ძებნის რეზულტატი:

WHO: მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირების შემთხვევები ერთ კვირაში 11%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირების შემთხვევები ერთ კვირაში 11%-ით გაიზარდა. ამასთან, წინა, 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 4%-ითაა შემცირებული. WHO-ს ინფორმაციით, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა ყველგან, აფრიკის(+72%) და ამერიკის(+7) გარდა. გასულ ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა ამერიკაში, 7%-ით აფრიკაში და 3%-ით ევროპაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონ“-ის გავრცელებით გამოწვეული საერთო რისკი ისევ ძალიან მაღალია, რადგან ეს სახეობა „დელტა“-სთან შედარებით, 2-3 დღეში ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ უკვე დომინანტი ვარიანტია, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, დაავადების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, თუმცა, სამხრეთ აფრიკაში, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს ნოემბრის შუა რიცხვებში, ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება.

ჰონგ-კონგში პოლიციამ ონლაინმედიის მთავარი რედაქტორი და სხვა თანამშრომლები დააკავა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დააკავა ონლაინმედიის ექვსი მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ამასთან, Stand News-ის ოფისში პოლიციის 200-მდე წარმომადგენელმა რეიდი ჩაატარა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებს უფლება აქვთ, ჩაატარონ „გამოძიება და ამოიღონ შესაბამისი ჟურნალისტური მასალები“. დაკავებულთა შორის არიან Stand News-ის ამჟამინდელი და ყოფილი მთავარი რედაქტორები. DW-ს ცნობით, რომ ჰონგ კონგის პოლიციის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჰონგ კონგის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, რონსონ ჩანის სახლი გაჩხრიკეს. ჩანმა, რომელიც Stand News-ის რედაქტორის მოადგილედ მუშაობს, განაცხადა, რომ პოლიციამ კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტური მოწყობილობა, პრესის საშვი და საბანკო ჩანაწერები ჩამოართვა. ის დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. „Stand News-ი ყოველთვის პროფესიონალურად ავრცელებდა სიახლეებს", - განუცხადა ჩანმა ჟურნალისტებს. Stand News-მა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოლიციის ოფიცრები ამბობენ, რომ გამოძიება შეთქმულებას, ამბოხს და ასეთი ხასიათის მასალის გამოქვეყნებას უკავშირდება.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2514 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2514 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 711. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 13 707 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 930 544-ს შეადგენს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 359 PCR ტესტით. 28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის - 5.65% ხოლო 7 დღის - 5.09%. 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21. აქტიური შემთხვევა - 26 078, საიდანაც 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 080, აჭარაში - 484, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 542, აჭარაში - 121, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 296 პაციენტი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში. 20 426 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.

საგამოძიებო სამსახური: დავაკავეთ ნაგავსაყრელის თანამშრომლები, რომლებიც გასანადგურებლად განკუთვნილ ხორცპროდუქტებს ყიდდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დავით ნარმანია: ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგმება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ იგეგმება. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, ახალი წლის დღეებში ტარიფების მატების შესახებ. „ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა, აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკ-იდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

26 078 კოვიდინფიცირებულიდან, 20 426 - სახლში, 4 794 კი საავადმყოფოში მკურნალობს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 078 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 20 426 ადამიანი სახლში მკურნალობს, 4 794 კოვიდინფიცირებული საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 080, აჭარაში - 484, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 542, აჭარაში - 121, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 296 პაციენტი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი. ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2514 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით წარდგენილი კანდიდატი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. პაპუაშვილი პარლამენტმა აირჩია 88 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ. ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ხდება. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება. შალვა პაპუაშვილის შესახებ დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამარათლის სპეციალობით. 1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი. 2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად. 2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლის 27 მარტიდან - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. შალვა პაპუაშვილი 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი. 2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოში აკრედიტებული ელჩების შეფასებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე

ელჩები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აფასებენ. მათ გზავნილებს წინ უძღოდა დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა. მაგალითად, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს აფასებს და პარლამენტს საკითხისადმი ინკლუზიური მიდგომისკენ მოუწოდებს. „ვწუხვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესისა და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების გამო. საქართველოს პარლამენტს საკითხისადმი ინკლუზიურ გააზრებულ მიდგომას ვთხოვთ. სახელმწიფო ინსპექტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულმა, დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა თავისი უფლებამოსილება შეასრულოს და დაიცვას ადამიანის უფლებები“, - წერს Twitter-ზე ნორვეგიელი დიპლომატი. თავის მხრივ, ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი მიიჩნევს, რომ საჭიროა ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. „შეშფოთებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ნაჩქარევად დაშლის ინიციატივის გამო, რაც გამოიწვევს ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. საჭიროა ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. ნდობა და დამოუკიდებლობა საკვანძო საკითხია“, - აღნიშნავს ნიდერლანდების ელჩი. კიდევ ერთი დიპლომატი, რომელმაც ასევე გამოხატა შეშფოთება, ჩეხეთის ელჩი, პეტერ მიკისკაა. „ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გუშინ გვქონდა შეხვედრა ლონდა თოლორაიასთან. შემაშფოთებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, ყველა თანამშრომლის გათავისუფლების ინიციატივა და ეს გადაწყვეტიელება ხელს არ უწყობს მაკონტროლებელი და ბალანსის დაცვის სისტემის სათანადოდ მუშაობას“, - წერს ჩეხი დიპლომატი. კოლეგების შეფასებებს იზიარებს საფრანგეთის ელჩიც. „ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე გვაქვს დემოკრატიისათვის საკვანძო, მაკონტროლებელისა და ბალანსის პრინციპს, ჩვენ მოვუწოდებთ, გატარდეს რეფორმები ფრთხილად, ფართო კონსულტაციებით, რათა არ დარჩეს თანამდებობის პირების მიმართ ბრძოლის შთაბეჭდილება, - წერს დიეგო კოლასი Twitter-ზე. ცნობისთვის, 28 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. თავის მხრივ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამავე თემაზე: დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის ინსპექტორის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას

შალვა პაპუაშვილი: ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გუნდის წინაშე. „ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო“- განაცხადა პაპუაშვილმა. მან ასევე, მადლობა გადაუხადა კახა კუჭავას პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეული საქმიანობისათვის. „ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში’, ’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე განცხადებით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ის იდგება საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. „პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ,,ქართული ოცნების’’ გუნდის წევრობისა, ის იქნება ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. ,,რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: ეკონომიკა პანდემიამდე მდგომარეობას დავუბრუნეთ

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა. მანდ ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია. „ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. „ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით: - შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე,- გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა - ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის.ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 24 დეკემბერს გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ხდება. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება.

კახა კალაძე: მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს 2020-21 წლის საურავები ჩამოეწერებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს ჩამოეწერებათ 2020-2021 წელს დაკისრებული სანქცია-საურავები და ამ წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც სანქცია-საურავები უნდა ჩამოვაწეროთ და გავათავისუფლოთ 2020-21 წლის იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა აღნიშნულმა სუბიექტებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა შეძლონ”, – განაცხადა კალაძემ. ამასთან, კალაძის განცხადებით აღნიშნული პროგრამა საკრებულომ გუშინ, 28 დეკემბერს დაამტკიცა.

დავით უსუფაშვილი: როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის მადლობაც კი მიიღო, დღეს დარბაზში არ იყოს და არ გვეუბნებოდეს, რატომ წავიდა

„როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს დარბაზში არ იყოს და არ გვეუბნებოდეს, რაშია, საქმე, სად წავიდა, რატომ წავიდა, სად არის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს“, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში კოლეგებს მიმართა. „ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა და შებღალვა ამ სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამზე სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით. სამწუხაროდ, ამ პარლამენტში, სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში, მეორედ გავხდით მოწმე იმ სავარძელიდან არსწორი ადგომის იმ ადამიანის, რომელსაც არა პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება, არამედ სახელმწიფოს თანამეთაურობა ევალება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ორ ძალიან კვალიფიციურ ადამიანს ასე არასწორად მოუწია აქედან ადგომა და ამით ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს და ქვეყანას. ასე ვერ შენდება საპარლამენტო სუვერენიტეტი, პირიქით, კნინდება მისი როლი. ასე მოქცევა არ შეიძლება, ძირს ვუთხრით სახელმწიფოებრიობას. როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს დარბაზში არ იყოს და არ გვეუბნებოდეს, რაშია, საქმე, სად წავიდა, რატომ წავიდა, სად არის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი კობახიძე: როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავის დროზე მისი შექმნა შეცდომა იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური გუნდის შიგნითაც უმრავლესობა ამ ორი სამსახურის ცალ-ცალკე შექმნის მომხრე იყო. „ის იყო შს სამინისტროს კადრი და სწორედ ამ უწყებიდან გადავიდა ამ ახალ უწყებაში... როდესაც ლონდა თოლორაიას ვთავაზობთ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება ამ უწყების თანამშრომლების და მისი ხელმძღვანელის მიმართ. რაც შეეხება გაყოფის მიზეზს, ის მარტივია, ეს იყო აბსოლუტურად ყველას რეკომენდაცია და მე უკვე ვთქვი, რომ პოლიტიკური გუნდის შიგნითაც უმრავლესობა ამ ორი სამსახურის ცალ-ცალკე შექმნის მომხრე იყო. თუმცა მაშინ იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით, პოლიტიკური ინტერესები და მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სალომე სამადაშვილი: საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება, რომ თავმჯდომარე არამხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს

პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევად წარდგენილ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. „დღეს ვერც ბატონ კუჭავას გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვერც ბატონ პაპუაშვილს ვუსურვებ წარმატებას და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რატომ. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აბსურდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არამხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს. ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება, მაგრამ ალბათ არც ის არ გვახსენდება, რომ პარლამენტის არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში მესამედ უწევს პარლამენტს, აირჩიოს თავმჯდომარე. ბატონ პაპუაშვილს ვერ დავუჭერ მხარს მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ დღეს ის გამოვიდა და ფარისევლად გვესაუბრა პარლამენტის ტრიბუნიდან იმაზე, რომ თურმე ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებთ 2024 წელს. ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა შარმ მიშელის მოლაპარაკებების პროცესში და შემდეგ ყველაზე აქტიურად იცავდა პოზიციას, რომ თურმე ეს დოკუმენტი არანაირი ძალის და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად მატყუარა, არასანდო ადამიანი და პოლიტიკურ მატყუარას პარლამენტის თავმჯდომარედ მხარს ვერ დავუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა კობახიძემ, ამ პარლამენტის არაფორმალურმა მმართველმა, შეგარჩიათ ამ პოსტზე. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ადამიანს, რომელსაც არ ჰყოფნის თავშეკავება, რომ ფიზიკურად არ იძალადოს საკუთარ კოლეგაზე ამ დარბაზში, ჩემი აზრით, მისი შემოთავაზებაც კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, არის საზოგადოების, საქართველოს პარლამენტის ტრადიციების და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის შეურაცხყოფა. ასეთი დაკნინებული პარლამენტი, ჩემი აზრით, გასული 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ჩემთვის ძალიან მტკივნეული საყურებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოშიმშილე სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოშიმშილე სამი ადამიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მალევე გახდება ცნობილი, შეძლებენ თუ არა ისინი შიმშილობის გაგრძელებას. „სამი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკაში. ადგილზე ჩაუტარდათ გამოკვლევები და სასწრაფოს ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ გადაეყვანათ კლინიკაში.მალე გვეცოდინება გააგრძელებენ თუ არა შიმშილობას, გადასხმები დაენიშნათ დღეს”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილეებისთვის 12 კარავია გაშლილი.

თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს: მეტ სითამამეს გირჩევთ ოპოზიციასთან კონსტრუციული თანამშრომლობის ნაწილში, რასაც კახა კუჭავა ავლენდა

უფრაქციო დეპუტატების სახელით თამარ კორძაიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს მოხსენებაში შეეძლო, ეთქვა, რას გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში ისეთი პოლარიზებული არჩევნები არ იყოს ქვეყანაში, როგორიც ახლო წარსულში ჩატარდა. „ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ხართ, რთული პერიოდი გელოდებათ და არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ ვუსურვო წარმატება, თუმცა შეუძლებელია ეჭვი არ გამოვხატო თქვენი მოსმენის შემდეგ, რადგან თუ თქვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა შედგეს, მაშინ ერთი პრობლემა მაინც გულწრფელად უნდა დაგესახელებინათ, რა შეცდომა დაუშვით, რა არ გამოგივიდათ, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგით, რომ ეს პოლიტიკური პოლარიზაცია შეწყდეს. კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებული შეკითხვისას, თქვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად გაურკვეველი, უფრო სწორად ეს იყო უპოზიციობა, სადაც სითამამეც არ გეყოთ გეთქვათ, რომ ეს ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს. პირველივე გამოსვლის ტექსტში თავი აარიდეთ საკუთარ, პერსონალურპასუხისმგებლობას, როგორც პარლამენტის პირველმა წევრმა და ასე დაწყება, მგონია სახიფათო. მეტ სითამამეს გირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციულობის ნაწილში, იმ ნაწილში, რასაც ოპოზიციასთან თანამშრომლობა ჰქვია. ამას ავლენდა კახა კუჭავა და იმიტომ უხდიდნენ კახა კუჭავას მადლობას დღეს სწორედ ოპოზიციონერი დეპუტატები“, - მიმართა თამარ კორძაიამ შალვა პაპუაშვილს.

სემეკ-ის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) რიგით 56-ე საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათ შორის, იმსჯელა ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ. სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა და უცვლელი დარჩა. ტარიფების გადახედვა წარმოადგენდა პროცედურულ საკითხს. შესაბამისად, ტარიფები უცვლელი დარჩა ელექტრომიმიწოდებელი კომპანიებისთვის – „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ (თელმიკო). პირველად დადგინდა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური. ასევე, კომისიამ ამავე სხდომაზე დაადგინა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“. თუმცა, აღნიშნულმა გავლენა არ იქონია ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე.

ირაკლი კობახიძე: შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა

„დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და იქნება ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს. „გარდა პროფესიონალიზმის, შალვა არის უაღრესად წესიერი ადამიანი და სამართლიანი, პრინციპული ადამიანი, ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს არის ის თვისებები, რომლის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა შალვა პაპუაშვილზე, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი წარდგენის შესახებ“, - აღნიშნა კობახიძემ. მან ყოფილ სპიკერზეც ისაუბრა. „თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც რთულ დროს გამორჩეულად, სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ბევრი საქებარი სიტყვა და მადლობის სიტყვა მოვისმინეთ არამხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდანაც. მახსოვს მისი არჩევის დროს არამარტო აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი კახა კუჭავას მიმართ და დღეს, ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა. მოგიწოდებთ, რომ კარგად დააკვირდეთ მინიმუმ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ის ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლონდა თოლორაია: ახლა ჩემი მიზანია, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას

ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, მის წინააღმდეგ „ბოტ-ტროლების საშუალებით ძალიან ბინძური კამპანია არის დაწყებული“. „მე მათ მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისი საქმიანობის მიმართულებით მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს. ვისაუბრეთ კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ. ჩემს წინააღმდეგ ბოტ-ტროლების საშუალებით ძალიან ბინძური კამპანია არის დაწყებული. მე მართლა მქონდა იმედი დარჩენილი, რომ რაღაც წითელი ხაზები კიდევ იყო დარჩენილი, რომელზე გადასვლაც არ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ასეთი ხაზები არ არსებობს. მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ეს საშინელი ბინძური კამპანია შეწყდეს“, - განაცხადა თოლორაიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, რომლებიც სისტემაში ვერ რეგისტრირდებიან

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში. „პირველი დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ „მწვანე პასპორტის“ სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები. იმისათვის, რომ „მწვანე პასპორტზე“ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უფრო მოსახერხებელი, შეიქმნა ელექტრონული აპლიკაციები COVIDPASS.MOH.GOV.GE. და Georgia e-health. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში. ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან ,COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ“ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში: 1 შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა"- ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29 2 შპს „Exspress Medical Service” - ქ. თბილისი,ზღვის პლაზა ჰუალინგი 3 შპს ,,ვივამედი“- ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N234 4 შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი 5 შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.