ძებნის რეზულტატი:
საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას, სათანადო ანალიზის გარეშე - კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა. დიპლომატის კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. „გუშინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
ჩავუშოღლუმ „ლეგიტიმური“ უწოდა სანქციების მოხსნაზე რუსეთის მოთხოვნებს, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება
8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა. ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად. „ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ. „თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება. ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად. თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს. მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდას მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“. დღესვე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ 3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. „ჩვენ ასევე ვაფასებთ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ რუსეთს, ჩვენ მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. „თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა.
ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ Beeline-ს 100% იყიდა
კომპანია Beeline-ის (VEON Georgia) 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა. კერძოდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც - „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს რომში
იტალიაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მოცემულ სიტუაციაში ვიზიტი იტალიაში მისთვის ათმაგად სიმბოლურია. „დღეს მაქვს პატივი, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი, ვიმყოფებოდე სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმ დროს, როცა ევროპაში უსასტიკესი ომი მიმდინარეობს და ამავე დროს, საქართველო დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მოლოდინში. ჩემთვის ათმაგად სიმბოლურია ეს ვიზიტი, რადგან სწორედ რომია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის დედა და სწორედ ამ მარადიულ ქალაქში ორი ათასწლეულის წინ ჩაეყარა საფუძველი ერთიანი ევროპული კულტურის იდეას. და ამავე დროს, სხვა რომელი ქალაქი, თუ არა რომია მოწამე საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გადაჯაჭვულობისა ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან. ლეგენდები ძველი კოლხეთის, აიეტის, მედეასა და იასონის, ოქროს საწმისისა და არგონავტების შესახებ აღელვებდათ ჯერ ვერგიულიუსს, ოვიდიუსს, სენეკასა თუ ვალერიუს ფლავუსს, მოგვიანებით დანტეს – რომელიც მედეას ღალატის გამო იასონს ჯოჯოხეთში ათავსებს, ფრანჩესკო კავალის, ანტონიო კალდერასა და ქერუბინის, რომლის მედეას ბრწყინვალე ეკრანიზაცია გაუკეთა ჩვენს დროში პაზოლინიმ. ასევე, პრომეთეს მითმა ანტიკური დროიდან სამუდამოდ დააკავშირა კავკასიის მთები, კოლხეთი და საქართველო ევროპულ კულტურასთან. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ ქალაქში, რომელთანაც ყველაზე დიდი კულტურული და ხანგრძლივი ისტორიული კავშირები გვაქვს; სადაც გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა იყოს შემორჩენილი ისტორიული მეხსიერება კოლხეთისა და იბერიის. ყველაზე ძველი სამთავრობო ვიზიტი საქართველოდან ხომ სწორედ რომში განხორციელდა, როცა აქ მე-2 საუკუნეში იმყოფებოდა სტუმრად იბერიის მეფე ფარსმან II იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს და ბრწყინვალე ჯირითის გამო ერთ-ერთ მოედანზე რომაელებმა მას ძეგლიც კი დაუდგეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია მოფენილია რომაული პერიოდის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლებით. „ახლახან, ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ რომაულ ციხესიმაგრე გონიოში აღმოჩნდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებში დღემდე ერთადერთი „მიტრას“ ტაძარი. სწორედ ამიტომ იმართება ბათუმში 2024 LIMES Congress – რომაული პერიოდის არქეოლოგების მსოფლიო კონგრესი. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები არც ერთ ეპოქაში არ გაწყვეტილა. ჩვენ დაახლოებით ერთ დროს გავქრისტიანდით და სწორედ ქრისტიანობამ ჩვენი კულტურები კიდევ უფრო დააახლოა. სწორედ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც მიუხედავად სქიზმისა თავის დედაქალაქში კათოლიკური საეპისკოპოსო დაუშვა მე-13 საუკუნეში მეფე რუსუდანის დროს. მოგვიანებით, საქართველოს ეწვია მარკო პოლო, გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში იყო გენუის სავაჭრო ფაქტორია, დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ იტალიელი მისიონერები, რომელთაგან განსაკუთრებულია მე-17 საუკუნეში მოღვაწე კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც საქართველოში 25 წელი გაატარა და საქართველოს მიწიერი სამოთხე უწოდა. მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართველი განმანათლებელი, მწერალი, ლექსიკოგრაფი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი შეხვდა რომის პაპ კლიმენტ XI-ს და იმყოფებოდა ფლორენციასა და კუნძულ სიცილიაზე საქართველოს ევროპასთან დაახლოების იდეით და იმედით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, იტალიელებსა და ქართველებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება. „თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ოფიციალური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მიღმა ჩვენს ერებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება. ქართველებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგრძნეს იტალიასთან სულიერი სიახლოვე, რაც შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა: 1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი გაიხსნა დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ და ქართული საზოგადოება სამუდამოდ „დაავადდა“ ოპერის სიყვარულით. დღეს მთელს მსოფლიოში მრავლად არიან ქართველი ოპერის მომღერლები, მათ შორის იტალიაში, მათ შორის ჩვენთან ერთად ამ საღამოს. მარინეტის ფუტურისტული მანიფესტი პირველებმა ქართველმა მხატვრებმა თარგმნეს და გააცნეს რუსეთის იმპერიაში მოღვაწე მხატვრებს, სწორედ მარინეტის იდეებმა დიდწილად განსაზღვრა მოდერნისტული ქართული ხელოვნების განვითარების გზა. იტალიური კინო მსგავსი ტემპერამენტისა და იუმორის გამო ქართველებისთვის ისეთივე მახლობელად იქცა როგორც მშობლიური ქართული კინომატოგრაფია. განსაკუთრებით მახლობელია დღემდე ქართული პუბლიკისთვის ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა, ნინო როტა, სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი. ჩვენს ერებს ასევე ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული აახლოებს. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა მილანში, ხოლო ორი წელი ჯენოაში და რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ამ საღამოს. დაბოლოს, მოგეხსენებათ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ღვინო და გემრიელი სამზარეულოა ის, რაც ყველაზე მეტად ამჟღავნებს საერთო კულტურულ მისწრაფებებს ჩვენს ერებს შორის და ალბათ სწორედ ამ კულტურული მსგავსების გამო მოაშურა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ათასობით ქართველმა ემიგრანტმა იტალიას, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით კულტურული უცხოობის განცდა, და მე ამის გამო ქართველი ემიგრაციისა და ქართული საზოგადოების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და თქვენს ხალხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე $124 გადააჭარბა
Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 9 მარტის შემდეგ 124 დოლარს ბარელზე პირველად გადააჭარბა. სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, 20:30 საათისთვის Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 123,39 დოლარად (+2,34%) იყიდებოდა. ამავდროულად, WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსები 2022 წლის ივლისში მიწოდებისთვის 2,17%-ით და ბარელზე $122 დოლარამდე გაიზარდა.
გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ ის არ იქნება წარდგენილი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში, მაგრამ ჯერჯერობით ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის მთავრობას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ის ჩართული იყო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტშიც.
რუსეთში Huawei-ის მაღაზიები იხურება
რუსეთში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ის მაღაზიები იხურება. რუსული მედიის ცნობით 19 ოფიციალური მაღაზიიდან მოსკოვში, ნოვოკუზნეცკში, უფასა და დონის როსტოვში მდებარე ოთხი პუნქტი უკვე დაიხურა. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დახურვის მთავარი მიზეზი საწყობებში პროდუქციის ნაკლებობა და სმარტფონებზე მოთხოვნის შემცირებაა. უახლოეს თვეებში, RIA Novosti-ს წყაროების თანახმად, Huawei-ის კიდევ რამდენიმე მაღაზია დაიხურება. The Wall Street Journal მაისის დასაწყისში წერდა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, სანქციების და მომწოდებლების ზეწოლის ქვეშ, ამცირებენ თავიანთ ყოფნას რუსეთის ბაზარზე, თუმცა საჯარო განცხადებებს ერიდებიან. ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ და სანქციების ფონზე საგრძნობლად შემცირდა, აღნიშნა WSJ-მ. გამოცემის თანახმად, მარტში, თებერვალთან შედარებით, ჩინელი მწარმოებლებისგან ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების კი თითქმის ორი მესამედით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი დუდა ეწვევა პორტუგალიასა და იტალიას, რის შემდეგაც რუმინეთში მიიღებს მონაწილეობას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში (ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი). დუდასთან ერთად ევროპულ ტურნეში სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდგინეს და იძულებული გახდა გაეუქმებინა მოგზაურობა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას და ჩაპუტოვას მზადყოფნისთვის ეწვიონ ევროპულ დედაქალაქებს, რათა ლობირება გაუწიონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის EU-ში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ოთხშაბათს, 8 ივნისს, სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 65-მა, ხოლო 94-მა თავი შეიკავა, იუწყება DW. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია DW ცნობით, ადრე ევროპარლამენტმა მხოლოდ მოუწოდა ევროკავშირს „ემუშავა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით“. მიმდინარე რეზოლუციაში ასევე ნახსენებია „მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებები“. ამ ქვეყნებმა, განაცხადები უკრაინის შემდეგ შეიტანეს. თუმცა, მოქმედ რეზოლუციაში მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ არის. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს. ელჩის თქმით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. „ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ინფორმაციისთვის, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ მიიღეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები გახანგრძლივდა, დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიშვება, იზრდება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ განავითარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა
საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს მთავრობის მეთაურმა საიუბილეო თარიღი მიულოცა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ბრიტანელ ხალხს, თანამეგობრობის წევრებს და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ჩვენს ხალხს აღაფრთოვანებდა თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციები და კულტურა აძლიერებდეს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს თითოეული ინდივიდისთვის. ასეთ განსაკუთრებულ დღეს მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მეგობრობა გაგრძელდა მშვიდობისა და განსაცდელის პერიოდშიც და ასახვა ჰპოვა დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან“ ერთად ის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა სექტორში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ფაქტი, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ბოლო წლების განმავლობაში გარდაიქმნა თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად, არა მხოლოდ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენი პარტნიორობა ჩვენსავე კულტურაში, არამედ ჩვენს საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე დაშენებულ სამომავლო მიზნებსაც ეხმიანება. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ. „დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში. ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას – გზავნილს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვიდრე ჩვენი ევროპელი პარტნიორების პასუხებს ველოდებით, ჩვენი ერთიანობა აუცილებელია რეგიონში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას და მოგილოცოთ მისი უდიდებულესობის პლატინის იუბილე!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპაში ვიზიტს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპას ეწვევა G7-ისა და NATO-ს სამიტებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. „პრეზიდენტი და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები განიხილავენ მეტ-ნაკლებად აქტუალურ გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, „დიდი შვიდეულის“ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, ეკონომიკისა და დემოკრატიის მდგრადობას, კლიმატური კრიზისის დაძლევას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისს, რუსეთის დამპყრობლურ ომს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, NATO-ს სამიტზე მადრიდში ლიდერები მხარს დაუჭერენ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ალიანსის ტრანსფორმაციას მართავს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისსაა დაგეგმილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს კი, მადრიდი 28-30 ივნისს უმასპინძლებს.
სტოლტენბერგი გერმანიასა და რუმინეთს ეწვევა
9 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბერლინში, გერმანიაში გაემგზავრება. სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდება. 10 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ბუქარესტში, რუმინეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უმასპინძლებენ. გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.
უკრაინამ უკვე მიიღო $1 მილიარდის დახმარება, კიდევ $7,5 მილიარდი გზაშია - ბრიჯიტ ბრინკი
ამერიკის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, უკრაინამ უკვე მიიღო $1 მილიარდის დახმარება, კიდევ $7,5 მილიარდი კი გზაშია. შესაბამისი ტექსტი ელჩის Twitter გვერდზე განთავსდა. „უკრაინის გვერდით დგომა ნიშნავს მისი ეკონომიკის გაძლიერებას. 1 მილიარდი დოლარის პირდაპირი მხარდაჭერა უკვე აქ არის, რათა უკრაინა და მისი ხალხი წინ წავიდნენ, და კიდევ, 7,5 მილიარდი დოლარი გზაშია. ჩვენი დახმარება მიეწოდება მათ, ვისაც ეს სჭირდება და მხარს უჭერს სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინას", - წერს ამერიკელი დიპლომატი. რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6 მილიარდის ოდენობით უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია. ბრიჯიტ ბრინკი ირპენში ჩავიდა ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინა სარაკეტო სისტემების მოქმედების დიაპაზონს თავად განსაზღვრავს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო
ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იუწყება. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს ამჟამად ტანკერი, საბერძნეთის ტერმინალის ნაცვლად თურქეთში იტვირთება. გემიდან თხევადი საწვავის გადატვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება. მაისში ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი 2022 წლის ივნისიდან აშშ-დან „გაზპრომზე“ დაბალი ფასებით თხევად აირს მიიღებს. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
ზელენსკი: უკრაინული დონბასის ბედი სევეროდონეცკში გადაწყდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რადგან იქ წყდება უკრაინული დონბასის ბედი. უკრაინის შს სამინისტრო: ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს „უკვე 105 დღეა, რაც სრულმასშტაბიანი ომია, სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, ვაყენებთ მნიშვნელოვან ზარალს მტერს. ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მადლიერია თითოეული მათგანის, ვინც ამ მიმართულებით უკრაინას იცავს. „ბევრი თვალსაზრისით, სწორედ იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - თქვა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს
ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) აქვს გაფართოების ყველა ტექნიკური შესაძლებლობა. ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline-ის (TAP) მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მან დასძინა, რომ TAP-ის ინფრასტრუქტურა მზადაა ენერგოეფექტურობისთვის და მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. „TAP-ის წყალობით შესაძლებელი გახდა ბაზარზე ლიკვიდურობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა უპრეცედენტო ვითარების ფონზე, ენერგიაზე მაღალი ფასებით. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის მთავრობას ტრანზიტის გაზრდის გეგმებში აქტიური მონაწილეობისთვის. ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მიწოდების გაფართოება საკვანძოა ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციისთვის“, - განაცხადა შიეპატმა. მისი თქმით, ნოემბერში ჩატარდება ბაზრის ტესტირება სავალდებულო წინადადებების შესაგროვებლად. ეს იქნება TAP-ის სიმძლავრის გაფართოების პირველი ეტაპის ნაწილი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ. საქართველო ამ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. ქართული მხარის მიერ ინიციირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, ლიეტუვამ ბალტიკური და ნორდიკული ქვეყნების სახელით (მიუერთდნენ ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადამ CANZ-ის სახელით (კანადა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდია), იაპონიამ, იტალიამ, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, წმინდა საყდარმა და გაერო-ს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია.
ილია დარჩიაშვილი: გაეროს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუციის მიღების ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო „გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს," - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ის პირად გვერდზე.
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს ელჩის ფეისბუქგვერდზე. „შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ხსენებული კანონპროექტის გატანა მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო რეგიონში შექმნილი კრიზისისა და საფრთხეების ფონზე. ელჩმა კონგრესმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მხრიდან უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი გაწეული მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით“,- აღნიშნულია წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.