ძებნის რეზულტატი:
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება შეუძლებელია
აზერბაიჯანის ლიდერმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპის აზერბაიჯანისგან და პირიქით, აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება, ევროპარლამენტის რიგი წევრების მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს ბაქოში, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს „თქვენ საქმის კურსში ხართ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შესახებ. ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი მსჯელობები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობას. ამავდროულად ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აქტიურადაა ჩართული აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. უკვე გაიმართა სამი სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული შარლ მიშელი. ეს საკმაოდ პოზიტიური კონტექსტია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიგებთ ევროპარლამენტის ქმედებების“, - განაცხადა ალიევმა. ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ალიევმა აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტი“ ზოგჯერ ბევრად უფრო აგრესიულია აზერბაიჯანთან მიმართებით, ვიდრე სომხეთის პარლამენტი“. „ზოგჯერ ჩანს, რომ ამ რეზოლუციებს იღებს სომხეთის პარლამენტი ან შესაძლოა, სომხურ ლობისტურ ჯგუფს აქვს რაიმე გავლენა, თორემ ეს ზოგჯერ ძალიან რთული გასაგებია. როცა ვთქვი, რომ გამიკვირდა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩვენ გვინდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ევროპასთან და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიშნები ამას აჩვენებს. მაგრამ თუ ევროპარლამენტი ასეთ გზაზე ფიქრობს, მაშინ ეს მათი არჩევანია. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ, მიუხედავად ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მცდელობისა, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის იზოლირება შეუძლებელია“, - აღნიშნა ალიევმა. რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, სამხედრო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. „პროცესი გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამხედრო, პოლიტიკური თუ დიპლომატიური თვალსაზრისით. იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და გონივრულ, ლოგიკურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ", - განუცხადა აკარმა ჟურნალისტებს. თურქული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ახალ დაბრკოლებას შეუქმნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გეგმას, თურქეთს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მიჰყიდოს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. „აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა 30 ივნისს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა.
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
პროკურატურის განცხადებით, 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. უწყების განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის – მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა 30 ივნისს დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით, საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან: „ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე. საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა“, - აცხადებენ პროკურატურაში. პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათი შესწავლა განხორციელდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებული იყო შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.
საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებს ზრდის - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია. აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში $160 მილიონით გაზარდა. 2021 წლის მონაცემით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტში მოწინავე პოზიციას თურქმენეთი იკავებდა.
ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო
უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა. VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა. ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
ზელენსკიმ და დუდამ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კელი დეგნანი: საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს, როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის შესაძლებლობების განვითარებაში, მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაში, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაში. კელი დეგნანის განცხადებით, ეს მოიცავდა უამრავ გაცვლით პროგრამას შეერთებული შტატების ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და იურისტებს შორის. „ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე და ამას, როგორც წესი, კერძო საუბრებში ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტიანია. ხანდახან საჯაროდაც ვსაუბრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე დიდი შეშფოთება გვაქვს და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯარო განცხადება, რომელშიც გამოვთქვით შეერთებული შტატების შეშფოთება (ნიკა გვარამიას საქმეზე. რედ.) დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. მხოლოდ შეერთებული შტატები არ გამოხატავს ამ შეშფოთებებს. იგივე წუხილი გამოთქვეს სახალხო დამცველმა, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა. ამრიგად, ეს არ არის რაღაც, რაც ფარულად გაკეთდა. ეს გაკეთდა საკმაოდ საჯაროდ და ეს საკმაოდ ნორმალურია. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, - აღნიშნავს ელჩი და ამატებს, რომ ეს არ არის სკანდალი, არამედ, ძალიან რუტინული პროცესია. ამერიკის ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს
აშშ-ის ელჩი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანს საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. „მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში რაც ხდება. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, მართლაც ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი, ხალხი რეგიონებში ნამდვილად არის ორიენტირებული მომავალზე და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი. არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა, ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს
„ჩამოვედი, რომ განმეცხადებინა: ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს“, -ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა. საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კატრინ გიორინგ-ეკარდტმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში. გიორინგ-ეკარდტმა მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები.
უკრაინა ხერსონის რეგიონში რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
დღეს უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ხერსონის რეგიონის ქალაქ ნოვა კახოვკასთან რუსული გამანადგურებელი, სავარაუდოდ, სუ-35 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ Facebook-ზე გაავრცელა. უკრაინა: ხერსონის რეგიონის 44 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია „19 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნოვა კახოვკას მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი, სავარაუდოდ, სუ-35“, - ნათქვამია ანგარიშში. უკრაინა: ჩვენი შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებით დამაჯერებლად მიიწევენ წინ სარდლობის ინფორმაციით, გამანადგურებელმა უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა. მათივე ცნობით, „მტრის თვითმფრინავის ჩამოგდება ვიზუალურად დადასტურებულია, პილოტი თვითმფრინავიდან გადმოვარდა“. შეგახსენებთ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკას მასპინძლობენ
უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონშია. ოლენა ზელენსკა აშშ-ის პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან ოფიციალური შეხვედრისთვის თეთრ სახლში უკვე მივიდა. თეთრი სახლის განცხადებით, ჯილ ბაიდენი და ოლენა ზელენსკა განიხილავენ აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი, რომლებიც დემოკრატიას იცავენ და რუსეთის ომის გავლენებს უმკლავდებიან. ოლენა ზელენსკა ჯი ბაიდენის შემდეგ შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, ასევე, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას-გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. მანამდე, უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა. VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა. ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ დომბროვსკისმა Twitter-ზე დაწერა. ვალდის დომბროვსკისის თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი კიევის დახმარებას განაგრძობს. „ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გადაუდებელი დაფინანსების სახით, ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარება გამოვყოთ, ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად" , - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. 18 ივლისს, ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფას დაეთანხმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ბორელმა. ამ დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
კელი დეგნანი: ხალხი რეგიონებში ნამდვილად ფოკუსირებულია მომავალზე
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტებს რეგიონებში ვიზიტის შთაბეჭდილებებს უზიარებს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სვანეთში სტუმრობისას ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად სვანური ცეკვა შეასრულა „მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში რაც ხდება. ყველაზე სასიამოვნო რაც რეგიონებში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, მართლაც ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი, ხალხი რეგიონებში ნამდვილად არის ორიენტირებული მომავალზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში
თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიტყვები საკმარისი არ არის“ და რომ ანკარა განაგრძობს ბრძოლას ქურთული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ის „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ უწოდებს. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღმოვფხვრათ ბოროტი ჯგუფების საქმიანობა, რომელთა სამიზნესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგეს , - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის დედაქალაქ თეირანში რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან სამმხრივი შეხვედრის წინ. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“. ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.
აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი
„რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანში აჩვენებს, თუ როგორ გახდა რუსეთი იზოლირებული უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. „ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. როგორც ჯონ კირბიმ სამშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, ჯერ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ირანმა უპილოტო თვითმფრინავები უკვე გადასცა რუსეთს. პუტინმა სამშაბათს ირანში გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში
საქართველოს დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს დღეს ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტს დევიდ მაკალისტერი უხელმძღვანელებს. ევროპელი კანონმდებლები საქართველოში შეხვედრებს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გეგმავენ. ქართველ პოლიტიკოსებისა და ევროპელი დეპუტატების განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს
საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანი ევაკურებულია
საბერძნეთში, ათენის მახლობლად, მთიან პენტელის ტყის ხანძრის გამო, ოთხი რაიონიდან და ადგილობრივი საავადმყოფოებიდან მინიმუმ 600 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Protothema წერს. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ხანძარი სამშაბათს ნაშუადღევს პენტელის მთაზე, ათენის ცენტრიდან ჩრდილოეთით 27 კილომეტრში გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, დაღამებისთვის ცეცხლი 50 კმ-ის დაშორებით მდებარე კუნძულ ევიადან შეინიშნებოდა. 420-მდე მეხანძრე-მაშველი 85 მანქანის მხარდაჭერით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც საღამოს რამდენიმე მიმართულებით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა 80 კმ/სთ სიჩქარის ძლიერმა ქარმა გაართულა. ხელისუფლებამ ოთხი ოლქის: დრაფის, ანთუზას, დიონისა და დასამარის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მათ ასევე ურჩიეს სხვა რაიონების მცხოვრებლებს ევაკუაციისთვის მოემზადონ. ერთი საავადმყოფო და ათენის ეროვნული ობსერვატორია სიფრთხილის მიზნით ევაკუირებულია. პენტელისკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა შეჩერებულია. გასულ წელს ტყის ხანძარმა, საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში დაახლოებით 121 000 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი გაანადგურა. ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაიქსირდა.
კარლ ჰარცელი: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს წარმატებით გამოიყენებთ, რადგან უკან დახევას არ ეგუებით და საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა
„გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია - გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. „გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
გარემოს დაცვის სამინისტრო: მოვუწოდებთ მოსახლეობას, ტყეში კოცონის დანთებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან
მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამ მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება „ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 - დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ოთხშაბათს და ხუთშაბათს პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე წარდგება, რათა დაადასტუროს აქვს თუ არა მას უმრავლესობა. ამის შესახებ Politico წერს. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოცემა წერს, რომ არსებობს ორი შესაძლო შედეგი: დრაგი იტყვის, რომ მას მაინც შეუძლია მართოს მთავრობა და დარჩეს პრემიერ-მინისტრად, ან აღიაროს, რომ არ შეუძლია და 17 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, რაც იტალიაში შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დაასრულოს რამდენიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის კონკურენციისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რათა ევროკავშირის პოსტ-პანდემიური სახსრების შემდეგი ტრანში (20 მილიარდი ევრო) მიიღოს. მთავრობამ ასევე უნდა მოამზადოს და ამოქმედდეს საბიუჯეტო კანონი, რათა გადაჭრას ცხოვრების მზარდი ხარჯები და უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამწვავდა. პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო დრაგი ოთხშაბათს, სიტყვით სენატში, პარლამენტის ზედა პალატაში გამოვა. ამას მოჰყვება დებატები და სენატის წევრები კენჭს უყრიან, ენდობიან თუ არა პრემიერს. ხუთშაბათს დრაგი ხელახლა გამოვა დეპუტატთა პალატაში, რასაც მოჰყვება დებატები და კენჭისყრა. სამშაბათს, დრაგიმ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ენრიკო ლეტასთან, ასევე მემარჯვენე ლიდერებთან, მოლაპარაკება გამართა. თუმცა, „5 ვარსკვლავის“ მოძრაობა, სავარაუდოდ, მოხსნის მხარდაჭერას, თუ დრაგი არ დააკმაყოფილებს მის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის მინიმალური ხელფასის ჩათვლით, და კოალიციის მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ აღარ სურთ „5 ვარსკვლავიან“ მთავრობაში ყოფნა. თუ დრაგი გადაწყვეტს, რომ მას არ აქვს უმრავლესობა, ან თვლის, რომ მისი მთავრობა ვეღარ იქნება ეფექტური, მას შეუძლია საერთოდ გამოტოვოს ხუთშაბათის კენჭისყრა და პირდაპირ პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან მივიდეს და გადადგეს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიელთა მესამედზე ნაკლები ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ნახევარზე მეტს კი სურს, რომ მთავრობამ თავისი საქმიანობა განაგრძოს. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.