ძებნის რეზულტატი:

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. „ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძრი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“,- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 6 012 ტონით (55%), ხოლო ღირებულება - 1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა. „საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე ისაუბრეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან.  ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი NATO-ში და მისი შეხვედრები საქართველო-NATO-ს კომისიასთან. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფო ინსპექტორის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროცესი არ დაჩქარდეს და კანონოთ გათვალისწინებულ დროში ამ მართლაც მნიშვნელოვან პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატები შეირჩეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. ისინი უნდა იყვნენ ამ უწყებების ძალიან კვალიფიციური ხელმძღვანელები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, დასრულდება ვიდრე, ახალი დანიშვნები მოხდება. „ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე. მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმე, ვიდრე ახალი კანდიდატები შეირჩევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაჯამეს, რომელიც ბრიუსელში იანვარში შედგა და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ასევე, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. ინფორმაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მათ შორის არის კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით სიები ჩახსნეს, შესაბამისად, მათ ადგილმონაცვლე დეპუტატები უკვე ვეღარ ჩაანაცვლებენ, ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტში 150 კანონმდებელი ვეღარ იმუშავებს. ამასთან, საკუთარი გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოდან წასულ კახა კუჭავას ადგილს კი გია ცაგარეიშვილი დაიკავებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი

"მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი. ნუ დავუჯერებთ აპოკალიფსურ პროგნოზებს" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. „ნუ დავუჯერებთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქში განსხვავებული სცენარია, თუმცა უკრაინა მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. დღეს უკრაინას ძლიერი არმია ჰყავს, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ხოლო უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ დიდია. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ - მისი“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.

აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინტერესია, სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობდეს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ და მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. „როგორც ვიცი, ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მისი დაცვის საკითხს, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოეპყრონ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ ხელისუფლებას კვლავ მოვუწოდებთ, პატივი სცენ მის უფლებებს“, - განაცხდა ამერიკის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება შეკითხვას, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე, კელი დეგნანის თქმით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას" გულისხმობს. პროცედურის თანახმად, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას კენჭისყრისთვის საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით.

6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.3 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.5 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (8,075 ტონა), გერმანიაში (3.666 ტონა), ესპანეთში (591 ტონა), ჩეხეთში (489 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,335 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლარი გამყარებას განაგრძობს

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთ აშშ დოლარის ღირებულება ლარი 2.9480 გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0387 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3669 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0579 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 8 თებერვალს შევა. ამავე თემაზე ერთი დოლარის ღირებულება სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

საგარეო უწყება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე, რუსული მედიის მხრიდან ლუკაშენკოს კომენტარის ინტერპრეტაციაზე მიუთითებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელორუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, უწყების განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს ცალკეული ამონარიდები რუსულ მედიაში მიზანმიმართული აქცენტებითა და ინტერპრეტაციებით გავრცელდა. „ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რუსული გამოცემების ცნობით, ლუკაშენკო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს. ვლადიმერ სალავიოვის კითხვაზე, როდის აღიარებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „დამოუკიდებლობას“, ალექსანდრე ლუკაშენკომ უპასუხა: ამის რამე აუცილებლობა არსებობს? როგორც კი გავიგებ და რუსეთის პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალებს გავასაჯაროებთ, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტი ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს, განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, რომ მის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს.

NATO-ს გენმდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხი განიხილეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხი განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერბმა Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნაში. მივესალმე უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO კვლავ მზადა დიალოგისთვის“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს.  BBC სტატიაში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს აძლიერებენ. რუსეთი და საფრანგეთი იზიარებენ შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის წინ. პუტინმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მისი „აქტიური“ დამოკიდებულებისთვის და შეაქო საფრანგეთის ლიდერის ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრაში. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მიზნად ისახავს ომის თავიდან აცილებას და ნდობის გამყარებას. მაკრონის „გონივრული ოპტიმიზმი“ საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტის წინ აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მან „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა NATO-სა და ევროკავშირთან“. მაკრონი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი დიალოგი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იქნება საკმარისი. ის თვლის, რომ პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად. „მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მჯერა სპონტანური სასწაულების“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს მოსკოვში ჩასვლის შემდეგ. საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეა. სამშაბათს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს

Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს, თუ ის ვერ შეძლებს მომხმარებლის მონაცემების დაბრუნებას შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლების მონაცემი ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. კომპანიის განმარტებით, მონაცემთა გადაცემის შეჩერება დამანგრეველ გავლენას მოახდენს მის მიზანმიმართულ ონლაინ რეკლამის შესაძლებლობებზე. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და გეგმები ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობა ის არის, რომ Meta და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ის შორის, რათა აწარმოოს გლობალური სერვისები“, - ნათქვამია კომპანიის სპიკერის განცხადებაში.ანალოგიური საფრთხის შესახებ Facebook-ი 2020 წლის სექტემბერშიც იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა, ისტორიაში პირველად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.

NATO აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს

NATO განიხილავს გრძელვადიან სამხედრო პოზიციას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მიმდინარეობს პროცესის განხილვა. 7 თებერველს, სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება იყო. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ  NATO-ს ძალების მზადყოფნა უკვე გაიზარდა და ალიანსი განიხილავს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ შტატები გზავნის დამატებით ძალებს პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რაც „ამერიკის ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა ალიანსის მიმართ“. „თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები NATO საზღვრებთან ახლოს, ისინი პირიქით მიიღებენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO ღიაა დიალოგისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად: „დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას რუსეთის მიმართ, რომ NATO-რუსეთის საბჭოში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდეს. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ შეშფოთებას, განვიხილოთ NATO-რუსეთის ურთიერთობები, რისკის შემცირება და გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა და სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე და თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა“. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ორივე ქვეყანა NATO-ს ახალი წევრების მიღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის „მცდელობა, სუვერენულმა ქვეყნებმა უარი თქვან საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაზე, ეს უფლებაა დაფიქსირებული ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას, აირჩიოს თავისი მიმართულება. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არა, დავბრუნდეთ გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, სხვებს უთხრან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის

პოლონეთის პრეზიდენტი სტოლტენბერგს: NATO-უკრაინა, NATO-საქართველო ფორმატში, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრები გავმართოთ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა. ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა „რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. 3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ქალაქ ჟანაოზენი მცხოვრებლები, რომლებმაც პირველ თებერვალს გამართეს პირველი აქცია ნავთობის სფეროში სამუშაო ადგილების მოთხოვნით, 7 თებერვალს კვლავ შეიკრიბნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამჟამად სამუშაოს ეძებს 2500 ადამიანი, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. უმუშევრებმა გააკრიტიკეს უმოქმედობისთვის ადგილობრივი რაიონული ხელმძღვანელობა, რომელიც მათ კომისიის შექმნას დაჰპირდა. აქციის მონაცწილეებმა დასაქმების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევს მიმართეს. ჟანაოზენის მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე წელია, უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ. 2016 წელს პოლიციამ ქალაქში შეკრებილი ახალგაზრდების აქცია დაშალა. მათი ლიდერ ერჟან ელშიბაევს კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ელიშბაევი „პოლიტპატიმრად“ ცნეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის ძირითადი თემები იქნება ნორმანდიის ფორმატში ძალისხმევის კოორდინაცია, რუსეთის შეკავების ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება. Reuters-ის წყაროს ცნობით, შეხვედრის არჩატარების მიზეზად მის „დაგეგმვასთან დაკავშირებული სირთულე“ დასახელდა. ბრიტანული სააგენტოს ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალთან.

ანდრიუს კუბილიუსი: თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიიდან მოხდება, ლუკაშენკო სამხედრო დანაშაულის თანამზრახველი გახდება და პუტინთან ერთად გასამართლდება

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ბელარუსის ოკუპაციას ახდენენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის შეფასებით, თუ რუსული ჯარები ბელორუსიდან შემოიჭრებიან უკრაინაში ან დარჩებიან ბელორუსში განუსაზღვრელი ვადით, ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლმა მოახდინა ბელორუსის ოკუპაცია და ლუკაშენკო ბელორუსის სახელმწიფოს მოღალატეა. „ბატონი ლუკაშენკო მრავალი წლის განმავლობაში მისი ავტორიტარული რეჟიმის დაწყებიდან კრემლის მონა და პრეზიდენტ პუტინის უძლური მსახური იყო. 2020 წელს მას საშუალება ჰქონდა, მისი ხალხის გვერდით დამდგარიყო, მაგრამ საბოლოოდ, თავისი ერის წინააღმდეგ დგომა და კრემლისთვის მსახურების გაგრძელება აირჩია. როგორც პრეზიდენტ პუტინის მარიონეტს,  ლუკაშენკოს არ აქვს უნარი, შეცვალოს და წინააღმდეგობაც კი გაუწიოს კრემლის გადაწყვეტილებას ბელორუსში 30 000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ბატონ ლუკაშენკოს შეეძლო, არის კრემლის ბრძანებების შესრულება. ის დაეთანხმა დირექტივას და ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ რუსულ განლაგებას ბელორუსში. როგორც არ უნდა ეწოდოს ამ განლაგებას, იქნება ეს სწავლება თუ სამხედრო ალიანსი, ბატონი ლუკაშენკო იქნება პასუხისმგებელი მისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, სამხედრო თანამშრომლობის შედეგებზე. თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ის საერთაშორისო დანაშაულს ჩაიდენს და ამისთვის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებს. თუ ეს შეჭრა მოხდება ბელორუსის ტერიტორიიდან, ბატონი ლუკაშენკო გახდება სამხედრო დანაშაულის თანამზრახველი და პუტინთან ერთად გასამართლდება. სწორედ ამიტომ, ბატონმა ლუკაშენკომ უბრალოდ უნდა ილოცოს (რადგან მას არ აქვს პუტინის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის სხვა ინსტრუმენტები), რომ ახლა ბელორუსის მიწაზე განლაგებული რუსული ჯარები არ გახდნენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის ნაწილი. თუ რუსული ჯარები ბელორუსიდან შემოიჭრებიან უკრაინაში ან დარჩებიან ბელორუსში განუსაზღვრელი ვადით, ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლმა მოახდინა ბელორუსის ოკუპაცია და ბატონი ლუკაშენკო ბელორუსის სახელმწიფოებრიობის მოღალატეა. ეს ღალატი იქნება მისი ერთადერთი მემკვიდრეობა“, - აცხადებს ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. კუბილიუსის განცხადებით, დასავლეთი ბელორუსის ოკუპაციას მკაცრი სანქციებით უპასუხებს, როგორც ეს გააკეთა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემთხვევაში 2014 წელს. ეს პასუხი მოიცავს პერსონალურ სანქციებს კრემლის ოფიციალურ პირებზე, სექტორულ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე. მისივე აზრით, საერთაშორისო ტრიბუნალის დაუყოვნებელივ უნდა დაიწყოს, რათა გაასამართლოს ლუკაშენკო ბელორუსიელი ხალხისა და ბელორუსის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. „თუ ბელორუსის სამხედროები მხარს დაუჭერენ რუსეთის შეჭრას, მისი მეთაურები ჰააგის ტრიბუნალში იმავე სკამზე, ბატონი ლუკაშენკოსა და პუტინის გვერდით აღმოჩნდებიან. თუმცა, ბელორუსის ინსტიტუტების ადმინისტრაციებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რათა დისტანცირება მოახდინონ ლუკაშენკოს ომის დანაშაულებისგან და აირჩიონ სხვა გზა, იმუშაონ არა დიქტატორისთვის, არამედ ბელორუსის ხალხის მომავლისთვის და დემოკრატიული ბელორუსის მომავლისთვის“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.  ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება

ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ

გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო რუსული აგრესიის განსახილველად მზად არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანია არის ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის. შოლცმა, რომელიც კრიზისში არასაკმარისი ლიდერობის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა, ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ უკრაინაში შეიჭრება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350-მდე ჯარისკაცს გზავნის. ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ჯოზეფ ბორელი: ცივი ომის შემდეგ, ევროპა ყველაზე სახიფათო მომენტის წინაშე დგას

ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტზე, ვაშინგტონში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინასთან დაკავშირებით ჯერ ისევ შესაძლებელია. „არავინ აგროვებს 140,000 მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ქვეყნის საზღვარზე”, თუ ეს არ წარმოადგენს „ძლიერ საფრთხეს“, - განაცხადა ბორელიმ. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი, ოფიციალური ვიზიტით, რუსეთში იმყოფება.