ძებნის რეზულტატი:

საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში. პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. „მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18:00 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას 5 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17:00 საათზე", - განმარტავს საია.

ირაკლი კობახიძე: უცხოელი პარტნიორების თხოვნით, ოპოზიციის დეპუტატების საკითხის კენჭისყრა გადავადდა

პარლამენტმა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა გიორგი გახარიას, რომელიც „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. გახარიას თაოსნობით მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა 24 დეკემბერს გამოუცხადა. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციის 54-მა დეპუტატმაც მიმართა, თუმცა მათი საკითხი ჯერჯერობით კენჭისყრაზე არ გასულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა: „ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ". ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდმა უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებები 16 დეკემბერს წარადგინა. განცხადებების გამოთხოვის ვადა კი 23 დეკემბერს ამოიწურა. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის თანახმად, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება".

რუსეთმა ვეტერანი უფლებადამცველი, ოთხი სხვა პირი და მედია უცხოეთის აგენტად გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტთა” სიაში ხუთი ადამიანი, მათ შორის, ვეტერანი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი და ერთი მედია უწყება შეიყვანა. პირველი შემთხვევაა, როდესაც მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული კანონი პიროვნებების მიმართ გამოიყენეს. რუსეთმა ეს კანონი 2012 წელს მიიღო, რაც საშუალებას აძლევს უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადონ. იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უცხოეთის აგენტად შერაცხულ მედია საშუალებების სიას, ოთხ სხვა პირთან ერთად, რომელთა შორის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტიც იყო, პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსი, 79 წლის პონომარიოვიც დაუმატეს.

ირანის მთავრობამ ბირთვული პროგრამის აჩქარების კანონის ამოქმედება შეაყოვნა

ირანის მთავრობამ შეაყოვნა პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონის ამოქმედება, რომელიც ურანის გამდიდრების პროგრამის მყისიერ აჩქარებას ითვალისწინებს. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ის დიპლომატიურ ძალისხმევისთვის ზიანის მომტანი იყო. იმავდროულად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ თქვა, რომ ქვეყანას ამ კანონის ასამოქმედებლად, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაუყოვნებლად დაიწყოს, საკმარისი ფინანსები არ გააჩნია. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობების ჩარჩოებში დაბრუნდება. ზოგიერთმა ექსპერტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ირანმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შეერთებულ შტატებთან მომავალ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს.

ბოინგ 737 მაქსი ამერიკულ სამოქალაქო ავიაციაში ბრუნდება

„ამერიკული ავიახაზები“ დღეიდან "ბოინგ 737 მაქსით" კომერციულ ფრენებს განახორციელებს.ეს კიდევ ერთი ეტაპია ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებლისთვის, რომელიც საკუთარ საუკუნოვან ისტორიაში, ყველაზე ღრმა კრიზისის გადალახვას ცდილობს. 2019 წლის მარტიდან ბოინგ 737 მაქსს არც ერთი ფრენა არ განუხორცილებია. რასაც წინ უსწრებდა, ხუთ თვის განმავლობაში ორი ავიაკატასტრფა, რასაც 346 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაცის ფედერალურმა სააგენტომ ფრენის აკრძალვა მოხსნა მას შემდეგ, რაც ბოინგი პროგრამულ განახლებაზე დათანხმდა. ამასთან მან უნდა უზრნველყოს მართვის ძირითადი სისტემების განახლება. ორივე ავიაკატასტროფა, სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია. ამერიკული ავიახაზები "ბოინგ 737 მაქსით" 20 თვიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველ რეისს, ნიუ-იორკიდან მაიამის მიმართულებით შეასრულებს.

ბაიდენი: თეთრი სახლი ხელისუფლების გადაცემას აბრკოლებს

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოები პრეზიდენტ ტრამპის პირობებში სრულიად დაცლილია. ბაიდენმა კრიტიკულად შეაფასა წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან ხელისუფლების მისი გუნდისთვის გადაბარების პერიოდში, ინფორმაციის მწირი მიწოდება. „ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას წარმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ მიმართულებებზე. ვფიქრობ, ეს არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა“, - თქვა მან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მის გუნდს საჭირო ინფორმაციას არ აწვდის. პენტაგონმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ბაიდენის გუნდის 181 ინფორმაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 163 გასაუბრება ჩაატარა.

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

აშშ-ში, კოლრადოს შტატში, კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთვევა დადასტურდა. ამის შესახენ ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს. კოლორადოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვირუსის ახალი შტამით დაიფიცირების შესახებ სამშაბათს განაცხადეს. გამოცემის მიხედვით, შტატის გუბერნატორის, ჯარედ პოლისის ოფისის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებული 20 წლამდე ახალგაზრდაა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს და რომელიც ამჟამად ელბერტის ოლქში, იზოლაციაში იმყოფება. ”ამ ადამიანს ჯერჯერობით მჭიდრო კონტაქტი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ სხვა პოტენციური შემთხვევებისა და კონტაქტების იდენტიფიცირებაზე”, - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი დავით-გარეჯის საქმეზე: მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე

„მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე."- ასე შეაფასა დავით-გარეჯის გარშემო მიმდინარე საქმე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელკომპანია "იმედის" გადაცემაში "არენა". ღარიბაშვილის თქმით, მან დავით-გარეჯის საკითხზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. „მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე. საუბრობდნენ ძალიან ბევრს, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოგდებული ფანტი. როგორ გავთვლიდი მაგალითად მე, ან ნებისმიერი ადამიანი იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე გამოვიყენებდით ამ თემას? 2014 წელს ვმუშაობდი ამ საკითხზე და აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ არსებობს. არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები. მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არის დარღვეული. რეალურად, მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთ რუკას გამოიყენებდნენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დროს. ეს არის 1938 წლის რუკები. შემდეგ მიდის სპეკულაციები. ზოგი ახსენებს 29 წლის რუკას, ზოგი ახსენებს 37 წლის რუკას, 42 წლის რუკას და ა.შ. მანიპულირებენ, როგორც გამოცდილი, გაწაფული თაღლითები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ამ დროს სიმართლე, ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი, რომ ამ რუკის მიხედვით რომ გაეტარებინათ, მაგალითად ჩიჩხიტური და ის ქედი, რომელზეც არის დღეს დავა და რეალურად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ 2006 წელს (კითხვა მაქვს, მაშინ რატომ დადგნენ იქ?), არ იქნებოდა დღეს სადაო“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში გამოძიებასთან საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, რომ პროკურატურა ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს. „რა თქმა უნდა, ჩემი ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი არის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ ისეთი მიამიტები არ ვართ, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ის ორი კარტოგრაფი, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, მხოლოდ მათ დონეზე გადაწყდა რაიმე. ადამიანი უნდა იყოს ძალიან დიდი ბრიყვი, რომ ეს დაიჯეროს. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები - ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, ადასტურებენ, რომ ეს მონაკვეთი, დავით გარეჯის ერთი ნაწილი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ჯო ბაიდენი: მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას ვხედავ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მოელის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი დასასრულს უახლოვდება, ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს. ვაქცინები აღმოაჩინეს და განავითარეს. ეს უზარმაზარ იმედს გვაძლევს. ჩვენი ეკონომიკა აღდგება და აყვავდება. მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას ვხედავ. მომდევნო წლებში ასევე ვხედავ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 19 301 543 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 334 836 ადამიანი გარდაიცვალა.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდე შეამოწმებენ

2021 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი თბილისის აეროპორტს ეწვია იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა. „უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სინგაპურში Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო

სინგაპურში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პირველი მოქალაქე, ვინც აცრა გაიკეთა, 46 წლის ექთანი სარა ლიმი იყო. მასთან ერთად ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის 30-მდე თანამშრომელმაც გაიკეთა. სინგაპური პირველი აზიური ქვეყანაა, სადაც Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს.

კორონავირუსი კიდევ 1 738 ადაამიანს დაუდასტურდა, 1 494   გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე.

ბოლო 24 საათში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 ინფიცირებული ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494 კოვიდინფიცირებული.

346 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 738 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 12 941 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 480 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 001 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346.

ბრიტანეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ის ვაქცინა დაამტკიცეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული კორონავირუსის საჭინააღმდეგო ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გამოსაყენებლად დამტკიცებულია. ამის შესახბ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა მწარმოებელ AstraZeneca–ს 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც საკმარისია 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წამლების მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური. Oxford-AstraZeneca ვაქცინა შეიქმნა 2020 წლის პირველ თვეებში. აპრილში პირველად ჩატარდა მოხალისეზე ტესტირება. მას შემდეგ მიმდინარეობდა მასშტაბური კლინიკური კვლევები, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

თბილისში ხვალ ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდება და 8 იანვრიდან გაგრძელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდეს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება 8 იანვრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება. „იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის და გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული, რომლის ფარგლებში ასევე რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ სამუშაოები ხვალ შეჩერდება. ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, წავიდნენ თავიანთ ქალაქებში, რაიონებში და სოფლებში. სამუშაოების განახლება 2021 წლის 8 იანვრიდან დაიწყება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება 8 იანვრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ხორვატიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

როგორც ცნობილია, მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა 6,4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად. მაშველები გადარჩენილებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ შენობის ნანგრევებში. ხუთი ადამიანი გარდაიცვალა ახლომდებარე ქალაქ გლინაში. სახელმწიფო მედიის თქმით,მეშვიდე მსხვერპლი ნაპოვნია ზაზინაში ეკლესიის ნანგრევებში. მიწისძვრა 29 დეკემბერს ხორვატიის ცენტრში მოხდა.

ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ წერილში წერს, სადაც ის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ანგელა მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. „პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

კარლ ჰარცელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ეფექტიანი ფუნქციონირება

საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელი მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში გაფრენამდე საქართველოს აეროპორტებში შეამოწმებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება 1 იანვრიდან ამოქმედდება. "უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა", - აცხადებს ჰარცელი ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს ახალი შეზღუდვა არაა, რადგან მსგავს პროცედურას საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ გადიოდნენ. "როგორც მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხორციელების პროცესში ჩვენ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდექით. პრობლემების მოგვარებით მიზნით საქართველომ და საქართველოს პარლამენტმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგზავრების წინ შემოწმების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის გამართულ ფუნქციონირებას", - აცხადებს ჰარცელი.

კახა კალაძის თქმით, გლადანის ქუჩების რეაბილიტაციის დროს 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილები მოიპარეს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დროს 200 ათასი ლარის ღირებულების 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილები მოიპარეს. თბილისის მერის ინფორმაციით, მოკვლევა უწყების აუდიტის სამსახურმა ჩაატარა. "ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცების გატარება მოხდება. ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ სავარაუდო დანაშაულში გარეულია", - თქვა კალაძემ. კალაძემ გლდანში ამავე გზასთან დაკავშირებით შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა. როგორც მერმა აღნიშნა, მოკვლევის შედეგები შესასწავლად პროკურატურას გადაუგზავნა. "ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა", - განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.