ძებნის რეზულტატი:
10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა
10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი განცხადებით, ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა. "2016 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია ((The Annex to Commission Decision 2011/163/EU). ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის დაშვებას, წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების შესაბამისი პროცედურები. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კონტროლის სისტემის პარალელურად, ქვეყანაში გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა. ქართული თაფლის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხორციელდება", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯონათან პოლარდი, რომელმაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის აშშ-ის ციხეში 30 წელი გაატარა, ისრაელში ჩავიდა
ჯონათან პოლარდი, რომელმაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის აშშ-ის ციხეში 30 წელი გაატარა, ისრაელში ჩავიდა. „ჩვენ აღტაცებულები ვართ, რომ 35 წლის შემდეგ ბოლოს სახლში ვიქნებით”, - განაცხადა პოლარდმა, როდესაც ისრაელის საერთაშორისო აეროპორტში მას და მის მეუღლეს პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. პოლარდმა, აშშ-ის საზღვაო ძალების სამოქალაქო დაზვერვის ანალიტიკოსმა,1980-იან წლებში პენტაგონში მუშაობისას, ისრაელს მიჰყიდა სამხედრო საიდუმლოებები. ის დააკავეს 1985 წელს, როდესაც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოში თავშესაფრის მოპოვებას წარუმატებლად შეეცადა. მან დანაშაული აღიარა. ჯაშუშობის საქმემ წლების განმავლობაში შეარყია მისი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. პოლარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის წარმომადგენლები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ მის გათავისუფლებას. მაგრამ ფედერალურ ციხეში 30 წლის გატარების შემდეგ, ის 2015 წლის ნოემბერში ხუთწლიანი პირობითი ვადამდელი შეთანხმებით გაათავისუფლეს, რომელიც წელს დასრულდა. ჯონათან პოლარდი ისრაელში 30 დეკემბერს ჩაფრინდა. ისრაელის ლიდერმა, ყოფილ ჯაშუშს და მის მეუღლეს, ჩაფრენისთავე გადასცა ისრაელის პასპორტი და მოქალაქეობის მიღება მიულოცა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადმოვიდა
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენისას განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი. მინისტრის განმარტებით, „საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო“, მსგავსი დახმარების განხორციელება ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. „პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ. მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში, რაც მოიცავდა: კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას; ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტის გზით; სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას. ამ დრომდე მკურნალობის მიზნით მივიღეთ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი; რეკორდულად სწრაფად აღიჭურვა და გაიხსნა რუხის საავადმყოფო“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას lefigaro.fr ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დოკუმენტს ხელი ევროკავშირის სახელით მოაწერეს. დღის განმავლობაში შეთანხმებას ხელს ასევე მოაწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი. „შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია, რომლის დროსაც ევროკავშირმა უპრეცედენტო დონის ერთიანობა გამოავლინა. ეს სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმებაა, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ინტერესებს სრულად იცავს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. 24 დეკემბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისს მიაღწიეს Brexit-ის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურზებზე დაბალანსებულ წვდომას. ბრიუსელი და ლონდონი ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო პოლიტიკის, სასანქციო რეჟიმებისა და თავდაცვის სფეროებში ქმედებების კოორდინაციას ადგილი არ ექნება.
კუბელი მიგრანტები მექსიკის საზღვართან აქციას მართავენ და აშშ-ში შესვლას ცდილობენ
ათობით კუბელი პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის საზღვართან ჩრდილოეთ მექსიკაში, სადაც ისინი ითხოვენ საზღვრის გადაკვეთის და შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას მიცემას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სასაზღვრო კონტროლმა და მათ შორის პოლიციამ დამცავი აღჭურვილობით, ჩაკეტა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოსკენ მიმავალი ხიდი ბეტონის ბარიერითა და ეკლიანი მავთულხლართებით. სამართალდამცველები მიგრანტებს საზღვართან, მიმართავენ და აფრთხილებენ,რომ ნებისმიერ საზღვირს დამრღვევს დაიჭერენ. 25 წლის ჯონათან კასტრომ Reuters-თან კომენტარში თქვა, რომ მან ერთი წელი და რვა თვე გაატარა მექსიკაში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი ითხოვა და მზადაა მთელი ღამის განმავლობაში გააპროტესტოს ვითარება. როგორც მრავალი სხვა კუბელი, იგი უკან- საზღვარზე, გაგზავნეს „მექსიკაში დარჩენის“ პროგრამის ფარგლებში,რომელიც აშშ – ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრი პოლიტიკის მთავარი ნაწილი არის მიგრაციის შესაჩერებლად, ამ გზით თავშესაფრის მაძიებლებს მექსიკის საზღვართან აყოვნებენ, სანამ მათი საქმის განხილვა მიმდინარეობს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. დენის შმიგალმა გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული მისწრაფებები, ისევე, როგორც - გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის.
ირაკლი კობახიძე: ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართა
ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს
რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რაგბის კავშირში არჩევნების დასრულების შემდეგ განუცხადეს. არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ 31, ხოლო გოჩა სხვანაძემ - 10 ხმა აიღო. გამომდინარე იქიდან, რომ რაგბის კავშირში 43 ხმის უფლების მქონე დელეგატი გამოცხადდა, დღევანდელი არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვლება. „გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და იმედი მაქვს, რომ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის. მხარი დამიჭირა არ დამიჭირა, ამ ნიშნით დაყოფა არ მოხდება, ეს გამორიცხულია, ყველასთან ვითანამშრომლებ. ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა ქართული რაგბი დაზარალდება და არა რომელიმე პერსონა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი აბუსერიძემ. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბებმა სამი კანდიდატი წარადგინეს: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე. დღევანდელ არჩევნებს კი მხოლოდ ორი წევრი, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე ესწრებიან.
იემენის მოქმედ დედაქალ ადენში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის
დედაქალაქში აფეთქებები და სროლის ხმა მას შემდეგ გაისმა, რაც აეროპორტში ახლადჩამოყალიბებული მთავრობის მინისტრთა თვითმფრინავი დაეშვა. ადგილობრივი მედიის თქმით,მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ მინისტრი მაიტ აბდულმალიკი, უსაფრთხოდ გადაიყვანეს ქალაქის საპრეზიდენტო სასახლეში. დედაქალაქში დაძაბულობის დროს ხუთამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. უშუალოდ ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.
ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით ინფიცირებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება. ის სახლში იმყოფება, თვითიზოლაციაშია და აგრძელებს თვითმონიტორინგს. შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ამ ეტაპზე თურქეთმა ჩინეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ფარმაცევტიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის ინსტიტუტი ვაქცინის ტესტირებას შეუდგება. ტესტირება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულებისთანავე, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინეს. - ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 430 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. "სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 525 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 95 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 430 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა: 2020 წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია
"2020 წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში პრეზენტაციისას. თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკისთვის, რომ გაჯანსაღდეს და განვითარდეს. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები. 2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა. პრეზენტაციაზე სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრივატიზების კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამჟამად უფუნქციო ან ნაკლებად ეფექტური სახელმწიფო ქონების ჩართვას ეკონომიკურ ცხოვრებაში. „სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. პრეზენტაციაზე პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა, როგორც მნიშვნელოვანი რეფორმა სახელმწიფო უძრავ - მოძრავი ქონების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განკარგვის მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გამიჯვნის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ოპტიმიზაციის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისთვის უძრავი ქონების გადაცემა და სხვა.
იემენის აეროპორტში სროლის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა
იემენის აეროპორტში სროლის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, საპორტო ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმა თვითმფრინავიდან ახალი მთავრობის წევრების ჩამოსვლისას გაისმა. პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.
დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, ამნისტიის კანონი შეეხოთ იმ პირებსაც, ვინც ოჯახში ძალადობა "ემოციურ ნიადაგზე" ჩაიდინა
პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, ამნისტიის კანონი შეეხოთ იმ პირებსაც, ვინც ოჯახში ძალადობა "ემოციურ ნიადაგზე" ჩაიდინა. დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს პენიტენციური სამსახურის დადებითი დახასიათება და ოჯახიც წინააღმდეგი არ უნდა იყოს. "არის ისეთი შემთხვევები, როცა ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები (რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს)... ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა", - თქვა ხუნდაძემ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისივე თანაპარტიელმა, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მსგავს დანაშაულებზე პარტიაში პრინციპული დამოკიდებულება აქვთ. "[მას] უპირობოდ არ უთქვამს. თქვა, რომ თუ დაზარალებული თანახმა იქნება. მაგრამ ესეც არის ჩემთვის პრინციპულად "წითელი ხაზი" - ამ კატეგორიის დანაშაულს არ უნდა შეეხოს. მაგრამ აზრს და იდეის არსებობას აქვს უფლება", - თქვა ოხანაშვილმა. პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც სისხლის სამართლის 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქმეებს პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ და ისინი მიიღებენ პირის გათავისუფლების გადაწყვეტილებას.
შეიძლება ამნისტია პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ
შეიძლება ამნისტია პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას გაისმა მოსაზრებები, რომ გამოირიცხოს კონკრეტული დანაშაულის მუხლები. "გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საპატიმროში ყოფნის პარალელურად, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება", - განაცხადა სარჯველაძემ. როგორც ცნობილია, ამ ინიციატივის ფარგლებში "სტუდენტობა" ამნისტიისთვის საჭირო ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება იქნება. საქართველოს პარლამენტი "ამნისტიის კანონის" პროექტზე მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს
მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის შესახებ სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა
მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის შესახებ სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც მანამდე პარლამენტში შესვლაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. ხელფასის დანიშვნის მიზნით, პარლამენტს ბაჩუკი ქარდავამ და ტარიელ ნაკაიძემ მიმართეს. ბაჩუკი ქარდავა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელფასს საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის გამოიყენებს და ამ ფულით შეიძენს ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებსა და საწვიმარს. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა.
უკრაინამ 1.8 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შეისყიდა
უკრაინამ ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება ვაქცინის 1.8 მილიონი დოზის შესყიდვას ითვალისწინებს. უკრაინაში, 29 დეკემბერს, კორონავირუსის 7 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 243 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით 1 045 348 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან დაიღუპა 18 324 და გამოჯანმრთელდა 698 190 პაციენტი.