ძებნის რეზულტატი:

პროკურატურა: პირს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა

პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და მე-5 ნაწილის ,, გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: მარიუპოლში, ვიხილავთ საშინელ სისასტიკეს, როდესაც ის რუსებისგან განთავისუფლდება

"მარიუპოლში არსებული ვითარება "ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფაა" უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროიდან", - უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განცხადა. "მარიუპოლი რუსული ძალების მხრიდან მუდმივად იბომბება და ქალაქში ათასობით ადამიანია დაღუპული. ჩვენ ვიხილავთ საშინელ სისასტიკეს, როდესაც ის რუსებისგან განთავისუფლდება”, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა. „პარლამენტის წევრებთან ერთად მოვინახულეთ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები – ბავშვები და მათი მშობლები. მივულოცეთ დამდეგი აღდგომა და გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელი მოქალაქეები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.  უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:28 შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა.  რვა მსჯავრდებულ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.  მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.   

ალექსეი არესტოვიჩი: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმის განხორციელებას გეგმავენ. „მტერი ცდილობს, საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა „აზოვსტალის“ რაიონში. განაახლეს საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და ცდილობენ, განახორციელონ თავდასხმითი ოპერაციები“, – განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

Europetime იწყებს ახალ რუბრიკას, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან: რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ET: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის სრული ენერგოემბარგო. როგორ ფიქრობთ რამდენად ერთიანი იქნება ევროპა ამ გადაწყვეტილების მიღებისას? ქვანახშირის ემბარგო არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციებიც დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების $643 მილიარდიდან, [რაც რუსეთმა დიდწილად დააგროვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან], $300 მილიარდზე მეტი ევროკავშირმა გაყინა. ასევე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და კვლავაც გადის ამ ბაზრიდან. რუსეთის ფედერაციიდან სოლიდური კაპიტალი გაედინება. მაგრამ ახლაც, მის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგება. მსოფლიო ფასზეა დამოკიდებული, თუმცა რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად იღებდა $800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე შემოსავალს. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ის  ფორმირება ხდებოდა ნავთობის ექსპორტისა და გაზის გაყიდვის შედეგად. ET: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ გადაეწყო ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე? მაშინ ვერ აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს? ნავთობის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის აღტკინებასა და რუსეთის ამბიციების ზრდას. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $30-ს შეადგენდა და 2008 წელს საქართველში შემოჭრამდე ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე შეადგინა $147.   რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რუსეთმა 2021 წელს განახორციელა თითქმის 170 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამიტომაც, მთავარი დარტყმა რუსეთს ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ. ET: შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40%. ამ ფონზე რამდენად რეალურია „გაზპრომისგან“ სწრაფად თავის დაღწევა? ევროკავშირს რამდენიმე წელი დასჭირდება რუსეთის ბუნებრივი აირისგან სრულად განთავისუფლებისთვის. დაახლოებით 3-დან 5-წლამდე, ამ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებაზე მაქვს საუბარი. შემცირება ახლაც მიმდინარეობს. იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალჟირთან. ეს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნის 20% აკმაყოფილებდა ბუნებრივ აირზე. იტალია ზრდის იმპორტს ამ ქვეყნიდან. მანამდე, რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. გერმანია დაახლოებით 54% პროცენტით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ახლა, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას ყატართან და არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ასევე განიხილება, ევროკავშირის ბაზარზე აშშ-დან განხორციელდეს ფიქლური გაზის ექსპორტი. საუბარია 15 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც არაა საკმარისი, რადგან ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს 500 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ფიქლური გაზის მოპოვება უფრო რთულია და ძვირია, რადგან სიღრმეში მდებარეობს და სიღრმისეული ბურღვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აშშ-სთან ერთად ასევე შესაძლებელია ირანთან მოლაპარაკება, „ბირთვულ შეთანხმებაში“ გამჭვირვალეობის ფონზე, ირანს შეუძლია, განახორციელოს ევროკავშირში გაზის ექსპორტი. ვფიქრობ, ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ET: ევროკავშირი ენერგორესურსების მომწოდებლებს ეძებს. მოსალოდნელია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირება. ამ პროცესში რა როლი აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას? რეალურად, რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ?  აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს როლი... აზერბაიჯანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, აზერბაიჯანმა ეს ნედლეული გაატაროს საქართველოში მოქმედი ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით და შემდგომ, ეს რესურსი თურქეთიდან მიიღოს ევროპამ. საქართველომ კი, გაზის გატარებისთვის მიიღოს დამატებითი სატრანზიტო შემოსავალი. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია აცხადებს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ეს განცხადება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო ადვილია. რუსული ნავთობის ჩანაცვლება შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება გაზსადენებით, რუსეთიდან ევროკავშირში. მაგრამ ნავთობს რაც შეეხება, ტანკერები როცა იტვირთება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, არავინ იცის, წინასწარ რა მიმართულებით გადაადგილდება. ნავთობით მოვაჭრე, შემსყიდველის ბრძანებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივია. საპარსეთის ყურიდან შესაძლებელია ნავთობის მიღება. ერთი ბარელის მოპოვების თვითღირებულება $3 -ია. ყაზახეთი აპირებს, 2 მილიონი ტონა ნავთობი გაატაროს საქართველოს გავლით. დამატებით მიაწოდოს რესურსი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. მანამდე, ისინი რუსეთის ფედერაციის გავლით აწვდიდნენ ევროპას ნავთობს. ვგულისხმობ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ მილსადენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახები ნავთობის გადასაზიდად ეძებენ ალტერნატივას და ასეთი ალტერნატივა საქართველოა. შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და ასევე  ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება „საქართველოს რკინიგზით“ ბათუმის ნავსადგურში და შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გატანა. ET: ნავთობის რესურსი გასაგებია, მაგრამ ალჟირის, ეგვიპტისა და კონგოს გარდა [იტალიამ ამ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება],კიდევ რა ალტერნატიული წყარობია რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად? რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია და ამას წლები დასჭირდება. ეს პროცესი დაჩქარება მაშინ, თუ დასავლეთი დათანხმდება, რომ ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე შესაძლებელია შეთანხმება ჩინეთთან, სადაც სხვადასხვა მონაცემით, არსებობს ფიქლის გაზის მარაგები. სავარაუდო რეზერვია 300 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ ჩინეთი გახდა გაზის მთავარი მიმწოდებელი, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქ მთავარია აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება. თუმცა ჩინეთი გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, რადგან არ უქმნის საფრთხეს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ET: საქართველოს თუ აქვს რესურსი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად? ბოლო სამი წელია „გაზპრომისგან“ საქართველომ უფრო მეტი გაზი იყიდა. დიახ, რუსული გაზი დღეს საქართველოს მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს. საქართველოს შეუძლია, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან და უარი თქვას რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე. ახალა არაა 2006 წელის მსგავსი ვითარება, როცა მხოლოდ რუსულ ბუნებრივ აირზე ვიყავით დამოკიდებული. ET: და ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ახლა? რა დოზითაა ამ ომში ენერგოინტერესები და გეოპოლიტიკა? აქ რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია, გამოვყოთ. ენერგორესურსები არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ფაქტორი. აქ უფრო დიდი ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკას. ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ,  განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოახერებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რუსეთი იქნება ანგარიშგასაწევი ევრაზიული ძალა. თუ რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ის იქნება რიგითი სახელმწიფო. მან ეს ახსნა იმით, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და რუსეთს შორის და მის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზსადენები და ნავთობსადენები, რაც აკავშირებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებს. უკრაინაზე კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების განმტკიცებას. ამ ომის მიზეზების კვლევისას მეორე ფაქტორია ის, რომ უკრაინას მართავს პუტინისთვის მიუღებელი პროდასავლური ხელისუფლება. რუსეთს სურდა კიევის აღება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. უკრაინას დარჩებოდა ნომინალური დამოუკიდებლობა და ის იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რუსეთში ისევ მიაჩნიათ, რომ უკრაინელები მათი მონათესავე ხალხია. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას შესაძლოა, დათმოს სხვა რესპუბლიკები, მაგრამ არა ბელორუსი და უკრაინა. ეს ქვეყნები უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ET: 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანდა, რომ გარკვეულწილად ჰქონდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი... კრემლი მიიჩნევდა, რომ რადგან 2014 წელს დაიკავა ყირიმი, უკრაინაში მოსახლეობა მხარს დაუჭერდა. ამასთან რუსეთს სურდა, რომ ვიდრე ევროპა და ამერიკა განიმტკიცებდა თავის პოზიციებს უკრაინაში, თავად გაეკეთებინა ეს. და კიდევ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ ომში მარიუპოლი. რუსეთს სურს, დაიკავოს აზოვი და შავი ზღვა. რამდენჯერმე დაბომბა ოდესა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ დაამყარა კონტროლი. რუსებს სურთ, რომ მთლიანად გააკონტროლონ აზოვისა და შავი ზღვა და სრულად განიმტკიცონ პოზიციები ამ აკვატორიაში.  

სალომე ზურაბიშვილი: ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა

ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა. ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა  

ავსტრიის ფინანსთა მინისტრი: ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა

ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა, ამის შესახებ CNN-ს ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განუცხადა. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე გაამკაცრებს, ვიდრე ომი არ დასრულდება. მომავალ კვირას, ევროკავშირი გეგმავს სანქციების მე-6 პაკეტზე მსჯელობის დაწყებას. წინასწარი ინფორმაციით ლაპარაკია რუსული ნავთობის ემბარგოსა და რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვაზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ამცირებს

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს, ამის შესახებ ელექტროქსელების ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა. გატარების სიმძლავრე 24 აპრილიდან 1300-დან 900 მეგავატამდე შემცირდება. ოპერატორი რუსული ელექტროენერგიის შემცირების მიზეზად, რისკებსა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. ამასთან, რუსული ელექტროენერგიის მიწოდებას ფინეთი სრულად შეზღუდავს ატომური ელექტროსადგურის ტესტირებისას. ფინეთიდან რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი ძველ ნიშნულზე რჩება. შეგახსენებთ, რომ ფინეთმა სანქციების გამო, რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე გადასასვლელი გადაკეტა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

შსს: იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. „გიდასტურებთ, პირი იდენტიფიცირებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“, – განაცხადეს აშშ-ში.

რუსეთი Sarmat-ის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს ციმბირში განათავსებს

რუსეთი Sarmat-ის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს.ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. როგოზინის თქმით, რაკეტები თანმხლებ ქვედანაყოფთან ერთად ციმბირში, კრასნოიარსკის ოლქში განთავსდებიან (მოსკოვიდან 3 000 კმ). სარმატის ტიპის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია იერიში მიიტანოს ათასობით კილომეტრით მოშორებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. სარმატის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აპრილს გამოცადა.

Unian: ოკუპანტებმა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს

UNIAN-ი მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ რუსმა სამხედროებმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია კიდევ ერთხელ ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს. პეტრო ანდრიუშჩენკო  Telegram-ზე წერს, რომ 23 აპრილს, 11:00 საათზე მარიუპოლის სულ მცირე 200 მცხოვრები ზაპოროჟიეში, პორტ სიტის სავაჭრო ცენტრთან ევაკუაციას ელოდა. მათ რუსმა სამხედროებმა დაშლა მოსთხოვეს, უთხრეს, რომ ტერიტორია დაიბომბებოდა და ავტობუსებში ჩასხდომა აიძულეს. შემდეგ კი დოკუჩაევსკში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

უკრაინა: ოდესაში რუსეთის საჰაერო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ოდესაში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი ავრცელებს. მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობა იუწყებოდა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კი, კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა. თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. გერაშჩენკოს ცნობით, რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, მათი „სამიზნე იყო ლოგისტიკური ტერმინალი სამხედრო აეროდრომზე, სადაც ინახებოდა აშშ-დან და ევროპიდან მიღებული შეიარაღება“. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მეშინია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის, უბრალოდ არ მაქვს უფლება, მეშინოდეს

„მე არ მეშინია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის. უბრალოდ არ მაქვს უფლება, მეშინოდეს, რადგან ჩვენ ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის ეშინია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. „მათ შიშველი ხელებით გააჩერეს ტანკები. როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ. ხალხს ეშინია მათი შვილების გამო, დიახ. ამიტომ, ნორმალურ ლიდერს არ უნდა ეშინოდეს, როცა საქმე ჩვენს სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას ეხება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დონბასის ბრძოლების შემდეგ გაიმართება. მისი თქმით, კიევი გამარჯვებისთვისაა განწყობილი. თავად ზელენსკიმ, აპრილის დასაწყისში თქვა, რომ პუტინთან შესახვედრად მზადაა და არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა არ შედგება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების განადგურებამ, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვას

ვოლოდიმირ ზელენსკი: საქართველოში ელჩს დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობ ლიდერებისგან მხარდაჭერას

„ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა და უკრაინის ელჩის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესებასთან დაკავშირებით. „მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. რომელი ეკონომიკა? მე მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ მარტს, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ელჩს იწვევს კონსულტაციებისთვის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  ასევე წაიკითხეთ ზალკალიანი უკრაინის მიერ ელჩის გაწვევაზე: ძალიან მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილებაა

24 აპრილს კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ჩავლენ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 აპრილს კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩავლენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინისთვის საჭირო იარაღი და მისი მიწოდების ტემპი. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, პირადად ჩავიდეს უკრაინაში. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

თურქეთმა სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის ცა დახურა

თურქეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის დახურა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო  მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,  იუწყება The Daily Sabah. მისი თქმით, თურქეთი რუსეთისთვის ნებართვებს ყოველ სამ თვეში გასცემდა და ბოლო ნებართვის ვადა აპრილში ამოიწურა. მას შემდეგ, მინისტრის თქმით, ფრენები შეწყდა. The Daily Sabah-ის ინფორმაციაში არ არის ახსნილი, თუ რატომ აღარ გაუგრძელა თურქეთმა რუსეთს ნებართვის ვადა. საგულისხმოა, რომ თურქეთი არ შეუერთდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გაუწყებთ თქვენ... საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ (1 ინ. 1,2). აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია! ქრისტე აღსდგა! საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი - გამოხსნილნი! ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი! შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი. ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო. ქრისტე აღსდგა! „სადა არს, სიკვდილო, ნესტარი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“ (1 კორინ. 35.55) მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს უდიდეს საბოძვარს, - საუფლო დიდებასთან თანაზიარებას, გვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს და მასთან მყოფობას. ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენც, მეორედ მოსვლის შემდეგ, ამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ხრწნილება, რაც პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ჩვენი დაცემული ბუნების თვისება გახდა, ვერ დაიმკვიდრებდა უკვდავებას. ქრისტესთან ნათლობით დაკავშირებულნი და მისი მცნებისამებრ მცხოვრებნი ყოველნი, ნეტარ უკვდავებასთან თანაზიარნი ხდებიან მასთან ერთობით, რომელიც თავად არის სიცოცხლე და სიცოცხლის მომნიჭებელი. ამიტომაც წერს მოციქული: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე სიცოცხლეს იძენენ ქრისტეში“ (1 კორინ. 15,22); „ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1 ინ. 5,11). *** ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან. მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, - უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან. ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. ამ ომში გამარჯვება წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ. სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს ( 1 ინ. 5,4). მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას. დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის. ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება. უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის. ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა. **** ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტიქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია. თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს, არამედ ეს პროცესი აუცილებელია, რათა სხეული განახლებული სახით აღდგეს. ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, პავლე მოციქული მოკლედ და ნათლად ამბობს, რომ: „რასაც დავთესავთ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა“ (1 კორინ.15, 36). ასევეა მკვდართა აღდგომაც ... „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინ.15, 44), ხოლო ვისაც ეს აეჭვებს, ის დაეჭვებულია ქრისტეს აღდგომაშიც, „რადგან თუ მკვდარნი არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა“ (1 კორინ.15,16)! - მართლმორწმუნისათვის ასეთი აზრი კი უდიდესი მკრეხელობაა და სულიერად დამღუპველი. აღდგომილი მაცხოვარი არაერთგზის იხილეს მენელსაცხებლე დედებმა, მოციქულებმა, ხუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმა. იგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა და განაბრძნობდა თავის მოწაფეებს, რომელთაც, სულიწმინდის მადლით, მრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცა; შემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28.20), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და ... მირწმუნეს“ (ინ. 20.29) *** ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა. „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი" (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა. ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18). ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, ... ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში" (1 ინ. 4.18). სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“ მოციქული გვარიგებს, - ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას. ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“ თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ. ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან. ... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20); იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში დაუსრულებელი მყოფობის წინაპირობად იქცეს, იცხოვრეთ მარადიული სიცოცხლისათვის, იცხოვრეთ ქრისტესთვის! ქრისტე აღსდგა! მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენასა და სიყვარულში. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2022.

ილია მეორე: უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“,- ამის შესახებ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის. „ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება. უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის. ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“,- აღნიშნულია ეპისტოლეში. ასევე წაიკითხეთ  პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე