ძებნის რეზულტატი:
ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება მოხდეს. „მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.
პრემიერი: ნათია თურნავა ჩვენი გუდის წევრად რჩება. მას აქვს თავისი გეგმები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნათია თურნავამ სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ახლა კი თავისი გეგმები აქვს. „მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნათიას გაწეული სამსახურისთვის. ქალბატონი ნათია სამი წელი იყო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რჩება ჩვენი გუდის წევრად. მას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები და თავისი სურვილი, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ. მე მინდა, მას კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა და წარმატებას ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. „ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება. რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციები. პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ დოზა რჩება განსაკუთრებული მნიშვნელობიას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს. კერძოდ, რამდენიმე წუთის წინ დელეგაციის წევრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ამ წუთებში კი შეხვედრები იწყება საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთანაც და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.
თბილისის მერი: 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის
"დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურისა და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც. მოქალაქეს შეუძლია, გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. „ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ ამ ქალაქისთვის – ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი – ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოჰპარეს ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.
შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და აქტიურ ორმხრივ დიალოგს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერისთვის.
თბილისის მერის თქმით, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ტაქსი მგზავრის ასაყვანად გაჩერებას ავტობუსის ზოლში შეძლებს
თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქსით მომსახურების გამწევ პირებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. „ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის. A-კატეგორიის(თეთრი ფერის) ტაქსის მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, საავტობუსე ზოლებზე მგზავრები ისე ჩასვან და აიყვანონ, რომ არ დაჯარიმდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
უცხოური მედია: ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი სირიის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის სროლისთვის. მათივე ცნობით, ავიაიერიშების შედეგად სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ბატარეა განადგურდა. ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ სირიის მხრიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით, ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევებმა დასახლებულ პუნქტ ჰომეშის მახლობლად მცირე ხანძარი გააჩინა.
ლევან დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს შეხვდა. „მქონდა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს ეკონომიკის აღდგენაზე. ამ სამინისტრომ, განსაკუთრებით, კოვიდ-პანდემიის პირობებში, თავი გამოიჩინა ეკონომიკის მხარდაჭერით, როცა ბიზნესის ყველა სექტორს ჰქონდა იმედი ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობით და ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წლის მონაცემებს რეალურად დავუბრუნდით ანუ მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა პანდემიამდელ მდგომარეობაში. გვესმის, რომ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალ გუნდთან ერთად შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებას, რაც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, მეტ დასაქმებას და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა და მოადგილეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
ენტონი ფაუჩი: COVID19-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია
COVID19-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. "ყველა მოქალაქეს აცრის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება რეგულარულად არ დასჭირდება და მესამე დოზა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. თუ თქვენ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძირითადი დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ“, – აღნიშნა სამედიცინო საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 61 კილომეტრში 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დღეს, თბილისის დროით 16:26 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 61 კილომეტრში, რუსეთში, ინგუშეთთან მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
10-დან 20 თებერვლის ჩათვლით, ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
ბერლინალე 2022 - ფილმები კინოთეატრების დიდ ეკრანებზე დაბრუნდა. 2022 წლის 10-დან 20 თებერვლის ჩათვლით ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს „ოქროს“ და „ვერცხლის“ დათვის მოპოვებისთვის 15 ქვეყნის 17 მხატვრული და ერთი დოკუმენტური ფილმი იბრძოლებს. გერმანიის საელჩოს ცნობით, ნინო ხარატიშვილის რომანი „უკმარი სინათლე“ ბერლინალეს სპეციალურ სექციაში „წიგნები ბერლინალეზე“ იმ 10 საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. გამარჯვებული ათეული 30–ზე მეტი ქვეყნის 190–ზე მეტი ნამუშევრიდან შეირჩა.
კვლევა: ჩინეთში შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელიც შედეგს ოთხ წუთზე ნაკლებ დროში ადგენს
ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელსაც შედეგის დადგენა 4 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. DW წერს, რომ PCR ტესტები ყველაზე ზუსტია ბაზარზე, მაგრამ ანალიზი ლაბორატორიაში დამუშავებას საჭიროებს, რასაც ჯერჯერობით რამდენიმე საათი სჭირდება. როდესაც ლაბორატორიები გადატვირთულია ინფექციის მატების გამო, დამუშავება შეიძლება დღეებიც კი გაგრძელდეს. უფრო სწრაფი, 15-წუთიანი სწრაფი ანტიგენის ტესტები ნაკლებად სანდოა, ვიდრე PCR ალტერნატივა. „ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რამდენიმე ნიმუში შეაგროვეს და ტესტმა ყველა შემთხვევა შეცდომის გარეშე ოთხ წუთში ზუსტად დაამუშავა, აღნიშნულია ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. რამდენად შესაძლებელია ადგილზე ტესტირება აეროპორტებში, კლინიკებში, სახლში? მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ასეთი ტექნოლოგიის მქონე პორტატული ტესტების შემუშავება ხელს შეუწყობს ადგილზე ტესტირებას აეროპორტებში, კლინიკებში, სასწრაფო დახმარების განყოფილებებსა და სახლში. ის ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა სახის დაავადებების სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. ამჟამად კი, ბაზარზე არსებობს სწრაფი, სახლის ტესტების უამრავი ბრენდი, რომლებიც სიზუსტით განსხვავდება.
საგარეო უწყება: იტალიელი დეპუტატი მატეო დალ'ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ეხმაურება იტალიის პარლამენტის წევრის, მატეო დალ'ოსოს ინიციატივით დაგეგმილ ონლაინშეხვედრას, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც მიიღებს მონაწილეობას. „საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიურ მხარეს არერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება ამ პოლიტიკოსს, მატეო დალ'ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის ამ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან“, - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
ევროკავშირის ელჩი: არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს
„ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს მხარეს იქნება, ჩვენ არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია უშუალოდ, საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს“, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ოთხმა არასამთვრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ელჩს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია ფასილიტაციის როლი კვლავ იკისროს ევროკავშირმა. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დიალოგი შედეგიანი და ადგილობრიდ დონეზე კი, ამისთვის მზაობა იყოს. „სუნთქვა შეკრული ვიქნები, როგორ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ისევ მოირგოს ფასილიტაციის როლი - ეს არის შეკითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. თუ ჩვენ ფასილიტაციის როლი გვაქვს იმისთვის, რომ დიალოგი შედეგიანი იყოს, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე უნდა არსებობდეს მფლობელობის განცდა, რადგან საბოლოო ჯამში, ვერ იქნება შეთანხმება, რომლის მიმართაც ხელმომწერებს საკუთრების განცდა არ აქვთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ამ კონტექსტში ჰარცელმა პრეზიდენტის ინიციატივა ახსენა, რომელიც მისი შეფასებით, გარკვეულწილად, გზაა დაბრკოლებებსა და გამოწვევებთან სამუშაოდ და ევროკავშირი ამ პროცესს აკვირდება. „ვნახავთ, ეს იქნება ალბათ კარგი გზა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო თანმიმდევრული იყოს ორივე მხარესთან მუშაობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ამასთნ, კარლ ჰარცელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან რელევანტურია მართლაც ვიფიქროთ, რის მიღწევას ვცდილობთ და რაზე იყო ეს შეთანხმება. „როდესაც ვმუშაობდი ხავიერ სოლასთან, მისი საყვარელი გამოთქმა იყო, თქვენ უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით და არა წესებთან...ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიაჩნია, რომ მაგალითად, ამ თუ იმ ნაბიჯით შეიძლება, ჩვენ წინ წავიდეთ“, - აღნიშნავს ელჩი. აქვე კითხვას სვამს, რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ, ელჩი მიიჩნევს, რომ უნდა ვცადოთ ნდობის ხელახლა დამკვიდრება. ხოლო, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე და იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, კარლ ჰარცელის აზრით, მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელება, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია. აქვე დიპლომატი მიესალმა უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას 80% ემხრობა. ამასთან, მიუთითა იმაზე, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არი არის და საქმის კეთება უფრო ბევრზე მეტყველებს. ელჩმა წინსვლის მისწრაფების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თავის მხრივ კი, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და სინანული გამოთქვა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ვალდებულება არ შესრულდა. კარლ ჰარცელმა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების განმტკიცებისთვის ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს, ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით. „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, არ განხორციელდა ბოლომდე, საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად. მეორე, მნიშვნელოვანია შეთანხმების არსი, რომელიც ეფუძნება რეფორმებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, ვიდრე არასდროს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მანვე ყურადღება გაამახვილა საგარეო საფრთხეებზე და აქედან გამომდინარე, პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითა. „ჩვენ ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვაწყდებით, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შიგნით უზრუნველყონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მშენებლობა. დემოკრატია ფუფუნება არ არის, დემოკრატია მშვიდობის დროს უნდა იყოს დაცული და აუცილებელია, დღეს უზრუნველვყოთ მისი სიძლიერე და უფრო ძლიერი გავხადოთ ხვალ. 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში. ეს საგზაო რუკა ჯერ კიდევ აქ არის და საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლებელია, რომ ისარგებლოს ამით. ეს ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ კონსტუქციულად და აქტიურად იმუშაოს. მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევროპულ მისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა, რომელიც გაამყარებს პასუხს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
საქართველო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგება
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი წელს მეჩვიდმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. 10-17 თებერვალს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა – European Film Market, ხოლო 10-20 თებერვალს ბერლინის კინოთეატრებში გაიმართება ფესტივალის ყველა ტრადიციული სექციის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსის, პანორამის, ფორუმის, რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება. ევროპულ კინობაზარზე ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს სამ ქართული სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს: „სამურაი დასვენების ჟამს” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3; „მშვენიერი ელენე” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი). 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23; „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა). 15 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 6. ფილმების ჩვენებების გარდა, საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ონლაინ გაიმართება შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და კანის, მონპელიეს, კარლოვი ვარის, კოტბუსის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ონლაინ შეხვედრებს კინოცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება 10 ქართველი პროდიუსერი, რომლებიც ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ (ქეთი კალანდარიშვილი, ქეთი დანელია, რატი ონელი, თიკო ნადირაშვილი, თეკლა მაჭავარიანი, ვლადიმერ კაჭარავა, ელია ფარსადანიშვილი, ელენე მარგველაშვილი, დათო ისაკაძე, გიორგი მუხაძე). წელს ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში სახელწოდებით „წიგნები ბერლინალეზე“, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების სამომავლო ეკრანიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, 10 წიგნს შორის წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“.
საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს
კიევში თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც უკრაინაში ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ჩაიტანა. თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო ტვირთი და აღჭურვილობა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი და სხვა, დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში 8-9 თებერვალს ჩაიტანეს. მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში 100-ზე მეტი ელიტური სპეცრაზმის წევრი გაგზავნა უკრაინის სპეცრაზმის მომზადებაში დასახმარებლად. „კიდევ ორი თვითმფრინავი სამხედრო აღჭურვილობით მზადაა. ეს არის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ნაწილი, 200 მლნ. დოლარის ღირებულების პაკეტი იანვარში დამტკიცდა. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას, რაც დაეხმარება მას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - თავის მხრივ იუწყება უკრაინაში ამერიკის საელჩო. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მე-9 თვითმფრინავი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე დაწერა. „მე-9 ჩიტი შეერთებული შტატებიდან და მეორე ავიატვირთმზიდი სამხედრო დახმარებით, რომელიც დღეს ბორისპოლის აეროპორტმა მიიღო", - წერს მინისტრი. რეზნიკოვის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა კიევში 80 ტონაზე მეტი წონის სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანა, მათ შორის არის საბრძოლო მასალა. მერვე თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო დახმარებით უკრაინაში 5 თებერვალს დაეშვა. მან ადგილზე 86 ტონა საბრძოლო მასალა ჩააიტანა. დღემდე, საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გაუწიეს. უკრაინა დღეს გრძნობს უმაღლეს მხარდაჭერას პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში. ჩვენ ვაფასებთ ამას და უაღრესად მადლიერნი ვართ ფინანსური და თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მტკიცე პოზიციისთვის. „ჩვენმა პარტნიორებმა უკვე მიაწოდეს სამხედრო და თავდაცვითი დახმარება უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. რამდენიმე ქვეყანა ახლაც განიხილავს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. როგორც ცნობილია, 19 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს უკრაინაში უსაფრთხოების დახმარების ახალი პარტიების გაგზავნას უახლოეს კვირებში და გაზრდის მხარდაჭერას ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა, შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები
დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს
დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერლინში განაცხადა. ფრედერიკსენის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და დანიის თავდაცვის სამინისტრო დღეს მართავს შეხვედრას, რათა უკრაინის კონკრეტული მოთხოვნები განიხილოს. მან არ დააკონკრეტა, საუბარია იარაღის მიწოდებაზე, თუ სხვა სახის დახმარებაზე. ფრედერიკსენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, აქტიურად დაეხმაროს უკრაინას კიბერ თავდაცვის საკითხში. კიევის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, გერმანია უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უარს აცხადებს. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის