ძებნის რეზულტატი:
სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება
საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. „მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტი.
უცხოური მედია: ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, მოკლე მანძილზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების ფაქტს სამხრეთ კორეა და იაპონია ადასტურებენ. მიმდინარე თვეში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული მეოთხე სარაკეტო გამოცდაა. სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდო ბალისტიკური რაკეტები ფხენიანის აეროპორტიდან ისროლა, რომლებმაც 42 კილომეტრის სიმაღლეზე 380 კილომეტრის მანძილზე იფრინეს. ამასთან, იაპონიის მთავრობამ რაკეტების გაშვება დაგმო და რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სანქციების გამო „უფრო ძლიერი პასუხით“ იმუქრება
გზების დეპარტამენტი: საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაო ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა და ახლაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამ დროისთვის, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის კმ6-კმ11 მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 196 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 515 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის - 9.64% ხოლო 7 დღის - 9.69%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა - 330, იმერეთი - 213, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 98, გურია - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 329 საიდანაც: 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 872, აჭარაში - 611, იმერეთში - 856. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 122, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 289 პაციენტი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 45, იმერეთში - 26. 2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 - თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.
"რესპუბლიკელი“ კონგრესმენი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მაიკლ მაკკოლის თქმით, ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა. ამის შესახებ კონგრესმენმა Twitter-ზე დაწერა. „ვერ ვხედავ შეკავებას. მე ვხედავ მკაცრ რიტორიკას, თუმცა ვერ ვხედავ ბევრ ქმედებას. უნდა ვისაუბროთ იარაღის მეტ გაყიდვაზე, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე“, - წერს კონგრესმენი. ამასთან, მაიკლ მაკკოლმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა ძალა უნდა გამოაჩინოს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთიდან ძალები გაიყვანა და თალიბებმა ქვეყანაზე სწრაფად აიღეს კონტროლი. ცნობისთვის, ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა. აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო
პრემიერი: დაახლოებით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღებს
ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. „მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პროგრამა იანვრიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები
დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში. „მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, რატომ?
პოლიციამ უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა - ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს - 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა. „საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურის სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და ელენე ბაქრაძის წიგნის გავრცელების შეწყვეტას სთხოვს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს. კერძოდ, მან გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ლიტერატურის მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს ამ გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად. „2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ. წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს Facebook-ზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაიპარა - „ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა. შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში. არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსნურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს - რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს. ერთ-ერთი არც მალავს ანა კალანდაძეზე „დარდის“ მიზეზს - „ყველაფერი ლოგიკურია: როცა მუზეუმს ლაშა ბაქრაძე ხელმძღვანელობს, ისიც შესაძლებელია, ანა კალანდაძის ლექსები... ელენე ბაქრაძისა (დარიანისა) რომ აღმოჩნდეს(?!)...“ვეჭვობ, ეს ადამიანები ასე ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ ანა კალანდაძის პოეზიას, რომ ორი არცთუ ისე ცნობილი ლექსი თვითონ შეემჩნიათ.ეს ამბავი აღმოაჩინა ანა კალანდაძის პოეზიის უბადლო მცოდნემ და თავად პოეტმა - ქალბატონმა დოდო ჭუმბურიძემ. ჩვენთვის ეს შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ეს შეცდომა სწორედ ელენე ბაქრაძის წიგნს უკავშირდება, რომელსაც არ სწაყალობს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი.ეს წიგნი არანაირად არ ისახავს მიზნად რაიმეს მტკიცებას. ვისაც აინტერესებს, სასურველია, ჯერ წიგნს გაეცნოს, და მერე გამოიტანოს დასკვნები. წიგნში, როგორც ჩვენს სხვა ყველა გამოცემაში, არანაირი შეფასებითი კომენტარი არაა.გამოცემაში საინტერესო მოგონებები და ჩანაწერებია მეოცე საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების ბევრ მოღვაწეზე. როგორც ყველა მოგონება, ესენიც სუბიექტურია.მთავარი საკითხი კი, რომელიც პრობლემურად ეჩვენება საზოგადოების ნაწილს - არის პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის ურთიერთობა, რომელიც ლიტერატურული დისკუსიის საგანი უნდა იყოს და არა გაღიზიანებისა და ტაბუირების, მთავლიტის აკრძალვების. არის საკითხები, რომლებზეც საუბარი და დისკუსიაა საჭირო და არა გარკვეულ მონაცემთა სრული იგნორირება და დამალვის საბჭოური სურვილი სამწუხაროდ, ახლა ისევ გაჭირდება ამ თემაზე საუბარი, სწორედ ამ ჩვენი შეცდომის გამო, რადგან ასერიგად თავის სიმართლეში მარად დარწმუნებულნი საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად - ამ შეცდომას დაუწყებენ ფრიალს და სხვაგან, არარელევანტურ სივრცეში, გადაიტანენ დისკუსიას, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენში. სულ არ ვაპირებდი დარიანული ციკლის ელენეს მიერ ჩაწერილი და გამოქვეყნებული ლექსების ვარიანტების შედარებას და ამ კონკრეტულ თემაზე ჩემი აზრის გამოთქმას, მაგრამ ახლა მომიწევს და მალე მოგახსენებთ“, - წერდა ლაშა ბაქრაძე.
დავით ზალკალიანი: ჩვენმა NATO-ელმა პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, NATO-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს იმას, რომ NATO-ელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, NAETO-ში დაგეგმილ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციის და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით და თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მათ შორის მადრიდის სამიტის წინ, იმისთვის, რომ საქართველოს მიზნები, რაც უკავშირდება NATO-ში გაწევრიანებას, რეალიზდეს. "ჩვენი NATO-ელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მათგან, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი NATO-რუსეთის კომისიის სხდომაზე, თუმცა ის შინაარსი საუბრებისა, რომელიც მე მქონდა NATO-ს მაღალჩინოსნებთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა NATO-ელმა პარტნიორებმა, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს გავლენის სფეროებზე და რომ NATO-ს გაფართოების საკითხი არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს NATO-ში გაწევრიანება და ნატოს გადასაწყვეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე წიაკითხეთ: დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 290 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 612 313 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 343 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 931 507, გარდაიცვალა 14 481 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ $229.5 მლნ შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა. 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.
ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ „ქართლში“ კაცის გარდაცვალებაზე: ეს არის უბედური შემთხვევა და დევნილების პრობლემასთან ნუ დავაკავშირებთ
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მომხდარი უბედური შემთხვევაა და მას დევნილების პრობლემასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მედიასთან განაცხადა. „ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლის“ და დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბინით 13000 ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ შეხვდა პირადად მინისტრი ადგილობრივებს. მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხს მისი მოადგილე კურირებს. „ამ მიმართულებას ჰყავს კურატორი, ჩემი ახალი მოადგილე, რომელსაც აქვს სრული მანდატი ჩემი მხრიდან, რომ აღნიშნულ საკითხებზე იმუშაოს როგორც დევნილებთან, ასევე მენაშენეებთან, აქედან გამომდინარე, იგი შეხვდა მათ, გაეცნო პრობლემებს გააცნო, პრიორიტეტები და ვფიქრობ, რომ შეთანხმდნენ დეტალებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაპირებები ზედმიწევნით შესრულდეს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
სოციალური აგენტები საპროტესტო აქციას მართავენ
ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "დაპირებები გვესმის ოთხი წელია, რაც ეს პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ დაპირებას ვერ ვენდობით. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, იყო ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ასევე არაფერია ნათქვამი ჩვენს სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს", - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე „სოლიდარობის ქსელის" იურისტმა დავით ომსარაშვილმა განაცხადა. ამასთან, აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან მატებას ითხოვენ, რადგან აქციის მონაწილეების თქმით, არსებული ხელფასები სოციალურ აგენტებსა და სხვადასხვა სპეციალისტებს საარსებოდ არ ჰყოფნით. ასევე წაიკითხეთ: სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის დაანონსების შემდეგ, სააგენტო ხელფასების ზრდის შესახებ იუწყება
ჯანდაცვის მინისტრი: მოქალაქეები თურქეთში მიდიოდნენ მედიკამენტების ჩამოსატანად, რადგან ზუსტად იგივე წამალი იქ 10-ჯერ იაფი ღირს
ჯანდაცვის მინიტრის განცხადებით, თურქეთიდან წამლების იმპორტი, მოსახლეობას მედიკამენტზე ხარჯს გაუიაფებს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ და სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმებასა და კონტროლში. „GMP-ის ხარიხით ჩემოვა მედიკამენტები, ეს იქნება, ორასი, ხუთასი თუ ათასი, ამას ბაზარი გვაჩვენებს. არ გაგვიხსნია კონკრეტული მედიკამენტების შემოტანა, თურქეთის ბაზარი გავხსენით, ისევე როგორც გახსნილია 40-მდე ქვეყანა, მათ შორის ისრაელი. ჩვენ სრულად პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები კონკურენტული ფასებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. „პირველი, რაც ჩავთვალეთ, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, თურქეთის ბაზრის გახსნაა. ზოგიერთ შემთხვევაში მარჟები ადის 1000%-მდე, არის მაგალითად მედიკამენტი, რაც 5 ლარი ღირს, ზუსტად იგივე ბრენდის და დასახელებით კი იყიდება 10-ჯერ მეტ ფასად. ბევრმა ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები თურქეთში მიდიოდნენ ან აბარებდნენ მედიკამენტების ჩამოტანას, რადგან ზუსტად იგივე მედიკამენტები 10-ჯერ იაფი ღირს იქ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები
ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია
„ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია, ის პრობლემები, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული, უკვე დისტანციურ მომსახურებაზე გადადის - ქოლცენტრი, ცხელი ხაზი, ონლაინ კლინიკები თუ 112-ის მომსახურება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, არცერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და ყველა კონსულტაცია, ბინაზე მკურნალობა თუ ჰოსპიტალიზაცია, ადეკვატურად იმართება. „ამ მხრივ, გართულებას და პრობლემას არ ველოდებით“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე თქმით, „დელტას“ შემთხვევაში 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ანალიზით, ეს მაჩვენებელი შეიძლება 4%-ის ფარგლებში იყოს. „აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში, აქედან გამომდიარე, პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად დაგვჭირდეს“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში პრობლემა არ შეიქმნება. „ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც და ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ აგენტებზე: დღევანდელი რეალობისთვის მათი ხელფასი ადეკვატურია
ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვაზე გააკეთა კომენტარი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის და ამის გარდა დასაქმებულებს კიდევ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი. „ხელფასების განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის და ამის გარდა კიდევ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი. აქედან ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით შეუძლიათ, თითქმის 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც არის ფიქსირებული. დღევანდელი რეალობისთვის მათი დატვირთულობიდან გამომდინარე მათი ხელფასი ადეკვატურია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრისას. 16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 %-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-ამდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-ამდე გაეზრდება. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან მატებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, არსებული ხელფასები სხვადასხვა სპეციალისტს და სოციალურ აგენტებს საარსებოდ არ ჰყოფნით. ამავე თემაზე: სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის დაანონსების შემდეგ, სააგენტო ხელფასების ზრდის შესახებ იუწყება
იზოლაციის და კარანტინის ვადები შესაძლოა, კიდევ შემცირდეს
ჯანდაცვის მინისტრმა იზოლაციის და კარანტინის წესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს საკითხი კიდევ გადაიხედოს. „მაგალითად, აშშ-ში სავალდებულოა 5 დღე და არა - 8“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 17 იანვრიდან, ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით, იზოლაციაში ყოფნა 8 დღე იქნება საჭირო, მძიმე/საშუალო – მინიმუმ, 10 დღე (უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება). თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონეები და ადამიანები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ასევე, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ.
ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ და ჰოსპიტალშიც
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დელტას“ შემთხვევაში 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ანალიზით, ეს მაჩვენებელი შეიძლება 4%-ის ფარგლებში იყოს. „აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში, აქედან გამომდიარე, პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად დაგვჭირდეს“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში პრობლემა არ შეიქმნება. „ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც და ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
სახალხო დამცველი: ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი 90-მდე ობიექტია
სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იყო აცილებული. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებით, მან ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა გასულ წლებში შეისწავლა და დაადგინა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე - შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამასთან, ომბუდსმენმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა. „სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია საექსპერტო დასკვნით დადასტურებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება პრიორიტეტულად, ქულათა სისტემის გათვალისწინების გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მსგავს პირობებში ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი 90-მდე ობიექტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შენობების მდგრადობას საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, რის გამოც მათი რიცხვი შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს. სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასულ წლებში შეისწავლა ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა და დაადგინა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე (შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე). შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს მიღებული აქვთ ადმინისტრაციული დაპირება გრძელვადიანი საცხოვრებლით პირველივე შესაძლებლობისთანავე დაკმაყოფილების თაობაზე. ბოლო პერიოდში, შენობის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა, რამაც მდგომარეობა გააუარესა და იძულებით გადაადგილებულ პირებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მიზნით საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. ამ გარემოებას უკავშირებენ ისინი დევნილის თვითმკვლელობის ფაქტსაც. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის რამდენიმე შესაძლებლობა შესთავაზეს: დროებით ქირით უზრუნველყოფა (ადგილობრივ გამგეობასთან ერთად), დევნილის მიერ მოძიებული საცხოვრებლის შესყიდვა (1 მ2 საცხოვრებელი ფართის ღირებულება დედაქალაქში შეადგენს 550 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება) ან სახელმწიფოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის პროცესისათვის დაცდა. დევნილები შეთავაზებებს არ ეთანხმებიან, მათ შორის, უნდობლობას უცხადებენ გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოფის ალტერნატივას. კერძოდ, შიშობენ, რომ ქირით უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეწყდება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს - ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ინდივიდუალურად მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებებისა და მათი შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ. ასევე, მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტიდან დევნილი პირების შემჭიდროებულ ვადებში განსახლების მიზნით და დევნილთა მხრიდან პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, დევნილის მიერ გრძელვადიან განსახლებამდე ქირის ალტერნატივის არჩევის შემთხვევაში, გასცეს ადმინისტრაციული დაპირება საცხოვრებლის გადაცემამდე/შეძენამდე ოჯახების ქირით უწყვეტად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.