ძებნის რეზულტატი:
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობა ედებათ. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სალომე სამადაშვილი პარტიას - „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას -„ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. “პოლიტსაბჭომ დაამტკიცა ჩვენი ახალი წევრის, სალომე სამადაშვილი შემოერთება პარტია “ლელოში”. ასევე ჩემი წარდგინებით, სალომე სამადაშვილი დანიშნული იქნა პარტიის პოლიტიკურ მდივნად, რაც დაამტკიცა პოლიტსაბჭომ. მინდა მადლობა გადავუხადო სალომეს. მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გაძლიერებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და იმაზე, როგორ გადავლახოთ სირთულეები და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 2020 წელს, სალომე სამადაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად, ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ აირჩიეს. 2021 წელს სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და უპარტიო წევრად ფრაქციას, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეუერთდა. სალომე სამადაშვილი 2005 – 2013 წლებში იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
კახა კალაძე: მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით - ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ
თბილისის მერის განცხადებით, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს „ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ყოველთვის მზადაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას. იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან შეხვედრაზე ისაუბრა. „ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე ვესაუბრე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევისათვის დიალოგის მხარდაჭერად“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში.
პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
პოლონეთი უკრაინას პოლონური წარმოების ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას Grom-ს, დრონებს და სხვადასხვა საბრძოლო მასალას გადასცემს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კიევში ვიზიტის წინ განაცხადა. "ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი მეზობლების მიმართ, რადგან ისინი რუსეთის საფრთხეების წინაშე დგანან. მაგრამ სოლიდარობა და სიტყვები ამჟამად საკმარისი არ არის. ჩვენ ისინი მოქმედებად უნდა ვაქციოთ. ამიტომ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ თავდაცვითი იარაღი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მორავიეცკიმ განმარტა, რომ პოლონეთი გაგზავნის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვადასხვა ტიპის თავდაცვით უპილოტო საფრენ აპარატებს. „პოლონეთს ასევე შეუძლია, გაუგზავნოს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება „რამდენიმე დღეში“, თუ ეს საჭირო იქნება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინას გაუგზავნიან იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის Stinger სისტემებს.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ
Europetime-ის ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცას პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ. ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ქვეყნის პერსპექტივაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს. ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ისე საგარეო ველს, უკრაინის კრიზისს და ასე შემდეგ. იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტა მოჰყვება? იულიან კიფუ: ვარაუდების გამოთქმა გამიჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება სიტუაციის დამაბალანსებელი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიპლომატიური გზები, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.
სვენ მიქსერი: საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა. „საქართველოს პრეზიდენტთან განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს პოლიტიკური დებატების სივრცე ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე“, - აღნიშნულია ტექსტში.
ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლება NATO-GEO EX 2022-ზე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს. ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2022, ქმნის შესაძლებლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს გაუზიარონ გამოცდილება, უნარები, ცოდნა და განავითარონ როგორც მათი მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ასევე, NATO-ს წევრების ძალებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეფექტურად მოქმედების უნარები. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სწავლება ასევე იქნება ერთგვარი პლატფორმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების შესამოწმებლად და კონსოლიდაციისთვის, რომ შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები, ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ეფუძნება მრავალ სამოქალაქო და სამხედრო აქტორთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. „ეს წვრთნები არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მრავალეროვნული, კრიზისზე რეაგირების სწავლება, რომელიც ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. NATO-საქართველოს წვრთნები 2022 ტარდება გამჭვირვალედ, NATO-ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, NATO-ს პროცედურების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება.
ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის. 2 000 ჯარისკაცი პოლონეთსა და გერმანიაში მიმდინარე კვირაში, ხოლო Stryker-ის ქვეითთა ნაწილის დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში განთავსდება. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია დააზღვიოს მოკავშირეები უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების უჩვეულო დაგროვებით გამოწვეული მზარდი დაძაბულობის დროს. ”ეს ძალები არ აპირებენ ბრძოლას უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი ბატონ პუტინს და მსოფლიოს, NATO-ს მიმართ აშშ-ის ერთგულების შესახებ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ" 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რადგან რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. „როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
El Pais-ი: აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს
ესპანური გამოცემა El Pais-ი აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს აქვეყნებს, რომელშიც, აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს. ალიანსის მიერ გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან. ასევე, ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის მიმართულება სხვა ქვეყნის ჩარევის გარეშე. დოკუმენტში დადასტურებულია ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ
სპორტსმენებმა და ვიზიტორებმა, რომლებიც მიდიან პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტელეფონები სახლში უნდა დატოვონ და ამის ნაცვლად დროებითი ტელეფონები გამოიყენონ, BBC-ის ცნობით, ეს FBI-ს მოთხოვნაა. მიზეზი კიბერუსაფრთხოება და მოვლენებზე კიბერაქტივობების შესაძლო უარყოფითი გავლენაა. „FBI მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, დატოვონ პირადი მობილური ტელეფონები სახლში და გამოიყენონ დროებითი ტელეფონი თამაშებზე ყოფნისას", - წერია განცხადებაში. FBI-მ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოუწოდა პარტნიორებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაიმართება. ჩინეთის მთავრობა 3,9 მილიარდ დოლარს (2,9 მილიარდი ფუნტი) ხარჯავს მოახლოებულ თამაშებზე. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ჩინეთში უიღურების მიმართ მოპყრობის გამო, მთავრობებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
მაიკლ კარპენტერი: დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს და უკრაინის დასაახლოებლად
„საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები კვლავ ცოცხალია“ და დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, რადგან ამის ალტერნატივა ისეთი სამყაროა, სადაც „ვინც ძლიერია, მართალიც ის არის და ქვეყნების მომავალს ტანკები, ჭურვები და ჯარისკაცები წყვეტენ“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ელჩის შეფასებით, თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ამისთვის აშშ მზად არის. იქნება თუ არა უკრაინაში ომი, მაიკლ კარპენტერი პასუხობს: „ვფიქრობ, რისკი ძალიან რეალურია, რადგან ვხედავთ რუსული დანაყოფების თვითნებურ, უპრეცედენტო, აუხსნელ და ერთობ მასშტაბურ მობილიზებას უკრაინისა და ახლა უკვე ბელარუსის საზღვარზე. ლაპარაკია არა უბრალოდ ათიათასობით ჯარისკაცზე, არამედ აღჭურვილობასა და იმ ლოგისტიკაზე, რაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენციისთვის შეიძლება გჭირდებოდეს მეზობელ ქვეყანაში. და ვფიქრობ, არც თქვენ და არც თქვენს მკითხველს შეხსენება არ გჭირდებათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში, როცა თქვენს საზღვართან რუსეთი „კავკაზის“ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებდა - ეს წვრთნები საქართველოში რუსული დანაყოფების შემოსაყვანად გამოიყენეს, და მრავალი წლის შემდეგაც, დღემდე, ისინი საქართველოში რჩებიან“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს უნდა შევხედოთ და არა სიტყვებს. „ჩვენი თვალით ვნახეთ და კარგად გვახსოვს 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში კი დღემდე გრძელდება, რუსული დანაყოფების, რუსული აღჭურვილობის, არტილერიისა და ტანკების წყალობით, რასაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ასე რომ, დიახ, [კრემლის] სიტყვებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას - მე იმას ვუყურებ, რა ხდება ადგილზე, და ის, რაც ხდება, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან ახლა მეორე წერილს ითხოვენ, სადაც დასავლეთმა უნდა ახსნას, რატომ არღვევს 1999 წელს ეუთოს ეგიდით მიღებულ სტამბოლის დეკლარაციის დებულებას უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ. როგორი იქნება დასავლეთის პასუხი? მაიკლ კარპენტერმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლეთმა დისკუსია და დიპლომატია უნდა გააგრძელოს. „ეს პოზიტიური სიგნალია. ასე რომ, თუ რუსებს უნდათ, უსაფრთხოების განუყოფელობასა და იმ ვალდებულებებზე ვისაუბროთ, რომელიც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე აიღეს, მე ვიტყოდი - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით, მოდი, ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს სათქმელი ეუთოს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა არ შეასრულა. თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ჩვენ მზად ვართ. რატომაც არა - ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი სახელმწიფო მეორის უსაფრთხოებას ძირს არ უნდა უთხრიდეს და შემდეგ შევხედოთ, რას აკეთებს რუსეთი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მიწაზე და ამის საპირწონედ, რას აკეთებს NATO“. მაიკლ კარპენტერის თქმით, კრიზისმა შეიძლება გააჩინოს გადაუდებლობის კიდევ უფრო ძლიერი გრძნობა [საქართველოსა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით]. „რათა ვიხილოთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“. ავფიქრობ, ამის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ მიმდინარე კრიზისის მოგვარების შემდეგ. კარგი იქნება, მოსკოვიც თუ ჰკითხავს საკუთარ თავს - რატომაა, რომ მისი ამდენი მეზობელი ისწრაფვის, NATO-ს, თავდაცვითი ალიანსის წევრი გახდეს? ვფიქრობ, პასუხი არცთუ ისე ძნელი მისახვედრია“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).
სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებს ხვდება
საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს. „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ოპოზიცია სვენ მიქსერთან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებს. „სვენ მიქსერთან ვისაუბრებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე მუდმივ თავდასხმებზე, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მძიმე მაგალითი, როცა ყველანაირი დისკუსიის გარეშე გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე საგარეო საკითხებზე და ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, თანამშრომლობის იგნორირებაზე, რაზეც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ აღებული პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ჰორიზონტზე არ ჩანს „ქართული ოცნების“ დამსახურებით", - განაცხადა ახათუნა სამნიძემ. სვენ მიქსერმა პირველ თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის. 3 თებერვალს ის ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ
თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ. ამის მიზეზი ფსაკიმ ბრიფინგზე განმარტა. „ჩვენ შევწყვიტეთ ამ სიტყვის გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ მან ის მესიჯი გაგზავნა, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით, რაც იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა გარდაუვალ ფაქტად შეაფასა.
ბორის ჯონსონი პუტინს: უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტიურობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. „პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია“, - ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას. „ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა“, - დაწერა თავის მხრივ ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.
იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგმა ნაბიჯს თავდაცვითი და პროპორციული უწოდა. „ეს არის აშშ-ის ძლიერი გზავნილი და დამატებითი წვლილის შეტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისივე თქმით, NATO გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად. აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 23 664 ადამიანს დაუდასტურდა, 42 პაციენტი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კოვიდნფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 ადამიანი, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108-ს ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 038 391-მდე. სულ 15 102 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის - 24.27%, ხოლო 7 დღის - 27.36%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია - 11 543, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87. აქტიური შემთხვევა - 196 589, საიდანაც: 5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 375, აჭარაში - 786, იმერეთში - 1 167. მძიმე პაციენტი - 1 139, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 144, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 262 ადამიანი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 46, იმერეთში - 23. 1 969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 181 - თბილისში, 560 - აჭარაში. 188 897 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - ერთი.
კირბი El País-ის ინფორმაციაზე: ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია. „ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით, რათა მართონ ეს საკითხები კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.