ძებნის რეზულტატი:
ავსტრალიის 2 შტატში „ომიკრონის“ გავრცელების გამო, მოსწავლეებს ტესტს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ
„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ავსტრალიის ორ შტატში - ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში, მოსწავლეებს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ კოვიდტესტს. თუმცა გასული წლისგან განსხვავებით, მოსწავლის ან მასწავლებლის ინფიცირება არ გამოიწვევს სკოლის დახურვას. ბავშვებსა და მასწავლებლებს ამის ნაცვლად მოეთხოვებათ სახლში იზოლაცია. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის 30 უკვე აცრილია, ვაქცინაცია კი ამ ასაკობრივ ჯგუფში 10 იანვარს გახდა ხელმისაწვდომი. ავსტრალიაში ბავშვები სკოლებს ერთ კვირაში დაუბრუნდებიან. ბოლო 24 საათში, ახალ სამხრეთ უელსში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ინფიცირების 20,324 შემთხვევა გამოვლინდა, ვიქტორიაში კი 14 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსი 13,091 ადამიანს დაუდასტურდა.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ომიკრონის გავრცელების გამო ქორწილი გააუქმა
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა კოვიდშეზღუდვების გამო ქორწილი გადადო. BBC-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მისი და ტელეწამყვან კლარკ გეიფორდის ქორწილი გაუქმდა. „არაფრით განვსხვავდები ათასობით ახალი ზელანდიელისგან, რომლებმაც პანდემიის დამანგრეველი შედეგები იგრძნეს. საშინელებაა, როცა არ გეძლევა საშუალება, იყო საყვარელი ადამიანის გვერდით, რომელიც მძიმედ ავადმყოფობს. ეს აღემატება ნებისმიერ მწუხარებას, რომელსაც მე განვიცდი“, - აღნიშნა ჯასინდა არდერნმა. ახალ ზელანდიაში „ომიკრონის“ ტალღის გავრცელების გამო შეზღუდვები გაამკაცრეს. ღონისძიებებზე 100 ვაქცინირებული ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი. 25 ადამიაის შეკრება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კოვიდსაშვის წარდგენა არ იქნება მოთხოვნილი. ეს შეზღუდვა ვრცელდება სპორტდარბაზებსა და ქორწილებზე. „ახალი ზელანდია პანდემიის დაწყების დღიდან მკაცრ რეგულაციებს იყენებს, რაც საშუალებას აძლევს მას მინიმუმამდე დაიყვანოს სიკვდილიანობა. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დახურა თავისი საზღვრები და გამოიყენა ლოკდაუნი. 12 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 94% სრულად არის აცრილი, 56% „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ახალ ზელანდიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15,104 შემთხვევა და გარდაცვლილია 52 ადამიანი“, - წერს BBC.
ამერიკელებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ რუსეთს არ შეუძლია, გადაწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური მიმართულებების მომავალი - ამანდა პოლი
Europetime-ის ინტერვიუ ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC, ბელგია) ევროპის და მსოფლიო პროგრამების წამყვან ანალიტიკოს ამანდა პოლთან. ამანდა პოლი არის უფროსი ასოცირებული მკვლევარი პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრში კიევში, სადაც მონაწილეობს უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონთან დაკავშირებულ კვლევებსა და ღონისძიებებში. მისი ექსპერტული საქმიანობა მოიცავს თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, უკრაინის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებს შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის საგარეო პოლიტიკას ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის პოლიტიკას მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. მასთან ინტერვიუ უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ. ამანდა პოლი: ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ვხედავთ, რომ გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. როგორი იქნება მხარეებს (აშშ, მისი მოკავშირეები, რუსეთი, რედ.) შორის დიალოგის შედეგი? ეს არის მილიონ დოლარიანი შეკითხვა. არ მქონდა მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა მნიშვნელოვან გარღვევას მოიტანდა. ვფიქრობ, ეს კრიზისი კიდევ გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის გამორიცხვა (რასაც რუსეთი ითხოვს. რედ) სერიოზული შეცდომა იქნება ალიანსისა და შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან ეს ნიშნავს, რომ ძირითადად რუსეთს ექნება ვეტო ალიანსის მომავალ გაფართოებაზე. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, რადგან ამერიკელებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ რუსეთს არ შეუძლია, გადაწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური მიმართულების მომავალი და არ აქვს ხმა NATO-ს გადაწყვეტილებებზე. ვფიქრობ, რუსეთის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. ისინი გააგრძელებენ ესკალაციას სამხედრო მანევრებით, მეტი მუქარით, მეტი მოთხოვნით - აქედან გამომდინარე ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან იქნება მეტი დიპლომატია, მეტი ძალისხმევა რუსებთან სასაუბროდ. თუმცა, იმედია, ამასთან ერთად გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობებსა და შეკავების უნარებს, რომ უკრაინამ დაიცვას საკუთარი თავი. _შექმნილი ვითარება რა გავლენას იქონიებს შავი ზღვის რეგიონზე? შავ ზღვაში დაძაბულობა შენარჩუნდება იმიტომ, რომ იზრდება დაპირისპირება რუსეთის აგრესიასა და დასავლურ დემოკრატიას შორის. საჭიროა მტკიცე ფოკუსირება არამხოლოდ NATO-ს მხრიდან უკვე მიმდინარე/ჩატარებული ოპერაციების საშუალებით, არამედ თავად სახელმწიფოებისგან თანამშრომლობის გაძლიერება ერთობლივი სამხედრო წვრთნებით, მედეგობის განმტკიცება კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ. დასავლეთს შავი ზღვის მიმართ დიდი ყურადღების შენარჩუნება სჭირდება. _რა ნაბიჯები უნდა გადადგან რუსული საფრთხის წინაშე მყოფმა სახელმწიფოებმა ქვეყნის შიგნით? ასეთ ვითარებაში, მედეგი სახელმწიფოების მშენებლობა გადამწყვეტია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და გააძლიერონ სასამართლო დამოუკიდებლობა/კანონის უზენაესობა. ორივე ქვეყანამ, საქართველომ და უკრაინამ მიაღწიეს პროგრესს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კვლავ რჩება მრავალი სირთულე, განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის თვალსაზრისით. _და ბოლოს, ასევე მინდა გკითხოთ „3+3“ ფორმატზე. როგორც უკვე ცნობილია, მასში ჩართვაზე საქართველომ უკვე დააფიქსირა უარი... რა სურათს ქმნის ეს პლატფორმა რეგიონისთვის? მე არ ვარ ამ პლატფორმის დიდი გულშემატკივარი, რადგან ის გამორიცხავს საქართველოს და დასავლეთის სხვა ქვეყნების ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პლატფორმას ექნება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი. რეგიონს ნაკლები რუსეთი სჭირდება და არა მეტი რუსეთი. თურქეთი ხელს უწყობს ამ პლატფორმას, რადგან ხედავს სხვა გზებს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის, რომლებიც თურქეთის ინტერესებშია. ამასთან, თურქეთს არ სურს, გააპროტესტოს რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული პროექტები და ინიციატივები. ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით რუსეთს, მაგრამ თურქეთს არ სურს, რუსეთის წინააღმდეგი იყოს, თუ რუსეთი ზის მაგიდასთან, თურქეთსაც სურს ამ მაგიდასთან ყოფნა. ბევრად უფრო მომგებიანია, რომ რეგიონში ყველა აქტორი იყოს ჩართული.
კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში, „ოქროს ბირჟა“ პირველ თებერვლამდე დაიხურა
თბილისში, „ოქროს ბირჟა“ პირველ თებერვლამდე დაიხურა. დახურვის მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებაა. როგორც ხელმძღვანელობა აცხადებს, კოვიდტესტები ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა და შემთხვევებმა ბოლო პერიოდში მოიმატა. ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, ტბებსა და წყალსაცავებზე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გაყინული წყლის ზედაპირზე არ გადავიდნენ. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გთხოვთ, დაემორჩილოთ მათ მითითებებს და დაიცვათ უსაფრთხოების წესები. გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გთხოვთ, დაემორჩილოთ მათ მითითებებს და დაიცვათ უსაფრთხოების წესები", - წერია განცხადებაში.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსით ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა. ეპისკოპოსი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. „გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს
თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი სედეფ კაბასი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტელეარხის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის დაკავება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ანდაზის გამო, ღამის 2 საათზემისი დაკავება მიუღებელია. ეს არის ჟურნალისტების, მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობა“. „არსებობს ძალიან ცნობილი ანდაზა, რომ გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ბრძენი ხდება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს BBC. ერდოღანის მთავარმა პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალტუნმა სედეფ კაბასის ამ კომენტარს „უპასუხისმგებლობა“ უწოდა. „ე.წ. ჟურნალისტი უხეშად აყენებს შეურაცხყოფას ჩვენს პრეზიდენტს სატელევიზიო არხზე, რომელსაც სხვა მიზანი არ აქვს, გარდა სიძულვილის გავრცელებისა“, დაწერა ალტუნმა Twitter-ზე. ცნობისთვის, ათასობით ადამიანს ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდება მას შემდეგ წაუყენეს, რაც ის პრეზიდენტი გახდა. 2020 წელს კი, 31000-ზე მეტი გამოძიება დაიწყო, იუწყება სააგენტო Reuters-ი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქვეყანას კანონმდებლობის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდა.
გერმანია უკრაინას სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან კრიზისის დეესკალაციისთვის, მაგრამ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა არ არის გამოსავალი. „თებერვალში უკრაინას „სრული საველე ჰოსპიტალი გადაეცემა, საჭირო ტრენინგების ჩათვლით. სულ საუბარია 5,3 მილიონი ევროს (6 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების დახმარებაზე“, - განუცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა გაზეთ Die Welt-ს. მინისტრის თქმით, გერმანიამ უკვე მიაწოდა რესპირატორები უკრაინულ მხარეს. მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს კი სამხედრო ჰოსპიტლებში წლების განმავლობაში მკურნალობდნენ. უცხოური მედია: გერმანიამ უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემაზე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს
პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უკრაინის საკითხის განსახილველად შეხვდა
პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უკრაინის საკითხის განსახილველად შეხვდა. თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ,,ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთს სწრაფ და მძიმე პასუხის გასცემს“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც გასულ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. 21 იანვარს, მორიგი შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, რის შემდეგაც მხარებმა განაცხადეს: ენტონი ბლინკენი: ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება.... „დღევანდელი შეხვედრა იყო გულახდილი და საგნობრივი. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე შეერთებული შტატების და მისი პარტნიორების პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რომელიმე რუსული შეირაღებული ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, რომელსაც სწრაფი, მკაცრი და ერთობლივი პასუხი გაეცემა. ჩვენ ასევე ვიცით, რუსეთს ახასიათებს უფრო მცირე სამხედრო აქტივობებიც, კიბერთავდასხმები, პარამილიტარული ტაქტიკები, რომელსაც ასევე გაეცემა შესაბამისი ერთობლივი პასუხი.. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი NATO-ს ღია კარის პოლიტიკაა“. ინფორმაციისთვის: მოსკოვი NATO-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ ბლოკი შეაჩერებს გაფართოებას და დაუბრუნდება 1997 წლის კონფიგურაციას. კითხვაზე თუ რას გულისხმობს ეს მოთხოვნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანს 1997 წლის შემდეგ შეურთდნენ, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს NATO-მ ამ ქვეყნებიდან ყველა უცხოური ჯარი, იარაღი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაიყვანოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების ორი პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს, ხოლო მეორე - NATO-ს ეხება. რუსეთი მიმდინარე კვირასაც ელოდებოდა წერილობით პოზიციას აშშ-ისა და NATO-სგან, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის ფორმალური დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა. სერგეი ლავროვი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს... „შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
სომხეთის პრეზიდენტი გადადგა
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, სომხეთისთვის ამ რთულ დროს საჭიროა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და თითქმის ოთხწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო სომხეთის პრეზიდენტის პოსტი. ეს აბსოლუტურად არ არის ემოციური გადაწყვეტილება". „უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია, გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზ; რომელშიც არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომლებსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დაეხმაროს. პრეზიდენტს არ აქვს ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, ნათქვამია განცხადებაში.
დავით ზალკალიანი: საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის განცხადებით, ის „სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწყებულ უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას - #StandWithUkraine უერთდება. „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.
უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა მიმართა
უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან 23 იანვარს გაიმართა. საელჩოსთან შეკრიბნენ საზოგადოებრივი ჯგუფები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები ააჟღერეს და ორივე ქვეყნის დროშები გაშალეს. წარმოადგინეს ბანერები წარწერით - ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში”. ,,ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი ერთად წყდება საერთაშორისო დონეზე, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ. რადიო თავისუფლების ცნობით, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა. „რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში დღეს მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელის, თითოეული ქართველის, უკრაინის თითოეული მხარდამჭერის ხმა. ძვირფასო ქართველებო, უკრაინა განსაკუთრებით მადლიერია ქართველი ხალხის, თქვენი სოლიდარობისთვის. დღეს თქვენი მოსვლა და ყოფნა აქ [უკრაინის საელჩოსთან] დემონსტრირებაა ქართველი ხალხის შეუქცევადი ერთგულებისა უკრაინელი ხალხის მისამართით... საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“, - აღნიშნა კასიანოვმა. 21 იანვარს, მოძრაობა „სირცხვილიამ“ ღია წერილით მიმართა საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს. წერილში აღნიშნული იყო, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარის მხარდაჭერას გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის მისამართით, რომელიც ახლა რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო თავდასხმის რეალური საფრთხის წინაშე დგას. აქციის მონაწილეებმა გაიხსენეს 2008 წელი, როდესაც „უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან ერთად, თბილისში სოცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა“. „უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ, მიუხედავად ჩვენთვის არალეგიტიმური ხელისუფლების ასე მოქცევისა, ჩვენ არ ვდგავართ ისტორიის არასწორ მხარეს, საითაც გვექაჩება რუსეთი“, - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა კრიზისი დასრულებულია. შედეგიც შთამბეჭდავია
„ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი, ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო. შედეგიც შთამბეჭდავია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, მათი მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში დაძლიონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. „დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, მთელ გუნდში, უნდა ითქვას. გუნდი არის დღეს ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ირაკლი კობახიძეს მიუძღვის. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით, ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო. შედეგიც შთამბეჭდავია. ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რომის პაპი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის კრიზისის გამო „მშვიდობისთვის ლოცვის დღე“ გაიმართოს
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში დაძაბულობის ზრდას. რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის კრიზისის გამო, 26 იანვარი „მშვიდობისთვის ლოცვის დღე“იყოს. „მე შეშფოთებით ვაკვირდები მზარდ დაძაბულობას, რომელიც ემუქრება ახალი დარტყმით უკრაინაში მშვიდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას, კიდევ უფრო ფართო შედეგებით“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. ვატიკანს არ გაუვრცელებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავს პაპი ამ დღეს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.
ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე: ჩვენ ამ ტაქტიკის შესახებ ვსაუბრობდით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში კრემლის გეგმებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტებმა მას ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, ბრიტანეთი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს, კიევში პრორუსი ლიდერი „დანიშნოს“. „მე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო კონკრეტულად დაზვერვის ანგარიშებზე, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის ეს: ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ვაფრთხილებდით ზუსტად ასეთი ტაქტიკის შესახებ კვირების განმავლობაში და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე საჯაროდ, რომ რუსეთი შეეცდება, რაიმე გზით დაამხოს ან შეცვალოს მთავრობა. სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ოთხ რუს აგენტს სანქცია დავუწესეთ, რომლებიც დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს მიმართავდნენ. ეს რუსული კრებულიდან არის. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა შეხედოს საკითხების მთელ ჯაჭვს, თუ რისთვის შეიძლება, რუსეთი უკრაინაში ემზადებოდეს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში პრორუსი ლიდერების „დანიშვნის“ შესახებ კრემლის გეგმა გამოაშკარავდა. უწყების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ბრიტანეთი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს, კიევში პრორუსი ლიდერი „დანიშნოს“. CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაში პრორუსი ლიდერის „დანიშვნის“ შესახებ აშშ-ს დაზვერვასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც დიდ ბრიტანეთს.
დევნილთა სააგენტო: ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ
დევნილთა სააგენტო სანატორიუმ ,,ქართლის" შენობაში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად მუშაობს ყოფილ სანატორიუმ ,,ქართლში" მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საკითხებზე და მათი დროულად გადაჭრის გზებზე. განცხადების თანახმად, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ. დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს; ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთწლიანი ქირის გადახდის შესახებ; სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს; მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას. "დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტისთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ,,ქართლში" მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა: დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს", - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: არასამთავრობო ორგანიზაციები: სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედია უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა
უცხოური მედია: "თალიბანის“ დელეგაცია ევროპაში ჩავიდა
„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა. მათივე ცნობით, თალიბების ჯგუფს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს. „დასავლეთის ბერკეტი „თალიბანზე“ არის თითქმის 10 მილიარდი დოლარი ავღანური ფული, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებშია შენახული“, – წერს მედია. ამასთან, „თალიბანის“ წევრები სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპული ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ასევე წაიკითხეთ: „თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა
აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა. „მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან
მედია: სირიაში, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი
სირიის ქალაქ ჰასაქის ციხეზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ჯიჰადისტების ნაწილი საპატიმროდან გაიქცა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 84 ჯიჰადისტი, 45 ქურთი მებრძოლი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ღვაირანის ციხეში 3 500-მდე სავარაუდო ჯიჰადისტი და დაჯგუფების რამდენიმე ლიდერი იყო დაპატიმრებული. ამასთან, რამდენიმე ასეული ჯიჰადისტი ქურთებმა უკვე დააკავეს, თუმცა პატიმრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ. ქურთების უსაფრთხოების ძალებმა ციხე ალყაში მოაქციეს და მიმდებარე უბნებზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 7947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 949, აჭარაში - 651, იმერეთში - 896. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 385, აჭარაში - 137, იმერეთში - 258. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პაციენტი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 55, იმერეთში - 27. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 658 - აჭარაში. 70 370 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.