ძებნის რეზულტატი:
სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის წევრობის 2024 წლის განაცხადისათვის მომზადების პროცესში. ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის განათლების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. „მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში. ევროპარლამენტარი მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ხავიერ კოლომინა: საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. „ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები.
გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში შოლცი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს მომავალში, როდესაც ის რუსეთს ვიზიტით ეწვევა. „უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩახლართული სიტუაციიდან სხვადასხვა დისკუსიის, ფორმატების გამოყენებით“, - აღნიშნულია შოლცის ტექსტში.
მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, თურქეთს თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს, იუწყება ტელეარხი A haber. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში შესაძლებელია, პეკინის ოლიმპიადის გახსნის შემდეგ განხორციელდეს. რუსეთის ლიდერის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ისარგებლებს პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მიწვევით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და განრიგი ამის საშუალებას მისცემს.
ერდოღანმა კიევში გამგზავრების წინ, თურქეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა
უკრაინაში გამგზავრების წინ, თურქეთის რეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში რუსეთის ლიდერის ვიზიტზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვევა. პუტინის ვიზიტი 3 თებერვალს არის დაგეგმილი ჩინეთში, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. რაც შეეხება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ერდოღანის თქმით, თურქეთი მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს. „ყველა პლატფორმაზე ჩვენ ვაცხადებთ თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დიალოგში ჩაერთონ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა 3 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური თურქეთს ვიზიტით მარტში ეწვევა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
ევროპის საბჭო თურქეთის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი განაგრძობს კავალას საქმეზე დაკვირვებას და მოუთმენლად ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინსტრუმენტი ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ გამოიყენა. ლგბტიქ პირების უფლებებთან დაკავშირებით, ევროკომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებებს იწყებს. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.
სვენ მიქსერი: ხელიდან გაშვებულია იშვიათი შესაძლებლობა, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პარტიებს ერთიანობა ეჩვენებინათ
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი მიიჩნევს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდა პარტიებს შორის იმისთვის, რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ. ევროდეპუტატის შეფასებით, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. სვენ მიქსერის აზრით, ქართველ პოლიტიკოსებში კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს და ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია. „ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვითარება მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე სრული აღქმა არსებობს იმ ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობის, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსული აგრესია არის ის, რისი მიღებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვფიქრობ, რომ ქართველები ამას ოდესმე მიიღებენ და ვფიქრობ ძლიერი, ერთიანი და ცხადი მესიჯის დაფიქსირება არის აუცილებელი“, - აღნიშნავს მიქსერი. მისივე თქმით, დისკუსიებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ჰქონდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციები არ არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დებატები ასახავს ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმას, რომ კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. სვენ მიქსერის განცხადებით, ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია, როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია. „ვფიქრობ, ყველა აღიარებს უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროებას და ყველას ესმის რუსეთის აგრესიისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება არამხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. მიმაჩნია, რომ საკმარისი ერთიანი ნიადაგი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ ერთიან პოზიციამდე მივიდნენ და ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია და ეს ხდება ორივე მიმართულებით - მმართველმა პარტიამ და ასევე ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რა უნდა გაკეთდეს კომპრომისისთვის“, - განაცხადა სვენ მიქსერმა ქართული მედიასაშუალებების ცნობით.
ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა
„სამხრეთ ოსეთი“ - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს“, - ამ სიტყვებით მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, ზოგადად, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ, ყველა მის დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“. „ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ერდოღანი უკრაინაშია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ერდოღანი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, შეხვედრები ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევებს და დაძაბულობას რეგიონში. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით და დიალოგით შეინარჩუნონ მშვიდობა რეგიონში. ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს თავის რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. „კმაყოფილებით აღინიშნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართული დისკუსია სტრატეგიულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავის აღნიშვნას და ერთობლივ საიუბილეო ღონისძიებებს. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, გერმანიის ჩართულობაზე უკრაინის კრიზისის დეესკალაციის პროცესში, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს თემატიკის მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და დისკუსიებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და NATO-ში გაწევრიანება. ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს ინიციატივას, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს“.
ილონ მასკმა ჯო ბაიდენს „დამპალი წინდის თოჯინა“ უწოდა
„დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით“, ამ სიტყვებით, Tesla-ს დამფუძნებელმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიხსენია. ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის გაბრაზებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის Twitter პოსტი, რომელიც მისი კონკურენტი, უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, General Motors-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ასახავდა. „კომპანიები, როგორიცაა GM-ი და Ford-ი აწარმოებენ უფრო მეტ ელექტრო მანქანას ამერიკაში, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია აშშ-ის ლიდერის ტექსტში. თეთრმა სახლმა მიიწვია რამდენიმე წამყვანი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და Ford Motor-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი, რათა განეხილათ ბაიდენის 1,75 ტრილიონი დოლარის ღირებულების Build Back Better (BBB) კანონპროექტი. მასკი შეხვედრაზე მიწვეული არ იყო.
უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს იგეგმება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. გუშინ მთავრობამ დაამტკიცა ამ შეთანხმების ტექსტი, ეს ეხება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობას მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში", - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, სწორედ ის მოაწერს ხელს დღეს შეთანხმებას და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეგზავნება უკრაინის უმაღლეს რადას. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს.
მინისტრი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვრებზე 115 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული
რუსეთის სამხედრო სახმელეთო კონტინგენტის რაოდენობა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ასევე ბელორუსის საზღვრებთან, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დაახლოებით 115 000-ს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ბალტიის ფლოტის ექვსი რუსული სადესანტო ხომალდი განაგძრობს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და აპირებს სირიის პორტუს ტარტუსში შესვლას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეს გემები შავი ზღვისკენ გადაადგილდნენ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".
აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.
სვენ მიქსერი: ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია
ევროპარლამენტარმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მიქსერის თქმითმ, ამ საკითხზე შეშფოთების მიზეზი ესმის. „სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა მქონდა და კარგად ვიცი პროცესები, რომლებიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“, - განაცხადა სვენ მიქსერმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
სვენ მიქსერი: მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება ცალკე საკითხია
„ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები“, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მისწრაფებები სრულიად ლეგიტიმურია და მათი რეალიზება დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. სვენ მიქსერმა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური საზოგადოების ძლიერი პოზიციაა, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან - იქნება ეს რუსეთი თუ რომელიმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. „ვფიქრობ, ევროატლანტიკური ერთობის მასშტაბით, არის ძლიერი პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან, პრივილეგირებული გავლენის სფეროსთან, იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა რომელიმე სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალზე მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტისა და ევროპის წევრი უმეტესი ქვეყნების პოლიტიკური სპექტრის პოზიციებში, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მისწრაფებები ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. „მრავალი გამოკითხვით დასტურდება, რომ ქართველები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად გადაქცევის მიზანს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, არამედ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებების მიმართ. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომლის გაჟღერებაც მსურდა“, - განაცხადა მომხსენებელმა. სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა. „მიმაჩნია, რომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და არ გააცრუონ მათი იმედები. მრავალი ქვეყნის მაგალითზე გვინახავს თუ როგორი ანტაგონისტური და პოლარიზებული შეიძლება იყოს პოლიტიკა. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმს და პოლიტიკურ პოლარიზაციას პერიოდულად მთელი პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკური პროცესები შეჰყავდა ჩიხში. არ მჭირდება ამის ხაზგასმა, მაგრამ მსგავსი სახის მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ევროკავშირმა მზაობა გამოთქვა, გაუწიოს დახმარება ქართველ ხალხს მსგავსი სახის სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში. ცხადია, ქართველი ხალხის პრეროგატივაა, გადაჭრას არსებული გამოწვევები, თუმცა, ევროკავშირი მზადაა, ხელი შეგიწყოთ ამ პროცესში“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ფასილიტაციის გაწევისთვის მზადყოფნის შემოთავაზება კვლავაც ძალაშია. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება არ უკავშირდება პოლიტიკურ განსხვავებებს და ის ადამიანებზეა ფოკუსირებული. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრისას, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, თუმცა, ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა კანდიდატობამდე ავტომატურად არ მიჰყავს. „მინდა საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება არის ცალკე საკითხი, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“. ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და დიდხანს შეიძლება მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი. ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნესკლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ქართველი ოპოზიციონერები უკრაინაში იმყოფებიან
კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლელოს დელეგაციის წევრებმა დღეს რადაში შეხვედრები გამართეს. „ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, სიმბოლურად ლელოს ლიდერებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს დროშა გაშალეს. „ყველა ქართველის სახელით ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა გამოვასწორეთ. ჩვენ აღვმართეთ რადაში საქართველოს დროშა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ სამარცხვინო და ტრაგიკული პროცესების მერე, რომელიც ჩვენ გავიარეთ ქართულ პოლიტიკაში, დღეს რადაში პირველად გაიშალა ქართული დროშა, იქ სადაც მისი ადგილია. ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ, რადას დეპუტატებმა გაშალეს სხვადასხვა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, იქ არ იყო ჩვენი ქვეყანის სიმბოლიკა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ეს უსამართლობა და გავშალეთ ქართული დროშა იქ სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი მეგობრების გვერდით. ქართველებიზ ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის" - აცხადებს ლელოს ლიდერი გრიგოლ გეგელია. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ხაზარაძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ოფიციალური შეხვედრები გამართეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვიზიტის ფარგლებში „ლელოს“ ლიდერები ასევე შეხვდებიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქართული დიასპორის წევრებს. პარალლეურად, 3 თებერვალს, „დროას“ წევრები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი კიევში რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი „დროას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები. „საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად. ჰანა ჰოპკო უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ამოღების საკითხზე პოზიცია დააფიქსირა
საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოსთან დაკავშირებული ევროპული დოკუმენტების შექმნისას ტერმინთა ფორმულირების საკითხს გაითვალისწინებენ. საუბარია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნაზე, რომელიც მიქსერის თქმით, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. „მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ასევე წაიკითხეთ: ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა
უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეშვიდე პარტია მიიღო. თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ეს არ არის დასასრული და გაგრძელება იქნება“. „ბორისპოლში მე-7 ჩიტი დაეშვა! 85 ტონა საბრძოლო მასალები ყუმბარმტყორცნებისთვის. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის დასასრული! გაგრძელება იქნება“, - აღნიშნულია მინისტრის ტექსტში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისი არ იქნება საკითხზე, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
რუსეთმა გერმანიაში RT-ის დაბლოკვის საპასუხოდ Deutsche Welle დახურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მოსკოვის ბიუროს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ Deutsche Welle-ს რუსეთის ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაცია გაუქმდება, ხოლო სატელიტური და სხვა სახის მაუწყებლობა შეწყდება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ტელეკომპანიის ე.წ უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურას დაიწყებს. 2 თებერვალს, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა. გერმანულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონაა.