ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენმა განმარტა უკრაინაში „მცირე შეჭრაზე“ განცხადება, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინასთან დაკავშირებით საკამათო განცხადების შემდეგ განმარტა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის შეჭრად მიიჩნევს ნებისმიერი რუსული დანაყოფის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. „აბსოლუტურად მკაფიო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან და ეს მისთვის გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან განთავსებული რომელიმე ქვედანაყოფები გადაკვეთენ საზღვარს, ეს არის შეჭრა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუ პუტინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს“, - განმარტა ბაიდენმა. მანამდე, 20 იანვარს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც დღემდე არ უნახავს. მანვე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ. განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმაც. ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი
თურქეთის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება
"თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედი მაქვს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „რეგიონში ომის ფსიქოლოგია გვაწუხებს. თურქეთს კავშირები ორივე მხარესთან აქვს. იმედი ვაქვს, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოფთ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირი შეხვედრის გამართვას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 19 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ხარკოვის ოკუპირებას შეიძლება შეეცადოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ხარკოვის ოკუპირებას შეიძლება შეეცადოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამგვარი სცენარის განხორციელება სრულმასშტაბურ საბრძოლო მოქმედებებს გამოიწვევს. „თუ რუსეთი ესკალაციის გაძლიერებას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ამას იმ ტერიტორიებზე გააკეთებს, სადაც ისტორიულად ის ხალხი ცხოვრობს, რომელსაც რუსეთთან ნათესაური კავშირები აქვს. ხარკოვი, რომელიც უკრაინის მთავრობის კოტროლის ქვეშ იმყოფება, შეიძლება ოკუპირებული იყოს. რუსეთს საბაბი სჭირდება. იტყვიან, რომ რუსულენოვან მოსახლეობას იცავენ. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჩვენ გვესმის, რომ ეს სცენარი განხორციელებადია და შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი
კელი დეგნანმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინის ელჩ დოლჰოვს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ვითარება განიხილეს. "აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინის ელჩ დოლჰოვს უმასპინძლა. ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. ასევე ისაუბროს, რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებზე და განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ელჩი: ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ ამას, სწრაფი პასუხი გავცეთ
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: "თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ, ერთობლივი და სწრაფი პასუხი გავცეთ ამას, რასაც რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს განუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში, ხოლო ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი დეესკალაცია და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის თავიდან აცილებაა. „ეს მოლაპარაკებები დეესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის პრევენციის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია. აქ მოსვლამდე კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. კიევში ვიმყოფებოდი ვიზიტით. ესეც ძალისხმევის ნაწილია. მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ყველა ჩვენს მოკავშირესთან და პარტნიორთან, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ. ერთნაირად დაინტერესებულნი ვართ დიალოგში, რათა ჩვენი უთანხმოებები გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს
რუსეთის დუმის სპიკერის ინფორმაციით, რუსეთის დუმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების საკითხზე იმსჯელებს
რუსეთის დუმა მომავალ კვირაში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ ინიციატივაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, რუსეთის დუმის სპიკერის ინფორმაციით, რუსმა პარლამენტარებმა, „კომუნისტური პარტიის“ ლიდერის, გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინეს კანონპროექტი, რომელშიც „ვლადიმერ პუტინისგან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ითხოვენ“. ვოლოდინის თქმით, „მმართველი პარტია შეშფოთებულია ამ რეგიონებში მცხოვრები რუსების უსაფრთხოებით“. მისი თქმით, „პრეზიდენტი ზელენსკი მინსკის ხელშეკრულებებს უგულებელყოფს, ნატო-ს უკრაინის ოკუპაცია სურს, რამაც შეიძლება, დიდი ტრაგედია გამოიწვიოს, რაც რუსეთმა არ უნდა დაუშვას“. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ ამას, სწრაფი პასუხი გავცეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე
„შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში გამართული აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. ამასთან, დღევანდელი შეხვედრა დროზე ადრე, ნახევარ საათში დასრულდა. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების ორი პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — NATO-ს. რუსეთი მიმდინარე კვირასაც ელოდებოდა წერილობითი პოზიციას აშშ-ისა და NATO-სგან, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის ფორმალური დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ ამას, სწრაფი პასუხი გავცეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს
"ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა. ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას, მაგრამ „ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა ამ თემაზე ვერ დაიყვანება“. „რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე
ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი ნატოს ღია კარის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: დღევანდელი შეხვედრა გულახდილი და საგნობრივი იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დღევანდელი შეხვედრა იყო გულახდილი და საგნობრივი. „მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე შეერთებული შტატების და მისი პარტნიორების პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რომელიმე რუსული შეირაღებული ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, რომელსაც სწრაფი, მკაცრი და ერთობლივი პასუხი გაეცემა. ჩვენ ასევე ვიცით, რუსეთს ახასიათებს უფრო მცირე სამხედრო აქტივობებიც, კიბერთავდასხმები, პარამილიტარული ტაქტიკები, რომელსაც ასევე გაეცემა შესაბამისი ერთობლივი პასუხი“, — განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აგრესიის ნებისმიერ ფორმას გაეცემა სწრაფი და მკაცრი პასუხი. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს
იან ბონდი: ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს გადარჩენისთვის
10 იანვარს, ჟენევაში დაწყებული მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩართულები არიან აშშ, მისი მოკავშირეები და რუსეთი, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. რუსეთი ამ რაუნდიდადან 10 დღის შემდეგ კვლავ იმეორებს რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს, რაზეც აშშ-ის პასუხი უცვლელია, დასავლეთი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა. ამ ფონზე, როგორც 21 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას წარმოადგენენ წერილობით პასუხს ყველა წინადადებაზე. რა შედეგებამდე მიიყვანს ეს დიალოგი მხარეებს, ასევე აშშ-ის პარტნიორებს, და რატომ დგას გადამწყვეტი მომენტი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Europetime ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს იან ბონდს ესაუბრა. მანამდე ის ბრიტანეთში დიპლომატიურ სამსახურში იყო 28 წლის განმავლობაში. 2005-2007 წლებში, იან ბონდს ლატვიაში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა ეკავა. _რას ელით მაღალი დონის დიპლომატიური დიალოგიდან რუსეთთან, რომელშიც ჩართულნი არიან აშშ და მისი მოკავშირეები. ჩვენ ვნახეთ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულების (NEW START-ის) გახანგრძლივების გადაწყვეტილება ბაიდენის მმართველობის პერიოდის დასაწყისში. მაგრამ მაინც, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაო შეიძლება სასარგებლო იყოს. INF (საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება) ხელშეკრულების გარკვეული ჩანაცვლება ეფექტური გადამოწმების მექანიზმით – რაც ბოლო დროს არ გვქონია. ასევე, იმ ნდობის შენების ღონისძიებების აღდგენა, რაც ადრე გვქონდა და რომელიც რუსეთმა დაბლოკა რამდენიმე წლის წინ, სამხედრო წვრთნებზე შეტყობინება, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ იმის შეფასება, რომ არაფერი სახიფათო არ ხდება. რაც შეეხება ბოლო დღის წესრიგს, ის, რაც რუსეთს სურს, არ შეიძლება იყოს დღის წესრიგში, რაც მოიცავს აშშ-ს განცხადებას, რომ NATO არ მიიღებს ახალ წევრებს, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. _სწორედ ახლა ხომ არ არის დრო, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების რეალური შანსი მიეცეთ ან პროცესი დაჩქარდეს? ვფიქრობ რა, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება კარგი იქნებოდა, უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან სწრაფად არ მოხდება გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით. ამიტომ, მივიჩნევ, რომ საქართველომაც და უკრაინამაც თავად უნდა გადადგან რამდენიმე ნაბიჯი. _კონკრეტულად, აქ ფაქტორია შიდა ვითარება თუ რას გულისხმობთ? პირველ რიგში, თუ შეხვედავთ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოც და უკრაინაც გაყოფილია და ეს იმ დროს, როცა მათ სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მე ახლა არ ვაპირებ დამნაშავის ძიებას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაკავებულია. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს უკრაინაში დაკავება, ან პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის გადარჩენისთვის. მეორე საკითხი ეხება ევროკავშირთან და NATO-სთან თანამშრომლობას, საქართველომ და უკრაინამ მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართონ NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად, რაც დაეხმარება ამ ქვეყნებს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. მესამე - მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაგალითად, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაგზავნა უკრაინელების დასახმარებლად. ვფიქრობ, უკრაინასაც და საქართველოსაც პრიორიტეტის მინიჭება სჭირდებათ ისეთი საკითხებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ სამხედრო ძალებს. კერძოდ, NATO-ს ქვეყნებთან ან სხვა ქვეყნებთან უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები, თუ რომელი სისტემები და რა სახის ტრენინგი სჭირდებათ ყველაზე მეტად. განიხილონ ეს საკითხები ორმხრივად და შეეცადონ, მიიღონ ეს დახმარება. როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და მოლდოვას სჭირდებათ, მაქსიმალურად მედეგები გახდნენ რუსული აგრესიის აღსაკვეთად. _როგორ ფიქრობთ, გადამწყვეტი ეტაპია ევროპული უსაფრთხოებისთვის? ეჭვგარეშეა, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის. ძალიან საშიში პერიოდი, რაც ალბათ ბოლოს, ძალიან დიდი ხნის წინ თუ გვინახავს. პუტინი ხედავს სისუსტეს დასავლეთსა და იმ ქვეყნებში, რომლის პირისპირაც დგას. ის საქართველოსა და უკრაინაში შიდა პოლიტიკურ განხეთქილებას სისუსტედ ხედავს, ბაიდენს კი გაყოფილი ამერიკის სუსტ პრეზიდენტად. ჩვენ ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს საფრანგეთში და იქ სწორედ ამ საკითხზეა ყურადღება გადატანილი. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა გერმანიაში, რომელიც ჯერ კიდევ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესშია, და დიდი ბრიტანეთი, რომელიც უფრო დასუსტდა Brexit-ის გამო და შინაგანად დაყოფილია Brexit-ის გამო. ამრიგად, ვფიქრობ, პუტინი ამ მომენტს ალბათ განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ძალიან სახიფათო პერიოდს ქმნის ევროპის უსაფრთხოებისთვის. _და ვინ დარჩება მოგებული ამ ვითარებაში? თუ გადავხედავთ რუსეთის ეკონომიკის მასშტაბს, ის ძალიან მცირეა NATO-ს ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით. ასე რომ, ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა NATO-ს, გამოიყენოს ის უპირატესობები, რაც მას აქვს? თუ ის ასე მოიქცევა, მაშინ მას უნდა შეეძლოს პუტინის მხრიდან რაიმე შემდგომი მავნე ქცევის შეკავება. და, თუ NATO-ს ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით წავლენ და სხვადასხვა თამაშის წესებს გამოიყენებენ, მაშინ ჩვენ ბევრად უფრო სუსტები ვიქნებით.
ენტონი ბლინკენი: ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს
"ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ. „ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება“, - განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე
კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი გარდაიცვალა
კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი გარდაიცვალა. 68 წლის მსახიობი სისხლის კიბოს დიაგნოზით საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს. ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ქართველი მაყურებელისთვის ცნობილია ანიმაციური სერიალიდან Life With Louie. 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Coming To America, Ferris Bueller's Day Off, Nash Bridges.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ გაფიცული სოციალური აგენტების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა. „კერძოდ, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა. მათი შრომის ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლების ხელფასი 40%-დან 60%-მდე გაიზარდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დასაქმებულთა წინაშე დგას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აქტიურად გაგრძელდეს სამომავლო საქმიანობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება, როგორც დასაქმებულთა, ასევე ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მახრეები შეთანხმდენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ბიძინა კულუმბეგოვი: „ბუსტერ“ დოზით აცრიდან 3 თვის განმავლობაში 90%-იანი გარანტიაა, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდებით
„ბუსტერ“ დოზით აცრიდან 3 თვის განმავლობაში 90%-იანი გარანტიაა, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება პაციენტი. ალერგოლო-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირების ალბათობა ბუსტერ დოზით აცრის შემდგომ შემცირებულია. „ომიკრონის“ შეხვედრის ალბათობა ბუსტერ დოზითშემდგომ არის შემცირებული, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეს არის 30-დან 50%-მდე. სამი თვის განმავლობაში „ბუსტერის“ შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით მცირდება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას“ ეთერში. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა
საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. მიზეზს განცხადების ავტორები თავად განმარტავენ. „როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ ჩაერთოს პროცესში. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რომლის მიზანი იყო პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დადასტურებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, წინსვლის ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგით. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ჩვენი მისწრაფების და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელის, მარინა კალიურანდის და მირიამ ლექსმანის სახელით ვრცელდება.
მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე
ყაზახეთის არეულობიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, დღის წესრიგშია საკითხი, თუ რა გაკვეთილი მიიღეს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებმა მომხდარისგან და რა პრობლემებზე მოუწევთ მათ ყურადღების გამახვილება და კონცეტრირება. გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს კრიზისი შუა აზიის სხვა სახელმწიფოებსა და თავად ყაზახეთზე და როგორ იკვეთება იქ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Europetime უზბეკეთში მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, მართვისა და ბაზრების კვლევითი ცენტრის მკვლევარს აკრამ უმაროვს ესაუბრა. _ყაზახეთში მომხდარს როგორ შეაფასებთ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე? ის, რაც ყაზახეთში მოხდა, ძირითადად შიდა საკითხებთან, ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული. ხალხი ითხოვდა გაზის ფასის შემცირებას, მაგრამ სამწუხაროდ, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების განაწილებისთვის. სოციალურ-ეკონომიკური პროტესტი, სამწუხაროდ, ამ კრიმინალურმა ელემენტებმა გადაფარეს, რომლებიც ასეთი შესაძლებლობით ცდილობდნენ პრობლემების გადაჭრას. თუმცა არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი მოქმედებდა. რუსეთი თავად ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიწვია დასახმარებლად. იყო მრავალი დისკუსია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ ფაქტმა შეზღუდა ყაზახეთის სუვერენიტეტი. შესაძლოა, ამ მომენტში ასე გამოიყურება, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივიდან, მე მჯერა, რომ ყაზახეთის საზოგადოებას აქვს ძალიან ძლიერი იდენტობა და ეროვნული სუვერენიტეტის განცდა, ისინი ამ საკითხებზე კომპრომისზე არ წავლენ არცერთ გარე აქტორთან. ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ მათი ეროვნული სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერ მცდელობას. _აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი თოყაევი მიუთითებდა გარე ფაქტორზე... დიახ, გარკვეულწილად, ეს ყაზახეთის ოფიციალური პოზიცია იყო, მაგრამ ცოტა უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ. _რაც შეეხება რუსეთის გავლენის ზრდას ცენტრალურ აზიაში, ასევე ჩინეთისა და აშშ-ის როლს, როგორ არის ეს დაბალანსებული და გადაკვეთილი? რუსეთის მხრიდან პასუხი მეტყველებს იმაზე, რომ მას შეუძლია სწრაფი რეაგირება; რომ აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. რა გავლენას იქონიებს ეს ყაზახეთზე გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო ამის შესაფასებლად. რაც შეეხება ჩინეთს, მას ძალიან აინტერესებს ყაზახეთის სტაბილურობა. დიდად არ აინტერესებს, ვინ არის ხელისუფლებაში. თუ არსებობს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს ჩინეთის ინვესტიციებისთვის საჭირო გარანტიები და მიაწოდოს ნავთობი და გაზი ყაზახეთიდან ჩინეთში, ვფიქრობ, ჩინეთი ამით ძალიან კმაყოფილი იქნება. ისინი არ ცდილობენ შიდა საკითხებში ჩარევას, მაგრამ დაინტერესებულნი არიან, რომ ყაზახეთში იყოს ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის აუცილებელ გარანტიებს. აშშ-ს ძალიან შეზღუდული ინტერესი აქვს ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით ავღანეთიდან გასვლის შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში მათი ინტერესი ცენტრალური აზიაში უკავშირდებოდა შეერთებული შტატების ინტერესს ავღანეთში. ახლა ავღანეთში ამერიკა არ არის და მათ შეზღუდული ინტერესი აქვთ ცენტრალურ აზიაში. ამიტომ, უბრალოდ გამოთქვეს შეშფოთება ხაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდეს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ, რაც უნდა მომხდარიყო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გარეშე. მოკლედ, ეს იყო აშშ-ის პოზიცია. _რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებზე? ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი შიდა პრობლემა გვაქვს და ამ საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება გვჭირდება, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენი ეკონომიკის რეფორმირებას, რათა უფრო მიმზიდველი გავხდეთ. მნიშვნელოვანია, ამ კრიზისიდან საჭირო გაკვეთილების მიღება. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ინსტიტუტების გასავითარებლად და შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის. ყაზახეთის უსაფრთხოების ინსტიტუტების მზადყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემაში ყველაფერი შესანიშნავად არ იყო. სისტემაში იყო გარკვეული პრობლემები, რამაც გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება. უფრო მეტი მზადყოფნა და მომხდარიდან დასკვნების გამოტანა გვმართებს. _თქვენ უზბეკეთს წარმოადგენთ, რას გვეტყვით იქაურ განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, რა გაჩვენათ ყაზახეთის მაგალითმა? ეს სიტუაცია საკმაოდ მოულოდნელი იყო არამხოლოდ უზბეკეთისთვის, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიისთვის. რადგან ყაზახეთი ჩვეულებრივ განვითარებულ და მდიდარ ქვეყნად ითვლება. ხალხი ფიქრობს, რომ მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ ასეთი ძალადობა არავის მოუტანს სარგებელს. შემდგომი ძალადობა და სისასტიკე, რომელიც მოხდა ყაზახეთის ქუჩებში, მეტყველებს იმაზე, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონმა კვლავ სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია, მიიღოს საჭირო გაკვეთილები და უპასუხოს ხალხის საჭიროებებს. უზბეკეთი ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ გვყავს დიდი პოპულაცია, მაგრამ მაღალია უმუშევრობის დონე. უნდა ვიმუშაოთ სამუშაო ადგილების გაზრდაზე, რათა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემები. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება გვჭირდება. დრო გადის და სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. უნდა ავუწყოთ ფეხი მსოფლიოს.
ბლინკენი კულებას: რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფი და მკაცრი პასუხი მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო ზარი გერმანიასა და უკრაინაში ბლინკენის ვიზიტს და ასევე სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს მოჰყვა. „სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს კულებას მისი შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ბერლინში მოკავშირეებთან, შემდეგ კი ჟენევაში გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენი: ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს ჯო ბაიდენმა განმარტა უკრაინაში „მცირე შეჭრაზე“ განცხადება, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი
რამდენიმე წუთის გამოტოვებით, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, რამდენიმე წუთის გამოტოვებით, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 02:28 საათზე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო თბილისის დროით 02:37 საათზე – 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
განათლების სამინისტრო: პანდემიის პირობებში, სკოლებში მეორე სემესტრი მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს
2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%- ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა. დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვირუსის პრევენციისათვის კვლავ განაგრძობს სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.