ძებნის რეზულტატი:
იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირების საკითხი მიმდინარე კვირაში განიხილება
მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, - შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. „აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სამედიცინო პერსონალში გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რადგან ისინი მაღალი რისკის გარემოში მუშაობენ. „მათი სამუშაო ადგილზე დროული დაბრუნებისთვის, შესაძლოა, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადების შემცირება 5 დღემდე, კოვიდპროგრამების ფარგლებში. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალისთვის გავრცელების კონტროლს, ბუნებრივია, კვლავაც მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზის და ინფექციის დაცვის საშუალებების აქტიური გამოეყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 300 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 897 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 082 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2 ცირკულირებს
„ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების საკითხზე ისაუბრა NCDC-ის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამორიცხა, რომ რეინფიცირების შემთხვევა შესაძლოა, იყოს ქვეყანაში. „ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ამ ორ ქვეშტამს. ჩვენთან, ასეთი შემთხვევა ლაბორატორიულად ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა შესაძლებელია იყოს, თუმცა ლაბორატიურად არ დადასტურებულა. მისივე თქმით, კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ BA.2 ამ ეტაპზე უკვე სჭარბობს და 75%-ით ცირკულირებს. ამავე თემაზე რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთული, მაგრამ მართვადია. მისივე თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. რამდენი ხანი გახანგრძლივდება, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული. თუ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და გავიკეთებთ ბუსტერს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ კორონავირუსის მეექვსე ტალღა. აქტიური შემთხვევებიდან ზეწოლა უფრო მეტად მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„ომიკრონის“ ქვევარიანტის, BA.2-ის მახასიათებელი, რომელიც სპეციალისტების რჩევით, „აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“
NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ ქვევარიანტ, BA.2-ის თავისებურებებზე საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება. BA.2 უფრო მეტი და სწრაფი გადამდებობით გამოირჩევა, თუმცა არ აქვს მეტი აგრესიულობა. აქვს ის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ეს დასტურდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, მაგალითად, განსაკუთრებით დანიაშია, BA.2. ირკვევა, რომ ის ახანგრძლივებს პიკურ პერიოდს. „პიკშია ქვეყანა, რამდენად გახანგრძლივდება ეს პერიოდი, ჩვენზე დამოკიდებული - როგორ ვატარებთ, პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, კვებით მიმდინარეს რამდენად გავიკეთებთ „ბუსტერ“ დოზას. თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, შევძლებთ, ნაკლები დაზიანებით გავიაროთ მეექვსე ტალღა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2 ცირკულირებს
პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების დროს, 4 019 ორსული დაინფიცირდა
იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების დროს, ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ფაქტებიც დაფიქსირდა, თუმცა რაოდენობა არ დააკონკრეტა, რამდენადაც შემთხვევების კოვიდთან კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის. „ერთდროულად, ქვეყანაში ერთ პერიოდში დაახლოებით 23-24 ათასი ორსულია ხოლმე. მთლიანად პანდემიის პერიოდში დადასტურებულია ორსულთა ინფიცირების 13 373 შემთხვევა, ანუ მთლიანი ინფიცირების დაახლოებით 1%, ორსულ ქალბატონებზე მოდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ. გარდა ამისა, საქართველოში ექიმების 82%, ექთნების 65%, ხოლო სანიტრების 55%-ია ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ბუსტერი „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს, ამიტომ მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვასა და „ბუსტერზე“. მისივე თქმით, ახლა 65%-ზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. „გვინდა, რომ იყოს 95%. თუ 95% იქნება, მაშინ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდებდა და შესაბამისად, ნაკლები იქნება სიკვდილიანობა“. „31 დეკემბრის მონაცემებით, მთლიან ინფიცირებაში 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იანვარში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, რამეთუ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება იყო. იანვარში 390 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს და აქედან საშუალოდ, სულ მცირე ნახევარი იქნება „ომიკრონის“ შემთხვევა. შესაბამისად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან, 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია ამავე წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი. "ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528). ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვართან განლაგებულ რუსულ ჯარებს შორის, სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების დაჯგუფებებს შორის სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება. „თავდასხმის განსახორციელებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დამრტყმელი დაჯგუფება უნდა შექმნან. სამხედრო თვალსაზრისით, დამრტყმელ დაჯგუფებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, უკრაინაზე თავდასხმისთვის დამრტყმელი დაჯგუფებები შექმნილი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური: რეალობას მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს ციხეებში COVID19 მასობრივად გავრცელდა
შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში COVID19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 პროცენტია ინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების. ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან. საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე. რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვაქცინაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, ვაქცინირებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა - 86%, რევაქცინირებულია - 81%, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია კი ჩაუტარდა 3076 მსჯავრდებულს. ასევე, ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94 %. ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 პროცენტია ინფიცირებული“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში! ბოლო 24 წლის განმავლობაში, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება ჩვენი სახელმწიფოებისთვის, რადგან უკრაინა და საფრანგეთი დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. „ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, ხელმძღვანელობა, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რაც მთავარ მიზანს წარმოადგენს და ასევე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკური წინსვლის საფუძველია“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია. „ჩემთვის საუბარი იყო „თამაშის დაბლოკვაზე“ ესკალაციის თავიდან აცილებისა და ახალი პერსპექტივების გახსნის მიზნით. ეს მიზანი შესრულებულია. საფრანგეთმა თავისი სანდოობა გააძლიერა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში გუშინ შეხვდა.
უცხოური მედია: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 6 ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექვსი ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება, სადაც სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსული სამხედრო ხომალდები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს 8 და 9 თებერვალს გაივლიან. რუსეთის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდები „მინსკი“ და „კოროლევი“ უკვე დარდანელის სრუტეში არიან. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ წყნარი ოკეანიდან დაწყებული ატლანტიკის ჩათვლით ქვეყნის ყველა ფლოტი იანვარში და თებერვალში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
საქართველოს პრეზიდენტი: მჯერა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხები იქნება ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. „ჩვენი საზოგადოებისათვის ეს დღე სამუდამოდ დაუკავშირდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. უნივერსიტეტის დაარსების იდეის ირგვლივ გაერთიანდა მაშინდელი ქართული საზოგადოება მიუხედავად მრავალფეროვანი პოლიტიკური და პარტიული შემადგენლობისა. მეცნიერების, ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების ფუნდამენტია, რომლის ირგვლივ, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება დღესაც ერთიანია. მჯერა, რომ სწორედ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხები იქნება ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი ეროვნული თანხმობის პროცესში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორატს ქართული საზოგადოების სახელით ვულოცავ უნივერსიტეტის დაარსების დღეს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა
ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა. ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილებებით კი კომისია პარტიების საქმიანობის ხელშეწყობას აგრძელებს. „თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი (მაგალითად, - 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა ნომრით, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ნომრით), არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიონ ორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პარტია მონაწილეობდა ორივე საერთო არჩევნებში, მაგრამ ამჯერად მაგალითისთვის, მხოლოდ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მისთვის შესაძლებელია აირჩიოს ან პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სასურველი რიგითი ნომრის მისაღებად, პარტიამ წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. მათივე ინფორმაციით, სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულის თაობაზე ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო; ამ გადაწყვეტილების მიზანი კი პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივების უზრუნველყოფას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს დეპუტატს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.
რუმინეთში 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, აშშ-ის დამატებით 100 სამხედრო მოსამსხურე რუმინეთში განლაგდება. აშშ 1000 სამხედროს რუმინეთში, 2000-მდე ჯარისკაცს კი, პოლონეთში გზავნის. რუმინეთში აშშ-ის 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.
ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის
უკრაინა და საფრანგეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აქვთ საერთო ხედვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და ამჟამინდელ გამოწვევებზე უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის, ამისთვის კი „საჭიროა ერთიანობა, ახალი პრევენციული მიდგომები, ევროპული ლიდერობას. „დღეს უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისგან, მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება სასარგებლოა მთლიანად რეგიონისთვის და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. უსაფრთხოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და მოუწოდებს ყველა მხარეს, გადავიდნენ მისი სრულად განხორციელების გზაზე. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „26 იანვარს, პოლიტიკურ მრჩეველთა შეხვედრაზე, უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის, წინ წავიდეს ამ შეთანხმებების მეშვეობით და ჩვენ განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხები პრეზიდენტ პუტინთან და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს მინსკის შეთანხმებების შესრულება. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ მზად ხართ, შეასრულოთ ეს შეთანხმებები. მეჩვენება, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ეხმარება დღეს გრძელვადიანი მშვიდობისკენ წისვლას“, - განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, 2015 წელს მინსკის ხელშეკრულებების ხელმოწერამ შეაჩერა სისხლისღვრა და ამ თვალსაზრისით, ის შეიძლება, ჩაითვალოს ეფექტურ მექანიზმად. „ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა მათი სრულად განხორციელების მიზნით. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს ვალდებულებები და საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას“, - თქვა მაკრონმა. „ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პოზიციების დაახლოებაზე. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოზიციების განხილვა და გარკვეული განმარტებების გაკეთება, ჯერ ერთი ესკალაციის დონის შესამცირებლად და მეორე - ძალიან მკაფიოდ ვუთხარით როგორც პრეზიდენტ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის - დავრწმუნდეთ, რომ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე და ყველა პროცედურების დაცვით [...] სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ამ საკითხების განხილვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ დოკუმენტების განხორციელებას, რომლებიც 2015 წელს გაფორმდა“, - აღნიშნა მაკრონმა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის
იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც მძიმე შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს. „NATO-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, უარი თქვას ღია კარის პრინციპსა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც უკრაინამ უნდა გაატაროს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ლუიჯი დი მაიომ ასევე განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს მდგრადი, ეტაპობრივი და პროპორციული ზომების პაკეტზე, რათა მოსკოვს აჩვენოს შედეგები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება.
ზელენსკი პუტინს: უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ზედმეტია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მზეთუნახავზე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. „არის რაღაცები, რასაც ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ძალიან მომთმენია, რადგან ეს სიბრძნეა. ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ესკალაცია. ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მინსკის შეთანხმების შესრულების კონტექსტში განაცხადა: „მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო მზეთუნახავო“.