ძებნის რეზულტატი:
მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი
მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას ვიოლა ფონ კრამონი:ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა მარკეტა გრეგორევა: ჩემი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს მისი თქმით, შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. „რამდენიმე თვის წინ, ამ შენობაში ჩვენ ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რამდენიმე კვირის წინ კარგი დისკუსია გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ვაღიარეთ მოლდოვის მიღწევები ევროინტეგრაციისკენ. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მე არ ვიყავი რეზოლუციის ინიციატორი, არ განვიხილავდი ამას სასწრაფო საკითხად. თუმცა, მე ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ საქართველოში არსებობს პრობლემები, რომლებიც მე ასევე აღვნიშნე, როგორც ევროკავშირის – საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, დაკარგა მისი ტემპი და მტკიცე ერთგულება დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მე მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, ისევე როგორც ოპოზიციიდან, მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროა. შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ამას მოელის თქვენგან ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე
აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის, უკრაინისა და ევროპის მიმართ იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პრესკონფერენციის თემა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში 8 ივნისს გაიმართა. დონფრიდმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომზე, მანამდე არსებულ ვითარებასა და NATO-ს, აშშ-ისა და მისი პარტნიორების უპრეცედენტო ერთიანობაზე. აშშ-ისა და ევროპის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომზე, არის ძალიან ერთიანი და თამამი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ერთობა? რადგან განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინოა. საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საუბრობენ მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, შეერთებული შტატებს და ამ ჯგუფს სურს, რომ რუსეთი დამარცხებული ნახოს. ამ შეკითხვით მიმართა პოლონელმა ჟურნალისტმა კარენ დონფრიდს. „ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებული იყო 24 თებერვლამდე არსებული ვითარებით. ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც შემდეგ ვნახეთ, 24 თებერვალს. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. ამრიგად, ვფიქრობ, როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილბ თქვენ ყურადღებას - ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს უთხრა, რომ ეს იყო ევროპის 11 სექტემბერი. და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. „ვფიქრობ, საოცარ ერთიანობამდე მივედით არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაგრძო დონფრიდმა. განიხილავთ თუ არა აშშ საქართველოსთან რაიმე სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, მრავალი სამხედრო საბრძოლო მასალის მიწოდებას და სხვა. ასევე, როგორ უყურებს ევროპარლამენტარების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, ამერიკელმა დიპლომატმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. „სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მთელ მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვაცხადებთ წინასწარ სანქციების შესახებ. მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყენა აშშ-მ ეს ინსტრუმენტი სხვა ადგილებში...და, მე ვიტყოდი საქართველოს შესახებ, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს წინ წაიწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, რაზეც ჩვენ ასე მჭიდროდ ვიმუშავეთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან. მე ვფიქრობ, რომ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიები და ყველა ჩვენგანის საჭიროება, ვიმუშაოთ ჩვენი დემოკრატიების განმტკიცებაზე. ასე რომ, ჩემი გზავნილი საქართველოსთვის არის - განაგრძეთ წინსვლა ამ გზაზე, იყავით ძლიერი დემოკრატია. რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, ჩემი პატივისცემის მაგალითია ყველა თქვენგანის მიმართ. ნებისმიერ დემოკრატიაში თავისუფალი პრესა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დემოკრატიის ყველა ასპექტზე და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ქვეყნებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატიები ძლიერი ინსტიტუტებითა და გავაგრძელოთ მუშაობა მის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.
ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება
ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას ვიოლა ფონ კრამონი:ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა მარკეტა გრეგორევა: ჩემი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს მარინა კალიურანდი:მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი მისი თქმით, კრიტერიუმების დაკმაყოფილება პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკასა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. „რატომ განვიხილავთ ამ საკითხს, სადაც შეშფოთებისთვის მრავალი თემაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. სწორედ აქედან მოდის ჩვენი შეშფოთება. მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში სამართლიანობის პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიო ფორმით. პირველად არ ხდება, რომ პოსტკომუნისტური ქვეყნები მსგავსი ვითარების წინაშე არიან. 1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტური პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“, – განაცხადა კუბილიუსმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა. ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 29 მაისს განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ის მედიაში ბრუნდება.
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 07:00 საათიდან უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება. „2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც, მათ შორის, ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უკვე განიხილა, თუმცა, 4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს“,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „ლიბერალური აკადემია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „უფლებები საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“.
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. ევროპარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. რეზოლუცია: გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტიისთვის საქართველოს მყარი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად. გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის სფეროში მომუშავეთა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დასაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიამფლობელობის გამჭვირვალეობას, და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა და ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება. გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას; მხარს უჭერს ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, მსჯავრის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მხრიდან გადაუდებელ აუცილებლობას, ჭეშმარიტად წინ წაიწიოს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით, რათა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. კატეგორიულად გმობს 5 ივლისის მოვლენებს და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. გმობს მუდმივ დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დანერგოს პრაქტიკაში, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობა. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ქმედითი გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის. ხაზს უსვამს უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობას ჟურნალისტებისთვის, მედიამუშაკებისთვის და მედიასაშუალებებისთვის, როგორც კანონმდებლობით, ასევე, პრაქტიკაში, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთის, ბელორუსის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გამო. ამიტომ, მოუწოდებს საქართველოს, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმი მედიაგარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქმიანობას, მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევის ჩათვლით, ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმების მიუხედავად. აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ წუხილს გამოთქვამს მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ასევე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამთავრობო მედიას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო; გმობს მედია ლანდშაფტის პოლარიზაციას, რაც მიუთითებს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციაზე. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმის წარმოებისგან. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით ციხიდან გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს. გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის ზრდის ტენდენციის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერების, განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის დაუცველი ჯგუფების ან პირების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლების და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენების მცდელობებისგან, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას. მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების ევროპულ პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას საქართველოს მედიასექტორში. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს. შენიშვნა: ანა ფოტიგამ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები, ECR), მირიამ ლექსმანმა (ევროპის სახალხო პარტია, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe), რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რასაც მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა. მისი მიხედვით, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს; მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში; ღრმად შემაშფოთებელია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა
თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. "რეგისტრაციის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის. რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან სასურველ ბაღში სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ განცხადება წარადგინონ. თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 20 ივნისიდან სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი 200-ლარიანი საფასური, 350 ლარამდე იზრდება. ფინანსთა სამინისტრო სატრანზიტო ტრანსპორტისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის გაძვირებას განმარტავს. “როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე”,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 2021 წელს, საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა. საქართველოში გზათსარგებლობის საფასური 12 წელია არ შეცვლილა.
საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა
უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს. „საქართველოს პარლამენტიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, უკრაინაში მორიგი ტვირთი გაიგზავნა. დღევანდელი დახმარება, ძირითადად, ბავშვთა კვების პროდუქტებისგან და პირველადი მოხმარების საგნებისგან შედგება. ჩვენ ყველანაირად მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მათდამი სოლიდარობის გამოხატვა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება. „საკუთარი დანაზოგიდან თანხა შევაგროვეთ და უკრაინაში გასაგზავნად საჭირო ნივთები შევიძინეთ. საჭიროების მიხედვით კიდევ გავაგზავნით პირველადი მოხმარების და ყველა საჭიროების ნივთებს. ასეთი აქცია მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ მთავარია, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ უკრაინაში ომის დასრულებას“, - აღნიშნა დიმიტრიმ ხუნდაძემ. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება
"უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი ხდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არც ერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არც ერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძირითადად, აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება. მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე, პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს“, – განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
ტაილანდში მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს
ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს. შედეგად, დღეიდან მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და მოსავლით ვაჭრობის უფლება აქვთ, თუმცა, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება კვლავ აკრძალული რჩება. CNN: ტაილანდის ხელისუფლება, მოსახლეობას მილიონ ბუჩქ კანაბისს დაურიგებს რეფორმის მომხრეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული მოხმარება კვლავ აკრძალულია, კანონმდებლობის შემსუბუქება ფაქტობრივად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოახდენს. ტაილანდის მთავრობა იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კანაფით ვაჭრობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება მოქალაქეებს მცენარის მოყვანის წახალისების მიზნით 1 მილიონ კანაფის თესლს უფასოდ დაურიგებს. 9 ივნისიდან, მოქალაქეებს კანაფის მცენარის მოყვანისა და სამედიცინო კანაფის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების უფლება მიენიჭებათ. კანაფის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის კი მათ დამატებითი ლიცენზია უნდა აიღონ. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქვეყანას, ყოველწლიურად $288 მილიონის შემოსავალს მოუტანს. ტაილანდი 2018 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. გამოყენება და რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას მოშენება, ტაილანდში ამ დრომდე აკრძალულია და ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.
აშშ-ის პოზიცია ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განსხვავებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ
აშშ-ისა და ევროპის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომზე, არის ძალიან ერთიანი და თამამი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ეს ერთობა? რადგან განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინოა. საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საუბრობენ მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, შეერთებული შტატებს და ამ ჯგუფს სურს, რომ რუსეთი დამარცხებული ნახოს. ამ შეკითხვით მიმართა პოლონელმა ჟურნალისტმა კარენ დონფრიდს. ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ „ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებული იყო 24 თებერვლამდე არსებული ვითარებით. ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც შემდეგ ვნახეთ, 24 თებერვალს. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. ამრიგად, ვფიქრობ, როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილბ თქვენ ყურადღებას - ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს უთხრა, რომ ეს იყო ევროპის 11 სექტემბერი. და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. „ვფიქრობ, საოცარ ერთიანობამდე მივედით არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. ამრიგად, დიახ, ვფიქრობ, არის ზეწოლა ამ ერთობაზე. და ჩემ თავდაპირველ ნათქვამს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება იარსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაგრძო დონფრიდმა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის ამსახველი ფოტო, საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“. ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება
იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. „მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ. ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი. ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიანმთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისადა შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიდერლანდელი კოლეგა მიესალმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ჰააგაში, თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა მადლიერება გამოხატა გულთბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. „შეხვედრაზე მინისტრებმა კმაყოფილებით გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს და როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე გაზრდილ და აქტიურ ინტერაქციას. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს, რაც დამატებითი იმპულსია თანამშრომლობის სამომავლო აქტიური დღის წესრიგის შემუშავებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ ხაზი გაუსვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მ.წ. 8 ივნისს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ, რომელთა მხარდამჭერებსა და თანასპონსორებს შორის მუდმივად არის ნიდერლანდების სამეფო, როგორც საქართველოს მტკიცე მოკავშირე და პარტნიორი. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით. მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკმაოდ პოზიტიურ ტენდენციას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოვლენის და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში აქტიური მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც გამოიხატება როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მჭიდრო კომუნიკაციაში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების აქტიურ ინტერაქციაში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, -აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ რეგიონის მთავრობებთან სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს
აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის ერლ ლიტცენბერგის განცხადებით, აშშ რეგიონის მთავრობებთან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ბაქოში, 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ევროპის ბაზარზე კასპიის გაზის მიწოდება გაზარდოს. ახლა, რა თქმა უნდა ამ ნედლეულზე მზარდი მოთხოვნაა, ვფიქრობ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ამიტომ მოთხოვნა ენერგომატარებლებზე პერსპექტივაში მაღალი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ლიტცენბერგმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს ქარისა და მზის ენერგიების განვითარების პერსპექტივა. „ეს შეიძლება გამოყენებული იყოს წყალბადის და ელექტროენერგიის წარმოებაში, შემდგომი ექსპორტისთვის. ასე, რომ არის ბევრი შესაძლებლობა, რომლითაც აზერბაიჯანს აღმოსავლეთ ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა შეუძლია. ტრანსკასპიური ინტერკონეტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მე მოუთმენლად ველი აზერბაიჯანის ამ როლის რეალიზაციას. აშშ ამ საკითხზე რეგიონის ყველა მთავრობებთან მსჯელობს და მიანიშნებს ამ პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელი იქნება სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაორმაგება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ
თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა. ამ თემაზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და საზოგადოებას ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, მათ შორის მოიერიშე ტაქტიკური სადაზვერვო აპარატების მნიშვნელობა ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში განსაკუთრებით თვალნათელია. „ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების მიმართულებაში საწარმოს ბაზაზე დაგეგმილი სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი შესაბამისი ინვენტარით კარგად აღიჭურვება და მოემსახურება თავდაცვის ძალებს, როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში. კანონმდებლებს ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი წარმოების გარდა, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სხვა სიახლეებიც გააცნო. მისი თქმით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა. „ამ მიმართულებით, პარტნიორების დახმარებით შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური კონტრუპილოტო სისტემა ელბიტ-ამერიკის წარმოების, რომელიც მოიცავს როგორც გადამჭერ რადარებს, ასევე ჩამხშობ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, გაფორმდა კონტრაქტი და უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალისტების მომზადება. კომპლექსების მიღებაც დაგეგმილია წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემა ჩაერთვება საჰაერო თვალთვალის ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ცის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მინისტრმა. სიტყვის გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებების შეძენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში შეძენილია ტაქტიკური თერმული სადაზვერვო-სათვალთვალო საშუალებები. წლის ბოლოს/მომავალი წლის დასაწყისში კი, იგეგმება სახმელეთო თვალთვალის რადარების კომპლექტების შეძენა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული და რადიო-სადაზვერვო საშუალებების შეძენასა და არსებული სისტემების განახლებაზე.
თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ ჯუანშერ ბურჭულაძემ აქცენტი ავიაციის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. „ამ მიზნით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1 და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, უწყებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცეცხლე, საარტილერიო საშუალებების განვითარებას და შესაბამისად, უკვე დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. მინისტრმა აქვე, განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით: „აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა გავზარდოთ დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო“. მან ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.
აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა NATO-სთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ NATO-ს მადრიდის სამიტზე გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას. მინისტრის განცხადებით, NATO-სთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები. „ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც NATO-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე, შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა NATO-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, NATO-ში გაწევრიანებისა და NATO-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი. მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.