ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის კოლორადოს შტატში ხანძარმა ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

აშშ-ის კოლორადოს შტატში, ტყეში ხანძარმა ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ბოულდერის რაიონში, რომელიც დენვერის ჩრდილოეთით მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის დროს ექვსი მეხანძრე დაშავდა. ქალაქ ლუისვილსა და სუპერიორში მცხოვრებ 30 000 ადამიანს ხანძრის მოახლოების გამო სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულ ქალაქებში ცეცხლმა 210 სახლი მთლიანად გაანადგურა. ხანძარმა დააზიანა სავაჭრო ცენტრის შენობაც. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელმაც ასევე დააზიანა ელექტროგაყვანილობის ხაზები.

პარლამენტის თავმჯდომარე: მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დარჩეს

არ არსებობდა კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა - პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, სახელმწიფო ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. „არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. სწორედ ასე მოიქცა პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს. საბოლოო ჯამში ვნახეთ რეაქციები. ვფიქრობ, რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია აღარ არსებობს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილი: წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი

"წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი, ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი", - ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისივე თქმით, 31 განსხვავებული დღეა, რომელიც ყველას აერთიანებს. „მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო. 31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა! წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირება - ის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანას. ყველას გისურვებთ, ახალი 2022 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს პირადად თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის! ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით. და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ! გილოცავთ! მრავალს დაესწარით!- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმიანისტრაცია ავრცელებს. "საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენცირ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება შეეძლებათ. ამრიგად, ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია. როგორც ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მოქალაქეების სხვა ჯგუფებისთვის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაციას სამინისტრო ეპიდვითარების შესწავლის საფუძველზე მოგვიანებით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი მესამე დოზა მოქალაქეებს ზაფხულში შესთავზა. მეოთხე დოზის გაკეთებაზე ნებართვა ისრაელის ჯანდაცვის სამინიტრომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო გასცა. ისრაელი ასევე არის ერთ-ერთ პირველი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ გამოყენებას შეძლებენ. ისრაელში ამაჟამად კორონავიურსით ინფიცირებულია 20 000 ადამიანი, მათგან 94-ის მდგომაროება მძიმეა.

სახალხო დამცველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად. „საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას საქართველოს პარლამენტს ასევე წარუდგენს პარტია „ლელო“. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს ამნისტიის კანონს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მაქსიმალურად ბევრ პატიმარს მოიცავს და თანხვედრაში იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებსა და დაზარალებულთა მიმართ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან. სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად. მიუხედავად იმისა, რომ რიგი საშეღავათო მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი 2020 წელს გაიზარდა (მაგ. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა), 2020 წელს შემცირდა პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის პირობებში პატიმართა უფლებების დამატებითი შეზღუდვის სიმძიმეს და აღნიშნული ამნისტიით მაქსიმალურად დააკომპენსირებს პატიმართა მდგომარეობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ" პროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა და რომლებსაც "პატიმრობის კოდექსით" გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება შეეზღუდათ, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 532 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 532 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 289 407 ადამიანი - მოსახლეობის 44.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი - მოსახლეობის 40.0%. “ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს.

საქსტატი: ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი ზრდა 10.7 პროცენტია. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

2021 წლის 10 მნიშვნელოვანი ვიზიტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინა

ექსპერტების შეფასებით, 2021 წელს გლობალური უსაფრთხოების კონცეფციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, რაც გარკვეულწილად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკით და სხვა გლობალური ფაქტორებით იყო განპირობებული. მსოფლიო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესი კი ნაწილობრივ საქართველოზეც აისახა კონკრეტული მაღალი რანგის ვიზიტებით, ახალი ინიციატივებით, სამიტებზე მიღებული დეკლარაციებით და გადაწყვეტილებებით. Europetime წარმოგიდგენთ 2021 წლის 10 მნიშვნელოვან ვიზიტს და პოლიტიკურ მოვლენას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. როგორც Europetime-ს საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა,, მამუკა ჟღენტმა განუცხადა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირწმინდად წააგო ეს საქმე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. ეს ეხება არამხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ მითითებულია, რომ მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჯერ კიდევ 7 აგვისტოს. სასამართლომ ასევე ცნო რუსეთი კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დამრღვევად, რაც ეხება საკუთრების უფლების დარღვევას, „სიამაყეა, ტკივილია, სიხარულია, ემოციებია, სამართლიანობის განცდაა“, - Europetime-თან საუბრისას, ასე შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის,უშანგი სოფრომაძის მეუღლემ, თეა ტაბატაძემ. „დიახ რუსეთი ნამდვილად დამნაშავეა! ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გმირების დაღვრილმა სისხლმა უკვალოდ არ ჩაიარა და სამართალმა იზეიმა“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ. 2. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში - აშშ-ის და NATO-ს მიერ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად გამოცხადება ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს, როგორც საექსპერტო წრეებში, ისე მთავრობაში ისტორიული ვიზიტი უწოდეს. ოსტინის მაღალი რანგის გარდა, ვიზიტის ისტორიულობას განაპირობებდა რეგიონული ტურნეს მთავარი თემა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ამერიკის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა ახალი მემორანდუმი. ლოიდ ოსტინმა ქართულ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც პენტაგონი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი შესაძლებლობების შექმნაში უნდა დაეხმაროს. ვიზიტის შემდეგ კი ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას, ასევე საქართველოს რუსული აგრესიის საპასუხოდ. „საქართველო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო ჩვენს შესანიშნავ ურთიერთობებში. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რომელიც საქართველოდან უკრაინასა და რუმინეთში გაემგზავრა, იქიდან კი პირდაპირ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება იყო. პენტაგონის უფროსის აღნიშნული ტურნეს შემდეგ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, აშშ-მ და NATo-მ კონკრეტული აქტივობები დაიწყეს. ლოიდ ოსტინის გარდა, ისტორიის მანძილზე საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ორი მდივანი სტუმრობდა . პირველად თბილისს, 2001 წელს, დონალდ რამსფელდი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მეორე აშშ-ის თავდაცვის მდივანი, რომელიც საქართველოს ეწვია ჩაკ ჰეგელი იყო, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. 3. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში და მისი პირადი ჩართულობა საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ქართულ საექსპერტო წრეებში ასევე ისტორიულ მოვლენად და ევროკავშირის საქართველოსადმი განსაკუთრებულ ინტერესად შეფასდა ევროკავშირის პირველი პირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი. აღსანიშნავია რომ 2021 წელს შარლ მიშელი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განსახილველად, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი გადაჭრის მიზნით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს პირველად 28 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის ფუნქცია იკისრა. მედიაციის პროცესში ევროკავშირმა 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეადგინა, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შეთანხმების შესაძლებლობას მისცემდა. პარალელურად აშშ-დან და ევროპარლამენტიდან არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის გარე ძალებიდან გამწვავების შესახებ. შარლ მიშელის და მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის პირადი ჩართულობით, საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება გაფორმდა. ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ხელისუფლებამ კი რეფორმების განხორციელების ვალდებულება აიღო, ასევე ხელი მოაწერა თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტიანი ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მეორედ საქართველოს აპრილში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მემორანდუმის გაფორმების მეორე დღეს ეწვია. ხელმოწერის ცერემონიალს კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. ივლისში ხელისუფლებამ უარი თქვა 43%-იანი ბარიერის პუნქტის შესრულებაზე და შარლ მიშელის შეთანხმება დაარღვია. თუმცა თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ანი ბარიერი გადალახა ივლისის თვეში, შარლ მიშელი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა, მოლდოვას თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 4. აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საქართველოს უკრაინის და მოლდოვას საერთო მემორანდუმის და დეკლარაციის გაფორმება საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი 17 მაისს, კიევში გააფორმეს. 19 ივლისს კი, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხეზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა. მემორანდუმის გაფორმებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პირველად, ინიციატივა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსსმა Europetime-თან საუბარში ექსკლუზიურად გააჟღერა. კუბილიუსის ინტერვიუს ქართველი ექსპერტები გამოეხმაურნენ და მის ინიციატივას დადებითი რეზონანსი მოჰყვა. როგორც Europetime-ს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, თავის დროზე სწორედ ასე მოიქცნენ ვიშეგრადის ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. მისი თქმით, ევროინტეგრაციის მათი ერთიანი სამოქმედო გეგმა გახდა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც ევროკავშირში ამ ოთხი ქვეყნის წარმატებით გაწევრიანება განაპირობა. ოთხივე ქვეყანა, არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე. 5. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ რიკერის ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ის ხელისფლებაში, 2021 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირველი ვიზიტი განხორციელდა საქართველოში. NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე რიკერმა საჭირო რეფორმებსა და შიდა დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ისაუბრა NATO-ს 2021 წლის სამიტზე განსახილველი საკითხებზე, რუსეთის აგრესიის შეჩერების გეგმებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე. „მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, ნატო-მ გასულ წელს მიიღო ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც მას შეუერთდა. ამ სამიტზე განხილული იქნება, ნატოს სამოქმედო გეგმა და გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ასევე ის გამოწვევები, რომელიც ნატოს წინაშე დღესდღეობით არსებობს, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, იქნება ჩინეთის საკითხი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება და განიხილება ის საკითხები, რაც ემსახურება ნატოს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. 6. NATO-ს სამიტი 2021 წლის NATO-ს სამიტზე , ალიანსის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით, მიწვეული იყო საქარველოც. სამიტის ფორუმს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ექსპერტთა ნაწილის შფასებით, იქიდან გამომდინარე რომ 2021 წლის 14 ივნისის NATO-ს სამიტი თემა გაფართოება არ ყოფილა, საქართველომ აღნიშნული სამიტიდან იმის მაქსიმუმი მიიღო, რისი მიღებაც ამ სამიტიდან შეიძლებოდა. 14 ივნისის სამიტზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია განახლდა, სადაც სტრატეგიულ ინტერესად შავი ზღვის რეგიონი ჩაიწერა, აღნიშნული რეგიონის ქვეყნად კი საქართველოც მოიაზრება. NATO-ს კონცეფცია 10 წელიწადში ერთხელ ახლდება და 10 წლიან პერსპექტივაში ალიანსის ძირითად სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა არა მხოლოდ NATO-ს კომუნიკაშია საქართველოზე ლაპარაკი, არამედ სტრატეგიული კონცეფციაშიც. „ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულმა კონცეფციამ დაადასტურა NATO-ს მზადყოფნა, რომ მას სურს გაფართოვდეს და შავი ზღვის რეგიონი იყოს დაცული. ამიტომ ამ კონკრეტული სამიტიდან, ამ მინი, სამსაათიანი სამიტიდან ეს იყო მაქსიმუმი, რისი წამოღებაც შეიძლებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელი უნდა დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა“, - განმარტა თენგიზ ფხალაძემ. 7. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და ერდოღანის 3+3 ფორმატის ინიციატივა 2021 წლის 28 იანვარს ტურნეს ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია. საქართველოს გარდა ირანის პირველი დიპლომატი აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთს სტუმრობდა. აზერბაიჯანში ვიზიტისას, მან მედიას განუცხადა, რომ ტურნეს ერთ-ერთი მთავარი თემა 3+3 ფორმატის განხილვა იყო. ე.წ ექვსთა კავშირი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ინიცირებულია და თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირს გულისხმობს. თურქეთს მხარს უჭერს აზერბაიჯანიც. ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივა 2020 წლის ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაჟღერდა. 2021 წელს საქართველოს ეწვივნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი. აზერბაიჯანში კი საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. 3+3 ფორმატის ინიციატივის განხილვის დაწყების შემდეგ, სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაიწყო. ახალი ალიანსის იდეის მიმართ, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანამ ინტერესი გამოხატა. ექვსი ქვეყნის ასეთი კავშირით განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსეთი. აღნიშნულ ინიციატივას ქართულ საექსპერტო წრეებში კრიტიკულად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ოკუპანტ რუსეთთან ერთად ნებისმიერ ალიანსში საქართველოს ყოფნა პოლიტიკურად წამგებიანი და მიუღებელია. ქართული საექსპერტო წრეების მოსაზრებას იზიარებენ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებიც. საქართველოში ვიზიტისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე კრემლი რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას. 10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ნაცვლად, 3+2 ფორმატში შეხვედრა შედგა, რადგან საქართველო არ დაესწრო. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშა მაინც აღმართეს. „ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი იმედოვნებს რომ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრას საქართველოც დაესწრება. „მოსკოვში „3+2“ პლატფორმის შეხვედრა, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველო არ დაესწრო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაესწრება შემდეგ შეხვედრას, რომელიც, როგორც ვვარაუდობთ, თურქეთში გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან კომენტარი გააკეთა. „მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. მაშინ, როდესაც გარე აქტორებს შეუძლიათ, პროდუქტიული როლის შესრულებით დაუჭირონ მხარი ამგვარ ძალისხმევას, რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის შექმნა მათ არ უნდა სცადონ“, - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის სახელით მიიღო. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. . „სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში“, - განუცხადა Europetime-ს პიტერ სტანომ. 8. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტი 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. სამიტს საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. დეკლარაციის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმა განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. თუმცა ბელორუსი აღმოსავლეთ პარტნირობის პროცესს გამოეთიშა. 9. სამხრეთ კავკასიაში NATO-ს ახალი წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში 2021 წელს, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნულ პოსტზე ხავიერ კოლომინა დაინიშნა. ხავიერ კოლომინა საქართველოს ოქტომრბის თვეში ეწვია „შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. NATO ავითარებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე, აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან. მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში რეფორმის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, სანაპირო დაცვას წვრთნების ჩათვლით, რაც სფეციფიკური მაგალითია, როგორ ვთანამშრომლოთ ბოლო წლების განმავლობაში. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია NATO-სთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს, რუსეთის ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. NATO ხედავს არსებულ გამოწვევებს. რეგიონში არსებული გამოწვევების უმრავლესობის უკან რუსეთი დგას. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევის ზრდა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აქვს NATO-ს, რომ უპასუხოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა, რომელიც გვჭირდება რეაგირებისთვის, მზადყოფნისთვის“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. 10. საქართველოსა და ვატიკანს შორის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს. ​

ივანე ჩხაიძე: 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გასული წელი Europetime-თან შეაჯამა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის 2021 წელს უფრო მეტი შანსი გაჩნდა პაციენტის გადარჩენის. ივანე ჩხაიძის აზრით, 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან. „2021 წელი ძალიან მძიმე იყო საქართველოსთვის, ჩვენ გვქონდა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღა, გვქონდა ძალიან მძიმე მეოთხე ტალღა შემთხვევების რაოდენობის, ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების მხრივ. ახლა ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება მეხუთე ტალღა. ასე რომ, განსხვავებით 2020 წლისგან, სადაც კარგი მაჩვენებელი გვქონდა 5-6 თვის განმავლობაში და საქართველო ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა იყო, ნოემბერ-დეკემბერში სერიოზული მეორე ტალღა დაფიქსირდა, მაგრამ 2020 წელი ამ მხრივ ცოტათი განსხვავდებოდა 2021-სგან. 2021 წელი იყო ყველაზე მძიმე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 2020 წელს ჩვენ ფაქტობრივად შიშველი ხელებით ვებრძოდით კორონავირუსს. არ გვქონდა ეფექტური მედიკამენტი, ვაქცინა. ახლა ჩვენ გვაქვს კარგი ვაქცინები, ასევე გვაქვს პრეპარატების გარკვეული არჩევანი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მძიმე პაციენტების მართვაში. 2021 წელს უფრო მეტი შანსი გაჩნდა პაციენტის გადარჩენის და ის, რასაც ყველაზე მეტად ველოდებით, იქნება თუ არა 2022 პანდემიის ბოლო წელი - ჩვენ იმედი აქამდეც გვქონდა, რომ პანდენია დასრულდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან პროგნოზები როგორც ჩანს არ მართლდება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ქვეყნები ორჯერადად ვაქცქინაციის 80%-ზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ და „ბუსტერ“ დოზებსაც აქტიურად იყენებენ. ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოვახერხოთ მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იქნება იმის გარანტია, რომ 2022 წელს ალბათ გამოვაცხადებთ, რომ საქართველომ მოახერხა პანდემიის კონტროლი. აქ არ არის საუბარი პანდემიის დასრულებაზე. აქ არის ლაპარაკი კონტროლზე, იმ შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანამ შეამციროს ინფიცირებულების რაოდენობა და ერთეულამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს არის ჩვენი საახალწლო სურვილი, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის იყოს პანდემიის დასრულების წელი, დავასრულოთ ეს მართლაც კოშმარული სამი წელი, კაცობრიობის ბოლო ასწლეულის განმავლობაში ალბათ ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რადგან მშვიდობიანობის პერიოდში ასეთი რაოდენობის მსხვერპლი მსოფლიოში დიდი ხანია, არ ყოფილა. ამიტომ, ჩემი სურვილია, დავასრულოთ ეს კატასრტოფული გამოწვევა, ყველა თვალსაზრისით, ემოციური, ადამიანური, ეკონომიკური. ბევრი რამ შეცვალა პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, არასდროს იქნება მსოფლიო ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე. მე იმედი მაქვს, რომ ისევ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, დასრულდება ეს შეზღუდვები და საბოლოოს შეგვეძლება თქმა, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდა. ეს მიზანი უნდა გვქონდეს ყველას, ექიმს, სხვა პროფესიის ადმიანებს, დიდს, პატარას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ პანდემიის დასასრულს“, - განუცხადა Europetime-ს ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე: გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია მოვახერხოთ ივანე ჩხაიძე: საქართველოსთვის დიდი პრობლემაა არამხოლოდ მეხუთე ტალღის არსებობა, არამედ მისი გახანგრძლივება ივანე ჩხაიძე; „დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს, „ომიკრონით“ ინფიცირებული კი სავარაუდოდ, 10-12-ს აინფიცირებს

ნათია თურნავა: 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ

"დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება, ასევე ტურიზმის გამოცოცხლება და აღდგენა. მისი თქმით, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, განთავსების ობიექტებში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვ. „ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი”, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში

ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1-ლი იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +2, +7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღის საათებში კი დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსამდე დათბება. 1-ელ იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -2, ხოლო დღის საათებში +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

საქართველოში კოვიდვაქცინით 40% სრულად აიცრა

31 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 289 407 ადამიანი - მოსახლეობის 44.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი - მოსახლეობის 40.0%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს. 30 დეკემბერს აიცრა 5 532 ადამიანი, 29 დეკემბერს - 8 615. ბოლო 7 დღეში, ყველაზე მეტი, 13 377 ადამიანი 27 დეკემბერს აიცრა. „2021 წელს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა უკვე ხშირად დაგვარწმუნეს მათ ეფექტურობაში. მხოლოდ საქართველოში ვაქცინაციამ დაგვიცვა: ინფიცირებისგან 89.41%-ით დაავადების მძიმე განვითარებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან 93.35%-ით სიკვდილისგან თითქმის 100%-ით“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ

პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ შესაბამისი ორგანოებისგან ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს. „სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით რვა ახალგაზრდა კაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიასა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის შვილსაც. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: 2021 წელს, ქართველ თანამდებობის პირებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას ვუსურვებ

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ წლის შემაჯამებელი პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, 2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. „დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, - წერს პოლონელი პოლიტიკოსი.

კელი დეგნანი: დეზინფორმაციის ავტორები საკმაოდ საინტერესო ტაქტიკას იყენებენ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ მათ წინააღმდეგ

ამერიკის მთავრობისთვის საქართველოში ყოფნის მიზანია, საქართველო გახდეს წარმატებული ქვეყანა, აცხადებს ამერიკის ელჩი. კელი დეგნანის თქმით, ნამდვილად გამოწვევებით სავსე წელი იყო, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთს ნამდვილად ვჭირდებით. ელჩმა დეზინფორმაციის პრობლემაზეც ისაუბრა. „დეზინფორმაციის ავტორები საკმაოდ საინტერესო ტაქტიკას იყენებენ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი საქართველოში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქვე, რუსეთია მეზობლად. და მაინც, ვფიქრობ, ქართველები საკმაო სიფრთხილით ეკიდებიან დეზინფორმაციას. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის ნაკადებს წლების განმავლობაში არიან მიჩვეულნი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება, მარტო გაუმკლავდეს ისეთ პრობლემას, როგორიც პანდემიაა. ვფიქრობ, ქართველებს საოცარი გამონათქვამი გაქვთ - „ძალა ერთობაშია“, ნამდვილად ერთიანობაშია სიძლიერე. კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ მიგვახვედრა, თუ რამდენად გვჭირდება ყველას მეგობრები. ბევრი მიმართულებით დავინახეთ, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში სირთულეების დროს. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად მოვახერხეთ ბევრი კარგი რამის გაკეთება გასულ წელს, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „გაწეული შრომა და ენერგია მოხმარდეს ძლიერი, სტაბილური დემოკრატიის მშენებლობას, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ყველა პროგრამა. უპირველესი და მთავარია, რომ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი ევროპასთან ინტეგრაციისა და NATO-ს წევრობისკენ. ამერიკის მთავრობა ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე ეს არჩევანი არსებობს. ჩვენ ლობირებას ვუწევთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით ქვეყანას, რათა მიაღწიოს NATO-ს მაღალ სტანდარტებს, ვეხმარებით ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესში. თქვენ იცით, რომ NATO გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, ამიტომ აუცილებელი საქართველოს სამხედრო სტანდარტების კუთხით მუშაობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას NATO-სთან. იცით, რომ თითქმის 20 წელია, ვმუშაობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან გადამზადების და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში. პროგრესი ნამდვილად სახეზეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში, ისინი წლებია, აქტიურად მუშაობენ ტრენინგ პროგრამების დახმარებით ამერიკის მთავრობასთან და NATO-სთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ატარებენ წვრთნებს არამარტო ადგილობრივი თავდაცვის ძალებისთვის, არამედ ორგანიზებას უწევენ მრავალეროვნული სწავლების პროგრამების ჩატარებას, როგორიც არის მაგალითად პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. ეს მასშტაბური პროექტებია, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე თავად მართავენ ძალიან ეფექტურად და ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებენ თავდაცვის სისტემის გაძლიერების პირობის შესრულებას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ერს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების მოწყობის მოდელი. „საქართველომ უკვე გააკეთა ეს არჩევანი, რაც გახლავთ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვა. ჩვენც 20 წელია, ვეხმარებით ქვეყანას, მიაღწიოს სამხედრო და პოლიტიკურ მაღალ სტანდარტს, გაძლიერდეს დემოკრატია, აღსრულდეს კანონის უზენაესობა, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. NATO-ს წევრმა ქვეყანებმაც გაიარეს ეს პროცესი და ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსაც, რომ მიაღწიოს ყველა ამ საჭირო სტანდარტს“, - აცხადებს ამერიკის ელჩი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ისრაელმა აშშ-სგან $2 მილიარდის ღირებულების ავიაციის შეძენის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

ისრაელმა აშშ-სთან ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. გარიგება 12 ვერტმფრენის Ch-53K-ისა და საწვავით უზრუნველყოფის ორი თვითმფრინავის, Boeing KC-46-ის შესყიდვას ითვალისწინებს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ასევე დამატებით ექვსი ვერტმფრენის შეძენის შესაძლებლობა. ვერტმფრენების მიწოდება 2026 წლისთვის დაიწყება, თვითმფრინავების კი 2025-შია მოსალოდნელი. ისრაელის ბრიგადის გენერალი შიმონ ცენციპერი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, ქვეყანა ოთხი Boeing KC-46-ის შეძენას შეძლებს. ისრაელის მედიის ვარაუდით, საწვავით უზრუნველყოფის თვითმფრინავებმა შესაძლოა, საკვანძო როლი ითამაშონ შორი მანძილის ოპერაციებში ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ისრაელმა ადრე განაცხადა, რომ დარტყმებს განახორციელებს ასეთი ობიექტების წინააღმდეგ, თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის. თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

ანდრიუს კუბილიუსი: საკმაოდ დაძაბული წელი იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი 2021 წელს აჯამებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერის შეფასებით, საკმაოდ დაძაბული წელი იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. „ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი და წარმატებული წელი გახლდათ. ევროკავშირის მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებით, სამწუხაროდ, საქართველოსთვის წარმატებული არ გამოდგა. სამწუხაროდ, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომაც ჩავარდა ეს შეთანხმება, ქართულ მხარეს ეკისრება. თუმცა შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ამ სახის არც თუ ისე კარგი გამოცდილება, რათა ორივე მხარემ უფრო მეტს მივაღწიოთ. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადება პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის შესახებ, ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, ევროკავშირი იწყებს იმის დემონსტრირებას, რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების ტრიოს პლატფორმა, რამაც ამ ქვეყნების უფრო სწრაფ ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი. ეს ძალიან საჭიროა იმისთვის, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა გააცნობიერონ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერისთვის, ევროკავშირთან დასაახლოებლად ძალიან სტრატეგიული მიზნები და შესაძლებლობები არსებობს. თუ ქართული პოლიტიკური პარტიები ვერ გაააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმპულსი, ძალიან ცუდი იქნება. ჩემი რჩევა მათ მიმართ ასეთია, რომ დაძლიონ შიდა დაპირისპირება, პოლარიზაციის და მართლმსაჯულების პოლიტიზების პრობლემა. ეს მართლაც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეეცადოს, არ კონცერტრირდეს მხოლოდ ერთ საკითხზე (რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმის სამართლიანად წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება). თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პოლიტიკური გაერთიანება ასევე უნდა ეძებდეს შესაძლებლობას, ესაუბროს ქართველ ხალხს არამხოლოდ სააკაშვილზე, არამედ საქართველოს მომავალზე, ინტეგრაციაზე, რეფორმებზე და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ჩვენ, აქ, ევროპარლამენტში ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მისცეს ბევრად უფრო ამბიციური შესაძლებლობა ტრიოს ქვეყნებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია დაჩქარდეს. განსაკუთრებით - ე.წ. ერთიანი ბაზრის მიმართულებით, საჭიროა ბიძგი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შეუძლიათ ამაზე შეთანხმდნენ, რაც სამივე ქვეყანას ბევრ სარგებელს, ბევრად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მოუტანს და წაახალისებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, კონცენტრირდნენ არა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ დღის წესრიგზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას მართლაც პოზიტიურად შევაფასებდი. მასში საუბარია ასოცირებული ტრიოსა და უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე შემოაქვს ძალიან კონკრეტული ახალი წინადადება ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური დახმარების შესახებ. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით მომავალ წელს, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, შევიმუშაოთ უფრო ამბიციური გრძელვადიანი დღის წესრიგი ერთიანი ბაზრის მიმართულებით, რასაც ბევრი კარგი გეოპოლიტიკური შედეგი მოჰყვება“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან.

პატრიარქი: არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ

უწმინდესმა სრულიად საქართველოს ახალი წელი მიულოცა და ერი დალოცა. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოსა და ციხეებში „ძმანო და დანო! გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინ განჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოსა და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლაც ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს. ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით, მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია. გისურვებთ ჯანმრთელობას! დადექით ფეხზე და მე უნდა დაგლოცოთ: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ!“, - ბრძანა პატრიარქმა.

პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენ საერთო მომავალი გვაერთიანებს, გილოცავთ ახალ წელს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას, პარლამენტის სახელით, ახალი წლის დადგომას ულოცავს. „ძვირფასო თანამოქალაქეებო! საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას. ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ახალი წლის ღამეს ყველა თაობისთვის საყვარელი ტრადიციები ცოცხლდება და ყველა ოჯახში განსაკუთრებული გარემოა. მინდა, გამორჩეულად მივულოცო ახალი წელი ჩვენი ოჯახების ასაკოვან წევრებს, რომლებმაც ეს ტრადიციები შემოგვინახეს და ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის ღამის განსაკუთრებულობას არ გვავიწყებენ“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და პედაგოგებს, რომლებიც, მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში იყვნენ მთავარი. „დღეს, ყველა ერთად ვემშვიდობებით ურთულესი გამოწვევებით სავსე წელს და მომავალს იმედით ვხვდებით. პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. 2022 წელს პარლამენტი, როგორც ხალხის ნების უშუალო განმახორციელებელი, აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სახელმწიფოებრივი მიზნების გარშემო გაერთიანება; ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა და აქტიურობა კი – გადამწყვეტი. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ საერთო მომავალი გვაერთიანებს. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საფიქრალია საქართველოს ერთიანობა, წინსვლა და განვითარება. ამიტომ, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა სჭირდება. ეს არის ის, რასაც გვავალდებულებს ჩვენი საამაყო ისტორია, უნიკალური კულტურა და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლის წინაშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და განვითარების წელი იქნება“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.