ძებნის რეზულტატი:
შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შედის, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. პარტიის მიერ არჩევნებზე მოპოვებული ერთი მანდატით საკანონმდებლო ორგანოში ადგილს შალვა ნათელაშვილი დაიკავებს. „პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რომელთა გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ ამ ფონს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ, ისტორიის კანონებით, ერთსა და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს, რომ არა მთელი ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ
"ქართული ოცნება” პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აცხადებს, რითაც პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. „2022 წლის 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდა. როგორც ცნობილია, დაკავებული პირი დაკავშირებულია კიევში უცხო ქვეყნების საელჩოებთან საპროტესტო აქციების ორგანიზატორებთან. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში.
საქსტატი: ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, იანვარში ინფლაცია 12.7 პროცენტი იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც 1.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 13.9-პროცენტიან ინფლაციაზე. „აღნიშნული მიმართულებით საქსტატმა მუშაობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ხოლო მისი გამოქვეყნება, სტატისტიკურ სამუშაოთა 2022 წლის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ყოველთვიურად. HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ლიზ ტრასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მართავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის შეხვედრას მოსკოვი მასპინძლობს. ბრიტანელი დიპლომატი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო პრესის გარეშე მიმდინარეობს. ინფექციამ ასევე საფრთხე შეუქმნა თავად ტრასის ვიზიტს მოსკოვში, რადგან კვირანახევრის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. პრესკონფერენციისთვის თვალყურის მიდევნება ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლიზ ტრასი აცხადებდა, მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნავდა ლიზ ტრასი. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინებოდა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი. „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებდა ლიზ ტრასი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა
ეს, ალბათ, ყველაზე სახიფათო მომენტია უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშე ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, NATO შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების შექმნაში, რომელსაც ის ირჩევს. „არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა
COVID19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: სამედიცინო დაწესებულებები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს პროკურატურის სისტემა; ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; COVID19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, ამ დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება. ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია. საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება. იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი. კარანტინის ვადები მცირდება COVID19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, „ბუსტერ“ დოზის არმქონე ადამიანებისთვის თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის ეს წესები ვრცელდება მათზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი. შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე: „ბუსტერ“ დოზით ვაქცინირებულებს; სრულად ვაქცინირებულებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში; ასევე ადამიანებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში; იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებულებისთვის მოქმედებს.
ომბუდსმენი: პარლამენტის წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა, რომელთა მიმართაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ. „ამ შემთხვევაში პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ უფლებამოსულების შეწყვეტის საფუძვლად არის გამოყენებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ხანდაზმული მუხლის საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრინ მათი უფლებამოსულების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მე ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ,
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს ხვდება. ღონისძიება ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით იმართება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ მხარეები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებსა და კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. საუბარი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეც.
კობა გვენეტაძე კელი დეგნანს შეხვდა
გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება. ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი თემა", - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო. ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიქმნა. აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე იმოქმედა, რადგანაც განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებში მაღალია სურსათის წონა. თუმცა ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაც გააანალიზეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ რისკებზე, რომლებმაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ არის
გაერთიანებულ სამეფოში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პირველი უცხოური დელეგაცია, რომელიც პანდემიის პირობებში დიდი ბრიტანეთის ეწვია და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებულობას ხაზი ამ კუთხითაც გაესვა. შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ საქართველო არის გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ, – ასე აფასებს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, საპარლამენტო დონეზე – საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების კუთხით. შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და ამ ურთიერთობის განვითარება. ასევე, შეხვედრა გაიმართა „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდში“, რომელიც პარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ფონდის დახმარებით, დაინერგა საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა საკომიტეტო მოკვლევა და თემატური მომხსენებლები. ესეც ერთ-ერთი შედეგია გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობისა. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბორის ჯონსონი: რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც ირაციონალური პასუხი იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოების კრიზისში, რომლის წინაშეც ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა. ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში უკვე მიღებულია თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული ნამდვილად არ მოხდება ძალიან მალე. „რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც, ჩემი აზრით, ირაციონალური პასუხი იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, ვისაუბროთ და ვფიქრობ, არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეა. ეს არის იდეა, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა შეეძლოს NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რომლებზეც გონივრული იქნება საუბარი და რომლის განხილვაც დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, რა თქმა უნდა, ყველას სურს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს
უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის ცემაში ბრალდებული დააკავეს
უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი დააკავეს. როგორც უკრაინის შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 34 წლის უცხოელი. მას ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. ზურაბ ადეიშვილის ცემაში მონაწილე კიდე სამი პირი იძებნება. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ოთხი უცნობი პირი კიევში 2 თებერვალს დაესხა თავს, შედეგად ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
სირიაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დროებით ფატჰი ბაშაღა დაიკავებს
სირიაში ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დაასახელდა. როგორც Reuters-ი წერს, დროებით, ამ თანამდებობას ფატჰი ბაშაღა დაიკავებს. Reuters-ის ცნობით, გაურკვეველია, ჩაატარა თუ არა პალატამ კენჭისყრა. ცნობისთვის, ფატჰი ბაშაღა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია. 2021 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო. აბდულჰამიდ დბეიბას მთავრობა 2021 წლის მარტში დამტკიცდა და დეკემბრამდე უნდა ემუშავა.
ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე
„უნდა დავინახოთ, რომ სიტყვებს ქმედებები მოჰყვება. უნდა დავინახოთ, რომ ჯარები და ტექნიკა, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას, სხვაგან გადაინაცვლებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიზ ტრასის თქმით, სერგეი ლავროვმა მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე. ბრიტანელმა მინისტრმა გააფრთხილა ლავროვი, რომ განგრძობადი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი განიცდის მუქარას და რომ „დასავლეთში დიდი ისტერიაა". ლიზ ტრასის შეფასებით, უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესია მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობას სერიოზულად უთხრის ძირს. მისივე თმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია შეწყვიტოს და დიპლომატიური გზა განაგრძოს. „NATO-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ ეს გზა არჩეული არ იქნება, მას რუსეთისთვის, უკრაინის და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთს აქვს არჩევანი, რამაც შეიძლება, უკეთესი მომავალი გამოიწვიოს ევროპის, რუსეთისა და რუსი ხალხისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
კელი დეგნანმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს. „აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების მრავალწლიანი ინიციატივა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესი დაედო საფუძვლად აღნიშნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრო“, - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
ლავროვი ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს დიპლომატები მოსკოვში ვიზიტისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“, - განაცხადა ლავროვმა ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვის თქმით, ლონდონისა და სხვა დასავლური დედაქალაქების მხრიდან მოსკოვის მიმართ საყვედურები, რომლებიც ეხება იმას, რომ რუსეთი ყველგან ერევა, ჭორებია. „მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ ემზადება კიევის ასაღებად, ლონდონის ცნობილი სერიიდან („ძალიან სავარაუდო“) არის“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრუსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად არის, თავად გვემუქრებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე
იენს სტოლტენბერგი: სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მზადაა ყველაზე უარესისთვის და იმისთვის, რომ მტკიცედ დაუჭიროს მხარი პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დაპირისპირების გზას აირჩევს, უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. „რუსეთს არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ, აირჩიონ დიპლომატიური გადაწყვეტა, თუმცა თუ ისინი კონფრონტაციას აირჩევენ, უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან. იქნება ეკონომიკური სანქციები. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება. შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში წინადადებებთან დაკავშირებით რუსეთს ერთიანი პასუხი გაუგზავნა
ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში წინადადებებთან დაკავშირებით რუსეთს ერთიანი პასუხი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ევროკომისიაში განაცხადეს, ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა, რომ ერთიანობის დემონსტრირებისთვის პასუხი ყველა წევრი ქვეყნის სახელით გაეგზავნათ. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან და NATO-ს სხვა მოკავშირეებისგან „უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს“ ითხოვს.
იენს სტოლტენბერგმა ზელენსკისთნ სატელეფონო საუბრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დონეზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. იენს სტოლტენბერგი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე ვესაუბრე. NATO განაგრძობს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. მოვუწოდებთ, განაგრძოს დიალოგის გზა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა, რის შემდეგაც ჯონსონი პოლონეთში გაემგზავრა. პარალელურად, რუსეთში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რომელიც უკვე შეხვდა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. დღესვე, ბერლინი ნორმანდიის ფორმატში მრჩევლების დონეზე შეხვედრას მასპინძლობს.