თეგი: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ ლეგალური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია და კომიტეტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი   ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ სპეციალურ, ლეგალურ ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომიტეტის და ლეგალური ჯგუფის წევრებმა თავდაცვის კოდექსის რედაქციული ნაწილი და ის მიმართულებები განიხილეს, რომლებიც თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მექანიზმებს მოიცავს. "თავდაცვის კოდექსის მოსამზადებლად, საქართველოსთვის აშშ-ის ევროპის სარდლობის სპეციალური ლეგალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თავდაცვის კოდექსის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში კომიტეტის მოსაზრებები სპეციალური ჯგუფის შეხედულებებს ემთხვეოდა. უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად აღნიშნული კოდექსის პროექტი წარედგინება, რომელიც  თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, ძალიან ახლოს დგას ამერიკის თავდაცვის კანონთან და თანხვედრაშია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის  კანონებთან. საქართველოს თავდაცვის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მისი თავდაცვის უნარიანობის ამაღლების და ასევე მისი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.  სხდომა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა. NATO-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად.

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა

საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა NATO-ს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს. "მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.  

მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმური სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ასეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის, სნაიპერების, საინჟინრო, საარტილერიო და სატანკო ქვედანაყოფების, ასევე ქვეითი საბრძოლო მანქანების მხარდამჭერი ელემენტებით მიმდინარეობდა.  

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს. „გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის. თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენების გადაფრენაზე: „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვერტმფრენების გადაფრენის შესახებ. უწყების ცნობით, „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის თავდაცვის ძალებს და მონაწილეობდნენ სწავლებაში. თავდაცვის უწყება მედიას მოუწოდებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ. აღნიშნული „მი-24“ და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად, აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. „შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ.  

თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება, ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება. „სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა. 204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. "ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერები სწავლებას ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე ოცეულმა ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ჩასაფრების, რეიდისა და მოწინააღმდეგის განადგურების კომპონენტებს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სწავლებებს ინსტრუქტაჟს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უწევდნენ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ინსტრუქტორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.  

თავდაცვის სამინისტროში 29 წლის წინ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 29 წელი გავიდა. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ჭიჭინაძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ტამიშის გმირების ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ომის მონაწილეები. 1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.  

ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით გაანადგურეს. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ. სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო გასროლები განხორციელდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.  

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ. ერთკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლებისთვის სპეციალურად მოეწყო დასახლებული პუნქტი. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება, დასახლებულ პუნქტში შეტევის მოგერიება და შენობის გაწმენდა. წვრთნებში ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“ მონაწილეობდა, რომელმაც დაჭრილების ევაკუაცია განახორციელა. დაშავებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციაში ახლადმოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენიც ჩაერთო. სწავლების მიზანი დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, აგრეთვე თავდაცვის ძალებში ახლადდანერგილი ტექნოლოგიებისა და სისტემების პრაქტიკაში გამოყენება იყო.   

თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ

სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება, მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.  

20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა

20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა მომზადებას უზრუნველყოფს. ამჟამად აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო სკოლა, მაგისტრატურა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, უმცროს ოფიცერთა სკოლა, ენობრივი მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და უმაღლესი სამეთაურო სკოლა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ამ დასახელებით გაუქმდა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში მონაწილეობას ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი იღებდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე. ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.​1993 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. 2003 წლის 20 თებერვალს, აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, 2009 წლიდან, სასწავლებელი ქალაქ გორში განლაგდა.  

ლოგისტიკის სარდლობა გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა

ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3x3 კალათბურთის ტურნირი ლოგისტიკის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ მატჩებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. „ფინალური ეტაპი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა თავდაცვის ძალების დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების 22-მა გუნდმა მიიღო. ტურნირის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა გადასცა.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ - სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება. 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული", - აღნიშნულია ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის თავდაცვის ატაშე მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "გერმანიის უკვე ყოფილმა თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი ცვლის. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გენერალმა ახალდანიშნულ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში - „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და სხვა ქვეყნის 19 სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.  აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი.  

მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს. უწყების ცნობით, კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.  

მთავრობათაშორისი თანამშრომლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით, აშშ ქართულ მხარესთან ერთად, სპეციალურ კურსს მასპინძლობს

მთავრობათაშორისი თანამშრომლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, კურსს მასპინძლობს. კურსი საქართველოს რიგი სამინისტროების, უწყებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ტარდება. საელჩოს განმარტებით, ეს კურსი სიმპოზიუმებისა და სამუშაო ჯგუფების სერიის ნაწილია, რომელიც კრიზისული ან საგანგებო სიტუაციების მომზადებაში, მთლიანად, მთავრობის მდგრადობისა და მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაზრდას ემსახურება.  

საქართველოს ერაყის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰ ენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე. "მხარეებმა განსაკუთრებული პატივით ისაუბრეს 2003-2008 წლებში ერაყში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გენინსპექციამ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საქმე შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს. „სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ მომზადდა შესაბამისი დასკვნა ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზეც დაუყონებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.  

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა

თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა მოახდინა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, საველე წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.  

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ახლო მომავალში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიღებს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნულ პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა.  

საქართველო თურქეთისგან ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.  

ბლინკენის მოადგილე საქართველოს შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს განიხილავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რა საკითხებს განიხილავს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დინამიური თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში, ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ახალ ინიციატივაზე „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI), რომელიც სტრატეგიული პარტნიორების თავდაცვის უწყებებს შორის გასულ წელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

სერჟანტებმა სამეთაურო და სამეთაურო-საშტაბო კურსები დაასრულეს

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო და სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სერჟანტებს სწავლის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები. კურსდამთავრებულებმა აიმაღლეს სამხედრო პროფესიული ცოდნის დონე, რომელიც მათ კარიერულ განვითარებაში გამოადგებათ. ისინი საკუთარ ქვედანაყოფებში დაბრუნდებიან და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვის ძალების განვითარებასა და სერჟანტთა კორპუსის გაძლიერებაში. სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში კოჯორში, სერჟანტთა აკადემიისა და კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზებზე მიმდინარეობდა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. 41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. "წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სწავლება მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებას, სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების კოორდინაციას, ოპერაციების სინქრონიზებასა და ახალი სისტემების გამოცდას ისახავდა მიზნად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტს „ჩვენი ჯარი“ აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტი 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, შესახებ გაესაუბრნენ. ჯარისკაცებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნებიც გააცნეს და მოგვიანებით მათთვის საინტერესი კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად მიაწვდიან.  

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩატარდა

ლგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული ოთხდღიანი სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება შტაბების კოორდინირებულ მუშაობას, მუდმივ მზადყოფნასა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად. სიმულაციურ მართვის ცენტრში სხვადასხვა სცენარი გათამაშდა. სამხედროებმა ობიექტზე თავდასხმის შესახებ შესული ინფორმაცია დაამუშავეს და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე გადაანაწილეს. წვრთნის განმავლობაში მონაწილეებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების ფარგლებში დაცვისა და თავდაცვითი ოპერაციები, ასევე დაჭრილის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც სამხედროებმა სიმულაციური და საიმიტაციო საშუალებები გამოიყენეს. სწავლებაში მოწინააღმდეგე მხარის როლს სამხედროებით დაკომპლექტებული დემო ჯგუფი ასრულებდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პირადი შემადგენლობისა და მასზე დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აკვირდებოდა.  

2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება

„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“ , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ.“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.  

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს

„ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.  თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არსებული გამოწვევების ფონზე, ჯარის პოპულარიზაციის, ტოტალური თავდაცვის, რეზევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, უწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე მუშაობს. „ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ თავდაცვის კოდექსში რეზერვისა და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე. ვიხელმძღვანელეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითით. ვიმედოვნებ, ამ დოკუმენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ, რომლითაც მომავალი 10-20 წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციასა და  ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესზეც ისაუბრა. „ჯარის პოპულარიზაცია არის  საკითხი, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ვერ წარმომიდგენია ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ხედავთ,  მასიურ წინააღმდეგობას, ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას, შუღლის ჩამოგდებას... ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამხედრო სამსახური მეტად პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.  თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაჭირვებულია ეს ოჯახი თუ მატერიალურად ძლიერია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ჯარის გაცნობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სატელევიზო ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ცივილურ სამყაროში საზოგადოებისათვის ჯარის ინსტიტუტისა და ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც და მიმოიხილა თავდაცვის კოდექში ჯარისგან თავის არიდების დამცავი მექანიზმები.  

მე-11 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ­ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, წვრთნისა და შეფასების პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. ოთხკვირიანი პროგრამა ბატალიონმა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარი რეიდის განხორციელებას, თავდაცვითი პოზიციების მოწყობას, მოწინააღმდეგის ბლოკირებას, შეტევასა და ობიექტის განადგურებას მოიცავდა. სწავლების განმავლობაში მე-11 ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა პროგრამა წარმატებით გაიარა. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ორფოლოს პოლიგონზე 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა. შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში” წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს. 61-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.  

მე-12 ქვეითმა ბატალიონმა ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულთან ერთად მონაწილეობას იღებდა პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფი. ასეულის მხარდაჭერას ახორციელებდა მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ბმ-21“-ის ოცეული, ასევე პირველი ქვეითი ბრიგადის 120 და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებულ მომზადება წარმოადგენდა.  

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-12 ბატალიონმა NATO-ს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა

NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და NATO-ს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად. „ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო „წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა NATO-ს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზოლთან ნემეთი. ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი“. ქვედანაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა. NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა. NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა.   NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ​ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს. ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეშენალისა“ და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.  

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დადო (BCT). ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. მოგვიანებით მოსწავლეებისთვის ღია კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა აქტივობა ერთობლივად შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.  

მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.  

32-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, განხორციელდა რეიდი, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, მოწინააღმდეგის ბლოკირება, შეტევა და ობიექტის განადგურება. სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. უწყების ცნობით, ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 32-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 32-ე ქვეით ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. მათივე განმარტებით, GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.  

მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.  

თავდაცვის სამინისტრო NATO-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს რეგიონული ტურის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო NATO-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები. დღესვე, NATO-ს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო. საქართველოში ვიზიტის მიზანი კოლეჯის კურსანტებისთვის რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობაა.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით შარლ ფრიზს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. შეხვედრაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ გამოხატა მზაობა საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების შესახებ.შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.  

თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია

უკრაინას საქართველოსთვის „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ არ გადაუცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა „გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტოს განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.   

თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა, ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. „რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომელიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 12 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება „რელიგიური ორგანიზაციები“, რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ „ბიბლიური თავისუფლების“ დახურვაზე ისაუბრა. 2017 წელს პარტია „გირჩმა“ დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს უწყობდა ხელს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა არ სურდათ.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშები აღმართეს

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალები გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.  

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის იუნკერებმა 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენი განახორციელეს, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს მიუძღვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. იუნკერები 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.  

შესყიდვის ხელშეკრულებები დავდეთ ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას - მინისტრი

„შეიარაღების მიმართულებით ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთაან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” -  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება. „ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.  

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. „ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადებში არტილერისტებს იუბილე სარდლობების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალებიც. სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფები გადასცეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღეც გაიმართა. თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სერჟანტებს აკადემიის იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს და სიტყვით მიმართვისას სერჟანტთა აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. ასევე, სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.  

ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

საქართველო თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. „კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით და მატერიალურად შეძლებული პირებისთვის შესაძლო პრივილეგიის მინიჭების აღქმის პრევენციის მიზნით, მოხდა მისი ამოღება. აღნიშნული საკითხის დაკავშირება სახელმწიფო უწყებებიდან გარკვეული პირთა წრის გათავისუფლებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. კერძოდ, სადაც ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა თანამშრომლებისთვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადება არის შესაძლებელი, მოხდა ცალკეული უწყებების გამოყოფა. მცდარია მოსაზრება, რომ საქმე ეხება ყველა სამინისტროსა და სსიპებს. აღნიშნული ინიციატივა სწორედ იმ უწყებებს ეხება, სადაც დღეის მდგომარეობით იხდიან წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ახალი კოდექსით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. პირები, რომლებიც კონკრეტული ვადითა და კონტრაქტით იქნებიან დასაქმებული სხვა უწყებებში, სადაც დღეს გაწვეული წვევამდელების იდენტურ ფუნქციებს შეასრულებენ, ისარგებლებენ გადავადების უფლებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სრულად არ თავისუფლდებიან წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან და გადავადება იქნება დროებითი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისა და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებითა და ურთიერთთანამშრომლობის მიდგომით. სამწუხაროა, რომ ცალკეული მედია საშუალებები, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ ამ პროცესის დაზიანებასა და კოდექსის პროექტის დისკრედიტაციას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა

მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "ვაზიანის პოლიგონზე „გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საპარაშუტო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს. კურსის პრაქტიკული ნაწილი მიწისზედა მომზადებას, პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსანტებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.  

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ეხმიანება ცალკეულ მიკერძოებულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, რაც სამინისტროს შეფასებით, უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. „საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ წლიდან წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აუმჯობესებს და ხვეწს აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და იმსახურებს მზარდ დადებით შეფასებებს. რაც შეეხება ცალკეულ ნაკლოვანებებს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ აღმოფხვრაზე, მათ შორის დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების კუთხით. ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდაცვის ძალებში დაახლოებით 40%-ით მოხდა ხელფასების მატება. ცხადია, ასევე გრძელდება დანამატების გაცემის პრაქტიკა იმ კონკრეტული ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც კანონის შესაბამისად ახორციელებენ სპეციფიურ სამუშაოს და შეხება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან. აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს 233 მოსამსახურეზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაიცა დაახლოებით 5 მილიონი ლარის დანამატი. აღნიშნული თანხა გადაეცათ თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით. რაც შეეხება,  უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამტები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ  სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან. ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის, ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2021 წელს დაახლოებით, 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5,160,000-ლარამდე დანამატი, მათ შორის, 286,672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. ამასთანავე, აღნიშნული დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, განახლებული საუტილიზაციო ბაზა საზეიმოდ გაიხსნა

დედოფლისწყაროში დღეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, განახლებული საუტილიზაციო ბაზა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც სამომავლოდ უტილიზაციის არსებული წარმადობა გაიზრდება. ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ გენერალური დირექტორი იოსებ ლოლაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სლოვენიის საერთაშორისო ორგანიზაციის ITF-ის დირექტორი ტომაჟ ლოვრენჩი. „პროექტის - „ფიზიკური უსაფრთხოება, საბრძოლო მასალების მარაგების და კონვენციური შეიარაღების განადგურების მართვა საქართველოში“ ფარგლებში, საუტილიზაციო ბაზა, საერთაშორისო კომპანია ITF-ის შუამდგომლობით, აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა. იგეგმება „დელტას“ მიერ მაღალი წარმადობის დანადგარების წარმოება/ბაზის აღჭურვა, ასევე ვადაგასული, ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უსაფრთხო უტილიზაცია/დემილიტარიზაცია. ​2021 წელს თავდაცვის სამინისტრომ სლოვენიის რესპუბლიკის ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერების სატრასტო ფონდთან (ITF) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორობას ვადაგასული, პირველადი დანიშნულებით გამოუსადეგარი და შესაბამისი ორგანოს მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაციას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა. „სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’ დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე.  

ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის უწყების ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო. „მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ოპერაციების კურსი დასრულდა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ოპერაციების ოფიცრებისთვის გაერთიანებული კურსი ამერიკელმა და ბრიტანელმა მენტორებმა ჩაატარეს. 4-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მიზანს საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული ელემენტების შესწავლა, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და დაგეგმვის პერსპექტივების შემუშავება წარმოადგენდა.  

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი. „პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე შეხვდა და ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოსა და ლიცეუმის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში თანატოლებს დეტალურად გააცნეს ლიცეუმში არსებული სასწავლო თუ საცხოვრებელი პირობები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ნახეს სასწავლო სივრცე, სიმულაციური კლას-კაბინეტები, სპორტდარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ მომზადებული სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები, ასევე, რობოტექნიკა. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში. ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციას 26 ივნისიდან დაიწყებს და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე. ლიცეუმი პანსიონის ტიპის, ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის განათლება. ასევე გაიარონ დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი და ლიცეუმში არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით სწავლა გააგრძელონ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ისეთი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი. ლიცეუმში ასწავლიან კვალიფიციური მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ლიცეუმს ჰყავს 19 მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის, მენტორის მქონე მასწავლებლები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები.  

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, კლინიკაში გარდაიცვალა

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს.  13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

თავდაცვის სამინისტრო: პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დასრულდა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან მართავდნენ. „სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. სტუდენტებთან შეხვედრებზე, რაც დიდწილად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები მათ თავდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებსაც აცნობდნენ. პროექტის ფარგლებში წლის ბოლო შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა. თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

22-ე ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური სწავლება გამართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. ასეულის დონის ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. „წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“ , ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK-19. ქვედანაყოფს მხარდაჭერას საარტილერიო დანადგარის გარდა, საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ და ტაქტიკური მართვის პულტი (WOLF) უწევდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით არის აღჭურვილი და ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლს ამარტივებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.  

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ხაინდრავამ, გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ლაბაძემ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიის „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გამართული შეხვედრისას მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „Ottobock SE & Co. KgaA“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენელმა დენის ვოლტერმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და 7 ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება. საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმიურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას.  

„ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფების მხარდაჭერით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებასა და ამოცანით მართვის უნარების დახვეწას. „ქარიშხალი 2023“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და ლოჯისტიკის სარდლობის ქვედანაყოფები. სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილე ქვედანაყოფების შტაბების მიერ საბრძოლო ოპერაციების მართვისა და კონტროლის სისტემების პროცედურების დახვეწას.  

თავდაცვის უწყებაში გამართული კურსის მონაწილეები, კრიზისული სიტუაციების დროს აშშ-ის სამხედრო დოქტრინალურ მიდგომას გაეცნენ

თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა. საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ის სამხედრო დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები. სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17 წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები.  

თავდაცვის მინისტრი: ბოლო დეკადების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც შეიარაღების შეძენის მიმართულებით, ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო

თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა. „ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა,“ - ამბობს ბურჭულაძე. „ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ „რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს მივიღებთ. ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომელითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების განახლების შესახებაც. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა. „ჩვენ ასევე შევიძინეთ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში, სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს თავდაცის სამინისტრო,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედთან.“ როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს.  

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიმართა და ფიცის დადება მიულოცა. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 8-კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.  ფიცის დადების ცერემონიას ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.  

კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. მოსწავლეებს დღის მანძილზე ჯერ თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა, საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება. საღამოობით კი, „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ბავშვებთან საინტერესო შეხვედრებს აწყობენ. ამჯერად, სამხედრო ისტორიკოსმა გიორგი ბერიძემ და ქართული იარაღების მუზეუმის დამაარსებელმა დავით ნასარიძემ უფროსკლასელებს სამხედრო ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები წარუდგინეს. საღამოს ბავშვებმა კოცონის ირგვლის გადაინაცვლეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე „ჯარის ბანაკი“ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ სკოლის უფროსკლასელებს უხსნის კარს, სადაც საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ ისწავლება. „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.  

თავდაცვის სამინისტრო: შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოს დროს, ეროვნული გვარდიის უფროსი ინსტრუქტორი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო.   2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.   თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს,“ - წერია თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში.    

Agile Spirit 2023-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2023-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების საშტაბო ნაწილი  მრავალეროვნული ბრიგადის ოპერაციებს მოიცავდა, რომელსაც მხარს დაქვემდებარებული ელემენტები უჭერდა, სადაც საწვრთნელი აუდიტორიისთვის რეალური გარემო იყო შექმნილი. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი ოპერაციები აწარმოეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 21 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023“ დაიწყო

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 22 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ირაკლი ჭიჭინაძემ და საერთაშორისო წვრთნებისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა საველე ტაქტიკურ მართვის პუნქტში გადაინაცვლეს და წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციები დეტალურად გაიარეს. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს წვრთნებში NATO-ს წევრი და პარტნიორი 22 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, მათ შორის სწავლებაში პირველად მონაწილეობს იორდანია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია. მონაწილე ორგანიზაციები არიან: მრავალეროვნული დივიზია - სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO). წელს Agile Spirit 2023 უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი - დასავლეთი NATO-ს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს. გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ფარგლებში პირველად მოხდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში. Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.  

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემაზე განცხადებას ავრცელებს. „თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად. მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ირაკლი კობახიძე: არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას, ქართულ მხარეს ამერიკული ბაზების საქართველოში განლაგების საკითხზე მოლაპარაკებები შესთავაზა.  

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო „საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება.აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  განახლება: სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. რადიო თავისუფლებასთან ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად მას ემსახურებოდა ბორტი N1, რომელიც რეგისტრირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შერჩევითად საჯაროს ხდის 2010-2012 წლებში სააკაშვილის მგზავრობის შესახებ ინფორმაციას მაშინ, როცა მისი პრეზიდენტობა თითქმის კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა.  

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საარტილერიო სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის საველე სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამოცანაზე ორიენტირებულ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე და მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონები, მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქვედანაყოფებმა, გეგმიური სწავლების ფარგლებში, რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე, სამხედროებმა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური მარშის და წინასწარგანსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება განახორციელეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სწავლებებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიგა ჯინჭარაძე დაესწრნენ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

41-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის წვრთნისა და შეფასების პროგრამა გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. წვრთნა სამი ფაზისგან შედგებოდა, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლებით დასრულდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით შეყოვნებისა და ბლოკირების ოპერაციები შეასრულეს, რომელსაც მე-4 ქვეითი ბრიგადისა და NATO-საქართველოს ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები და ინსტრუქტორები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან. წვრთნისა და შეფასების პროგრამა, რომელსაც JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ახორციელებს, ბატალიონების მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.  

ქართველი სამხედროები სამმხრივ სწავლება ETERNITY 2023-ში მონაწილეობდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე წვრთნებით ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე, საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. „სწავლება მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი), ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას. სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და NATO-ს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს. სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2000 წლიდან იმართება. წელს ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა,“ - წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გამართეს  

თავდაცვის მინსიტრი: თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებების გაძლიერების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შესყიდული და შემოტანილი მრავალფუნქციური სარადარო სისტემების შეძენას. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე,“ - განცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ძალებს ეფექტიანი და საკმარისი უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიდრონული საშუალებები გააჩნდეს. მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა. „ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ პოლონურ კომპანიასთან ერთად შევქმენით ერთობლივი საწარმო. ჩვენ მივყვებით გეგმა-გრაფიკს, რაც დავისახეთ მიზნად. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ, „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას,“ - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა საინჟინრო საშუალებების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანული გრანტისა და ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დახმარების ფარგლებში, დაწყებულია ღონისძიებები მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენაზე.  

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟილვინას ტომკუსი იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიეტუველ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟილვინას ტომკუსმა 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგური (მზის ენერგიის პანელები) დაათვალიერა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ლიეტუვის მხარდაჭერით დამონტაჟდა. თავდაცვის უწყებამ პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა, სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც „დელტა მშენებელმა“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა დიდ ქვედანაყოფებშიც იგეგმება. ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგას მტკიცე პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში ლიეტუვის მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა და თავდაცვის ატაშე დონატას რუპშუსი დაესწრნენ.  

იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს

დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიცის დადების ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საიჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკერებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ. ფიცის დადების ცერემონიალზე ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვეს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდგორის ველზე იუნკერების მიერ სამხედრო ფიცის დადება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს იუნკერების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთში: საქართველო მზადაა, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი    

საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილეს, საჰაერო ძალების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვსა და აგილ გურბანოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში  აზერბაიჯანის თავდაცვის  მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტასაც” ეწვივნენ და მის პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია  

საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კონსულტაციების ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. „საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება; შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს. ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,“ - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარეს

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, რისკების მართვის მეორე  საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია - რისკები  არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ  კლეიტონმა გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის მხარეს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში რისკების მართვის სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლები და მსმენელები არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების ფონზე, სტრატეგიული რისკების პროგნოზირების, კიბერუსაფრთხოების, ასევე კორუფციული და თაღლითობის რისკების შეფასების მნიშვნელობასა და რისკებთან დაკავშირებულ ეფექტური ანგარიშგების საკითხებს განიხილავდნენ. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თავიანთ სახელმწიფო უწყებებში, რისკის მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით მიღებული გამოცდილების,  სამომავლო გეგმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გარდა, სხვადასხვა უწყების მაღალი და საშუალო რგოლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.  

აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა დასრულდა

აშშ-ის მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა და საბრძოლო მასალების მართვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გადაცემა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას. ​„გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სამხედრო მოსამსახურე გორში გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. უწყების განცხადებით, „აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.“ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, სარდლები, გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ. „პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ქართული ჯარის მიმართ პატივისცემა და თანადგომა გამოხატა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც თავდაცვის უწყების სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრად გუშინ დაინიშნა. იგი 2020-2023 წლებში იყო პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ასევე ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ჩიქოვანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საჯარო სამსახურში კარიერა დაწყებული აქვს თავდაცვის სამინისტროში და უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. დამთავრებული აქვს NATO-ს თავდაცვის კოლეჯი,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო,“ წერს თავდაცვის უწყება. რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.  

ამერიკელი გენერალი დანიელ ლასიკა საქართველოშია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი. თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. „ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს,“ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.  

მედია: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსული კიბერ ჯაშუშური კამპანიის სამიზნე იყო

თავდაცვის სამინისტრო კიბერშეტევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ შეტევის შედეგად თავდამსხმელებს "რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაციის" გადინება არ მომხდარა. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მომხმარებლების მიმართ განხორციელდა ნულოვანი დღის ე.წ. ZERO DAY ტიპის შეტევა. აღნიშნული ტიპის შეტევა მიეკუთვნება კომპლექსური შეტევის ტიპს, რა დროსაც უსაფრთხოების ტექნოლოგიურ საშუალებებს უჭირთ შეტევის დადგენა, არამარტო საქართველოში. მავნე აქტივობა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ჯგუფმა სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით დროულად გამოავლინა და განახორციელა შესაბამისი ქმედებები საფრთხის გავრცელების მინიმიზების, აღმოფხვრისა და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული შეტევა დაფიქსირდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. შეტევის სამიზნე ინფრასტრუქტურაში არ არსებობდა რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაცია და ასევე, ინციდენტებზე რეაგირების დროს არ დადასტურებულა ამ სისტემაში არსებული ინფორმაციის გადინება," - წერია სამინისტროს საპასუხო წერილში. აქვე ნათქვამია, რომ სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, NATO-სთან და ევროკავშირთან კიბერმედეგობის გასაზრდელად. თავდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, როდის დაფიქსირდა მათ სისტემაში ჯაშუშური თავდასხმის ფაქტი. TAG-70, ჯაშუშური კამპანია, რომლიც ახერხებდა სხვადასხვა სერვერზე არაავტორიზებულ შეღწევას და მონაცმების ასე მოპოვებას, აქტიური იყო სულ მცირე 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით. რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერ ჯაშუშების ჯგუფმა 2023 წელს სხვა 80-მდე უწყებასთან ერთად მიზანში ამოიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შვედეთის საელჩო საქართველოში - ამტკიცებს გავლენიანი სადაზვერვო კომპანია Recorded Future. მკვლევრებისა და ანალიტიკოსებისგან შემდგარ ამ ორგანიზაციას, რომელიც სხვა საფრთხეებთან ერთად, ორგანიზებულ კიბერდანაშაულებსაც იკვლევს, დიდი გამოცდილება აქვს სამხედრო და სადაზვერვო სფეროს უსაფრთხოებაში. 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ორგანიზაცია წერს, რომ ჯაშუშურმა ქსელმა TAG-70-მა შეტევა მიიტანა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამთავრობო და სამხედრო უწყებების სერვერებზე - ჯამში 80-მდე ორგანიზაციაზე. მიზანი შიდა ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება იყო. როგორც Recorded Future-ს მკვლევრები წერენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში კიბერთაღლითებს შექმნილი ჰქონდათ სამინისტროს თანამშრომლების ავტორიზაციის გვერდის მსგავსი ყალბი გვერდი, რომლიც მომხმარებელების მონაცემებსა და პაროლებს აგროვებდა.  

თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია პილოტი

2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. „აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს,“ აცხადებენ უწყებაში.