ძებნის რეზულტატი:

აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის

აშშ უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კიევს Mi-17 კლასის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებს გადასცემს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკიმ განცხადა, რომ პრეზიდენტმა დაავალა ადმინისტრაციას, რომ დააკმაყოფილოს თავდაცვის სფეროში უკრაინის განსაკუთრებული საჭიროებები და დააჩქაროს ლეტალური იარაღით დახმარება. „გასულ წელს ჩვენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოვყავით 650 მილიონი დოლარი; ჯამში, 2014 წლის შემდეგ, ჩვენ უკრაინისათვის $2,7 მილიარდი გამოვყავით. უსაფრთხოების სფეროში გამოყოფილი ტრადიციული დახმარების გარდა, როგორიცაა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა, პრეზიდენტმა დაავალა ადმინისტრაციას, რომ დააჩქაროს ლეტალური იარაღით დახმარება და დააკმაყოფილოს უკრაინის საგანგებო თავდაცვის საჭიროებები. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა NATO-ს სამ მოკავშირეს მისცა შესაძლებლობა, უკრაინაში გაგზავნოს ანტისატანკო და საზენიტო რაკეტები. ჩვენ ახლახან ვაცნობეთ კონგრესს უკრაინისთვის M-17 [Mi-17] ვერტმფრენების მიწოდების განზრახვის შესახებ“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა.

დუბაიში ქართული კალიგრაფიის დღე გაიმართება

22-23 იანვარს „ექსპო 2020 დუბაიზე“ საქართველოს პავილიონი კალიგრაფიის დღეს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია „დუბაი ექსპოს“ მილიონობით დამთვალიერებელს ქართული დამწერლობის კულტურა და უნიკალურობა გააცნოს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პავილიონში ქართული კალიგრაფიის ვორკშოპი გაიმართება, რომელზეც ქართველი კალიგრაფები მონაწილეებს ქართული დამწერლობის სამი სახეობის შესახებ მოუთხრობენ და ასომთავრულად, მხედრულად და ნუსხურად შესრულებულ ნამუშევრებს წარუდგენენ. გარდა ამისა, 23 იანვარს, „დუბაი ექსპო 2020“-ზე, ექსპოს ტერა აუდიტორიუმში გაიმართება შეხვედრა ქართველ ავტორებთან, ხოლო დუბაის მილენიუმ ამფითეატრი ამ დღისადმი მიძღვნილ თეატრალურ პერფორმანსს - „7 ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან” უმასპინძლებს. ქართული კალიგრაფიის დღის ფარგლებში გამართულ ვორკშოპზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის კერამიკაზე წერა, ქართული ასოების გამოყვანა და სხვა. საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ავღანეთში "მინიმალური ყოფნა" აღადგინა

ევროკავშირი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე აღადგინა თავისი „მინიმალური“ ყოფნა ავღანეთში, რომლის წინაშე მდგარმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გააღატაკა მილიონობით ავღანელი. ევროკავშირის საგარეო საკითხების სამსახურის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს თალიბების ხელისუფლების აღიარებას. ამასთან, თალიბების დელეგაცია ამ კვირის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით ჩავა ოსლოში, სადაც მოლაპარაკების გზით შეეცდება მიაღწიოს იმ ვითარების შემსუბუქებას, რასაც ნორვეგიის ხელისუფლებამ „სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ეს იქნება პირველი შემთხვევა მას მერე, რაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბების სამთავრობო დელეგაცია დასავლეთ ევროპას ესტუმრება. ასევე წაიკითხეთ: აშშ ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $308 მილიონს გამოუყოფს "რესპუბლიკელი“ კონგრესმენი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა

ბიძინა კულუმბეგოვი: აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება

"აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება. ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული ყველა წინა შტამის დამსახურებაა", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. „აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება. ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული ყველა წინა შტამის დამსახურებაა. გთხოვთ ატარეთ პირბადე და „ბუსტერი“ დაიმატეთ ვისაც ამის დროს მოგივიდათ. საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აქტიური შემთხვევა 70 423-ია. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

22-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც აზერბაიჯანის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად წარუდგინა ახალი საბაჟო ატაშე ფუად გასიმოვი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. როგორც ცნობილია, 2021 წლის ზაფხულში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეიქმნა ერთობლივი სამმხრივი საბაჟო კომიტეტი, რაც ლაშა ხუციშვილის თქმით, უნიკალური შესაძლებლობაა, 3 ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში ურთიერთქმედების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხების მაღალ დონეზე კოორდინაციისთვის. როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის აქტიური კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი ბერკეტია რეგიონში კონკურენტუნარიანი სატრანზიტო დერეფნისა და ვაჭრობის ხელშეწყობის წინაპირობების შექმნისთვის. მხარეებს შორის საუბარი, ასევე, შეეხო პანდემიის პირობებში განხორციელებულ პროცედურებს, რამაც უზრუნველყო, როგორც მგზავრთა, ისე ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა.

მიაღწევს თუ არა პუტინის ილუზიური, „გრანდიოზული ძალაუფლების" გეგმა წარმატებას, დიდად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება დასავლეთი პუტინის აგრესიულ ქცევას - პროფესორი კლაუს ლარესი

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო გაძლიერების პარალელურად, კიევს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარებიან. ბოლო ცნობებით, აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის. მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი უკვე გადასცა. თავის მხრივ, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ კი განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. მომავალ კვირას, მხარეებმა ყველა წინადადებაზე წერილობითი პასუხები უნდა წარადგინოს, თუმცა როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს. მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა მოლაპარაკებებს და რა მიზანს ემსახურება ის, ამ საკითხებზე Europetime ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტოლოგ, ისტორიკოსს კლაუს ლარესს ესაუბრა. _როგორ აფასებთ უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას და წარმოებულ დიალოგს? ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია და ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, როგორც ცივი ომის დროს, არამედ ევროპასაც უნდა ჰქონდეს როლი ამ პროცესში. ევროკავშირი უნდა იყოს ნომერ მესამე პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, როცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად საჭიროა თავად უკრაინელების ჩართვაც დისკუსიაში. თუ საქართველო იქნებოდა დღის წესრიგში, ისიც უნდა ყოფილიყო დისკუსიის ნაწილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების ნაწილი. _რა პერსპექტივებს ხედავთ ამ მოლაპარაკებებიდან? ჩვენ არ ვიცით, ელოდა თუ არა პუტინი ოდესმე რაიმეს ამ მოლაპარაკებებისგან, მაგრამ მოლაპარაკებებზე უარის თქმა ცუდი ჟესტი იქნებოდა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე რუსეთის საზოგადოებისთვისაც. იგივე შეიძლება ვთქვათ ამერიკის საზოგადოებაზე. ვერც პუტინი და ვერც ბაიდენი ვერ ჩაერთვნენ დისკუსიებში. რა თქმა უნდა, დასავლეთი უნდა ეცადოს, ესაუბროს პუტინს და რუსეთს, მაგრამ რამდენად პროდუქტიული იქნება ეს დიალოგი, საბოლოო ჯამში, რთული სათქმელია. როგორც იცით, გასული კვირა ნამდვილად არ იყო პროდუქტიული; ორივე მხარეს თავისი გარკვეული შეხედულებები აქვს და ამ პროცესში წინსვლა საერთოდ არ დაფიქსირებულა _როგორც ექსპერტები პროგნოზირებთ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ რა მიზანი ჰქონდა დიალოგს? როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით, საზოგადოებრივი აზრის თვალში, აშშ-ს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა რუსებთან მოლაპარაკებებში ჩართვისა. ვფიქრობ, იგივე ითქმის პუტინზეც. მას ალბათ საბაბი სჭირდება, თუ მართლა სურს უკრაინაში შეჭრა. შემდეგ მას შეუძლია, შემობრუნდეს და თქვას: „მე ვცადე მათთან საუბარი, ვცადე მოლაპარაკება, მაგრამ ეს დიალოგი უშედეგო იყო, მათ არ ისურვეს რაიმე დათმობაზე წასვლა". ეს იქნებოდა მისი გამართლება იმის მტკიცებისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეჭრა არასაჭირო ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, მიუხედავად მისი ვითომდა დიდად მონდომებული მცდელობისა, არაპროდუქტიული მოლაპარაკებების კონტექსტში პუტინი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაში ახალი სახით ინტერვენციის დაწყების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. _ომის რეალურ საფრთხეს ხედავთ? სამწუხაროდ, ომის რეალური საფრთხე არსებობს, პუტინს გაუჭირდება, მისი მკაცრი რიტორიკის და მრავალი შეუსრულებელი მოთხოვნის შემდეგ თქვას: „მე შევკრიბე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან, განვათავსე 1500 ტანკი და ბევრი საბრძოლო მასალა და სხვა მძიმე იარაღი. ეს ძვირი დაუჯდა რუსეთის ეკონომიკას და ახლა მე ისევ უკან გავიყვან მათ ისე, რომ არ გავაცნობიერე, თუ რა მოთხოვებს ვაყენებდი“. რუსული საზოგადოებისთვის ეს კატასტროფა იქნება. ეს არ წარმოაჩენს პუტინს ძლევამოსილ მმართველად. პირიქით, ასეთ შემთხვევაში ის სუსტად გამოიყურება და ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ვერ იტანს, როცა ის სუსტად გამოიყურება. ამრიგად, ის რაღაცას გააკეთებს და თუ მოლაპარეკებები აზრს დაკარგავს, ერთადერთი ვარიანტი აქვს: სრული ინტერვენცია ან ჰიბრიდული შეჭრა, კიბერ ომი, რომელიც უკვე დაიწყო, ან შესაძლოა, უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი უბრალოდ უკან დაიხევს და იტყვის: „მხოლოდ საუბარი მინდოდა და ახლა ვბრუნდები სახლში რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევის გარეშე“. _ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის რა სიგინალია? ვფიქრობ, სხვა ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, ბელორუსი, ყაზახეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები, ძალიან ყურადღებით და სიფრთხილით შეხედავენ პუტინის ქმედებებს. პუტინმა ეს იცის. მას სურს, ფეხი შედგას და თქვას, აქ არის რუსული გავლენის სფერო. მას სურს, აღადგინოს რუსეთი ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ; მას სურს, მიაღწიოს მოსკოვის გლობალური გავლენების ზრდას და შენარჩუნებას. ის, რაც უკრაინაში ხდება, აშკარად აშინებს რუსეთის მეზობელ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ისინი უფრო ნაკლებად მიდრეკილნი იქნებიან იმისკენ, რომ პუტინს შეჰყვნენ ბრძოლაში. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ძალიან ფრთხილი კურსი გაატაროს რუსეთის მიმართ. მას არ სურს, იყოს ზედმეტად მეგობრული მოსკოვის მიმართ, მაგრამ არც ზედმეტად არამეგობრული დამოკიდებულება უნდა რუსეთთან, სერიოზული ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად. და ეს არის ალბათ გაკვეთილი, რომელიც ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს: „გარკვეულწილად, თქვენ უნდა მოახერხოთ და დაამყაროთ მშვიდობა რუსეთთან და იპოვოთ რაიმე სახის მეგობრული დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ“, - ეს არის გაკვეთილი, რომლის ჩატარებაც პუტინს სურს. რა თქმა უნდა, პუტინს სურს, რომ ეს გაკვეთილი სხვა ქვეყნებმა ისწავლონ და გაითავისონ: „რომ არსებობს რუსული გავლენის სფერო - არსებითად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია - და მასში მყოფმა ყველა ქვეყანამ მჭიდროდ უნდა გაიაროს კონსულტაცია მოსკოვთან და, საბოლოოდ, დაეთანხმოს რუსეთის სურვილებს“. მიაღწევს თუ არა წარმატებას პუტინი ამ სახის ილუზიური, „დიდი ძალაუფლების“ სქემით, დიდად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კრიზისს და აღუდგებიან თუ არა წინ ისინი პუტინის აგრესიულ ქცევას.

დმიტრო კულებას თქმით, გერმანული მხარის ამჟამინდელი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, ოფიციალურმა ბერლინმა საკუთარი განცხადებებით არ წაახალისოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე. კულება გერმანიის მადლიერი 2014 წლიდან მხარდაჭერის და რუსეთ-უკრაინის შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური ძალისხმევისთვის, მაგრამ ბერლინის ამჟამინდელი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს და ეწინააღმდეგება ამ მხარდაჭერასა და ძალისხმევას. მისი თქმით, ბოლო განცხადებები უკრაინა-გერმანიის ურთიერთობების დონეს და უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას არ შეესაბამება. კულებას განცხადებით, დასავლეთის ერთიანობა რუსეთთან მიმართებით ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად დიდი ძალისხმევაა მიმართული. „გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი სიტყვებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის წახალისება“, - აღნიშნულია კულებას Twitter პოსტში. „ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება - ასეთია ფედერალური მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა.

Fox News-ი: აშშ უკრაინიდან ამერიკის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების ევაკუაციას 24 იანვარს დაიწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ამერიკის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების ევაკუაციას 24 იანვარს დაიწყებს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Fox News-ს განუცხადეს. ინფორმაციისთვის: აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს. კონტექსტი საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც გასულ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. 21 იანვარს, მორიგი შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, რის შემდეგაც მხარებმა განაცხადეს: ენტონი ბლინკენი: ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება.... „დღევანდელი შეხვედრა იყო გულახდილი და საგნობრივი. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე შეერთებული შტატების და მისი პარტნიორების პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რომელიმე რუსული შეირაღებული ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, რომელსაც სწრაფი, მკაცრი და ერთობლივი პასუხი გაეცემა. ჩვენ ასევე ვიცით, რუსეთს ახასიათებს უფრო მცირე სამხედრო აქტივობებიც, კიბერთავდასხმები, პარამილიტარული ტაქტიკები, რომელსაც ასევე გაეცემა შესაბამისი ერთობლივი პასუხი.. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი NATO-ს ღია კარის პოლიტიკაა“. ინფორმაციისთვის: მოსკოვი NATO-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ ბლოკი შეაჩერებს გაფართოებას და დაუბრუნდება 1997 წლის კონფიგურაციას. კითხვაზე თუ რას გულისხმობს ეს მოთხოვნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანს 1997 წლის შემდეგ შეურთდნენ, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს NATO-მ ამ ქვეყნებიდან ყველა უცხოური ჯარი, იარაღი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაიყვანოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების ორი პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს, ხოლო მეორე - NATO-ს ეხება. რუსეთი მიმდინარე კვირასაც ელოდებოდა წერილობით პოზიციას აშშ-ისა და NATO-სგან, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის ფორმალური დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა. სერგეი ლავროვი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს... „შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან სტოლტენბერგი ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე: NATO თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს იან ბონდი: ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს გადარჩენისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე ბლინკენი კულებას: რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფი და მკაცრი პასუხი მოჰყვება ამავე თემაზე აშშ-ის უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი აზრი გერმანიის პოზიციას არ ასახავს

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, კაია-ახიმ შოინბახმა ბოდიში მოიხადა მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რომელიც Youtube-ზე, შემდეგ კი გერმანულ მედიაში ფართოდ გავრცელდა. შოინბახმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში განმარტა, რომ ეს იყო მისი პირადი მოსაზრება და არა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. ამასთან, ბერლინში თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ შენბახის კომენტარი არ ასახავს გერმანიის პოზიციას. „ადმირალ შენბახს ექნება შანსი, თავისი შეხედულებები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაუკონკრეტოს”, - აღნიშნა სპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გერმანიას, საჯაროდ უარყოს საზღვაო ძალების მეთაურის კომენტარები. შოინბახის კომენტარებმა იმის შესახებ, რომ ყირიმი არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება უკრაინაში და რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებდა, შეიძლება შეაფერხოს დასავლეთის ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ“, - მიიჩნევს კიევი. შეგახსენებთ, გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა განაცხადა რომ „ის, რაც პუტინს ნამდვილად სურს, პატივისცემაა“. „და, ღმერთო ჩემო, ვიღაცისთვის პატივისცემით მოპყრობა მარტივია, უმარტივესი… მე რომ მკითხოთ, მარტივია, მისცე მას პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად ითხოვს და რომელსაც, ალბათ, იმსახურებს”, - აღნიშნავს კაია-ახიმ შოინბახი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. „სხვა ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მზად არის, იყოს წევრი. აკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს? დიახ, აკმაყოფილებენ. გონივრულია მათი წევრობა? არა, ასე არ არის”.

რუსეთი თავის ძალებს კუნთების თამაშისთვის იყენებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში პოლიტიკური ფსონები გაზარდოს - ჰანა შელესტი

უკრაინის გარშემო დაძაბულობა პიკს აღწევს. ექსპერტები ომის რეალურ საფრთხეზე საუბრობენ. მსოფლიო აშშ-სა და რუსეთის მხრიდან, წინადადებებზე წერილობითი პასუხების მოლოდინშია, პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურები კრემლის მკაფიო გეგმაზე მიუთითებენ, ჩამოშალოს უკრაინა. მაგალითად, ბრიტანეთი იტყობინება, რომ ფლობს ინფორმაციას რუსეთის მთავრობის მიზნებზე, კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნის“ შესახებ. რა მოლოდინი აქვთ უკრაინაში და როგორ აფასებენ საფრთხეებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, Europetime უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ უსაფრთხოების კვლევების დირექტორს ჰანა შელესტს ესაუბრა. _დავიწყოთ „ასოცირებულ ტრიოზე“ საუბრით, რადგან ეს იყო თემა, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები განიხილავდით უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. რატომ არის ეს ფორმატი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია, რადგან გარკვეული ცვლილებების მიღწევა ან პოზიციების დაცვა ყოველთვის უფრო მარტივია, როცა ერთი ქვეყანა მარტო არ მოქმედებს. უფრო მაღალი ხმა და ძლიერი პოზიცია მნიშვნელოვანია და საჭიროებს კოორდინაციას. სამივე ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციები, მაგრამ ამავდროულად, გვაქვს ძალიან პრაქტიკული საკითხები ევროკავშირთან ურთიერთობებში წინსვლისთვის, როგორიცაა როუმინგის, ღია ცის შეთანხმებები და ა.შ., რომლის პოპულარიზაციაც შესაძლებელია. ასევე გვაქვს ინდივიდუალური მიმართულებები. გარდა ამისა, ეს სახელმწიფოები იზიარებენ როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებსა და რისკებს, ისევე გარე საფრთხეებს. როცა სამი პრეზიდენტი მოდის და გვესაუბრება, ამას ბრიუსელში ნამდვილად მეტი ფასი და ძალა აქვს, ვიდრე ცალკეული მიდგომები. გარკვეულწილად, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვიშეგრადის ქვეყნების გზას ვახსენებთ, იგივე მიზნებითა და გადაწყვეტილებებით. დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის, ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური გზავნილია და მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროინტეგრაციას. _ამჟამინდელი კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე. ეს ქვეყნები მუდმივარ არიან რუსული საფრთხის სამიზნეები. ახლა მთავარი საკითხია, როგორ იზიარებენ ქვეყნები მათ მისწრაფებებს და როგორ აღიქვამენ საფრთხეებს. მეორე მხრივ, მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა გადაწყვეტილებასაც... მაგალითად, უკრაინას და საქართველოს სურთ, გახდნენ NATO-ს წევრები და დაინტერესებულნი არიან მეტი დაცვის მექანიზმების მოძიებითა და თანამშრომლობის გაღრმავებით, რასაც მოლდოვაზე ვერ ვიტყვით, ის გარკვეულ დონეზე თანამშრომლობს ალიანსთან. ამრიგად, ეს სამი ქვეყანა აღიქვამს ამ ფორმატს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის მექანიზმს და არამხოლოდ უსაფრთხოების საკითხებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას. შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების საკითხები, როგორიცაა მდგრადობა, კიბერ საკითხები ან კრიტიკული ინფრასტრუქტურა განიხილებოდეს ევროკავშირთან ურთიერთობაში? უსაფრთხოება და კონფლიქტები არ არის ის თემები, რისთვისაც ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, იმუშაოს ისეთ დონეზე, როგორც ეს ამ ქვეყნებს სურთ. _ახლა, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკრაინას, სადაც რუსეთის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა მის საზღვრებთან; თქვენმა კოლეგებმაც ახსენეს კონფლიქტის საფრთხე; თქვენ წარმოადგენთ ამ ქვეყანას (უკრაინას), კარგად იცნობთ ადგილზე ვითარებას და საინტერესოა თქვენი ხედვა როგორია მოვლენების? ომის საფრთხე რვა წელია, მაღალია. ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ადრე. ამავდროულად, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ეს ძალები კუნთების თამაშისთვის - მოლაპარაკებებში პოლიტიკური ფსონების ასამაღლებლად. მათ გადაისროლეს მეტი ძალა და მეტი სტრატეგიული იარაღი მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სერიოზულად უყურებენ თავიანთ მოთხოვნებს. ამიტომ, პანიკას არ უნდა მივეცეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ დავიცვათ თავი და შევინარჩუნოთ კონტაქტი ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ მარტო არ ვართ. _ასეთ სიტუაციაში რას ელოდებით დასავლეთისგან, მაგალითად, ალიანსის წევრობა რამდენად იქნებოდა რელევანტური პასუხი? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვეშინია ევროპის ბევრი ქვეყნის, რომლებიც მხარს არ უჭერენ უკრაინის და საქართველოს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ალიანსში, რადგან თვლიან, რომ ამ აქტით რუსეთის პროვოცირებას მოახდენენ. მათ ეშინიათ, მოგვცენ MAP-ი, რადგან თავდასხმის შიშით აქვთ. მაგრამ რუსეთი NATO-ს უკვე განიხილავს საფრთხედ, მან უკვე გამოიწვია კონფლიქტი ევროპაში, და ახლა ბევრი სვამს შეკითხვას, მოიქცევა თუ არა ასე, თუ უკრაინასა და საქართველოს ექნებათ წევრობის სამოქმედო გეგმა. უკრაინამ და საქართველომაც უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. არ აქვს მნიშვნელობა, მას MAP-ს ვუწოდებთ თუ ინდივიდუალურ გეგმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თანამშრომლობის რეალურ გეგმაზე, რომელიც იქნება ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ გვქონია. _უფრო კონკრეტულად, რა შეიძლება იყოს ეს გეგმა? ვგულისხმობ იმას, რომ ვიყოთ თითქმის წევრები თანამშრომლობის კუთხით ფორმალური წევრობის გარეშე, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს განცხადებებში, თუ რატომ გვსურს წევრობა, და ეს არ არის მხოლოდ დაცვა რუსული აგრესიისგან, რადგან ჩვენ მზად ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ევროატლანტიკურ და ევროპულ უსაფრთხოებაში. ამიტომ ბევრი ქვეყანა ელოდება, რომ ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ უსაფრთხოების მომხმარებლები; ჩვენ გვჭირდება მე-5 მუხი, მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ უსაფრთხოების დამცველები ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. _როგორია თქვენი მოლოდინი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით? ახლა ჩვენ ნამდვილად ველოდებით უკრაინის საზღვარზე მინიმუმ ესკალაციის შემცირებას. ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი დათმობს პოზიციებს ან NATO დაეთანხმება რუსეთის ულტიმატუმს. მაგრამ თუ დაძაბულობის დონე შემცირდება და კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლებს, ეს უკვე კარგი შედეგი იქნება. თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს. რუსეთს ეს მოლაპარაკებები შიდა პროპაგანდისთვისაც სჭირდება, რათა აჩვენოს, რომ ის წყვეტს ახლა ევროპის მომავალს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, როგორც საბჭოთა პერიოდში. გარდა ამისა, ეს დიალოგი სჭირდება საერთაშორისო ნარატივების პოპულარიზაციისთვის, რათა აიძულოს პარტნიორები, აირჩიონ მხარეები და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს ეჭვი უჩნდებოდეს, აქვს თუ არა რუსეთს ასეთი ქცევის მიზეზები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: კიევიდან საელჩოს ევაკუაციის შესახებ განკარგულება არ გაცემულა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „ოფიციალური განკარგულება არ გაცემულა“, რომ კიევში შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყოს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მანამდე, Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინიდან ამერიკის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების ევაკუაციას 24 იანვარს დაიწყებს

გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური თანამდებობიდან გადადგა

გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური შოინბახი თანამდებობიდან გადადგა. ვიცე-ადმირალმა კეი-აჰიმ შოინბახმა გერმანიის საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ ყირიმი არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება უკრაინას და რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებდა. შოინბახის თქმით, მან მინისტრს გათავისუფლების თხოვნით მიმართა და განცხადება უკვე დაკმაყოფილებულია. ამავე თემაზე: გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი პირადი აზრი გერმანიის პოზიციას არ ასახავს

უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება

23 იანვარს, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები. აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინის საელჩოს ღია წერილით მიმართავენ და საელჩოს თანამშრომლებს აქციაზე იწვევენ. "მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი. ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს.ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია.გვსურს მოგიწვიოთ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე უკრაინის საელჩოსთან, კვირას, თბილისის დროით 16:00 საათზე. მოძრაობა “სირცხვილიასთან” ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები. თქვენი აქციაზე დასწრება ხელს შეუწყობს ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრირებას და გაუგზავნის მსოფლიოს მკაფიო მესიჯს, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

კლუბები საქმიანობას განაახლებენ მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაღმასვლას დაიწყებს

კლუბები მას შემდეგ განაახლებენ დაღმასვლას, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაღმასვლას დაიწყებს. შესამაბის განცხადებას ინდუსტრიის წარმომადგენლები ავრცელებენ და სავარაუდო პერიოდად მარტს ასახელებენ. "ამ სამი კვირის განმავლობაში, მკაცრად განხორციელებული კარის პოლიტიკისა და შემუშავებული რეგულაციების დაცვით, შევძელით, მინიმუმამდე დაგვეყვანა ჩვენს სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ გვსურს უსფართხო სივრცის იდეის შენარჩუნება, ვფიქრობთ, Covid-19-ის ახალი შტამის, “ომიკრონის” გამოჩენით ეპიდემიოლოგიური ვითარება აღარ გვაძლევდა საქმიანობის გაგრძელების საშუალებას. ამიტომ მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება, დროებით კვლავ დაგვეხურა სივრცეები და გაგვეგრძელებინა დაკვირვება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე. ახალი შტამი „ომიკრონი” ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ზრდის სამედიცინო სექტორის გადატვირთვის რისკს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რომელზე დაყრდნობითაც ძირითად შემთხვევებში ვხელმძღვანელობთ, მსგავსი ტიპის შტამი მოსახლეობას 45 დღის განმავლობაში მოიცავს, რის შემდეგაც მისი ცირკულაცია იწყებს დაღმასვლას. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც პანდემიის დასაწყისში, საკუთარი ნებით და პირველ რიგში, სტუმრებზე მიმართული ზრუნვის მოტივით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით, 14-15 იანვრის უქმეების შემდეგ, გონივრული ვადით შეგვეჩერებინა საქმიანობა. მაგრამ, მეორეს მხრივ, უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სცენის წარმომადგენლებს აღარ გვაქვს ფუფუნება, რომ კვლავ გაურკვეველი ვადით და უთანასწორო პირობებით ველოდოთ ხელისუფლებისგან შემდგომი გახსნის თარიღებს. ამიტომ, “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“-მ, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა, ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც ავღნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით ეს პერიოდი მოიცავს 45 დღეს და ემთხვევა 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გააზრებული აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის მნიშვნელობა, და სწორედ ამიტომ, ჩვენს შორის თანამშრომლობა და აღნიშნულ პერიოდში გახსნის პროტოკოლის შეთანხმება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე იქნება დამყარებული, რაც ყოველ მიზეზგარეშე გამორიცხავს ჩვენს მიმართ კიდევ ერთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებას. ყურადღებით დავაკვირდებით ვირუსის გავრცელების დინამიკას, დავსახავთ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამის გზებს და მოვემზადებით თავისუფალი გახსნისთვის, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული პანდემიის მართვის თანასწორი გეგმის პირობებში, რისი იმედიც გვაქვს. სხვა შემთხვევაში, კვლავ მზად ვართ პრინციპულად, თანმიმდევრულად და სამართლიანად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი სტუმრების უფლებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი, გარდაიცვალა 28 კოვიდინფიცირებული. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%. ბოლო 14 დღის - 12.56%, 7 დღის - 15.66%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 14 701 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა - 1 136, იმერეთი - 1 074, ქვემო ქართლი - 386, შიდა ქართლი - 311, გურია - 182, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12. აქტიური შემთხვევა - 74 683, საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 973, აჭარაში - 625, იმერეთში - 851. 999 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში - 137, იმერეთში - 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 281 პაციენტი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 53, იმერეთში - 23. 1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 122 - თბილისში, 672 - აჭარაში. 68 145 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.0%

23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 656 703 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 318 639 - მოზრდილი მოსახლეობის 45.9%; სრულად ვაქცინირებულია 1 207 073 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.0%. ბუსტერ დოზით აცრილია 128 860 ადამიანი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 761 (2.12%) სრულად აცრილია -2 611 (1.47%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 339 (15.22%) სრულად აცრილია- 10 750 (13,26%). 22 იანვარს ჩატარდა 4 685 აცრა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება: ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნას“ ცდილობს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში პრორუსი ლიდერების „დანიშვნის“ შესახებ კრემლის გეგმა გამოაშკარავდა. უწყების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ბრიტანეთი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს, კიევში პრორუსი ლიდერი „დანიშნოს“. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული სადაზვერვო ორგანოები კავშირს ინარჩუნებენ უამრავ ყოფილ პოლიტიკოსთან, მათ შორის არიან: სერგეი არბუზოვი, უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე 2012–2014 წლებში და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს. ანდრეი კლიუევი, უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილე 2010–2012 წლებში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის გუნდის უფროსი. ვლადიმირ სივკოვიჩი, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მოადგილე. მიკოლა აზაროვი, უკრაინის პრემიერ მინისტრი 2010–2014 წლებში. მათგან ზოგიერთს ამჟამად აქვს რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან კონტაქტი და ჩართულია უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში.

სენატორი მერფი: ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ

სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. სენატორ მერფის აზრით, შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს. „ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მოკავშირეები არიან, თუმცა, როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში, ჩვენ აქაც უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით. საქართველოს შთამბეჭდავი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას - დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა სენატორი კრის მერფი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ლიზ ტრასის თქმით, უკვე ნათელია რუსეთის ქმედებების მასშტაბები, რომლებიც უკრაინის ჩამოშლას ითვალისწინებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება და ეს იქნება მისი სტრატეგიული შეცდომა. ლიზ ტრასის კომენტარი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ „რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნას“ ცდილობს“. „ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათელს ხდის რუსეთის ქმედებების მასშტაბებს, რომლებიც უკრაინის ჩამოშლას ითვალისწინებს. რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და გაგრძელდეს დიპლომატიის გზა. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა და მას დიდი ფასის გადახდა მოუწევს. ასევე ნათელია დიდი ბრიტანეთის პოზიცია უკრაინის მიმართ. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა“, - აცხადებს ლიზ ტრასი. მოსკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციად აფასებს. ამავე თემაზე: დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება: ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნას“ ცდილობს