე, რომლის რეპორტიორებიც ხშირად აკრიტიკებენ კონსერვატიულ მთავრობას. „გავიზიარე ჩემი თანამემამულეების უმრავლესობის მოსაზრება, რომ არ გვჭირდება კიდევ ერთი პრობლემის გამომწვევი საკითხი, არ გვჭირდება მეტი უთანხმოება", - განაცხადა დუდამ. TVN Grupa Discovery-ის მენეჯმენტი პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას პოლონეთში თავისუფალ მედიაზე უპრეცედენტო შეტევად აფასებენ. Discovery კი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტმა ინვესტორების შეშფოთება უნდა გამოიწვიოს.
ღარიბაშვილი: ხელისუფლების ექსკლუზიური დისკრეციული უფლებაა, შეცვალოს, გააუმჯობესოს სხვადასხვა სამსახური თუ ინსტიტუტი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები“. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით. „ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება - ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა მოახდინოს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონ-პროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით. მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ ის არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამავე თემაზე: კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე განხორციელდა სახალხო დამცველი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის
უკრაინაში ქალები, მასწავლებლების, მონაზვნების და მოცეკვავეების გარდა, ვალდებულნი არიან, ჯარში დარეგისტრირდნენ
უკრაინაში ძალაში შევიდა თავდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ვალდებულნი არიან, ჯარში დარეგისტრირდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცვლილებები შეეხება 35 სფეროში მომუშავე ქალებს, მათ შორის სხვადასხვა პროფესიას და ქალებს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს გაიწვევენ. თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს პრაქტიკა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის საკითხთან კავშირში არ არის და ამ მეთოდით NATO-სთან დაახლოებას ცდილობენ. თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება 2021 წლის 3 დეკემბერს დაარეგისტრირა. ჯარში გაწვევის ასაკი სავარაუდოდ 18-60 იქნება. თავის მხრივ, დამსაქმებელს, რომელიც არ აკონტროლებს მისი თანამშრომლების სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტაციას, ჯარიმის გადახდა მოუწევს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ნატალია ვორონკოვა აცხადებს, რომ პროფესიების ჩამონათვალში თითქმის ყველა შედის, დაწყებითი კლასების მასწავლებლების, მონაზვნებისა და ღამის კლუბებში მოცეკვავეების გარდა. „ამიტომ ახლა ყველამ უნდა ავიღოთ პასპორტი, საიდენტიფიკაციო კოდი, ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და წავიდეთ სამხედრო კომისარიატში“, - აღნიშნავს ნატალია ვორონკოვა. როგორ შეხვდნენ სიახლეს უკრაინელი ქალები, რადიო თავისუფლების ცნობით, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორია ვოიციცკაია სამხედრო კომისარიატში უკვე იყო. „მკითხეს განათლების შესახებ და ვუპასუხე, რომ ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული: საბანკო საქმე და ფინანსები. მითხრეს, რომ სწორედ ფინანსისტები სჭირდებათ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მშვენივრად მესმის, რომ ქვეყანა საომარ ვითარებაშია, შეიძლება დახმარება გახდეს საჭირო“, - ამბობს რადას ყოფილი დეპუტატი. საბუთების შეგროვებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა, დააყენებენ თუ არა მას აღრიცხვაზე. პროცედურა იგივეა, რაც კაცების შემთხვევაში. ცნობისთვის, ისრაელში ქალები 24 თვე მსახურობენ ჯარში, კაცები - 30.
გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა
საქართველოს ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას ციხეში გადაყვანა დაუპირეს. „ჩემი ინფორმაციით გონება დაკარგა, წნევა ჰქონდა 200, მერე არ ვიცი, როგორ მოხდა მისი მოსულიერება და რა მოხდა, არ ვიცი ეს დეტალები, ველოდები, როდის შევლენ ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე. არ მომწონს, რომ არ უშვებენ მედიკოსებს. როგორც ჩანს არ არის შესაბამის ფორმაში, არ უნდათ ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ნახონ. მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თურმე საბუთები მოუმზადებიათ და უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას, რომელ ციხეში გადაყვანას, მე უკვე არ ვიცი. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ ყველამ სახალხო დამცველის კონსილიუმის აზრი, რომლებიც ერთხმად ამბობენ, რომ არავითარი ციხე ჯერ არ შეიძლება”, - განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“. ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. „განმარტება არ ყოფილა. მკურნალ ექიმს ვურეკავ დაახლოებით 3 საათია, გამოთიშული აქვს ტელეფონი. არავითარი ოფიციალური განმარტება არ მსმენია“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, რატომ?
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, და თუ რატომ, პასუხი არავის აქვს. მისი თქმით, არ არსებობს პასუხი დღეს კითხვაზე, რატომ არის შეზღუდული მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან, სადაც ფარმაცევტული ინდუსტრია მაღალ დონეზე განვითარებულია. „როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები, ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი. ძალიან ბევრი დასახელება წამლის, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება ღირდეს 1-2 ლარი და ეს არის წამლები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია. თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. ეს ერთი მაგალითი ვთქვი. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები. ეს მაგალითისთვის გითხარით. ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი და მე ახალს არაფერს ვაკეთებ. თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის პირველი - ხალხი, მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა და შემდეგ - დანარჩენი სხვა. ეს გზა გაიარა ევროპამ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, შესაბამისად რაც არის აპრობირებული, გამოცდილი და დადასტურებული ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ახალი ველოსიპედის გამოგონებას ჩვენ აქ არ ვაპირებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი: ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, რომელშიც წერს, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ. „დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, ექვსის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება, წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავთან და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია წერილში. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა და პროცესი შეჩერდა. მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ანა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი განახლდება თუ არა. „მე დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ, აცნობეს, რომ მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როცა მოვიდა გონებაზე, უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. როგორც სააკაშვილმა მითხრა, არ იცის სად იგეგმებოდა მისი გადაყვანა“, - განაცხადა ანა ჯანიაშვილმა. გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა