ძებნის რეზულტატი:
საქართველო „3+3“ ფორმატში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება
საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 კავკასიის პლატფორმის მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება, განაცხადა თურქეთში საქართვეკლოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ Daily Sabah-თან. ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ მეზობლად“ განიხილავს სამეზობლოში, სადაც ასევე არის ირანი. „მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული", - აღნიშნა ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს 3+3 ფორმატში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ამავე თემაზე: „3+3“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დაანონსდა დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია
FDA-მ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა. უწყებამ ასევე დაუშვა იმუნიტეტ დაქვეითებულებში (5-11 წლის ბავშვებში) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება. BioNTech-მა და Pfizer-მა 8 დეკემბერს განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგებით, მათი ვაქცინის 3 დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტიანია.
ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი კლინიკური მართვის ჯგუფთან განიხილა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და მკურნალობის პროტოკოლზე იმსჯელეს. ძირითადი აქცენტი COVID19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში გაგრძელდება. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი მინისტრი 27 დეკემბერს წარუდგინა.
აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ, აშშ-ის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის ერთობლივ განცხადებას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეები ხაზს უსვამენ ბირთვული საფრთხეების მოგვარებისა და გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას. ამასთან, ვალდებულებას იღებენ, ერთად იმუშაონ უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით. განცხადების ავტორები ადასტურებენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ვინაიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას შორსმიმავალი შედეგები ექნება. „ჩვენ ასევე ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი თავდაცვით მიზნებს უნდა ემსახურებოდეს: შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი იარაღის შემდგომი გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
დონალდ ტრამპის შვილები ჩვენების მისაცემად გამოიძახეს
ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილები, ივანკა ტრამპი და დონალდ ტრამპი უმცროსი ჩვენების მისაცემად გამოიძახა. Reuters-ის ცნობით, 2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორის მიერ დაწყებული გამოძიება ვარაუდობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ Trump Organization-ი ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება. მანამდე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პრაქტიკას იყენებდნენ. 2021 წლის ივლისში, მანჰეტენის საოლქო პროკურატურამ Trump Organization-სა და მის ფინანსურ დირექტორს, ალენ ვაისელბერგს საგადასახადო დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.
ირანის პრეზიდენტი ტრამპის დასჯას ითხოვს
გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ და აღნიშნა, რომ მთავარმა დამნაშავემ და მკვლელმა, რომელმაც ერაყში სულეიმანის კოლონაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, პასუხი აგოს“. ებრაჰიმ რაისის განცხადებით, სამართლიანი სასამართლო უნდა შეიქმნას, რომელშიც ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან. თუ ასე არ მოხდება, რაისი შურისძიებით იმუქრება. 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისას ერთ ადამიანი დაიღუპა
შეიარაღებულებმა ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, არიელ ანრის მოკვლა სცადეს. Reuters-ი ჰაიტის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი პირველ იანვარს ჰაიტის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, ტაძრიდან გამოსვლის დროს მოხდა. შეიარარებული დაპირისპირება უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და თავდამსხმელებს შორის მოხდა. Guardian-ის ცნობით, სროლისას, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ბორელი უკრაინას ეწვევა
ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამ კვირის ბოლოს უკრაინას ეწვევა. ევროკომისიის განცხადებით, ეს არის კიევის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირება მის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე. ბორელის ვიზიტი უკრაინაში დაანონსდა მაშინ, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ორდღიან მოლაპარაკებებს ჟენევაში 9 იანვარს გამართავენ. განსახილველ თემებს შორის არის ბირთვული იარაღის კონტროლი და დაძაბულობის ზრდა უკრაინის საზღვართან, რასაც დეკემბრის დასაწყისში, კრემლის მიერ ვაშინგტონის მიმართ წარდგენული რამდენიმე პირობა დაემატა. ასევე წაიკითხეთ: NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს
Apple პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს მიაღწია
ისტორიაში პირველად, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს ეტაპი წარმოადგენს Apple-ის წარმატებების აღიარებას ინვესტორების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიამ გამოაცხადა აქციების 182.88 დოლარამდე ზრდის შესახებ, რაც ახალი რეკორდია. 3 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებით, Apple-მა ბოლო წლებში კაპიტალიზაცია გაასამმაგა. Apple-მა წლიური ზრდა, ეოთხე კვარტალში თავისი პროდუქციის ყველა კატეგორიაში აჩვენა. შემოსავალი წლის განმავლობაში 29%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ iPhone ჯერ კიდევ გაყიდვების ყველაზე დიდი მამოძრავებელია, კვარტალში 18 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მოიტანა.
იან კელი: საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის
საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. „გზავნილი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში", - წერს იან კელი Twitter-ზე. ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა და სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ძლიერი ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საფრანგეთში COVID19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
საფრანგეთში აღმოჩენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2. ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა დეკემბერში აღმოუჩინეს კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს. მან საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის კვლევა ადრეულ ეტაპზეა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს. ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი ომიკრონია. ინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს შტამი აქვს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „დღეს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ (B9) ჯგუფს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი სამხედრო აქტიურობა განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ერთიანი პოზიციის საჭიროება მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მიმართ.
საქართველოს პატრიარქი 89 წლის გახდა
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 89 წლის გახდა. ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 44-ე წლისთავი აღინიშნა.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1955 ადამიანი. ჩატარდა 39 315 ტესტი, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 942 173-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 904 903-მდე. ვირუსს ჯამში 14 009 ადამიანი ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.13%, ბოლო 14 დღის - 5.67% ხოლო 7 დღის - 6.26%. ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 569, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25. აქტიური შემთხვევა - 23 235, საიდანაც: 4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 049, აჭარაში - 504, იმერეთში - 745. მძიმე პაციენტია - 1 111, მათ შორის, თბილისში - 541, აჭარაში - 119, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 269 ადამიანი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 33, იმერეთში - 27. 892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 587 - თბილისში, 209 - აჭარაში. 17 949 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 27 401 ადამიანი.
აშშ-ის კონგრესში COVID19-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია
აშშ-ის კონგრესში COVID19-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია. როგორც კაპიტოლიუმის შენობაში მომსახურე ექიმმა ბრაიან მონაჰანმა კონგრესს 3 იანვარს წერილით შეატყობინა, ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი, ნოემბრის ბოლოს შემდეგ, 1%-დან 13%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მონაჰანის მონაცემებით, კონგრესში კორონავირუსის ინფიცირების ნაწილი ვაქცინირებულ პირებზე მოდის. ინფიცირების შემთხვევებიდან 61%-ს „ომიკრონ“ ვარიანტი შეადგენს, 38%-ს კი, „დელტა“. კაპიტოლიუმში მომუშავე ექიმის მონაცემებით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას. ექიმი კონგრესს ურჩევს, მაქსიმალურად გამოიყენონ მუშაობის დისტანციური ფორმა და შეამცირონ კონტაქტები.
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 560-ს გადააჭარბა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაადასტურა. საახალწლო უქმე დღეების შემდეგ, 3 იანვარს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ოთხ დღეში გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID19-ით დაავადებული 4 პაციენტი. პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 38 007 შემთხვევა, მათგან 561 გარდაცვალების. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 2 მფრინავი დაიღუპა
ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ვერტმნფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა ორი მფრინავი. ეკიპაჟის მესამე წევრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებში დაწყებულია გამოძიება, სასწავლო ფრენები კი, დროებით შეჩერებულია.
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 148 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.
ივანე ჩხაიძე: ძალიან ადრეა საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია
საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის ვირუსს 42 ახალი მუტაცია აღენიშნება, აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია პირველად 6 დღის წინ გავრცელდა და ის საფრანგეთში კამერუნიდან ჩასულ ადამიანს აღმოაჩნდა. „განიხილავს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მუტაციას „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიად თუ დარჩება „ინტერესის მუტაციის“ კატეგორიაში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ყველაზე მთავარია ამ მუტაციის შეფასება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეაფასებს თუ არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ამ მუტაციას შეშფოთების მუტაციად, ანუ მუტაციად, რომელიც უფრო სწრაფად გადამდებია, მძიმე დაავადებას იწვევს და რომლის წინააღმდეგ ვაქცინები არის არაეფექტური - ეს არის 3 ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გვჭირდება ამ კამერუნული შტამის შესაფასებლად. ასეთი მუტაციები ბევრია და მარტო 2021 წლის განმავლობაში 3 ასეთი მუტაცია ვიხილეთ. შესაძლებელია, ახალი მუტაცია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე „დელტა“ შტამია, ამიტომ ამას სჭირდება შეფასება. საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, ძალიან ადრეა. საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, მართლაც უპრეცედენტოა. მსგავსი რაოდენობით მუტაცია არცერთ ვირუსს არ ჰქონია“, - განაცხადა ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფრენციაზე. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო