ძებნის რეზულტატი:
კახა კალაძე: ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს
ყველაფერი ცუდი უნდა ჩავაბაროთ წარსულს და გავატანოთ 2021 წელს. ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა ყველას, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. „მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩემს თბილისელებს. მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვრებს გარეთ იმყოფებიან! ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მიხარია, რომ დღეს რესპუბლიკის მოედანზე ამდენი ადამიანი შეიკრიბა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ჩვენს ქვეყანას ემსახურება! გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, ახალ 2022 წელს. ვიცი, რომ 2021 წელი იყო რთული წელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ცუდი უნდა ჩავაბაროთ წარსულს და გავატანოთ 2021 წელს. ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. მინდა წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს! სულიერი სიმშვიდე თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. წარმატებებსა და გამარჯვებებს გისურვებთ! გილოცავთ, მეგობრებო!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
2-4 იანვარს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი. მათივე ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთმა Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო ტაბლეტები დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაამტკიცა ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი „პაკსლოვიდის“ ტაბლეტები. ამასთან, „პაკსლოვიდი“ ინიშნება ძალიან სწრაფად კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეებში და პრეპარატის მიღება ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს არავაქცინირებულ ადამიანებში. "პაკსლოვიდი" მეორე ვირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ნოემბერში მარეგულირებელმა ორგანოებმა პრეპარატი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცეს.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 936 844-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 896 868 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა ჯამურ მაჩვენებელს, ის 13 860-ია. ბოლო 24 საათში ტესტის სახით 34 234 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 590, PCR ტესტით - 16 644. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური 6,14%, ბოლო 14 დღის - 5,55%, ბოლო 7 დღის - 5,58%. სულ აცრილია - 2 514 871 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 495 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა კი 832-ია.
მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მოშიმშილეებს სააკაშვილის თხოვნა მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუკი მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართავდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. "მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე", - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტი: მტკიცედ ვარ დარწმუნებული, მომავალი წელი უკეთესი იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება. „დღეიდან საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ჩვენ ეს მომენტი პროგრესისთვის უნდა გამოვიყენოთ, 2022 წელი ევროპის შემობრუნების წელი უნდა იყოს", - განაცხადა მაკრონმა.
ალექსანდრე გოგინავა: პანდემიამ სხვა გამოწვევა გვაჩვენა, აქ მხოლოდ ექიმობა საკმარისი არ არის
პანდემიამ სხვა გამოწვევა გვაჩვენა. აქ მხოლოდ ექიმობა არ არის საკმარისი. ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ადამიანს დაეხმარო, თითოეული ამ ადამიანის უკან თავისი ისტორია და უდიდესი ტრაგედიაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მამის გარდაცვალების შემდეგ მედიცინაში სრულფასოვნად დაბრუნება ძალიან გამიჭირდა. მძიმე იყო, რადგან მე, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ვარ დაწყების დღიდან, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ვერ გადავარჩინე“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. კითხვაზე, რას გააკეთებს როდესაც პანდემია დასრულდება, ინფექციონისტმა განაცხადა: „პანდემიის დასრულების შემდეგ ბევრი რამე მაქვს დაგროვილი, რაც უნდა გავაკეთო. როგორც კი პანდემია დასრულდება, მინდა ტელეფონი გავთიშო და სადმე დასასვენებლად წავიდე“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება
ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და დანამატს , ნაცვლად 60 წლის და მეტი ასაკის პირებისა, 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 388 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 388-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 514 871 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 936 844 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 896 868, გარდაიცვალა 13 860 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
ამირან გამყრელიძე: თუ 60 წელს გადაცილებულებში 80-90% აიცრება, სერიოზული გარდატეხა იქნება პირველ რიგში სიკვდილიანობის შემცირების მხრივ
სპეციალისტები საქართველოს მოსახლეობის 70% აცრას ზაფხულისთვის ვარაუდობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამისათვის „ყველაფერი უნდა გაკეთდეს“. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი, 80-90%-იანი მოცვა გვქონდეს ყველაზე უფრო მოწყვლად ასაკში, 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში. თუ ჩვენ აქ მივაღწევთ 80-90%-იან მოცვას, მაშინ სერიოზული გარდატეხა მოხდება პირველ რიგში სიკვდილიანობის შემცირების მხრივ და რა თქმა უნდა, მთლიანად პანდემიის დასრულების თვალსაზრისით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ40 მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევებმა მოიმატა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, 31 დეკემბრის მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსის სულ 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
საქართველოში კოვიდინფიცირების 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 291 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,92%, ბოლო 14 დღის - 5,49%, 7 დღის - 5,67%. საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევებმა მოიმატა
კელი დეგნანის თქმით, ქართველი პარტნიორების დახმარებას აშშ-ის საელჩო მრავალი პროგრამის ფარგლებში განაგრძობს
ამერიკის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ქართველი პარტნიორების დახმარებას აშშ-ის საელჩო მრავალი პროგრამის ფარგლებში განაგრძობს. ამის შესახებ ელჩი დიპლომატიური წარმომადგენლობის ვიდეომილოცვაში საუბრობს. „წელსაც ბევრი გეგმა გვაქვს, 2022-ში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესაც ვიზეიმებთ. მრავალი პროგრამის გარდა, რომელიც გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ეკონომიკური აღდგენისკენ მიმართულ დახმარებას, ჩვენ ბევრს გავაკეთებთ ჩვენს შორის ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. საახალწლო სურვილებზე საუბრისას, ელჩმა და მისმა მეუღლემ დუგლას მორისმა ვიდეოში აღნიშნეს, რომ ეცდებიან, უფრო მეტი გააკეთონ მათზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანებისთვის და ამისკენ სხვებსაც მოუწოდეს. „აშშ-ის საელჩო დაეხმარება ჩვენს ქართველ პარტნიორებს ახალი სკოლის გახსნაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას პედიატრიულ საავადმყოფოს და ააშენებს სახლებს მთაში მცხოვრები ხანდაზმულთათვის. ეს ჩვენი პროექტების მცირე ჩამონათვალია. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“, - აცხადებს ამერიკის ელჩი.
საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა
ევროკავშირის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი გახდა. გერმანიამ თავმჯდომარეობა სლოვენიისგან გადაიბარა. საფრანგეთის შემდეგ კი, 2022 წლის ბოლომდე, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი გახდება. ევროკავშირის ქვეყნები საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ერთმანეთს ყოველ 6 თვეში ცვლიან. ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტი ქვეყანა ხელმძღვანელობს სხდომებს საბჭოს ყველა დონეზე, რაც ევროკავშირის მუშაობის უწყვეტობას უზრუნველყოფს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა წლის ბოლო გამოსვლაში განაცხადა, რომ ქვეყანაში საკვების დეფიციტია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კვლავ აღიარა, რომ ქვეყანაში „საკვების პრობლემაა“. სიტყვით გამოსვლაში კიმ ჩენ ინმა უმეტესი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის მნიშვნელობას დაუთმო. მან სამხედრო სფეროში პროგრესს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, მიღწეულია ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წლის განმავლობაში. კიმ ჩენ ინს არ უხსენებია სამხრეთ კორეა და არც აშშ, გარდა მოკლე მინიშნებისა კორეასთან ურთიერთობებსა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის მიმართულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა არ დააკონკრეტა სურსათის დეფიციტის ხარისხი, მსოფლიო სურსათის ორგანიზაცია 2021 წელს, ასობით ათასი ტონა ბრინჯის დეფიციტის შესახებ იუწყებოდა.
სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში ძლიერი ხანძარია
სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში პარლამენტის შენობაში დიდი ხანძარი მძვინვარებს. ვიდეოკადრებში შავი კვამლი და უზარმაზარი ალი ჩანს, რომელოიც შენობის სახურავიდან გამოდის. ადგილზე ათობით მეხანძრე მუშაობს, რომლებიც ხანძარს ებრძვიან; ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით ახალი წლის ღამეს
პიროტექნიკის გამოყენებისას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მონაცემებით, თბილისში ამ მიზეზით სულ რვა პაციენტს დასჭიტდა დახმარება, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს. რადიო თავისუფლების ცნობით, მათგან 6 ადამიანი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ჰოსპიტალიზებულია. საქართველოს რეგიონებში ამ დროისათვის აღრიცხულია პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა, კლინიკაში გადაყვანილია 13 პაციენტი. მაგალითად, „კლინიკა რუსთავში“ ახალი წლის ღამით 6 პაციენტი მიიღეს და როგორც გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მოდებაძემ განუცხადა „ინფორუსთავს“, პიროტექნიკის არასწორი მოხმარების გამო მათ ძირითადად კიდურები დაუზიანდათ. ზოგიერთს დასჭირდა გადაუდებელი ოპერაციაც. მისივე თქმით, ამ ექვსი პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვებიც. გარდა პიროტექნიკით დაზიანებისა, ახალი წლის ღამით, საქართველოს მასშტაბით საკვებით მოიწამლა 38 ადამიანი. ჰოსპიტალიზებულია 12 პაციენტი. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იყო 145.
აშშ-ში 2 500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
მსოფლიოს მასშტაბით, სულ 4 400-მდე ფრენა, მათგან 2 500-ზე მეტი აშშ-ში გაუქმდა. ამერიკული ავაიკომპანიების თანამშრომელთა დიდ ნაწილს კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაუდასტურდა. გარდა ამისა, აშშ-ში უამინდობდა, თოვლი და ძლიერი ქარია, რის გამოც უამრავი ადამიანი სახლში ვერ ბრუნდება. „ომიკრონის“ გავრცელებამ პერსონალის დეფიციტი შექმნა, რასაც მთელ მსოფლიოში 1500-ზე ფრენის გაუქმება მოჰყვა
რუსეთის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდი წესრიგის დარღვევის გამო ავიარეისიდან მოხსნეს
რუსეთის და ჩეხეთის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდები წესრიგის დარღვევის გამო ავიარეისიდან მოხსნეს. მგზავრები ამბობენ, რომ რუსეთის გუნდის წევრები უარს ამბობენ ნიღბების ტარებაზე. ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ოტოკარ ჩერნიმ აღნიშნა, რომ მის გუნდი ყველა წესს იცავდა და გაუგებრობა მოხდა. „ჩემს გუნდს ისე მოექცნენ როგორც რუსეთის ნაკრების მოთამაშეებს, მიზეზი კი მათი მსგავსი რუხი ფერის ჩაცმულობა იყო“, - აღნიშნა ჩერნიმ. მისივე თქმით, Air Canada-ს წარმომადგენელმა გუნდს ბოდიში მოუხადა და პირველი იანვრისთვის სასტუმროთი და ფრანკფურტში რეისით უზრუნველყო. რუსეთის გუნდი კი მომდევნო რეისით გაფრინდა მოსკოვში. ცნობისთვის, გუნდების წევრები ახალი წლის ღამეს ფრანკფურტის რეისიდან მოხსნეს. ისინი სამშობლოში ბრუნდებოდნენ, რადგან ახალგაზრდულ გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი COVID19-ის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო გაუქმდა. რუსეთის ნაკრების მწრთნელმა, სერგეი ზუბოვმა განაცხადა, რომ გუნდი რეისიდან მოხსნეს ნიღბების ტარების წესის დარღვევის გამო. თუმცა მედიის ინფორმაციით, წესებს თავად ზუბოვიც არღვევდა.