ძებნის რეზულტატი:

ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა

24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ქვეყნის ეროვნულისა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირის გადაწყვეტილება, რომელიც 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სასანქციო სიაში მოხვდა 24 კომპანია, რომელთა საქმიანობაც „უკავშირდება ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის უკანონო მშენებლობასა და ექსპლუატაციას, ანექსირებული ყირიმსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზებას და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებას. სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს შორისაა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ჩაიკა, რომელიც 2006-2020 წლებში რუსეთის გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს ბლინკენი კულებას: რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფი და მკაცრი პასუხი მოჰყვება

უცხოური მედია: გერმანიამ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემაზე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა

გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების შეიარაღების გადაცემას ბლოკავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, გერმანიამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკოს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება დაძაბულობას გაზრდის და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს გაართულებს. ამავე ცნობებით, ენტონი ბლინკენმა ბერლინმა ესტონეთს კიევში იარაღის ექსპორტის ნებართვა არ მისცა, მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინაში გასაგზავნად „მწვანე შუქი“ აუნთო. როგორც ცნობილია, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გაგზავნიან.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5199 ადამიანი. გუშინ საქართველოში 63 875 ტესტი ჩატარდა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს

აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მათივე ცნობით, დიპლომატების ოჯახის წევრები მიიღებენ ბრძანებას ქვეყნის დატოვების შესახებ, საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის კი უკრაინაში დარჩენა ნებაყოფლობითი იქნება. ცნობისთვის, აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა

ირლანდიამ COVID19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა

ირლანდიამ COVID19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, „ირლანდიამ „ომიკრონის“ შტორმი გადაიტანა, რაც, დიდწილად, ბუსტერ დოზების დამსახურებაა“. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებისა და ბარების საღამოს 8 საათზე დაკეტვა აღარ იქნება სავალდებულო, უქმდება მომხმარებლების მიერ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაც. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია უნდა დავიკავოთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ასევე გაუსვა ხაზი პოლონეთის მხარდაჭერას კიევისთვის. „პოლონეთი ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას მის პროდასავლურ მისწრაფებებში. რუსული მუქარის პირობებში, უკრაინისთვის მთავარია ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქმე აქვს ერთიან ფრონტთან, გამონაკლისის გარეშე. პოლონეთი უარყოფს გავლენის სფეროების კონცეფციას და მხარს უჭერს უკრაინის სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს

გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ნავთობსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინააღმდეგ, რუსეთის მომპოვებელი მრეწველობის და სულ მცირე სამი ​ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ. კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად მხოლოდ კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს. 77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრება. ცნობისთვის, კლოდ გეანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ვიზიტის გაუქმებაზე ევროპარლამენტარების განცხადებას პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი საქართველოში გაუქმებული ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტის ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორების გუშინდელ განცხადებას პასუხობს. „ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას. ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული. დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლადარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს. ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა

NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

შეერთებული შტატები და NATO ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. წვრთნები, Neptune Strike-ი 24 იანვარს დაიწყება და მისი მიზანი NATO-ს საზღვაო შესაძლებლობების დემონსტრირება და გამოცდაა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი და მისი თანმხლები ჯგუფი. შეერთებული შტატების განმარტებით, ეს აქტივობა, რომლის შესახებაც ადრეც იყო საუბარი, როგორც დაგეგმილი წვრთნების ნაწილი, არ უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შიშს. კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვთან დაძაბულობის ფონზე იყო დისკუსიები საზღვაო წვრთნების ჩატარების შესახებ, მაგრამ თავად წვრთნები არ არის იმ ტიპის სცენარის საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლება განვითარდეს უკრაინასთან დაკავშირებით“. USS Harry Truman-ი და მისი თანხმლები ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდნენ. „წვრთნების შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამართა მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის მიზნით. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა, ემზადებოდეს უკრაინაში შეჭრისთვის“, - წერს საერთაშორისო მედია. 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები იანვარ-თებერვალში ხმელთაშუა, ჩრდილოეთ და ოხოტის ზღვებში და წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. მასში 140 სამხედრო გემი, 60-ზე მეტი თვითმფრინავი, 1 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონს“ კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მთელ მსოფლიოში მოიმატა ჰოსპიტალიზაციამ და სიკვდილიანობამ

გავრცელებული აზრი, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ნაკლებ სიკვდილიანობასა და საშიში არ არის, მცდარი პოზიციაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ომიკრონი“ „დელტაზე“ და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა. „ჩვენთან შემთხვევები არ გასამმაგებულა, მაგრამ იქითკენ მივდივართ. 2-3-ჯერ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი, რომ საშიში აღარ იყოს - ის 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას იწვევს, ასევე 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობის შემთხვევებს. „ომიკრონს“ კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში, მთელ მსოფლიოში მოიმატა როგორც ჰოსპიტალიზაციამ, ასევე სიკვდილიანობამ. შედარებით მსუბუქია, მაგრამ დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევების ხარჯზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

სტოლტენბერგი ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე: NATO თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-სა და ალიანსის მიერ, ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი ნიშანი. „მივესალმები USS Harry Truman-ის და მის დამრტყმელი ჯგუფის შესვლას ხმელთაშუა ზღვაში, Neptune Strike-ს ჩასატარებლად, ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი ნიშანი. NATO ყოველთვის დაიცავს თავის მოკავშირეებს“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები და NATO ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან წვრთნებს ჩაატარებენ. NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს. NATO-ს მომავალი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ. „წერილობით წარვადგენთ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს, თუ როგორ შეიძლება, რეალურად გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა, არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ ამერიკა, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები ერთგულები არიან, მათ შორისაა ის რომ უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე

ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან

ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. "ეს დახმარება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა რუსეთის შესაძლო აგრესიის დროს. უკრაინაზე და მის გარშემო ზეწოლის პირობებში, ბალტიის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უპასუხონ უკრაინის საჭიროებას და გაუწიონ მას დამატებითი დახმარება თავდაცვის სფეროში", - ნათქვამია ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს მედია: გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს

აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა

აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა. უკრაინული მედია წერს. მათივე ცნობით, ეს არის $200-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი, რომელიც მანამდე უკრაინას ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოუყო. „ეს დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის უფლებისადმი, დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია უკრაინული საელჩოს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს

უცხოური მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს. მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, აღნიშნული წერილობითი პასუხი არ გასაჯაროვდეს, თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ კრემლმა შესაძლოა, ის მაინც გამოაქვეყნოს. ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წერილობით პასუხში საუბარი იქნება ამერიკის უსაფრთხოების შეთავაზებაზე და იქნება იმის დადასტურება, რომ ამერიკის ინტერესებში არის სურვილი დიალოგის გაგრძელებაზე. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. ესენია: გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, იგი შეეცდება, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაარწმუნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცენ. ამ მიზნით იგი აპირებს დეპუტატებს საკუთარი ხედვა და გეგმები წარუდგინოს. „ჩატარებული არჩევნები დიდ იმედს მიქმნის იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერილი იქნება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ცესკოში განსახორციელებელ რეფორმებს შესთავაზებს. „აუცილებელია შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობა დაუბრუნდეს. მე ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გავმართავ შეხვედრებს და ავუხსნი იმ მინიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში განხორციელდება“, - აღნიშნა თევზაძემ. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ასევე წაიკითხეთ: ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია გამოქვეყნდა

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ამის შესახებ „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები - ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას. ჩვენ ვასრულებთ გაფიცვას შემდეგი პირობებით: 15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება; მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას; გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი; ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!- ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბელგიამ კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა 5 თვემდე შეამცირა

ბელგიამ კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა 5 თვემდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ორჯერადად აცრილი ადამიანების კოვიდსერტიფიკატი 5 თვის განმავლობაში იქნება მოქმედი. ამასთან, რესტორნები და ბარები 23:00 საათის ნაცვლად 24:00 საათზე დაიხურება, იხსნება სათამაშო მოედნები და ბოულინგ-ცენტრები. ცნობისთვის, ბელგიის ზრდასრული მოსახლეობის 89% ორჯერადად არის ვაქცინირებული, 67%-მა კი ე.წ. ბუსტერიც გაიკეთა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს

"ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს". ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, თებერვალში უკრაინას გადაეცემა საველე ჰოსპიტალი, რომლის თანადაფინანსებაც გერმანიის მხრიდან 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. „უკვე გადავეცით კიევს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები. ჩვენ ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს გერმანულ ჰოსპიტლებში. ასე რომ, ბერლინი კიევს მხარს უჭერს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის. ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება - ასეთია ფედერალური მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა ლამბრეხტმა. ასევე წაიკითხეთ: მედია: გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა