ძებნის რეზულტატი:
ნორმანდიის ფორმატის მრჩევლების შეხვედრას ბერლინი 10 თებერვალს უმასპინძლებს
ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების - უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა შეხვედრა ხუთშაბათს, 10 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ ვოლფგანგ ბიუხნერმა განაცხადა. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, გერმანია მტკიცედ არის ჩართული ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება და საფრანგეთთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეაქვს უკრაინასა და მის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციის მიღწევაში. „ჩვენ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ პროგრესს მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში“, - აღნიშნა ბიუხნერმა. მან ჰუმანიტარულ ვითარებს დონბასში „დამთრგუნველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მიესალმება ყველა ნაბიჯს „სწორი მიმართულებით“. მრჩეველთა შეხვედრა ბერლინის დროით 13:00 საათზე დაიწყება. 26 იანვარს პარიზში, ნორმანდიული ფორმატის ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართებოდა. უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ, ანდრეი ერმაკი, იენს პლოტნერი, ემანუელ ბონი და დიმიტრი კოზაკი. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ნორმანდიის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა. ნორმანდიის ფორმატი 2014 წელს დაფუძნდა. ის უკრაინას, რუსეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს და დონბასის რეგიონში კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიქმნა.
ოლაფ შოლცი: მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში ერთიანია
გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია. „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ პრობლემები მოგვარებულია. პრობლემები სერიოზულია და კიდევ გარკვეული დროით ასე დარჩება, ამიტომ, ეს საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს”, - განაცხადა შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შოლცმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და NATo ერთობლივად iმოქმედებენ პოტენციურ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან კარგად არის მომზადებული.
ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთშია. ლიზ ტრასი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე წერს. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნულია ლიზ ტრასის Twitter პოსტში. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინება. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი. „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებს ლიზ ტრასი.
იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევას მხარს უჭერს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე, რომელიც მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს. ის მიიჩნევს, რომ ეს კარგი ადგილის პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ ფორმატი უნდა განისაზღვროს. 7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გამართოს.
მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთი პანდემიას დასრულებულად აცხადებს
შვედეთმა პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ზოგიერთი მეცნიერი მთავრობას მეტ მოთმინებას სთხოვდა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა შვედეთის მთავრობამ, გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გააუქმებდა დარჩენილ შეზღუდვებს და პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებდა. „პანდემია, მე ვიტყოდი, რომ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, დასრულდა”, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლენა ჰალენგრენმა Dagens Nyheter-ს. მისივე თქმით, COVID19 აღარ იქნება კლასიფიცირებული, როგორც საფრთხე საზოგადოებისთვის. როგორც ცნობილია, ბარები და რესტორნები 11 საათის შემდეგაც იმუშვებენ, სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ასევე გაუქმდა შიდა დარბაზებისთვის ადამიამების დაშვებაზე განსაზღვრული ლიმიტი, ისევე როგორც ვაქცინაციის საშვის გამოყენება. „შვედეთში, დაახლოებით 2,200 ინფიცირებული საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, დაახლოებით იგივე, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მესამე ტალღის დროს. უფასო კოვიდტესტირება ამ თვის დასაწყისში შემცირდა და ფაქტობრივად, უკვე შეჩერდა 9 თებერვლიდან, ამიტომ, არავინ იცის შემთხვევების ზუსტი რაოდენობა“, - წერს Reuters-ი. „ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ცოტა მეტი მოთმინება, ტესტირების გააქტიურებაც შეგვიძლია, დაველოდოთ კიდევ რამდენიმე კვირას, დაავადება ჯერ კიდევ დიდი ტვირთია საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ფრედრიკ ელგი, უმეას უნივერსიტეტის პროფესორი და შვედეთის ჩაკეტვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კრიტიკოსი. შვედეთის ჯანდაცვის სააგენტომ ამ კვირაში განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ზედმეტად ძვირი უჯდებოდა. შვედეთმა ამ წლის პირველი ხუთი კვირის განმავლობაში, კოვიდტესტირებაზე დაახლოებით 55 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 9 თებერვალს, შვედეთში 114 ინფიცირებული, საერთო ჯამში კი, ვირუსით 16 182 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ჯანმომ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ლიეტუვა შეერთებულ შტატებს სთხოვს, ქვეყნის ტერიტორიაზე ძალები მუდმივად განათავსოს
ლიეტუვა სთხოვს შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ძალები მუდმივად განათავსოს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ აშშ-ის როტაციული ძალები მუდმივად იქნებიან ლიეტუვაში. ეს იქნება უსაფრთხოებისა და შეკავების საუკეთესო ფაქტორი, რაც NATO-ს შეუძლია, უზრუნველყოს არამარტო ლიეტუვაში, არამედ მთელ რეგიონში“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. 500-მდე სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფების რეგულარული როტაცია ლიეტუვაში 2019 წლიდან მიმდინარეობს. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 5000 ჯარისკაცია NATO-ს 30 წერი 20 სახელმწიფოდან. დასავლეთის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან უპრეცედენტო ძალა განათავსა. უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი შესაძლოა, შეჭრისთვის ემზადებოდეს, მოსკოვი ასეთი გეგმის არსებობას უარყოფს. ამავე თემაზე მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები
რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა
რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით დაიძლევა. რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობდა 26 იანვარს, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღეში. „ღმერთს მშვიდობა ვთხოვოთ, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე დაიძლიოს სერიოზული დიალოგის გზით და ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებმა წვლილი შეიტანოს ამ მიზანში. ნუ დავივიწყებთ: ომი სიგიჟეა“, - აღნიშნა რომის პაპმა.
შვედეთი კოვიდშეზღუდვებს ხსნის
შვედეთში, ბარები და რესტორნები საღამოს 23:00 საათზე აღარ დაიხურება და შეკრების წესები შემსუბუქდება. საჯარო ადგილებში ვაქცინაციის საშვის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. დატვირთულ პერიოდში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება აუცილებელი აღარ იქნება. „პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში… რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. შვედეთში 83%-ზე მეტi ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. გასულ კვირაში, დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. ნორვეგიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ საზოგადოება ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს. ამავე თემაზე: მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთი პანდემიას დასრულებულად აცხადებს
რუსეთი, ბელორუსთან ერთად, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს
რუსეთი, ბელარუსთან ერთად, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ათდღიანი იქნება და მასში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ბელარუსში იმყოფება რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი.
შალვა პაპუაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ ქუერის შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. „პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის შესახებ, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს. ამ მხრივ, გავაცანით ხედვა იმის შესახებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით და რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და რომ მათ სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მიეცა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით. „გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის - 29.93% ხოლო 7 დღის - 32.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281, ქვემო ქართლი - 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია - 616, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496, კახეთი - 1 101, მცხეთა-მთიანეთი - 450, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 771, იმერეთში - 1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 137, იმერეთში - 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პაციენტი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 38, იმერეთში - 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 - თბილისში, 465 - აჭარაში. 220 210 ადამიანი სახლში მკუნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
იაპონიამ აშშ-ის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს
იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს. ამასთან, წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭოს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში, რუსეთის „საელჩოში“ გადასცა „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 5-ს: რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს. ხოლო, გაეროში მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში - წმინდა საყდარი და პალესტინა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 454 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 454-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 764 352 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 154 476, გარდაიცვალა 15 404 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა, ამოღებულია ერთ კილომდე „კოკაინი“ და სხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს. შშს-ს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაერო-ს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით. გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილომდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტი აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი „ცივი ომისა“ და წარსული ათწლეულების შესახებ მოგონებებს აბრუნებს. „არა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით და არც დავთანხმდებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარები უკვე გვყავს, ეს არის უნგრეთის არმია და ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლებიც სათანადო ფორმაში არიან, რათა ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დანაყოფები უნგრეთის ტერიტორიაზე. „ამიტომ, არ გვინდა, რომ ეს დრო დაბრუნდეს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა „ცივი ომის“ დაბრუნება თავიდან იქნას აცილებული, ასევე თავიდან იქნას აცილებული „ცივი ომისდროინდელი“ ფსიქიკის დაბრუნებაც კი, რადგან ჩვენ ისტორიიდან ძალიან მკაფიოდ ვისწავლეთ, რომ როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტი არსებობს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები აგებენ და ჩვენ აღარ გვსურს, ვიყოთ წაგებულები“, – განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.
საგარეო უწყება: საოკუპაციო რეჟიმებს არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯების, რომლებიც კრახით სრულდება
"საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. აღნიშნული კომენტარი საგარეო უწყებამ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გაეროში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს. „საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ და აღნიშანვენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს. განცხადებით თანახმად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. „ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ გავრცელებულ განცხადებაში.