ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გორის ჰოსპიტალში მოათავსეს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. გავრცელებული ცნობით, ნინო გოგორიშვილს კარდიოლოგიური პრობლემები აქვს. ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლინიკაში მოგვიანებით გაკეთდება.

ჟინვალში ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა

ჟინვალში ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა, ავტოავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაღუპულთა შორის ერთი, 12 წლის არის.

ასპინძაში კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).

ვიოლა ფონ კრამონი: ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება: „ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

დავით სერგეენკო: სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში დაბრუნდებოდა

„ქართული ოცნების" წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის დაბრუნება რუსთავის ციხეში, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, „ის რომ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, ეს სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა. „ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. მერწმუნეთ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. როცა ექიმს მუშაობის საშუალებას აძლევენ, ის თავის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს და ამას ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება“, - განაცხადა სერგეენკომ. მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს ძალიან ცუდი იქნება ადამიანურადაც და ჰუმანურადაც. როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეფასებებს სხვა პროფესიის ადამიანები აკეთებენ, „ეს მხოლოდ ვნებს და ძაბავს სიტუაციას“. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმქაცია პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუვრცელებია.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 036 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37% ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის - 5.57% ხოლო 7 დღის - 5.15%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 222, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 114, შიდა ქართლი - 97, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 486, იმერეთში - 893. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 554, აჭარაში - 119, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 36, იმერეთში - 27. 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 214- აჭარაში. 20 208 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.

დავით სერგეენკო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: ფუნქციის უკეთესად შესრულებისკენ მიმართული ნაბიჯებია

„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სერგეენკომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ ამ უწყებაში დასაქმებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან და ისინი კვლაც გააგრძელებენ საქმიანობას. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: ფუნქციის უკეთესად შესრულებისკენ მიმართული ნაბიჯებია. "ყველაზე მთავარი არის ის ფუნქცია, რასაც ეს ინსტიტუცია ასრულებს. ამაზე 2018 წლიდან დაწყებული იყო მსჯელობა, რომ უმჯობესია, ის ორი მთავარი ფუნქცია, რაც მასში არის, ზედამხედველობა და გამოძიება, გამიჯნული იყოს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიშვას. ბოლო ხანებში, როდესაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ 2018 წლიდან არის ამაზე საუბარი. მეორე ის იყო, რომ ვინც დასაქმებულები არიან ამ უწყებაში, უმუშევრები რჩებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, ისინი მაღალი ალბათობით ისევ დასაქმდებიან. მოვისმინე არგუმენტები, რომ ამ ინსტიტუციის ფუნქციები უკეთესად შესრულდება, რაც ჩემთვის მისაღებია", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს გაგრძელდება.

მედიის ცნობით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამთენიისას შეიყვანეს. ციხის მიმდებარედ შეკრებილები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. ადგილზე იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-სპიკერის, ემილი ჰორნიმლს თქმით, ლიდერები არაერთ საკითხს განიხილავენ, მათ შორის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტების საუბრის თემა ასევე იქნება უკრაინის საზღვრის კრიზისი და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე თვეში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის რიგით მეორე სატელეფონო საუბარია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე განმარტებას აკეთებს. უწყება ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი და აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ უწყებაში.

ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ

"მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. მიაკითხეს ეტლით და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული", - ამის შესახებ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. უფლებადამცველის განცხადებითვე, ყოფილ პრეზიდენტს არ აღენიშნება ფიზიკური ძალადობის კვალი, რადგან მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. „ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც მითხრა, მას მიაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და მაღალი წნევა. როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართოდაო, ამიტომ, არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რომ მიყავდათ რუსთავში, მაგრამ გზაში ცუდად თუ გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამებთო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონცენტრაციო ბანაკში. მუქარა მუდმივად დამოკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლებაც აღარ დაუტოვეს, რადგან ეუბნებიან, რომ თუ ცუდად გახდები, წახვალ გლდანში, რაც გულისხმობს იმას, „სადაც გაწამეს და კიდევ ერთხელ გაწამებენ“. ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით და ეს მდგომარეობა დასრულდება სწორედ ასე, უფრო ადრე, ვიდრე ეს ხელისუფლება დასრულდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 615 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 615 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დეკემბერის მონაცემებით ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 2 505 996 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 287 341 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 1 145 424 ადამიანი, მოსახლეობის 39.9%. „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 71 926 ადამიანს.

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები

რაკი პატიმარი იქნა გადაყვანილი ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, სხვა მხრივ ამგვარი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც რა თქმა უნდა, ახლა მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კარგი იქნება, პატიმარი თუ შეიგნებს, რომ პატიმარია და შეზღუდული აქვს უფლებები, თავისუფლება აქვს აღკვეთილი და სწორედ ამიტომ არის პატიმარი. „სამედიცინო პერსონალი როდესაც მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. ასე იყო ყოველთვის, ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა. შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები. მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი ერთხმად, 86 ხმით აირჩია. გიორგი ამილახვარი 2020 -2024 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან დღემდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ამასთან, ამილახვარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.

31 დეკემბერსა და 6 იანვარს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122 (გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრამდე“), N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383. რაც შეეხება 6 იანვარს, შობის ღამეს, მგზავრებს თბილისის მეტრო 00:00-დან 03:00 საათამდე მოემსახურება. მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც, უფასოდ იმგზავრებენ.

უკრაინის ომბუდსმენი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. „აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, - წერს დენისოვა. ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი.

კელი დეგნანი წელს აჯამებს: ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს

"ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს", - ასე შეაჯამა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 2021 წელი. "2020 წლის გამოწვევებმა, გლობალურად, ჩვენი, როგორც საზოგადოების შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა როგორც არასდროს 2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა; დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა, იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეეებს საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ; ვიმუშავეთ საქართველოს კავშირების განსამტკიცებლად დასავლეთთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამრომლობის ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად 2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე შრომობს რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია", - განაცხადა დეგნანმა.

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ნინო ლომჯარიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმაც დაადასტურეს, რომ სააკაშვილის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა. სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება არ მიეცათ სახალხო დამცველის რწმუნებულს და ექსპერტთა ჯგუფის წევრს. ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა. პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ. სამწუხაროდ, ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს. 2021 წლის 30 დეკემბერს, პატიმრის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები. „ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს შეფარდებული

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მსუბუქი სასჯელი აქვს შეფარდებული. ამის შესახებ მან სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანაზე საუბრის დროს თქვა. "მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა. ეს არის 6 წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან უნდა მოიხადოს, ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს 8 წელი", - აღნიშნა მან. კობახიძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორი კვირის წინ დასრულდა. "როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია", - თქვა კობახიძემ. მას ჰკითხეს იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა: "რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?! საერთოდ პოლიტიკიდან არის დისტანცირებული... ეს არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია". მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანა რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ დილით დაადასტურა. სააკაშვილი ნახეს მისმა ადვოკატებმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ შესატან ცვლილები 81 ხმით მიიღო. კანონს ეცვლება სათაური და მისი სახელწოდება იქნება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. პარლამენტის ცნობით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონით განისაზღვრა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი. კანონპროექტში შეიცვალა ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებისა და მისი შედეგების დეტალებს. კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაში ეწერა, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან ყველა თანამშრომელი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობებიდან. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებდა მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა