ძებნის რეზულტატი:
ბოლო წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასებმა 13,9%-ით მოიმატა
2021 წლის დეკემბერში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პროდუქტზე ფასები 13,9 პროცენტით არის გაზრდილი. საქსტატის ცნობით, ქვეყანაში ასეთი დონის ინფლაცია ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა: კომბოსტო - 199,16%; წყლის გადასახადი - 77,37%;ბუნებრივი გაზის გადასახადი - 76,59%;ელექტროენერგიის - 65,64%;ნაგვის გატანის -58,09%; ბენზინი - 39,89%; დიზელის საწვავი - 34,68%; კვერცხი - 37,57%;მზესუმზირის ზეთი - 36,09%;ბადრიჯანი - 34,45%;ჭარხალი - 33,64% ;შაქარი - 33, კარტოფილი - 32,86%;მარგარინი - 32,81%;თერმომეტრი - 47,54%; 37%;შპრიცი - 33,03%; ტრანსპორტი - 17,3%; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 15,6%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 14%; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 11,8%; ჯანმრთელობის დაცვა - 7,9%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5,2%; განათლება - 4,8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2,8%; დასვენება, გართობა და კულტურა - 2,5%. ამავე თემაზე: საქსტატი: ზეთის ფასი 27 %-ით გაიზარდა, პურპროდუქტების - 7 % -ით, ყავა, ჩაის - 13%-ით, რძის ნაწარმის - 11%-ით
რასმუსენი: საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს ბოლო უნდა მოვუღოთ
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა Politico-ს ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემული პირობის შესასრულებლად გეგმის ჩამოყალიბების დროა. „2008 წელს საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილს დავპირდით და დროა, ჩვენი დაპირების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა ჩამოვაყალიბოთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორის მოიცავს, მაგრამ NATO-ს არ შეუძლია, ჰქონდეს გაფართოებასთან დაკავშირებით ღია კარის ისეთი პოლიტიკა, რომელშიც პუტინს უფლებას აძლევს, როგორც შვეიცარმა იმოქმედოს“, - ნათქვამია სტატიაში. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინელები მზად იქნებიან, თავისუფლებისთვის იბრძოლონ. „შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში? ეს მხოლოდ მან იცის. მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუგზავნოთ და ეკონომიკური სანქციები დავაწესოთ, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ირანის პრეზიდენტმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან, იტყობინება პრემიერის პრესსამსახური. მხარეებმა დღის წესრიგში არსებული არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის სომხეთ-ირანის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. მათ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს მათი ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ფაშინიანმა და რაისმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელებაზე.
Twitter-მა კონგრესმენს ანგარიში სამუდამოდ გაუუქმა
ამერიკელ კონგრესმენს, რესპუბლიკელ მარჯორი ტეილორ გრინს Twitter-მა ანგარიში სამუდამოდ დაუბლოკა. კონგრესმენმა კოვიდვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია უკვე მეორედ გავრცელებაა. BBC-ის ცნობით, კონგრესმენის ანგარიში Twitter-მა მანამდე ოთხჯერ გააუქმა. თავად გრინმა განაცხადა, რომ აკრძალვა ადასტურებს, რომ კომპანია „ამერიკის მტერია“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც. „ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა დღეს თანამდებობა დატოვა.
ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა
სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. "საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკაში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის განაცხადებით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. „სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მასთან მიმართებაშიც, დეტალურად გამოიკითხა და ფიქრობს, რომ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რათა შეანელოს გამოძიების პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, მათ შორის დააყენებს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება 50 ოპოზიციონერი პარლამენტარი დეპუტატისადმი მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ექიმების დამოუკიდებელ ჯგუფს არ ეძლევა სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა და დაუცველია ადვოკატებთან მისი შეხვედრის კონფიდენციალურობა. იანვარს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა, შოთა თუთბერიძემ და ბექა ბასილაიამ მედიას განუცხადეს, რომ თუ ეს პრობლემები 6 იანვრამდე არ მოგვარდება, მიხეილ სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, თუმცა, კონკრეტულად რა ფორმაზეა საუბარი, ჟურნალისტებისთვის უცნობია. სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში
ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად აღნიშნული შტამით ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს. „147 შემთხვევიდან 18 წლამდე ასაკის 14 მოზარდია, სტაციონარში მოთავსდა ხუთი, მაგრამ მოთავსების მიზეზი „ომიკრონი“ იყო მხოლოდ ორ შემთხვევაში, დანარჩენში მიზეზი იყო კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებები. 147 პაციენტის კლინიკური მდგომარეობა შედარებით მსუბუქია – მიმდინარეობს ზომიერი ტემპერატურით, ყელის ტკივილით და ხველებით, სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიასთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრან. ამირან გამყრელიძე: თუ 60 წელს გადაცილებულებში 80-90% აიცრება, სერიოზული გარდატეხა იქნება პირველ რიგში სიკვდილიანობის შემცირების მხრივ
ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა
სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საკითხი ადმინისტრაციამ განცხადებით განმარტა. „29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა. სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით. კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ცერემონია 29 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და დაჯილდოვდნენ როგორც 2021 წლის ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები, ასევე 2020 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები, რადგან გასულ წელს, პანდემიის გამო, დაჯილდეობის ცერემონია ვერ ჩატარდა. შეგახსენებთ, სხვადასახვა მედიაში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა, კერძოდ, ჯილდო წიგნისთვის "ოფიცრის ატლასი" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს ერგოთ. მედიის ინფორმაციით, ნოდარ ხორბალაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე: ჩემი გადადგომა ახალ მინისტრს არ უკავშირდება. ცოტა უნდა დავისვენო
გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და მისი თანამდებობიდან წასვლა ახალი მინისტრის დანიშვნას არ უკავშირდება. მან განმარტა, რომ თანამდებობის დატოვებაზე ინფორმირებული იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. „თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე. წლის ბოლოს აღვასრულე დიდი და რთული შრომიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავწიეთ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ცოტა უნდა დავისვენო, შემდგომში უფრო მეტად ნაყოფიერად უნდა გავაგრძელო მუშაობა, სადაც სამშობლოს დასჭირდება. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ ეს აუცილებელი იყო. ეს არ უკავშირდება ახალ მინისტრს. ეკატერინე ტიკარაძესთანაც მქონდა აღნიშნულ საკითხზე საუბარი“, - განმარტავს წოწკოლაური „ინტერპრესნიუსთან“ ცნობისთვის, გიორგი წოწკოლაური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა
რა მდგომარეობაა გზებზე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოა ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე. ასევე ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კ14-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ვტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ14-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონეა ვტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. განახლება ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ $25.6 მლრდ-ი შეადგინა. მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით $319.8 მლნ-ით გაუარესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -25.6 მლრდ აშშ დოლარი (-79.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -145.9 პროცენტია. ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 319.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.1 მლრდ აშშ დოლარია (34.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 150.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 36.7 მლრდ აშშ დოლარი (114.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 470.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ დოლარით გაიზარდა
სამხრეთ აფრიკა იტყობინება, რომ „ომიკრონის“ ტალღამ შესაძლოა, პიკს მიაღწია
სამხრეთ აფრიკამ კომენდანტის საათის წესები გააუქმა. ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანამ შესაძლოა, უკვე გადალახოს კოვიდინფექციის მეოთხე ტალღის პიკი. მთავრობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ძალიან გადამდები იყო, ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ვიდრე ეს წინა ტალღების დროს იყო. სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა თითქმის 3,5 მილიონი შემთხვევა და 90,000-ზე მეტი დაიღუპა პანდემიის დროს - მეტი, ვიდრე აფრიკის სხვა ქვეყანაში. „ომიკრონის“ ტალღას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ებრძვის. მაგალითად, ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია. ქვეყანაში 30 დეკემბერს, სექტემბრის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთში ზედიზედ მეორე დღეა, 200 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ინდოეთში, კოვიდინფექციების გავრცელების ზრდამ აიძულა მთავრობა, გაემკაცრებინა შეზღუდვები, მათ შორის ღამით დაეწესებინა კომენდანტის საათი ყველა დიდ ქალაქში. პორტუგალიამ თვითიზოლაციის პერიოდი უსიმპტომო პაციენტებისთვის 10-დან შვიდ დღემდე შეამცირა. ასევე წაიკითხეთ:„ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
რუსეთის ავიაციამ სირიაში ქალაქ იდლიბის მიმდებარე არეალი დაბომბა
რუსეთის ავიაციამ 2 იანვარს სირიაში ქალაქ იდლიბის მიმდებარე არეალი დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ბომბები დაუშინეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და წყლით მომარაგების სადგურს. იდლიბის წყლით მომარაგება შეწყდა. მათივე თანახმად, დაზარალდა ქალაქის დასავლეთში მდებარე დროებითი ბანაკები. სააგენტო აღნიშნავს, რომ სირიაში საჰაერო იერიშები არ ყოფილა ნოემბრის შემდეგ. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმია იტყობინებოდა, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჯიჰადისტების თავშესაფარი ადგილებია.
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად იაშვილის კლინიკაში ექვსი პაციენტი მოხვდა
იაშვილის კლინიკის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური სამსახურის უფროსის, პროფესორ ბიძინა კანაშვილის განცხადებით, იაშვილის კლინიკას ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ექვსმა პაციენტმა მიმართა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვს 10 წლის გოგონას, რომელსაც ორივე მტევნის კომბინირებული დაზიანება აღენიშნება. „დაზიანება მოიცავს მტევნის დამწვრობას, მყესებისა და კუნთების გაგლეჯას, ასევე სხვადასხვა ძვლის მრავლობით მოტეხილობებსა და რამდენიმე თითის ამპუტაციაც მოხდა პიროტექნიკის აფეთქების მომენტშივე. შესაბამისად, მტევნის მთლიანობის სრული აღდგენა შეუძლებელი იყო. მსგავსი დაზიანებები იყო მარცხენა მტევანზე 10 წლის სხვა პაციენტის შემთხვევაშიც. ყველაზე პატარა პაციენტი არის შვიდი წლის“, – განაცხადა ბიძინა კანაშვილმა.
ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს
ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს. ამასთან, მოგზაურები უნდა იყვნენ აცრილნი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ან გადატანილი ჰქონდეთ COVID19. ქვეყანაში შესასვლელად ტურისტებს მოუწევთ სპეციალური ფორმის შევსება, ასევე თვითმფრინავში ჩასხდომამდე და ჩაფრენის შემდეგაც პისიარ ტესტის ჩატარება და 24 საათით იზოლაცია, ვიდრე ბოლო ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების სიიდან, სადაც ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება აკრძალული ჰქონდათ ამოიღეს უნგრეთი, ნიგერია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, კანადა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
რატომ მიიღეს „თელმიკოს“ აბონენტებმა ორი ქვითარი
„თელმიკოს“ აბონენტებმა დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში უკვე ორი ქვითარი მიიღეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ელექტროენერგიის მრიცხველების ერთიანი წაკითხვის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, სადაც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯი. სემეკ-ის წარმომადგენელთა განმარტებით, ორი ქვითრის მიღება არ ნიშნავს, რომ აბონენტებს ზედმეტი თანხა დაერიცხებათ, და თუ მაგალითად 100 ლარს იხდიდნენ, ერთი ქვითრით 50-ს ხოლო, მეორე ქვითრით 50-ს გადაიხდიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები უკვე იტყობინებიან ზედმეტი დარიცხვების შესახებ. ჯერ უცნობია, გაკეთდება თუ არა განმარტება ამასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, იანვარში გადახდის სისტემაში ცვლილება GWP-ს აბონენტებსაც შეეხოთ. გადასახადი გაორმაგებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი თვის გადასახადი წინასწარ არის დარიცხული და მომხმარებლებმა ის იანვრის ბოლომდე უნდა დაფარონ. ასევე წაიკითხეთ: აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხების გამო „თელასს“ და „თელმიკოს“ ახალი პირობის შესრულება დაევალათ სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარდა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაო. რა მდგომარეობაა გზებზე
ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა
გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა. ამ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. „საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა და სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა
„ქართულმა ოცნებამ“ ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. ამ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ამავე თემაზე: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები განხორციელდა