ძებნის რეზულტატი:
ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაზე: შეიძლება, დავარქვათ როტაცია, ბუნებრივი პროცესი
„შეიძლება დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას აღწერს. „ჩვენთვისაც გულდასაწყვეტი იყო მისი გადაწყვეტილება და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს. უბრალოდ, მას აქვს თვისი ხედვა, თავისი გეგმები, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მე იმედი მაქვს, კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის სწრაფი ცვლა უნდა აჩენდეს თუ არა კითხვებს, ღარიბაშვილი ამ შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ შეიძლება, ამას დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი. „საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი, აქ პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე კახა კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გადადგა
ჯო ბაიდენმა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 770 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. აღნიშნული კანონპროექტი მიმდინარე თვის დასაწყისში სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და მას დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლობის უმრავლესობამ მისცა ხმა.ბიუჯეტი, რომელიც წინა წელთან შედარებით 5 %-ით არის გაზრდილი, სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, ასევე ბიუჯეტში გაწერილია სტრატეგიები გეოპოლიტიკურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე. აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივისთვის. 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივისთვის და 150 მილიონი დოლარი ბალტიის უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის. ბიუჯეტი ითვალისწინებს 16-წევრიანი კომისიის შექმნას ავღანეთის ომის შესასწავლად. რაც შეეხება ჩინეთს, კანონით გათვალისწინებულია 7,1 მილიარდი დოლარი წყნარი ოკეანის რეგიონის შეკავების ინიციატივისთვის.
ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ბაიას შტატს, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხანგრძლივი წვიმის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე წყალდიდობა დაატყდა თავს, თუმცა მდგომარეობა შობის დღეებში გაუარესდა მას შემდეგ, რაც შტატში ორი კაშხალი გაირღვა. დატბორილი სახლები მოსახლეობამ მაშველების დახმარებით დატოვა. ”სამწუხაროდ, თავს დაგვატყდა ბაიას ისტორიაში ყველაზე უარესი სტიქია,“- განაცხადა შტატის გუბერნატორმა რუი კოსტამ. მისი თქმით, 72 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა
პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა. სხდომა 09:30 იყო დანიშნული. „ფაქტია, რომ ბიურო არ შედგა. ვხედავ კომიტეტში გარკვეული საკითხების განხილვის დაწყების პოლიტიკურ ინტერესს, მაგრამ ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება. მედიასთან გავალთ და გავაკეთებთ განცხადებებს. ბიურო კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა!“- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხება. სარჩელის განხილვა სასამართლოში 12:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით. იუსტიციის სამინისტრომ კი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 772 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 677 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 095 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის - 5.74% ხოლო 7 დღის - 5.02%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 966 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 888 022. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 646 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა - 213, იმერეთი - 439, ქვემო ქართლი - 110, შიდა ქართლი - 171, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 096, აჭარაში - 497, იმერეთში - 956. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 275 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 581, აჭარაში - 121, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პაციენტი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2966 ადამიანი.
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაჰყავდათ, თუმცა „ექსპრეზიდენტი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას“. უწყების განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. თუმცა „აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე“. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში. 28 დეკემბერს, გვიან ღამით, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით წერილში განმარტა, რომ „ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი და ვიდეოზე დაფიქსირებულია მისი მძიმე მდგომარეობა. ამავე თემაზე: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ბიუროს სხდომა შეგნებულად არ ჩატარდა
"ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბიუროს იმ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უმრავლესობის წევრების არ მისვლის გამო ჩაიშალა და რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ „ლელოს“ ალტერნატიული წინადადება უნდა დარეგისტრირებულიყო. მდინარაძის თქმით, მისმა თანაპარტიელებმა ბიუროს სხდომა სპეციალურად ჩაშალეს და ეს პოლიტიკური ოპონენტების საპასუხოდ გააკეთეს. „ჩვენ ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ასეთ მცდელობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე ადამიანი გამოვცხადდით ინსტიტუტის, ბატონი გიას პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ალტერნატივის სახით არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი, სიტყვა-სიტყვით არის იგივე. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინეს. ვფიქრობ, ამას ბევრი შეფასება არ სჭირდება, ეს არის ცუდი პრეცედენტი“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა. სხდომა 09:30 იყო დანიშნული.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. უწყების ცნობით, მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 - 2019 წლებში იგი წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 – 18 წლებში ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა. 2018 – 19 წლებში რომეო მიქაუტაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად, შემდეგ კი შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელად. მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი„, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“ და სხვ. „მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტის - 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი - მესტიის მშენებლობისთვის”, - აღნიშნავენ უწყებაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან დავით თვალაბეიშვილი „ესკოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
სააგენტოში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა და ახალი მექანიზმები დაემატა
სააგენტოში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა და ახალი ხელშეწყობის მექანიზმები დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში" ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის „ბიზნეს უნივერსალის“ ფარგლებში, სესხის პროცენტის თანადაფინანსების ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით. "განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და 2022 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში სუბსიდირებული სესხის გაცემა შეეძლებათ საინვესტიციო ფონდებს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მინიმალური ნომრების რაოდენობა 10-დან 5-მდე მცირდება. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის/ლიზინგის მოცულობის შემთხვევაში ყველა ბენეფიციარი 10%-იანი გრანტით ისარგებლებს, ხოლო ბიზნეს ექსპორტის კოდებზე გრანტი შეადგენს 20%-ს. „სასტუმროსა და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის" მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებსაც წარმოების დაწყების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ბოლოს, პანდემიის გათვალისწინებით, ოპერირების დაწყების ვალდებულება გადაუვადდებათ ერთი წლით. პროგრამით „საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი“ სარგებლობის ვადა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა, სადაც განცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამისას მომავალი წლიდან ამ მიმართულებაში პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებულის გაფართოებას, ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებული ბიზნესის გაფართოებას. ამასთანავე, ევროკავშირის მხარდაჭერით, განისაზღვრა საპილოტე რეგიონები - იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გაიზრდება გრანტის მოცულობა, კერძოდ გახდება 40 000 ლარი. დანარჩენ რეგიონებში იქნება 30 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ბენეფიციარებს. პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, გახანგრძლივდა პროგრამით სარგებლობის ვადა. განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას დაემატა ახალი კომპონენტი. პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან: პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება ექვივალენტი ლარში, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულის დაფინანსების მოცულობა - 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკოლოზ ყიფშიძე: სააკაშვილის მეორედ შიმშილობა ლეტალობით დასრულდება
ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულებული არ იყო და გაურკვეველია, რატომ გადაჰყავდათ ის ციხეში. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, შედეგი ლეტალური იქნება. „3 კომისია და მე, როგორც პირადი ექიმი წინააღმდეგი ვიყავით მისი გადაყვანის. შეუძლებელია მისი გადაყვანა, ასეთი ავადმყოფები პირიქით მიჰყავთ საავადმოფოში, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ „ტვპირველთან“. ჟურნალისტების შეკითხვას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის მიერ შიმშილობის განახლებას, როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებს. „შიმშილობა დასრულდება ლეტალობით, მეორედ შიმშილობა მის მდგომარეობას დაამძიმებს“, - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე. პენიტენციური სამსახური: სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა
ლონდა თოლორაია: ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე
ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა. ეს არის სამსახურზე შურისძიება, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ უცნობი იყო. „გარდა იმისა, რომ ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ეს კანონპროექტი სრულად ხელმისაწვდომი. თავისთავად ცხადია, ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის,რომ სამსახური ამ კანონპროექტს სრულყოფილად გაცნობოდა, თუმცა, ცხადია, ჩვენ მის ძირითად დებულებებს მაინც გავეცანით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე გუშინ დილიდან ვსაუბრობდი. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა“,-განაცხადა თოლორაიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა. ელჩის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეშფოთება გამოხატა, განსაკუთრებით კი იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს თანამშრომელთა დათხოვნას სამსახურიდან. „ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, შეშფოთება გამოგვეხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, განსაკუთრებით იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი პერსონალის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენ გვქონდა ასევე შეკითხვები პროცესის დაჩქარებულად წარმართვასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს შეშფოთებას, რასაც ძალიან ვაფასებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცვლის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დისციპლინარულ პროცედურას და ასევე განვიხილეთ სხვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემავალი ცვლილებები. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს პროცესის გადადებისკენ მოუწოდა. „ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ გადადონ პროცესი. მე მოვისმინე, რომ სასამართლო რეფორმის განხილვების პროცესის დაწყება იანვარში იგეგმება. ჩვენი რეკომენდაციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად და წარიმართოს გამჭვირვალედ. იმედი მაქვს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები ჩვენს შეშფოთებას სერიოზულად განიხილავენ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე განიხილოს ეს კანდიდატურა. „ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება, განიხილოს ეს კანდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. ამავე თემაზე: კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: სამწუხაროდ, პროცესი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე წარიმართა
საქართველოდან 2.5 მლნ დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.5 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.
ევროკავშირის და NATO-ს სიმბოლოთა შებღალვის საწინააღმდეგო ნორმაზე პარლამენტში დაჩქარებული წესით მსჯელობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განსახილველ 3 კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში. ცვლილება დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, ზუსტდება საარჩევნო პროცედურული საკითხები, რომელიც გამოიყენება როგორც მორიგი, ასევე, რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას. „ზუსტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, ასევე, განისაზღვრება, რომ მეორე ტურის ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა შეივსება 17-მდე“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა. ამასთან, ზუსტდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნვის დღემდე, შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა. კომიტეტმა განიხილა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე განიხილოს ეს კანდიდატურა. „ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება, განიხილოს ეს კანდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების ვადა 2 წლამდე იზრდება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას, ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა. მსჯელობის შემდეგ, სამივე კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
შსს: დააკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1993 წელს დაბადებული მოქალაქეა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში ჯგუფი შექმნა, სახელწოდებით - „MODGOVGE INFO“, რითაც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით - „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს - გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ქართულ სამეფო კარზე, სამთავროებსა და სხვადასხვა კუთხეში
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ადამიანების უმრავლესობას განსაკუთრებული განწყობა უჩნდება. ეს განწყობა კი ხშირად გამოწვეულია საახალწლო ტრადიციებით და რიტუალებით, რომლის შესრულებასაც განსაკუთრებული ემოცია და ბედნიერი წლის მოსვლის იმედი ახლავს თან. მშობლებისგან, პაპა-ბებიებისგან შემონახული ტრადიციები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვა და სხვაგვარია. თუმცა, თანამედროვე საახალწლო ტრადიციების უმრავლესობა სახეცვლილია და თანამედროვე გლობალური ელემენტებით გაჯერებული. Europetime დაინტერესდა საუკუნეების წინ, როგორ აღნიშნავდენ ახალ წელს საქართველოს სამეფო კარზე, მეფეები, მთავრები, თავადები, ასევე როგორი იყო სხვადსხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საახალწლო რიტუალები, უბრალო ხალხში. რომელი მათგანი დაიკარგა და რომელი მათგანი შემოგვინახეს პაპა-ბებიებმა. Europetime-მ უძველესი საახალწლო ტრადიციების შესახებ, რამდენიმე ისტორიულ წყაროს მიაგნო, მათ შორის ერთ-ერთია მე-14 საუკუნეში დაწერილი „ხელმწიფის კარის გარიგება“, სადაც დეტალურად არის აღწერილი სამეფო კარის საახალწლო რიტუალები. 1927 წელს, კი ქართულ საახალწლო ტრადიციებზე დეტალური აღწერა გამოაქვეყნა სერგი მაკალთიამ. 1901 წელს, სამეგრელოს მთავრის, დადიანის კარზე საახალწლო ტრადიციები იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ აღწერა. ქართული სამეფო კარის სახაალწლო ტრადიციები და რიტუალები ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ქართულ სამეფო კარზე, ახალი წლის რიტუალები რამდენიმე დღე გრძელდებოდა და საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მეფის სასახლეში ახალი წლის შეხვედრის წესები მკაცრად ყოფილა განსაზღვრული, რომელსაც ზედმიწევნით იცავდნენ. ამ ტრადიციებს საწელიწადისთაოს უწოდებდნენ. მეფეს და სამეფო ოჯახის წევრებს, ახალი წლის შესახვედრად, ერთი კვირით ადრე ამზადებდნენ. მსახურთ-უხუცესი, მოლარეთ-უხუცესისგან იღებდა სადღესასწაულო მოსართავებს და სხვა ძვირფას ნივთებს, რითიც სამეფო სასახლის სადარბაზო ოთახს სადღესასწაულოდ რთავდნენ. ცნობებში არ არის შემონახული, როგორი საახალწლო დეკორაცია გამოიყენებოდა იმ დროს, თუმცა შემორჩა მცირე ცნობები მეფის საახალწლო შესამოსელის შესახებ. საახალწლოდ მეფის ძვირფასი შესამოსელით შემოსვა მონადირეთუხუცესს ევალებოდა. „წელიწადის თავს მეფე მონადათირეთ-უხუცესისგან შეიმოსების ყვითლით ყაბარჩით, სახელ მოკლით, ტყავიანითა, მოყვენთუსლითა, არა დია პრტყელად თავსა და საყელოსა კარგისა ყვნდიზისა და მაღლად აშვერილსა, მჭლოდ შეკრულსა ქუდსა დაარქვამს“ - აღწერილია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“. მონადირეთ-უხუცესის მიერ სადღესასწაულოდ შემოსილ მეფეს, საახალწლო ტაბლასთან მაღალ სკამზე დააბრძანებდენ და წინ უდგამდნენ ნანადირევი ველური ტახის თავით გაწყობილ ლანგარს. მეფის გარშემო წოდებების მიხედვით, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგს კი მეფის დაბრძანების შემდეგ, დაჯდომის უფლება ჰქონდა . ისტორიული წყაროების თანახმად საახალწლო სუფრასთან დაჯდომის უფლება ჰქონდათ ასევე მკერვალთ-უხუცესს და ტყისმცველებს. სამეფო პროტოკოლის თანახმად, ახალი წლის ღამეს ცისკრის ლოცვის დაწყებამდე პირველი მეკვლეობა და მეფისთვის მილოცვის უფლება ვაზირთაშორის უპირველესს, მწიგნობართ-უხუცესს ჰქონდა. მწიგნობართ-უხუცესი ჯვრით, ხატით და ძვირფასი ნივთებით ულოცავდა მეფეს. შემდეგ კი ტკბილეულის მილოცვით „დააბერებდა“ . ტკბილეულით დაბერების ტრადიცია საქართველოში დღემდეა შემორჩინილი. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი ოჯახის წევრებს ტკბილეულს აჭმევს და ლოცავს სიტყვებით „ასე ტკბილად დამიბერდი“. პირველ იანვარს, წირვის შემდეგ მეფეს უკვე ერისთავები ულოცავდნენ ძღვენით. ერისთავების შემდეგ, ულოცავდნენ ვაზირები სამეფო კარის სხვა მოხელეები. ყოველი მათგან ერთმანეთს ეჯიბრებოდა ვინ უფრო უკეთეს ძღვენს მიართმევდა მეფეს. პირველ იანვარს ვაზირთა შორის პირველი მილოცვის უფლება ბაზიერთ-უხუცეს ჰქონდა, რომელსაც საუკეთესო ქორ-შევარდენი და ველური ტახის მოოქროვილი თავი უნდა მიერთმია მეფისთვის. მეჯინიბეთ-უხუცესს კი ოქრო-ვერცხლით შეკაზმული ცხენი უნდა ეჩუქებინა, ხოლო ამირ-სპასალარს - ბურთი, ჩოგანი და ცხენი . დადიანს ყოველწლიურად მეფისთვის სამი ცხენი უნდა მიერთმია ძღვნად, როგორც "ხელმწიფის კარის გარიგებაშია“ აღწერილი „ორი უკეთესი ცხენი და ერთი სატალახე. საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა შორის ერისთავნი ულოცავდნენ მეფეს არა კეთილთა ცხენის მირთმევით“. სამეფო კარზე ახალ წელს, მეფეს ასევე ჩუქნიდნენ ისარს და წყელვა-კრულვით მოიხსენიებდნენ მეფის მტრებს შემდეგი სიტყვებით „მრავალ-ჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი და ისარი ესე, განერთხას მეფობისა თქვენისა ორგულთა“. ვაზირთა და ერისთავთა მილოცვის შემდეგ, მეფეს ულოცავდა „სრულიად დარბაზის ერნი და დიდებულნი, ბოლოს სპანი და ლაშქარნი“ მისალოცი დარბაზობის შემდეგ, დიდი ლხინი იმართებოდა, მომღერლებით, მოცეკვავეებით, მოშაირეებით, მაშინდელი მსახიობების წარმოდგენებით და ა.შ. ასევე იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა და საბელზე თამაშობა. ახალი წლის მეორე დღე, 2 იანვარი განკუთვნილი იყო ნადირობისთვის, რადგან სამეფო კარზე ნადირობა-ლაშქრობის ტრადიციებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რაც მაშინდელ საახალწლო რიტუალებში და სამეფო პროტოკოლშიც ნათლად ჩანს. 2 იანვარს ბედობა დღეს, ნადირობის, სავაჟკაცო ასპარეზობის და გართობის დაბედება სურდათ. ნადირობის ტრადიცია მათ რწმენაში დაკავშირებული იყო დამდეგ წელს მშვიდობის, ბედნიერების და გამარჯვების მოტანასთან. ისტორიკოს სერგი მაკალთიას ცნობით, ახალ წელს ნადირობას სწორედ რომ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, ნადირის სახით მათ თავიანთი მტრები ჰყავდათ წარმოდგენილი. ამიტომ ყველანი ცდილობდნენ სამიზნისთვის არ აეცდინათ და მტერზე გამარჯვება დაბედებოდათ. მესამე დღეს 3 იანვარს, სახელმწიფო ანგარიშების, დავთრების შემოწმების ტრადიცია არსებობდა. აღსანიშნავია რომ დღევანდელ ქართლის სოფლებში 3 იანვარი ბარაქის დოვლათის დაბედების დღედ ითვლება და მას კრუხობას ეძახიან. ეს ტრადიცი უფრო ძველ თაობაშია შემორჩენილ და მეკვლედ ყველაზე ძლიერი მეურნეობის მქონე მეზობლებს, ან ნათესავებს არჩევენ. როგორც ჩანს სახელმწიფო ქონების დათვლის და დაგეგმვის საახალწლო სამეფო ტრადიცია, უბრალო ხალხის ტრადიციებში დოვლათის დაბედების ტრადიციად გავრცელდა, რომლებიც დოვლათს წვრილფეხობით, მათ შორის შინაური ფრინველების გამრავლებით განსაზღვრავდნენ. 3 იანვარს სამეფო კარის წარმომადგენლები, ვეზირები ფულად ჯილდოებსაც იღებდნენ. თავადების და მთავრების საახალწლო ტრადიციები რაც შეეხება ფეოდალებს და მთავრებს, დადიანების კარზე საახალწლო ტრადიციები 1901 წელს აღწერილი აქვს იტალიელ მისიონერს, არქანჯელო ლამბერტის. როგორც ლამბერტი წერს, სამეგრელოს მთავარი ახალი წლის დღესასწაულს არაჩვეულებრივი ზარ-ზეიმით ხვდებოდა. რომელშიც მონაწილეობას იღებდენ იმ დროის სამეგერელოს წარჩინებულნი, რომლებსაც მთავრისთვის ძღვენი უნდა მიერთმიათ. სამეგრელოში დადიანების კარზე ახალი წლის მომლოცველთა პროცესია „კირიელეისონის გალობით მიემართებოდა დადიანების სასახლისკენ. შესვლისთანავე ერთი მათგანი მთავრის ეზოს ალაყაფის კარს სუროთი ამკობდა. სამეგრელოს წარჩინებულთა მილოცვებს სამეგრელოს მთავარი, დადიანი იღებდა. მირთმეულ საჩუქრებს კი დედოფალი სინჯავდა. სერგი მაკალთიას ცნობით, მსგავსი საახალწლო ტრადიციები ჰქონიათ გურიელების სამთავრო კარზეც. ახალი წლის ღამეს მოძღვართუხუცესი კარებზე სამჯერ აკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით „კარი გამიღე“-ო. კითხვაზე გურიელი სამჯერ პასუხობდა „რა მოგაქვს“ , რასაც მოძღვართ-უხუცესი ყველა იმ სურვილის და ნივთების ჩამოთვლით პასუხობდა რაც გურიის მთავრებს გაახარებდა. რის შემდეგაც გურიის მთავარი კარს უღებდა მას. მოძღვართუხუცეს უკან მოჰყვებოდა გურიის წარჩინებულების პროცესია. პროცესიას წინ მიუძღვოდა ჩიჩილაკი და ძღვენით დატვირთული ლანგრები. ლანგრებზე ელაგა ღორის თავი, პურები, სიმინდი, ღომი, ღვინო, ტკბილეული და სხვა სანოვაგე. ერთ-ერთ საახალწლო ლანგარზე გურიელების საოჯახო რელიქვიები, თავად გურიელის ძვირფასი, ძველებური ნივთები ელაგა, რომლებსაც სტუმრები ხელით ეხებოდნენ და სინჯავდნენ. ე.წ ძღვენის მიმრთმევთა პროცესია გურიელების სასახლეს სამჯერ გარშემო უვლიდა. როგორი იყო საახალწლო ტრადიციები ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მე-20 საუკუნის დასაწყისში ისტორიკოს სერგი მაკალთიას მიერ შეგროვილი ცნობების მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული საახალწლო ტრადიციებისა, საქართველოს ყველა კუთხეს ერთი საერთო ტრადიცია აერთიანებდა, ყველგან ცხვებოდა კვერები, ბასილას ქანდაკება და თითქმის ყველა კუთხის საახალწლო სუფრაზე იყო ღორის თავი. ხევსურეთი ხევსურები ერთმანეთს ახალ წელს სახლის კართან ულოცავდნენ, რადგან მათი ტრადიციით სახლებში მიმოსვლა მხოლოდ ახალი წლის მესამე დღეს შეიძლებოდა. პირველ იანვარს ოჯახის ერთ წევრ მამაკაცს ხატში გზავნიდნენ და იმდენ სანთელს ატანდნენ რამდენი წევრიც ოჯახში იყო. სალოცავიდან დაბრუნებამდე დანარჩენი ოჯახის წევრები სახლიდან არ გადიოდნენ. ოჯახის წევრი მეკვლე სალოცავიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ ოჯახში, შემდეგ კი საქონლის სადგომში შედიოდა და სალოცავიდან წამოღებულ „ჭიჭს“ (ლუდის საფუარს) გადააბნევდა, თან ილოცებოდა: „ასე აფუებული ყოფილიყავითო“. ამ რიტუალის შემდეგ მას სამეკვლეო პურს აწოდებდნენ. მეკვლე სამჯერ შეაგდებდა მას მაღლა. წაღმა დალაგებული პური ოჯახის კეთილდღეობის მომასწავებელი იყო. კახეთი კახეთში ტყიდან მოჰქონდათ ხე, რომელიც დიდხანს იწვოდა, რათა ახალი წლის ღამეს კერაზე ცეცხლი არ გამქრალიყო. ეს ხე ოჯახში ღვთის ძალის შემოტანას ნიშნავდა. მეკვლე სახლში ცოცხალი ხის ტოტებს შემოიტანდა და ილოცებოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“, ხის ტოტებს ნაკვერჩხალს დაარტყამდა და რამდენი ნაპერწკალიც აალდებოდა, ამბობდა: ამდენი შვილი, ამდენი ბედნიერება და ბარაქა თქვენს ოჯახსო. ასეთივე ტრადიცია ჰქონდათ მთიულეთ-გუდამაყარშიც, მაგრამ იქ მეკვლის როლს ოჯახის თავკაცი ასრულებდა. იგი სანთელს ანთებდა და ცეცხლს შემდეგ დაარტყამდა ხის ტოტებს. თუშეთი თუშები ახალ წელს „წელიწდობას“ ეძახდნენ. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. ლუდის მოხარშვა გვარის მნათეს ევალებოდა. გარდა ამისა, აცხობდნენ გულიან კოტორს – „ქრისტეს საგძალს“. მამაკაცებისთვის განკუთვნილს „ბაცუკაცს“ ეძახდნენ, ქალებისთვის კი მრგვალი კვერები ცხვებოდა. ცხვებოდა საქონლისთვის განკუთვნილი კვერებიც, რომლებზეც სხვადასხვა ნიშანი იყო გამოსახული. ყველა კვერს ხონჩაზე აწყობდნენ და ზედ მატყლს, მარილს, ერბოს და ყველს ადებდნენ. დიასახლისი სახლის ან ფუძის ანგელოზისა და კერის კვერებს აცხობდა. კერის კვერი პატარა და მრგვალი იყო. მას ნაღვერდალში წვავდნენ და სადმე ისეთ ადგილას აგდებდნენ, სადაც თაგვი ჭამდა. ფშავი „წელიწდობის“ შესახვედრად ფშაველები წინა დღეს ემზადებოდნენ და ამ დღეს „ლიტან დღეს“ ეძახდნენ. ახალი წლის დილას ოჯახის დიასახლისი გათენებისთანავე ფქვილს ცრიდა და „გოგების“ ბედის კვერებს აცხობდა. პირველად აცხობდნენ ხარის ფორმის კვერს, რომელიც მათი რწმენით პურის მოსავალს და საქონლის მატებას დააბედებდა. ოჯახიდან ერთი წევრი დილით წყალზე უნდა წასულიყო, რომელსაც საუზმე მიჰქონდა, წყალში ყრიდა და ამობდა „წყალო ნაყრი მოგიტანე ბედი გამომაყოლეო“ ახალ წელს ფშავში, შუაფხოვში, საუზმის შემდეგ ერთმანეთს ცეცხლში ქუდებს უგდებდნენ. გამოცხობილ ხარის ფორმის კვერებს კი ხარის კისერზე ამტვრევდნენ და მათ აჭმევდნენ. საახალწლოდ ხევისბერები ხატში მიდიოდნენ, იწმინდებოდნენ და ხატს ღამეს უთენებდნენ.ოჯახი ახალ წელს აუცილებლად ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. ოჯახის უფროსს სახლში ხონჩით თოვლი შეჰქონდა და ამბობდა: „ასე თეთრად დამიბერდით“. სვანეთი სვანეთში ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსი გარიჟრაჟზე დგებოდა, სულის დაუბერავდა კერაზე ცეცხლს ანთებდა. რის შემდეგაც ოჯახის უფროსი, ოჯახის უფროს ქალთან და ოჯახში ყველაზე კეთილი გულის მქონედ მიჩნეულ ვაჟთან ერთად ყველაზე დიდი ტანის ხარი უხმოდ მიჰყავდათ მდინარესთან. წყლის დალევის შემდეგ კალოზე თოვლის ზვინს დგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს სვამდნენ და სახლში ასე ბრუნდებოდნენ. სვანეთში ახალი წლის ღამეს სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის გასავალ კარებზე კიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა. სახლში შესვლისას მეკვლე კერას სამჯერ შემოუვლიდა, დიდ ჯვრიან პურზე ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს დააწყობდა, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლიდა და დღესასწაულს ულოცავდა. ქართლი ქართლში შობა-ახალი წლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ: აცხობდნენ „ბასილას“, რომელსაც მამაკაცის გამოსახულება ჰქონდა, ორ-ორ ბედის კვერს ოჯახის თითოეული წევრისთვის და თითოსაც – შინაური პირუტყვისთვის, მათთვის დამახასიათებელ ნიშნებით. ოჯახის უფროსი გათენებამდე ხონჩაზე მოხარშულ ღორის თავს დებდა და გარშემო ბედის კვერებს შემოუწყობდა, ზედ „ბასილას“ დაასვენებდა, დასაბედებლად მასზე თაფლში ამოვლებულ პურის ნაჭრებსაც მოათავსებდა და მასზე ანთებულ სანთელს მიაკრავდა. ეს ახალ წელთან შეხვედრის აუცილებელი ტრადიცია იყო. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ. გათენებისას ოჯახის უფროს საახალწლო ხონჩა გარეთ გაჰქონდა და სახლს ლოცვით გარშემო, სამჯერ უვლიდა. შემდეგ ბოსლისკენ მიდიოდა საქონლის მისალოცად. ბოსლიდან ისევ სახლში, „აბრამიანს“ სახლის კერასთან დგამდა, მუგუზალს იღებდა და რამდენიმე ნაპერწკალს აყრევინებდა რა დროსაც ხმამაღლა წარმოსთქვამდა, რამდენი ხარი სურდა მის ოჯახს, რამდენი ძროხა, ღორი და ფრინველი. ამის შემდეგ ოჯახის ყველა წევრს თაფლიან პურს აჭმევდა სიტყვებით „ასე ტკბილად დამიბერდი“ ჯავახეთი ჯავახეთში ახალ წელს ქართლის მსგავსად ხვდებოდნენ, მხოლოდ იმ განსხვავებეით რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელის რკინის ჯოხით სახლს სამჯერ უვლიდა გარშემო, თან სახლის ანგელოზებს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკისგან დაეცვა. გათენებისას ტაბლით ხელში სახლის ბანზე ადიოდა და შემდეგ სიტყვებს იძახდა „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლ-შვილო გწყალობდეთ ღმერთი“, შემდეგ ბანიდან კაცის ფორმის პურის ნამცხვრებს ჰყრიდა და გადაყრილი ნამცხვრების მდებარეობის მიხედვით დამდეგი წლის ბედს მკითხაობდნენ. სახლში შესული ოჯახის შესვლისას ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულს აჭმევს და ტკბილად დაბერებას უსურვებს. მესხეთში განსაკუთრებით დიდი მოწიწებით იცავდნენ „ახალი წლის მიგეგების“ წესს, რადგან, მათი რწმენით, ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული მათი ოჯახის კეთილდღეობა. ამიტომ, წინა დღეს განათხოვრებულ ავეჯს და ჭურჭელს იბრუნებდნენ, რათა მათი დოვლათი და ბარაქა მეზობლების სახლში არ დარჩენილიყო. საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო კვერს აცხობდა. ჯერ „ბასილას“, რომელსაც გრძელი „წვერი“ და ნიგვზის თვალები ჰქონდა, შემდეგ „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს და ცხვრის „ბიჟუნას“ ამზადებდა. „ბედის პური“ მოცულობით ძალიან დიდი იყო. მის ცომში თეთრ აბაზიანს დებდნენ, ვისაც ეს აბაზი შეხვდებოდა, იმ წელს აუცილებლად გაბედნიერდებოდა. იმერეთი ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო. გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს დღემდე „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. გურიას და სამეგრელოს მოსახლეობას, როგორც მათ მთავრებს დაახლოებით მსგავსი საახალწლო ტრადიციები ჰქონდათ. კალანდის შემოსვლას ღამით თოფის გასროლით ეგებებოდნენ. გურია გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა და მარანში შედიოდა. იქ ოჯახის უფროსი საახალწლო გობს ხმა ამოუღებლად დგამდა მიწაზე. ჩაფს ღვინით ავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას შესთხოვდა. შემდეგ გობიდან კაკალს იღებდა და წმინდა ბასილს ევედრებოდა მისი ოჯახი კაკალივით სიუხვით აევსო. თხილი და კაკალი მსოფლიოში ნაყოფიერების და სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუ გატეხვისას კაკალი ცარიელი აღმოჩნდებოდა უბედურებას და სიღარიბეს მოასწავლებდა, ამიტომ წმინდა ბასილს ევედრებოდნენ მისი ოჯახი დამდეგ წელს ცარიელ კაკალს არ დამსგავსებოდა. თუ ჯანსაღი ნაყოფი აღმოჩნდება, მიიჩნევდნენ რომ ნაყოფიერი და ბედნიერი წელი ელოდათ. მარნიდან სახლში დაბრუნებული ოჯახის უფროსი კარზე აკაკუნებდა. დიასახლისი კითხულობდა რა მოგაქვს? . გურულები თავის იუმორს აქაც არ ივიწყებდნენ პასუხობდა „.მომყავს ოსმალეთის ფაშა, სპარსეთის შაჰი და მათი სიმდიდრით დატვირთული ჯორებიო“ . ასე ჩამოთვლიდა სანატრელ და სანუკვარ ნივთებს რაც ოჯახს სურდა. სახლში შესვლის შემდეგ ცხემლის ნაფოტს კერაზე აგდებდნენ და ოჯახს ულოცავდნენ. გურიაში ასევე ყოფილა შემდეგ ტრადიცია. ახალი წლის ღამეს გათენებისას კერაზე ცეცხლს ანთებდნენ და ოჯახის წევრები ცეცხლს ზემოდან ახტებოდნენ. რის შემდეგაც ოჯახის უფროსი ჩიჩილაკს იღებდა და ახალი წლის მოსალოცად გარეთ გადიოდა. სამეგრელო სამეგრელოში ახალ წელს ოჯახის უხუცესი მამაკაცი ღამეს სხვა სადგომი ათევდა. გამთენიისას ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლებიანი ჯამით , რომელზეც კვერცხიც იდო, დილაადრიან გარეთ გადიოდა. მარცვლის თესვით ეზოს სამჯერ გარშემო უვლიდა სიტყვებით „ღმერთო, ამ რაოდენობის საქონელი მომანიჭე“. შემდეგ საქონლის დ პირუტყვის სადგომებს მოივლიდა და სახლში ბრუნდებოდა მეკვლედ. სახლის კარზე სამჯერ აკაკუნებდა. კარი თეთრებში გამოწყობილ ოჯახის ქალს უნდა გაეღო. ოჯახის უფროსი ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, „ბასილა“, ხაჭაპურები, ხილი და სხვა ტკბილეულობა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებდა“, საუზმის შემდეგ ოჯახის უფროსი ეზოში ბროწეულის ხესთან ღვინის ჭიქით მიდიოდა და ახალ წელს ულოცავდა. მერე ბროწეულის, თუთის, ან თხილის ტოტებით ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ. რაც შეეხება ორ იანვარს, ბედობა დღეს, მეგრელები კუჩხის უწოდებდნენ. როგორც სერგი მაკალთია წერს: „ უწინ ალბად, როდესაც სამეგრელოში ვაზი ჰხარობდა, კუჩხა დღეს ასეთი ჩვულება სცოდნიათ. მეკვლე ზურგზე გიდელ აკიდებული, რომელშიაც ეწყო ყურძნის მტევნის მსგავსი გამომცხვარი კვერები, საწნახელთან მიდიოდა და ქვით სცემდა შემდეგი სიტყვებით „ჩანა, ჩანა ჩქიმ მამულს ყურძენი დო შხვამ მამულს ფურცელი“. მაკალთიას აღნიშნული ცნობით ირკვევა, რომ ძველად სამეგრელო ღვინის და ვაზის ტრადიციებით ტოლს არ უდებდა კახეთს, რაც საახალწლო ტრადიციებშიც აისახა. აფხაზეთი აფხაზეთში კვერების ცხობის სხვა ძირითადი ტრადიციები თითქმის იგივე ქონდათ. თუმცა ქოდათ გამორჩეული ტრადიცია. ახალ წელს იმდენ ძროხას, მამალს ან თხას კლავდნენ, ოჯახში რამდენი მამაკაციც იყო. აჭარა აჭარაში საახალწლო სუფრას სხვა სანოვაგესთან ერთად, აუცილებლად ამშვენებდა მჭადი. ოჯახის უფროსი გამცხობილ მჭადის ნატეხებს ოჯახის ყველა წევრს ურიგებდა, რომლებიც ღამით თავქვეშ იდებდნენ და დილით ადრე, მამლის ყივილამდე ჭამდნენ. რაჭა საახალწლოდ რაჭაში ორ „ბაჟულას“ აცხობდნენ, ერთს – ახალი წლისათვის, მეორეს – ძველისთვის. აცხობდნენ, ასევე, „ბასილას“ და ერთ დიდ პურს – „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახით აჭრელებდნენ. ამ ყველაფერს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებდა და ბეღელში ინახავდა. მამლის პირველი ყივილისას ცეცხლს დაანთებდა, შემდეგ გარეთ გავიდოდა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავდა, ჩიჩილაკს აიღებდა და ჯერ ბეღელში შედიოდა, შემდეგ კი სახლში შემდეგი ლოცვით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი – შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, მერე კი წყლის მოსატანად მიდიოდა. მის დაბრუნებამდე ოჯახის წევრები დგებოდნენ, მეკვლე ყველას ხელ-პირს დააბანინებდა, საუზმის დროს კი „კერია-ბერიას“ უნაწილებდა. თბილისი დედაქალაქში ახალი წლის დადგომა დიდი ხამურით იწყებოდა. შუა ღამის დადგომამდე, თოფების სროლა და ისეთი ყიჟინა ისმოდა, ვინმეს შეიძლება მტრის შემოსევა გონებოდა. ახალი წლის დადგომისას, ოჯახის დიასახლისი ტაბლაზე დგამდა მურაბით, გოზინაყით, ნამცხვრებითა და ხილით სავსე ლანგარს. ტკბილეულითა ხილით გაფორმებულ სუფრას ოთხივე კუთხეში სანთელს უნთებდნენ. ასევე ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ბასილა. ძველად სწამდათ, ახალ წელს ბედნიერებას და იღბალს შეიძლებოდა გვერდით ჩამოევლო, ამიტომ კარს ღიად სტოვდნენ, რომ მათთანაც შეევლო. ოჯახის უფროსი პატარა ტაბლით ხელში მთელს სახლს მოივლიდ ხოლმე. სჯეროდათ, რომ თან ანგელოზი დაყვებოდა, რომელიც მათ კეთილდღეობას და ბარაქას მოუტანდა.
26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 72.2 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა
2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72.2 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.7 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 054 ტონა), გერმანიაში (3 140 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (305 ტონა), საფრანგეთში (300 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
იანვრიდან გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 60 წელს გადაცილებულებისთვის, ასაკობრივი ზღვარი კი 50 წლამდე დაიწევს. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ეს აქცია იანვრის განმავლობაში იმოქმედებს. „საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელს გადაცილებულებითვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს გადაცილებულები იღებდნენ წახალისებას, იანვრიდან, აცრის შემთხვევაში 50 წელს გადაცილებულები მიიღებენ წახალისებას“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კლუბებთან, რათა მიაღწიონ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება. მისი თქმით, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. „ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსესუსამდე მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ხალი გარემოებები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 377 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 377 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, 28 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 280 377 ადამიანი, მოსახლეობის 44.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 132 581 ადამიანი, მოსახლეობის 39.4%. ამასთან, „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 67 315 ადამიანს.