ძებნის რეზულტატი:
პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კორონავირუსი გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.
დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება
დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, მიზანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერებაა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ამ სანქციებს ვერავინ დაემალება. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა რომელიც ძალაში იქნება 10 თებერვლამდე, ავტომატურად არ დააწესებს სანქციებს, მაგრამ ითვალისწინებს დამატებით მექანიზმს „უკრაინაში რუსეთის შემდგომი შემოჭრის შემთხვევაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი ზომები დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, იმოქმედოს „შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა გაყინონ აქტივები და აკრძალონ მოგზაურობა“. „ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედა
დღეიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედა. კერძოდ, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ღირს, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეუძლიათ. ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, მერიის ცნობით, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ. გარდა ამისა, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.
დღეიდან ყველა ოჯახის ექიმს შეუძლია, კოვიდპაციენტი ბინაზე მართოს
დღეიდან კოვიდპაციენტებს ოჯახის ექიმები ბინაზე მართავენ. ამისთვის ოჯახის ექიმები გადამზადდნენ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ცვლილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ. „დღეიდან ამოქმდედება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერი-დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავინთი პაციენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის 24 201 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 10 732 ადამიანი გუშინ საქართველოში 85 191 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი. ამ ეტაპზე 1 048 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 263 პირი იმყოფება. საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28,41%, ბოლო 14 დღის - 21,96% ხოლო 7 დღის - 24,96%.
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვის Twitter-ზე გავრცელდა. „მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ - აღნიშნულია მინისტრის Twitter პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესს აცნობებს თავის განზრახვის შესახებ, მიანიჭოს კატარს, როგორც მთავარი, NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი. ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია. კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტატუსი აშშ-სა და კატარს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას გამოხატავს. ბაჰრეინი და ქუვეითი ყურის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც NATO-ს არწევრებს შორის მთავარ მოკავშირეებად არიან დასახელებულნი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილება
უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია, ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ ბაიდენი აპირებს ბრინკის წარდგენას. თავის მხრივ, CNN წერს ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დასტურს ელის. თავის მხრივ, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება არ მომხდარა უკრაინის მხრიდან და შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატი კიევს დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს. ამასთან, CBS-ი იტყობინება, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. „არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, - აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 2018 წლის ოქტომბერში. სწორედ მისგან გახმაურდა მედიაში ეს ცნობა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ უარყოფ ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკეს. ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში, ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.
საგარეო კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში „რუსეთის“ ჩაწერას მხარი არ დაუჭირა
საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. შესაბამისად, ტექსტი უცვლელი დარჩა. კომიტეტის სხდომა ოპოზიციის ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის გარეშე დასრულდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უნდა განეხილა, თუმცა, პროექტის ავტორებმა სხდომაზე, საკუთარი პროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველ პარტიას ერთი, მრავალპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს. პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის პროცედურას დღესვე დაიწყებენ. „ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის საზღვრებთან მსხვილი საბრძოლო შენაერთების, სამხედრო ტექნიკის მობილიზებას და რეალურად ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირდაპირ მუქარას. რაც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამხედრო მოქმედებების პოტენციური მასშტაბით, უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კრიზისი, რომელიც პირდაპირ ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ფართო შავი ზღვის რეგიონს და ევროპის უსაფრთხოებას. შესაბამისად, დღეს საქართველოს მიერ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ვინაიდან, რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას არამედ, ემუქრება საქართველოს. რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, რუსეთი ჩვენს გარეშე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი - რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამით ის პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ დღევანდელი საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინის გამოწვევა, ეს არის საქართველოს გამოწვევაც, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. გვესმის, რომ არც პოლიტიკური მზაობა და არც რესურსი არსებობს იმისა, რომ ვისაუბროთ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველომ გამოხატოს სრულფასოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. უკრაინის მხარდაჭერა არის ზეპარტიული საკითხი და არ არის მიზანშეწონილი, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ვიხილავდეთ ორი რეზოლუციის პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი რეზოლუციის ნაწილში გამოთხოვის პროცედურას ვახორციელებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა გამბედაობა, ოკუპანტს უწოდებს ოკუპანტს და უკრაინას გამოუცხადებს სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ასევე წაიკითხეთ მმართველი პარტია და ოპიზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს. რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, როგორც ცნობილია, თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება კამპანია და 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 200 124 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 020 510 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 016 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 031 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5 454 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი ისტორიაში პირველად დაიწყო
უკრაინამ ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან გაზის იმპორტი უნგრულ FGSZ-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მანამდე ორ ქვეყანას შორის გაზის გადაცემის სისტემა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა - უკრაინიდან უნგრეთამდე. უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ, ტრანზიტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ მიმართულების გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, უზრუნველყონ LNG-ის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან. მხარეებს შორის შეთანხმება ყოველდღიურად უნგრეთიდან უკრაინაში 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სლოვაკეთიდან ხელმისაწვდომ დღიურ სიმძლავრესთან ერთად (27 მილიონი კუბური მეტრი), გაზის მთლიანი გარანტირებული სიმძლავრე უკრაინაში დღეში 35 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2022 წლის 30 სექტემბრამდე. რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შემცირების ფონზე, უკრაინის GTS ოპერატორი თავის ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას განაგრძბს, რათა გააუმჯობესოს მარშრუტების შესაძლებლობები უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.
კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. მის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ
ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა, რომელმაც მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. „მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული“. „გარდა იმისა, რომ შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე, მე ასევე განვაცხადე, რომ ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.
კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან და ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც სისტემა მხოლოდ შეასუსტა
„სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ელჩმა მოუწოდა პარლამენტს, გამოიყენოს დრო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანების შესარჩევად, რომლებიც შეძლებენ ბალანსის უზრუნველყოფას და ზედამხედველობის ფუნქციის შეთავსებას, რაც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის. მან მადლობა გადაუხადა ლონდა თოლორაიას, მის მოადგილეებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელ გუნდს მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდნენ მოვალეობის შესრულებისას, დაეცვათ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. „ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. ის მნიშვნელოვანია მათ შორის იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებაში და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით. დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ მათ მოვალეობას იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დაკმაყოფილებული იყოს მათი საჭიროებები. როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს მოითხოვს ამ სამსახურებისგან გამბედაობას, თანმიმდევრულობას და მოითხოვს პროფესიონალიზმს, რადგან სამუშაო, რომელსაც ეს სამსახურები ასრულებენ, ძალიან ინტენსიურია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია, მათ შორის ისეთი სამსახურები, რომლებიც ასრულებენ ამ მნიშვნელოვან ზედამხედველობის ფუნქციას. ძალიან იმედგამაცრუებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, რომლის დროსაც შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო რეფორმები, რათა ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. უკანასკნელმა პროცესებმა აშკარა დემონსტრირება მოახდინა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო. ამ სამსახურის ორ ნაწილად გაყოფის შემთხვევაშიც კი იმედი გვაქვს, რომ ამ გუნდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო გაგრძელდება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის დაცვით. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. ჩემი აზრით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოიყენოს დრო და იპოვონ ნამდვილად კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები იმ ორი სააგენტოს ხელმძღვანელების პოზიციაზე, რომლებიც იქმნება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მეთვალყურეობას დიდი ინტერესით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალი სამსახურები შეძლებენ ბალანსის დაცვას და ზედამხედველობის როლის მორგებას, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ნიღაბი, რომელიც კორონავირუსისგან 99%-ით იცავს, 300 ევრო ღირს
პირველ ნიღაბი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ვირუსები, ბაქტერიები და აქროლადი ორგანული ნაერთები, 300 ევრო ეღირება. ნიღაბი ფილტრავს მიკრო და ნანონაწილაკებს; უზრუნველყოფს სრულ დაცვას ვირუსებისგან (SARS COV 2-ის ჩათვლით), ბაქტერიებისგან. უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას/სუნთქვას. AIRXÔM ნიღბის ეფექტურობა დამოწმებულია ექსპერიმენტული პროტოკოლით, რომელიც ჩატარდა ამ სექტორში აღიარებული გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ. მაგალითად, ლიონის VIRNEXT კვლევითი ტექნოლოგიების ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა ვირუსულმა ტესტებმა მისი ეფექტურობა აჩვენა და უზრუნველყო: SARS-CoV-2-სგან 99.94%-ით, H1N1 -სგან 99,99%-ით დაცვა; ადენოვირუსისგან 99,94%-ით დაცვა. ნიღაბი 130გ იწონის, საცალო ფასი 300 ევროა და უკვე ხელმისაწვდომია airxom-mask.com ვებგვერდზე, თებერვლიდან საფრანგეთის აფთიაქებში გამოჩნდება. ფრანგულმა medtech AIRXÔM-მა 5 იანვარს, ლას-ვეგასში, წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ნიღბი, რომელიც იცავს ჰაერის დაბინძურების, ვირუსებისა და ბაქტერიების ზემოქმედებისგან. აბსოლუტური დაცვა შესაძლებელი გახდა ნიღაბში გამოყენებული ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებით, რაც ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული კვლევებისა და ნოუ ჰაუს შედეგია.
გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება
11 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება. სრულად ვაქცინირებულებისთვის უქმდება გამგზავრებისას კოვიდტესტირების მოთხოვნა, საჭირო იქნება მხოლოდ მგზავრის ფორმა ლოკატორის შევსება (PLF). არავაქცინირებულებისთვის საჭიროა გამგზავრებამდე და შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე PCR ტესტის ჩატარება. ინგლისში 12-15 წლის ასაკის პირებს 3 თებერვლიდან შეეძლებათ ვაქცინაციის სტატუსი ან წინასწარი ინფექციის შესახებ ინფორმაცია შეამოწმონ ციფრული NHS COVID Pass-ის მეშვეობით. საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესების ცვლილება განპირობებულია ვაქცინაციის ბუსტერ პროგრამით.
კელი დეგნანი: დროა, საქართველოში ყველა პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განააცხადა, რომ ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ელჩის თქმით, მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საქართველომ, რომელიც ემზადება ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, უნდა გააგრძელოს დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება. კელი დეგნანის თქმით, ეს არის ის, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება. „საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის და რომელიც მნიშვნელოვან მიღწევებს აყენებს რისკის ქვეშ. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას და სიმტკიცეს. საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხე გრძელდება. ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებით. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამას ადასტურებს გამოკითხვებიც. ეს არის მიმართულება, რომლისკენაც წინსვლა სურს ამ ქვეყანას. შეერთებული შტატები მზადაა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი: შეჩერებული ანაკლიის პორტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. „რამდენიმე დღის, წინ ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან. ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.
თამარ გაბუნია: „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა
„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციის გადატანის სტატუსი, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში, ამდენად ეს არ იცავს და არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო იმ გარემოში, სადაც „მწვანე პასპორტი“ გამოიყენება. „ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ვაქცინაცია არის გარკვეულწილად დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის ჰორპიტალიზაციისგან და გართულებებისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ეს არის მნიშვნელოვანი. ამდენად აქ ყველაზე ძლიერი ფაქტორი გამოდის ყოველდღიური PCR-ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, ამ ფაქტორების გათვალსწინებით, ჩაითვალა, რომ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული რეგულაციები ან ვაქცინაციის კამპანია შესუსტდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
უკრაინა დიდ ბრიტანეთთან და პოლონეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნის
უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ. დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტია დაგეგმილი. ზელენსკიმ თანამშრომლობის დეტალებზე არ ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ემზადება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად უახლოეს ორ დღეში.
ამირან გამყრელიძე „მწვანე პასპორტზე“: სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს აღარ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, მაგრამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჟურნალისტების შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს პირადად ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებას, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე დააფიქსირა. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში საუბარი იყო თერმოსკრინიგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რომელიც საბჭოზე დააფიქსირა. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჩემ თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, „მწვანე პასპორტი“ იქნება თუ არა დაშვებული, ყველას უნდა მოვუწოდოთ, წავიდნენ და აიცრან. „ჩემი რეკომენდაციაა, როგორც ერთი ექიმის: კი ბატონო, სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის. მათი გადასაწყვეტია. თუმცა მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს - დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ ცენტრში, თუ არ აჩვენებთ თქვენი აცრისა და ტესტირების სტატუსს. „მწვანე პასპორტი იქ მუშაობს ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის საკითხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, „მწვანე პასპორტი“ კვლავ იმუშავებს. მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.