ძებნის რეზულტატი:

სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია

ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა. 2014 წელს, გერმანული გემთმშენებელ კომპანია Blohm&Voss-ის მიერ შექმნილი სამგემბანიანი სუპერიახტის ფასი 100 მილიონ დოლარს აღწევს. იახტა აღჭურვილია სპორტული დარბაზით, სალონით, რომელშიც განთავსებულია თეთრი Steinway ფორტეპიანო, სპა, ბიბლიოთეკა და დახურული აუზი, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს საცეკვაო მოედნად. გემი გათვლილია 12 სტუმარსა და ეკიპაჟის 14 წევრზე.   შეგახსენებთ, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციების შესახებ აფრთხილებს.

პრეზიდენტი მზადაა, შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება

ორბელიანების სასახლეში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. პრეზიდენტის თქმით, ის როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზადაა, შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება. „რა არის ის პუნქტები, რომლებზეც ვთანხმდებით, როგორც პრინციპებზე - რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არამხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რატომ მიმდინარეობს ახლა ეს პროცესი, პრეზიდენტის განმარტებით, პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილი, საჭიროა, დავფიქრდეთ, რატომ ხდება ის, რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ. „30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? რა არის ეს პროცესი? საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს. მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი. ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ. საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. აქ არ არის არანაირი მონოპოლია. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა. იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც  პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც  პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ამ პროცესში დიასპორის როლსაც გაუსვა ხაზი.  მისივე თქმით, საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. „ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა. რატომ ქალები? საქართვლოს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ, ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა. ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე. ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი. მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება. ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია! ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს! და ბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სვენ მიქსერი: ევროპისთვის შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია და მძაფრი ანტაგონიზმი, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს

„თუ ქართველი პოლიტიკოსები მოახერხებენ და საკუთარ ანტაგონიზმსა და კინკლაობას გვერდზე გადადებენ, პოზიტიური პასუხის შანსიც გაიზრდება“, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი და ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სვენ მიქსერი საქართველოს შანსებს, 2024 წლისთვის დაგეგმილ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე დადებითი პასუხი მიიღოს. „მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც კი არ აქვს. წინ დიდი გზაა და ბევრი რეფორმაა გასატარებელი, ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ჯერ არაა მზად იმისთვის, რომ ევროკავშირში მიიღონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმების საკითხს სერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ, რადგან მეტი წილი ამ რეფორმებისა გათვლილია როგორც საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე, ასევე ხალხის კეთილდღეობაზე, მიუხედავად იმისა, დაგვირგვინდება თუ არა ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობით. ცხადია, ბევრი სამუშაოა შესასრულებელი ევროკავშირისგან დადებითი პასუხის მისაღებად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვისაც გაიხსნება და ამ მომენტისათვის ქართველები მზად უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდხანს მოგიწევთ ლოდინი“, - აცხადებს სვენ მიქსერი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ევროპარლამენტარი ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს ევროკავშირის ნორმებთან დაახლოებას შრომის კანონმდებლობის, კონკურენციის კანონებისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში. ყველაზე მთავარი კი, მართლმსაჯულების რეფორმაა, რომელსაც ევროკავშირი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობა იყო. „ჯერჯერობით ვერ ვხედავთ მზაობას, ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. როცა ვსაუბრობთ მოსამართლეების უვადო დანიშვნებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მერე მოგვიწევს ამ მოცემულობით ცხოვრება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნავს სვენ მიქსერი. „ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და დანერგვის მხრივ, მაგრამ შეუსრულებელი რჩება ასევე მნიშვნელოვანი საკითხები. პოლიტიკური გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ევროპისთვის შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია და მძაფრი ანტაგონიზმი, რაც, თავისთავად ცხადია, საქართველოს პროგრესს აფერხებს რიგ საკვანძო საკითხებში. ბოლო დროს კი, შეშფოთება გაჩნდა რიგი დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებსაც ევალებათ აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.      

სად და რატომ განიცადა დემოკრატიამ უკუსვლა - კვლევა

ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8.4% ცხოვრობს სრული დემოკრატიაში, ხოლო მესამედზე მეტი ცხოვრობს ავტორიტარული მმართველობის ქვეშ. მიუხედავად რეგიონში საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უპირატესობისა, აღმოსავლეთ ევროპას არ აქვს  „სრულყოფილი დემოკრატია“, ესტონეთი (7,84), ჩეხეთი (7,74) და სლოვენია (7,54), გლობალურ რეიტინგში 27-ე, 28-ე და 35-ე ადგილზე განთავსდნენ. ეს ქვეყნები ყველაზე ახლოს არიან „სრულყოფილი დემოკრატიის“ კვალიფიკაციასთან (8,00-ზე მეტი ქულით). თუმცა აღმოსავლეთ ევროპამ 2021 წელს, თავისი რეგიონული საშუალო ქულის შემცირების თავიდან აცილებით, ყველა სხვა რეგიონს აჯობა. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი შედეგი ესტონეთს აქვს, შემდეგ მოდიან ჩეხეთი და სლოვენია. უნგრეთის და პოლონეთის ქულები ზომიერად დაეცა. ამ ქვეყნებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან უთანხმოება აქვთ. მთლიანობაში, მსოფლიოში მხოლოდ 21 ქვეყანა შეიძლება, ჩაითვალოს სრულფასოვან დემოკრატიად, კიდევ 53 ქვეყანა შედის „არასრულყოფილი დემოკრატიების“ კატეგორიაში.  საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა -86-ე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. ამ კატეგორიაში უკრაინის შემთხვევაში ქულის ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანას შორის. უკრაინა ახლა მექსიკასთან ერთად 86-ე ადგილს იზიარებს გლობალურ რეიტინგში, 2020 წელს კი 79-ე ადგილზე იყო. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ. „უკრაინის ქულა ნაწილობრივ შემცირდა რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის შედეგად. მთავრობა, რომელიც ფუნქციონირებს პირდაპირი სამხედრო საფრთხის ქვეშ, ჩვეულებრივ ზღუდავს დემოკრატიულ პროცესებს ხელისუფლების ცენტრალიზაციის სასარგებლოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უკრაინაში სამხედროებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2021 წელს და მეტი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე; მთავრობის პოლიტიკაც ნაკლებად გამჭვირვალე გახდა“, - ვკითხულობთ შეფასებაში. „საქართველოს ქულა 2021 წელსაც შემცირდა. ქვეყანამ გლობალურ რეიტინგში 91-ე ადგილი შეინარჩუნა. ლიბერიასა და ჰონდურასს შორის არის, მაგრამ მისი ქულა 2020 წელს 5,31-დან, 2021 წელს 5,12-მდე დაეცა. რამდენიმე ტურბულენტურმა მოვლენამ შეაფერხა დემოკრატიული პროცესები. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაძაბულობა ექსპრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით დასრულდა. ადგილობრივი არჩევნები, რომლის დროსაც სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და დააკავეს, საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, დარღვევებით ჩატარდა. მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ფინანსური და ოპერაციული უპირატესობებით სარგებლობს, რაც საარჩევნო კონკურენციას და გამჭვირვალობას ხელს უშლის“, - აღნიშნულია ანგარიშში.  „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს. სტატიის თანახმად, მთავრობის მიერ დაწესებულმა ჩაკეტვამ და პანდემიის კონტროლის სხვა ზომებმა 2020 წელს, სამოქალაქო თავისუფლებების უზარმაზარი უკანდახევა გამოიწვია, რამაც რეიტინგში ქვეყნების უმრავლესობა დააქვეითა. ახალი, მომაკვდინებელი (კორონავირუსის) დაავადების წინაშე, რომლის მიმართაც ადამიანებს არ გააჩნდათ ბუნებრივი იმუნიტეტი, ადამიანების უმეტესობამ დაასკვნა, რომ სიცოცხლის კატასტროფული დაკარგვის თავიდან აცილება ამართლებს თავისუფლების გარკვეულ დროებით დაკარგვას.

დანიაში შესაძლოა, აშშ-ის ჯარები განლაგდნენ

დანია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, რაც შეიძლება, დანიის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის განლაგებას მოიცავდეს. მაგრამ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის განპირობებული რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობით. მისი თქმით, კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია, მიმდინარეობს. მისი თქმით, დანიისა და ამერიკის ახალი შეთანხმება „გარღვევა იქნება მრავალი ათწლეულის შემდეგ“, პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არ განიხილავდა უცხოური ჯარების განლაგებას დანიის ტერიტორიაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფრედრიკსენის განცხადებას მიესალმა.

ილჰამ ალიევმა Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იტყობინება News.Az. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებით, როვნაგ ადბულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ელნურ ალიევის დანიშვნის შესახებ.

ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყაზახეთში იანვარში განვითარებულ მოვლენეზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანა ზოგიერთი საერთაშორისო ჯგუფის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ისარგებლეს ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციით. პუტინმა აღნიშნა, რომ თოყაევი ახლა გამოწვევის წინაშე დგას არეულობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. პუტინის თქმით, ყაზახეთს შეუძლია, გამოიყენოს „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი“. თავის მხრივ, თოყაევმა მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ყაზახეთში იანვრის მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს.„მართლაც, ეს იყო საერთაშორისო ტერორისტებისა და ბანდიტების მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ოპერაცია, რომლებიც თავს დაესხნენ ყაზახეთს იმ მიზნით, რომ, პირველ რიგში, დაერღვიათ კონსტიტუციური წესრიგი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ“, - განაცხადა თოყაევმა. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვალს რუმინეთს ეწვევა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად პრესკონფერენცია. ისინი რუმინეთში მოკავშირე ქვეყნებიდან დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზას ეწვევიან. ჯარებმა, რომლებიც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან გადაიყვანოს, კოგალნიცეანუს ბაზას უნდა მიაღწიონ. სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონა ქვეყანაში 9 თებერვალს საღამოს, არადში, ნადლაჩის სასაზღვრო პუნქტზე შევიდა. თავდაცვის სამინისტრომ (MApN) განაცხადა, რომ რუმინეთში მეტი აღჭურვილობა და პერსონალი ჩავა უახლოეს პერიოდში.10 თებერვალს კრაიოვაში სამხრეთ-დასავლეთის მრავალეროვნულ ბრიგადაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები NATO- მიერ მიღებული ზომების  საჭიროებაზე მიუთითებს და რუმინეთი თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება უკრაინის ეკონომიკას აზარალებს

უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება ურტყამს უკრაინას და მის ეკონომიკას. ამგვარი „მეგაფონური დიპლომატია“ არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ანკარამ თავისი შუამავლობის ძალისხმევით იცის, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა არ იქნება. „ამავდროულად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ესკალაციის დონის შემცირების და ნდობის ატმოსფეროს შექმნის ნაბიჯები. სიტუაცია არ არის ისეთი საშინელი, როგორსაც დასავლეთში ცდილობენ, წარმოაჩინონ, მაგრამ სერიოზულია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს, ან ენერგოომბუდსმენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. „ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკ-ში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული. როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე  პერიოდში ყველა აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მომართა თუ არა განცხადებით სემეკ-ს. მომხმარებელს თუ სურვილი აქვს, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. სემეკ-თან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე Facebook-ზე სემეკ-ის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org“, – აცხადებენ სემეკ-ში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 833 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 354 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის - 30.24% ხოლო 7 დღის - 33.04%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2 760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410, სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391 საიდანაც: 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 494, აჭარაში - 752, იმერეთში - 1 243. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 244 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 152, იმერეთში - 397. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პაციენტი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 38, იმერეთში - 23. 1 869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 141 - თბილისში, 481 - აჭარაში. 216 424 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 174 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 174-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 768 137 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 418 027 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 178 151, გარდაიცვალა 15 459 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.  

გაეროში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს. დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ პეკინს, კვლავ არ დაიკავოს რუსეთის მხარე, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინელები თავიანთ როლს ითამაშებენ, რათა რუსებს სწორი მოქმედებისკენ უბიძგონ. ჩინელებმა უშიშროების საბჭოში ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს საზღვრების მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ზუსტად ამას აკეთებენ რუსები - საზღვრის მთლიანობას ემუქრებიან“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი ყოველთვის მოწადინებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმაოს. ყველაფერი საქართველოს ხელშია

ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვართ პარტნორობით, ინტენსიური მუშაობით, ერთად მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ ახალ სფეროებს თანამშრომლობისთვის, ისეთი როგორიცაა ციფრული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორობას და მეგობრობას ლიმიტი არ აქვს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდოდ, მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა

კახეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მწყემსმა 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. „ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას. ცნობისთვის, გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობას დღემდე სერგო თურმანიძე ასრულებდა. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ასევე საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მონიტორინგი და ანალიზი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და მაღალი ხარისხის ანალიტიკური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელევანტურ უწყებებთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობა; საბჭოს სხდომებისა და შესაბამისი ოქმების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ცალკეულ მიმართულებებზე, კონკრეტული პროექტების კოორდინაცია.  

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა

2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1048 ვაკანტურ ადგილზე სულ 1206 განაცხადი დარეგისტრირდა. მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე 766, გარდაბანში 264 ვაკანტურ ადგილზე - 270, ხოლო ბათუმში 112 ადგილზე 170 განაცხადი შევიდა. „კონკურსანტებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა განაცხადები ცესკოს ახალი პლატფორმის გამოყენებით წარედგინათ. ელექტრონული პლატფორმა სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის გააქტიურდა. ამ ტექნოლოგიური სიახლით, ცესკოს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ისარგებლებენ როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატები და ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირები. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, პლატფორმის გამოყენებით კონკურსანტების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ წარადგინა განაცხადი 2 აპრილის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში, - ცესკოს ტექნოლოგიური სიახლით 478-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 275-მა კონკურსანტმა კი დოკუმენტაცია შესაბამისი ოლქის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა; 453-მა მონაწილემ კი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 85.49% ქალია, ხოლო 14.51% - კაცი. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის. გვინდა შევახსენოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რომ, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. ამ დროისათვის ცესკოში რეგისტრირებულია 4 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისათვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.