ძებნის რეზულტატი:

გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის

გერმანია ლიეტუვაში კიდევ 350-მდე სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა  განაცხადა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების განლაგება 14 თებერვალს დაიწყება. ლიეტივის თავდაცვის მინისტრმა ამ ფაქტს „მნიშვნელოვანი სიგნალი“ უწოდა. „გერმანია, ისევე როგორც NATO-ს სხვა ქვეყნები, გზავნის ძალებს, რადგან უსაფრთხოების ვითარება რეგიონში ძალიან დაძაბულია, ჩვენი ინტერესი ჩვენი უსაფრთხოების შესახებ არ მცირდება“, - განუცხადა არვიდას ანუსაუსკასმა BNS News-ს. NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი,  2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ლონდონში, პოლონელ კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა ელოდოს სანქციებს, იზოლაციას და მეტ NATO-ს, თუ რუსეთმა დაუშვა სულელური შეცდომა და შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატა სურვილი, იყოს არამხოლოდ NATO-ს ნაწილი, არამედ მიჰყვეს მის მიერ არჩეულ გზას.  „გადაწყვეტილება არის ორმხრივი და იმის ნიშანი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ; გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ბრიტანეთი და პოლონეთი ერთად დგანან“, -განაცხადა მინისტრმა.  

პენტაგონი იტყობინება, რომ რუსეთი კვლავ ამატებს ჯარს უკრაინის საზღვართან

რუსეთი უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების დამატებას განაგრძობს. პენტაგონის წარმომადგებნელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის არცერთი რუსული სამხედრო ძალა არ იყო პირდაპირ მიმართული NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. „შაბათ-კვირის განმავლობაშიც კი ვნახეთ, რომ ბატონმა პუტინმა დაამატა თავისი ძალები უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „თუ რუსეთი შემოიჭრება - რაც ნიშნავს იმას, რომ ტანკები ან ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება Nord Stream 2“, - განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გპირდებით, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ არ დააკონკრეტა, როგორ შეუძლია ასეთი დაპირების გაცემა, როდესაც გერმანია აკონტროლებს მილსადენს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს.როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, მან თქვა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. თავის მხრივ ბაიდენმა აღნიშნა, რომ გერმანიას სრულად ენდობა.

ოლაფ შოლცი: გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს

გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, შოლცმა უპასუხა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ.  ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან კრემლში გამართული 6-საათიანი მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც სასარგებლო, არსებითი და საქმიანი და განაცხადა, რომ მაკრონის ზოგიერთი იდეა შეიძლება, გახდეს საფუძველი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯებისთვის. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მაკრონის რამდენიმე იდეა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეალისტურია და რომ ისინი კვლავ ისაუბრებენ მას შემდეგ, რაც მაკრონი გაემგზავრება კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დედაქალაქში მისი მოგზაურობის შემდეგ კვლავ დავურეკავთ ერთმანეთს და გავცვლით მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა. ამავე პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ეს საერთო საფრთხეს წარმოადგენს“. „ჩვენ არ მივდივართ NATO-სკენ, NATO მოდის ჩვენი საზღვრებისკენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას მოკლებულია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „გესმით თუ არა, რომ თუ უკრაინა NATO-ში იქნება და სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებას შეეცდება, ევროპული ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩართულნი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? მე არ მსურს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა.

ემანუელ მაკრონმა პუტინთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს საქართველოზეც ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოც ისაუბრა, როდესაც შესავალ სიტყვაში უსაფრთოების საკითხზე აკეთებდა განცხადებას.   „უსაფრთხოება იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით უნდა შეიქმნას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან NATO-ს წევრები. მე ვფიქრობ უკრაინაზე, მე ვფიქრობ საქართველოზე, მე ვფიქრობ მოლდოვაზე - ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობენ, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი და ევროკავშირი სიტუაციის სტაბილიზაციისა და დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ. „ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. არც რუსეთს და არც ევროპელებს სურთ ქაოსი და არასტაბილურობა, ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ზომებზე, რათა სიტუაციის სტაბილიზება და დეესკალაცია მოხდეს“, - დაამატა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა ძალიან სწრაფად მუშაობა. მომდევნო დღეებს მან გადამწყვეტი უწოდა და ინტენსიური დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების“ წინადადებები შესთავაზა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ორშაბათს მოსკოვში უკრაინის კრიზისზე გამართული მოლაპარაკებების დროს. „პრეზიდენტმა პუტინმა დამარწმუნა მის მზადყოფნაში, ჩაერთოს ამ თვალსაზრისით და მის სურვილში, შეინარჩუნოს სტაბილურობა“, - განაცხადა მაკრონმა კრემლში პუტინთან დაახლოებით 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობით შექმნილი კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. „მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭირო იქნება ინტენსიური დისკუსიები, რომელსაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა შექმნას საფუძველი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.

შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 8-11 თებერვალს, ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს.„დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან გამართავს.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, მომდევნო 10 დღის განმავლობაში კვლავ გაიზრდება

ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, მომდევნო 10 დღის განმავლობაში კვლავ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან არ უნდა მოგვადუნოს და დავიცვათ რეკომენდაციები, განსაკუთრებით კი, პირბადის სწორად გამოყენება. სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვასთან ერთად, ვაქცინაციისკენაც მოუწოდებენ, რადგან აცრა, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გამოსავალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. ცნობისთვის, დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის - 28.31% ხოლო 7 დღის - 31.86%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პაციენტი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში. 202 707 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 4 023 მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 755 879 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15 300 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. 

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 1978 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული ა.ყ. და 1986 წელს დაბადებული ა.გ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის არიან დაკავებული. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

იაპონიის დედაქალაქში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

იაპონიის დედაქალაქში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კინოთეატრი - ივანამი ჰოლი თებერვალში მაყურებელს 34 ქართულ ფილმს უჩვენებს. პროგრამა შედგენილია ქართული კულტურის გულშემატკივრის, ტაკეჰიდე ჰარადას, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით. საჩვენებელ ფილმთა სიაშია „თეთრი ქარავანი, „ელისო“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ფიროსმანი“, „მაგდანას ლურჯა“, „ნეილონის ნაძვის ხე“.

ნეპალი ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ნეპალში, ჰუმლას დასახლებაში, რომელიც ნეპალს ეკუთვნის, ჩინეთის მთავრობამ შენობები ააშენა, - ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანეთის მაუწყებელი ოფიციალური კატმანდუს შარშანდელ მოხსენებას ეყრდნობა, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და ამბავმა მხოლოდ ახლა გაჟონა მედიაში. ამასთან, ჩინეთის საელჩო კატმანდუში უარყოფს ნეპალის საზღვრის ხელყოფას, ნეპალის მთავრობას კი, BBC-ს კითხვებისთვის არ უპასუხია.

კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის "დიდგორი" თრეილერის პრეზენტაცია შედგა.   კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის "ძლევაი საკვირველი" ფარგლებში შეიქმნა.   "კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „სილესტიალ დიმენშენი“ ქართული კომპიუტერული თამაშის „დიდგორი“ თრეილერი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარუდგინა საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.   თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის, შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან

გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია. „შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.

ბიძინა კულუმბეგოვი: თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება

"თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება",- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი-2“-ის ეთერში საუბრისას. „პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 616ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უნდა დაიწყოს თუ არა იზოლაციის პერიოდის ათვლა სიმპტომის გამოვლენის დღიდან

რომელი დღიდან უნდა დაიწყოს იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა. ამასთან დაკავშირებით შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას დაუსვეს. „ჩვენს შემთხვევაში, ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც გვაქვს მტკიცებულება, რომ საუბარია ნამდვილად დაავადებაზე. ვიდრე არ გვაქვს დადასტურებული დიაგნოზი, რთულია, ერთიან ჩარჩოში ჩაჯდეს ამდენი ადამიანი და ზუსტად ვიცოდეთ, ვინ მეხუთე დღიდან, ვინ მეშვიდე დღიდან და ვინ მერამდენე დღიდან ექვემდებარება იზოლაციიდან გამოსვლას. აქედან გამომდინარე, პროგრამული მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუდეს ის თარიღი, როდესაც გვაქვს დადებითი პასუხი ტესტზე, ანუ, ნამდვილად ვიცით, რომ საქმე გვაქვს კოვიდინფიცირებასთან და არა რაიმე სხვა ინფექციასთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე.  ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ საკითხი, იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა, გაუგებრობას იწვევს. სპეციალისტმა მოიშველია CDC-ის პროტოკოლი, რომელშიც წერია: აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან:(ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).