ძებნის რეზულტატი:
TOP 10 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან იანვარ-ივნისში ექსპორტზე გავიდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.6 პროცენტით მეტია. საქართველოს TOP 10 საექსპორტო ქვეყანა - საქსტატი ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. TOP 10 პროდუქტი, რომელიც იანვარ-ივნისში საქართველოდან გავიდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (533.1 მლნ. აშშ დოლარი); ფეროშენადნობები (295.6 მლნ. აშშ დოლარი); აზოტოვანი სასუქები (165.8 მლნ. აშშ დოლარი); ყურძნის ნატურალური ღვინოები (99.4 მლნ. აშშ დოლარი); ელექტროენერგია ( 53.8 მლნ.აშშ დოლარი); მინერალური და მტკნარი წყლები (44.7 მლნ. აშშ დოლარი); ოქრო (43.5 მლნ. აშშ დოლარი) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები; (42.7 მლნ. აშშ დოლარი); ტრიკოტაჟის ნაწარმი (42.5 მლნ. აშშ დოლარი); თხილი და სხვა კაკალი (39.3 მლნ. აშშ დოლარი); დანარჩენი საქონელი (520.0 მლნ. აშშ დოლარი)
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ირინა ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის წევრმა დავით არახამიამ Telegram-ზე გააკეთა. „უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ირინა ვენედიქტოვას უკრაინის გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტას“, - წერს არახამია. ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.
ესტონეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს
ესტონეთის ახალი მთავრობა საქმიანობას შეუდგა. „მთავრობა მზადაა, იმუშაოს მომდევნო რვა თვის განმავლობაში. 2023 წლის მარტში ქვეყნის პარლამენტის არჩევნები იმართება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ეროვნულ ტელევიზიასთან ETV-სთან ინტერვიუში განაცხადა. ესტონეთის პრემიერმა გადადდგომის შესახებ, ოფიციალურად განაცხადა მთავრობას კაია კალასი ხელმძღვანელობს. რეფორმის პარტიიდან პოსტები ჰანო პევკურმა (თავდაცვის მინისტრმა), ურმას კრუზემ (სოფლის მეურნეობის მინისტრმა), კიტ პენტუს-როსიმანუსმა (ფინანსთა მინისტრმა) და სიგნე რიისალომ (სოციალური დაცვის მინისტრმა) დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ წინა მმართველი კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ „ცენტრალური პარტია“ და „რეფორმის პარტია“, რეფორმებზე შეუთანხმებლობის გამო დაიშალა. ახალი კოალიცია 2030 წლისთვის ქვეყანაში განათლების სრულად ესტონურ ენაზე გადაყვანას, მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათების გაზრდას და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის წესების დანერგვას გეგმავს.
200 000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება ნებადართული გახდება - ეროვნული ბანკი
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან მოქალაქეებზე 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა ნებადართული გახდება. ახალი წესის მიხედვით, ის პირები, რომელთაც უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები აქვთ, ქართული ბანკებიდან სავალუტო სესხის გამოტანას შეძლებენ. „კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები". - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის გამოცემულ ბრძანებაში.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს
შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია აღნისნავს, სიმპტომები რომელიც ახასიათებს „ომიკრონის“ მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. „ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოში ახლა ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი ფიქსირდება. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg
ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი „სბერბანკის“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „სბერბანკთან“ დაკავშირებული სანქცია ითვალისწინებს აქტივების სრულ გაყინვას. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს უკვე ცნობილია, რომ უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს. გამოცემა წერს, რომ ახალი ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, რადგან ევროკავშირის სანქციებს ყველა წევრის მხარდაჭერა სჭირდება და შესაძლოა ინიციატივის დეტალები, მის დამტკიცებამდე კიდევ შეიცვალოს. წყაროების ცნობით, გუშინ ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ოქროს ემბარგო, რუსულ საიუველირო ნაწარმზეც გავრცელდეს. „სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.
ამერიკის საელჩო: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის
ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი წალენჯიხაში იმყოფება. ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტენდენციების შესახებ მოესმინა. აშშ-ის ელჩის ვიზიტის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება. „ციფრულ ერაში ინფორმაციის მიღებისას დაფიქრება გვმართებს. ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის, რომლებიც დაბნეულობისა და უნდობლობის დათესვას ცდილობენ. საელჩოს მრავალი წლის პარტნიორ მედია განვითარების ფონდთან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს მედია წიგნიერებით ვაძლიერებთ . წალენჯიხაში ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტენდენციების შესახებ მოესმინა“, - წერია ინფორმაციაში.
უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს
უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს ეს და სხვა საკითხები ტაშკენტში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტისას განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უზბეკეთმა კოლეგამ აბდულა არიპოვმა ტაშკენტში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მათი კაბინეტის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ძირითადი ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეკონომიკურ სფეროში დაეთმო. „მხარეებმა ევროპულ ბაზარზე უზბეკეთის პროდუქციის ექსპორტისთვის, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და რეკონსტრუქცია. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ორმხრივ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ისაუბრეს. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი ფოთში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გოგოლის დაკრძალვას მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 47 წლის კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში, 10 ივლისს დაიღუპა. ქართველი მებრძოლის ცხედარი სამშობლოში 16 ივლისს ჩამოასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
ერდოღანი: თურქეთმა და ირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა იბრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებთან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა, PJAK, FETO, PKK პრობლემაა როგორც ანკარისთვის, ისე თეირანისთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ და თეირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა განაგრძონ ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სულ რვა შეთანხმებას ვაჭრობის, სოციალური უსაფრთხოებისა და სპორტის სფეროებში. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და ირანი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობას 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. „შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ თავდაცვის ინდუსტრიაში. ამის დაჩქარება ასევე შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯებით ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, ერდოღანი და რაისი დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდებიან. ირანში პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.
ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 4 ოქტომბრისთვის გადაიდო
სააპელაციო სასამართლოში, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე განიხილეს, მომდევნო სხდომა კი 4 ოქტომბერს დაინიშნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დაცვის მხარე ოთხი შუამდგომლობით წარდგა, საიდანაც მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატებმა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, აღნიშნული დოკუმენტები სასამართლო განაჩენის სამართლებრივი ანალიზია, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს მტკიცებულებას. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
კახა კალაძე: ტაშკენტში შოთა რუსთაველის ძეგლი ადგილობრივი მთავრობის, ჩვენი ელჩის უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილის, მისი ოჯახის თანადგომითა და ხელშეწყობით გაიხსნა
თბილისის მერი კახა კალაძე ტაშკენტში შოთა რუსთაველის რეაბლიტირებული ძეგლის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, ამ ყველაფერში ჩართული იყო ჩვენი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი და მისი ოჯახის მხარდაჭერითაც ძალიან ბევრი გაკეთდა, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული ყოფილიყო. უშუალოდ, ფინანსური დახმარებით, პროექტში მიიღეს მონაწილება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.
სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერა, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გიორინგ-ეკარდტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, გერმანიის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული დატვირთვის მქონეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს დახმარების მზაობა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების განხხორციელების მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურების საჭიროებაზე და საკანონმდებლო პროცესში ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდი ტრაგედიაა და უმძიმესი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, შავ ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ XX საუკუნის დასაწყისიდან საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია, რომელიც 1992-1993 და 2008 წლებშიც განმეორდა და ახლაც გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით. პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება: მიმდინარეობს რეგიონის რუსიფიკაცია, ირღვევა მოსახლეობის უფლებები, აკრძალულია ქართული ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა აფხაზური ენა. ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის ომმა გაზარდა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალი, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება. „ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა 16 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში, რაც პოზიტიური ნაბიჯია რეგიონში მშვიდობის გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის და ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირი ყაზახეთში სამთომოპოვებითი მრეწველობით ინტერესდება, იზრდება ინვესტიციები - პრემიერ-მინისტრი
ყაზახეთი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას აპირებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა „ყაზახეთი-ევროკავშირის“ დიალოგის პლატფორმის სხდომაზე განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ყაზახეთის პოზიცია ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა. სხდომის გახსნისას სმაილოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძირითადი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორია. ამრიგად, ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში $20,1 მილიარდი შეადგინა, რაც 51,2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება გაიზარდა 54%-ით და $6,8 მილიარდი შეადგინა. ამასთან სამთო მრეწველობაში კაპიტალის მოზიდვის დონე 35,7%-ით გაიზარდა და $3,5 მილიარდს გაუტოლდა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ინტერესდება ყაზახეთის სამთომოპოვებითი მრეწველობით. მართლაც, ამ სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი უზარმაზარია. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნების გეოლოგიურ სამსახურებს ერთობლივი პარტნიორობისკენ დიგიტალიზაციის, გეოლოგიური მეცნიერების განვითარებისა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით“, - დასძინა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ყაზახეთში, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ბელგიის, შვედეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ხორვატიის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და ფინეთის ელჩები.
ნიკა სიმონიშვილი: პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, დოლიგარქიზადიამდე არ მიგვიყვანს
პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა “დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა ოლიგარქიზაციის დასრულებისკენ. დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინც და მაინც საჭირო კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო. ხელისუფლებას შინაარსობრივ საკითხებზე როგორც თქვეს, ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ეს შეეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო სისტემაზეც პოზიციები მოვისმინეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება, გამიჭირდება თქმა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიცავს, პოლიტიკური ნება გააჩნიათ", - განაცხადა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხორვატიისგან ვიზიტზე უარი ორჯერ მიიღო
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს კერძო ვიზიტის ნებართვა გასული წლის 2 სექტემბერს სთოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვუჩიჩის თქმით, მეორე ასეთი თხოვნა პირველ მარტს გაგზავნა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში გაგზავნილი თხოვნის პასუხი იყო: „გთხოვთ, გადადოთ ვიზიტი შიდა პოლიტიკური ვითარების გამო“. ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა „მინდოდა ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა და ყვავილების დადება ისეთ ადგილას, სადაც... ათიათასობით დაიღუპა იასენოვაცში. რაღაც ალოგიკურად მეჩვენება, რომ ცდილობთ მსგავსი რამის თავიდან აცილებას პროვოკაციის საბაბით. არ ვიცი, რატომ”, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.