ძებნის რეზულტატი:
დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს დანიაც გზავნის
დანია დიდ ბრიტანეთში 130 ინსტრუქტორს გაგზავნის უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში დასახმარებლად. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თანახმად, დანია ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე სასწავლო პროექტს მხარს დაუჭერს. ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის კანადა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად სამხედროებს გზავნის 2022 წელს დანია უკრაინელი სამხედროების მომზადების მხარდასაჭერად $137,000 მილიონს გამოყოფს. მანამდე შვედეთმა და ფინეთმაც განაცხადეს, რომ თავიანთ ინსტრუქტორებს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ბრიტანეთში გაგზავნიან. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი დიდ ბრიტანეთში ივლისის დასაწყისში ჩავიდა.
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული, ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილებიც სასწავლო გრანტით ისარგებლებენ. „სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე, მთავრობის დადგენილებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის საფუძველზე, უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში. ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინა: რუსეთის ძალები ვეღარ გამოიყენებენ სარკინიგზო ხაზს, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს
რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ, გამოიყენონ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ყირიმს ხერსონის რეგიონთან აკავშირებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი სერჰი ხლანი აცხადებს. „ეს განშტოება კალანჩაკის, ბრილივკის გავლით ოლეშკის რკინიგზის სადგურამდე და სარკინიგზო ხიდზე, თავად ხერსონამდე გადიოდა”, - განაცხადა უკრიანის ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ კიდევ ერთი მარშრუტი იყო ყირიმიდან მელიტოპოლამდე. „სწორედ იქ გადაიტანეს ოკუპანტებმა სარკინიგზო მატარებლები და გადმოტვირთეს ისინი ნოვოლექსიევკას მიღმა, ჰენიჩესკის რაიონში. გუშინ, რუსეთის ძალების კიდევ ერთი კოლონა განადგურდა, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით", - აღნიშნავს ხლანი. ჰენიჩესკის რაიონში აფეთქებების შესახებ მედია 9 აგვისტოს იუწყებოდა.
რატომ ძვირდება უძრავი ქონება - მიზეზები
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლდა. Europetime-ს რამდენიმე უძრავი ქონების სააგენტოში განუცხადეს, რომ გაქირავების სეგმენტის შემდეგ, გაყიდვების ბაზარიც გააქტიურდა და თანდათან პანდემიის შედეგად გამოწვეული სტაგნაციიდან გამოდის. მოთხოვნას დეველოპერებმა, რომ ფასების ზრდით უპასუხეს, ამას საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი). 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით. ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაში უძრავი ქონება თბილისში, საშუალოდ 2,216 ლარი, თეთრი კარკასი 2,505 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი 2,920 ლარი ღირს. საქსტატის მონაცემებით, უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა - 4,339 ლარი; ვაკე - 3,845 ლარი; კრწანისი - 2,937 ლარი; საბურთალო - 2,927 ლარი; ჩუღურეთი - 2,856 ლარი; დიდუბე - 2,814 ლარი; ნაძალადევი - 2,740 ლარი; ისანი - 2,580 ლარი; გლდანი - 2,558 ლარი; სამგორი - 2,451 ლარი. რამ გამოიწვია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მაღალი აქტივობა და რატომ იზრდება ბინების, კომერციულ ფართებსა და მიწის ფასი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime კომპანია „რემაქს კაპიტალის დამფუძნებელს, რეალტორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს ყოფილ წევრ მარიამ ასათიანს ესაუბრა. ET: რას უკავშირდება პანდემიის სტაგნაციის შემდეგ უძრავი ქონების გააქტიურება და შესაბამისად ფასების ზრდა? ერთ-ერთ მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა მზარდი რაოდენობა სახელდება. ეთანხმებით ამ შეფასებას თუ არის სხვა მიზეზებიც? საქართველოში უძრავი ქონება რამდენიმე მიზეზით გაძვირდა. თუ საცხოვრებელი სახლების სეგმენტს განვიხილავთ, აქ გვაქვს თვითღირებულების მატება სამშენებლო მასალებზე, რაც ბუნებრივია იწვევს გაძვირებას. დეველოპერების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების თვითღირებულება 40% გაძვირებული. მეორე მიზეზია, პანდემიის შემდეგ არსებული გარკვეული სტაგნაცია. ესაა ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნა, რაც ახლა რეალიზდება. უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის გაზრდის მესამე და მთავარი მიზეზია რუსეთ-უკრაინის ომი, რის შემდეგადაც ჩვენთან ბევრი ვიზიტორი შემოვიდა. შედეგად უძრავი ქონების გაქირავების ფასი გაიზარდა. რამაც ინტერესი გაუჩინა საინვესტიციო მყიდველებს, რომ შეიძინონ ბინები და შემდეგ გააქირაონ. ბინების შეძენა ხდება ორი მიზეზით, ერთი საკუთარი მოხმარებისთვის და მეორე საინვესტიციოდ, რათა შემდეგ გაქირავდეს. ძირითადად ეს სამი ფაქტორი იწვევს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ფასების მატებას. ET: როგორც ცნობილია, პანდემიამდე უძრავ ქონებაში საქართველოში გაქირავების მიზნით ინვესტირების მაჩვენებელი არ იყო მაღალი. მაშინ არ იყო მოთხოვნა? გაქირავების მიზნით ბევრი ადამიანი ყიდულობდა ბინას საქართველოში, თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის დროს, საინვესტიციოდ ბინების ყიდვის მოტივაციამ იკლო, იმიტომ რომ ქირა ქირა შემცირდა და ნაკლებად საინტერესო ხდებოდა ამ მიზნით ბინის შეძენა. ახლა ვითარება შეიცვალა, რადგან ქირის ფასი 30%, ზოგ შემთხვევაში კი 50% გაზრდილი. ამან შექმნა დამატებითი მოტივაცია ბინების შესყიდვაზე. ET: საქსტატის მონაცემებით, გაძვირებულია ახალი ბინები, მეორადზე კი ფასი შემცირებულია. ეს რით არის გამოწვეული? ვერ ვიტყვი, რომ მეორად ბინებზე ფასი შემცირებულია. უბრალოდ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი ძველ სახლებზე ვიდრე ახლებზე. ტრადიციულად ეს ასეა, რადგან ძველ სახლს ამორტიზაცია მეტი აქვს და ახლა უფრო მეტი ახალი ბინა შენდება. სახლები ახალი სტანდარტით შენდება და უფრო უსაფრთხოა. ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ უფრო კარგად ქირავდება. ყველა ეძებს უფრო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის ბინას დასაქირავებლად. ეს კი იწვევს მყიდველში იმის მოტივაციას, რომ ახალი ბინა იყიდოს. ძველი სახლები ამორტიზებულია, მოსაწესრიგებელია სადარბაზოები და საინვესტიციოდ მისი კაპიტალური ღირებულება უფრო ნაკლებია. ამასთან, გრძელვადიან პერიოდში უფრო ნაკლებად გაუძლებს დროის მოთხოვნას და შესაბამისად, ძველ სახლებზე ფასების მატება უფრო ნაკლებად ფიქსირდება. ET: დღეს საქართველოს რომელ ქალაქებში და რეგიონებშია უფრო მაღალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რით არის ეს გამოწვეული? თბილისში, ბათუმში... ასევე საკურორტო ზონებში. საინვესტიციოდ ბინები იყიდება გუდაურში, ბაკურიანში. აქ მოთხოვნა შენარჩუნებულია. ბოლო დროს, პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია უძრავი ქონების ქალაქგარეთ შესყიდვაზე. ადრე თუ მეტი მოთხოვნა იყო ქალაქის ცენტრზე, ეს იყო საბურთალო, ვაკე, მთაწმინდის რაიონი, კრწანისი, ორთაჭალა, ახლა კი პირიქით, მოთხოვნამ ცენტრიდან ქალაქგარეთ გადაინაცვლა. ეს ურბანიზაციამაც განაპირობა, რადგან რაც უფრო გადატვირთულია გზები, გაჯერებულია ქალაქის ცენტრში ცხოვრება, უფრო მეტად ცდილობენ ადამიანები გავიდნენ ქალაქგარეთ. ეს პროცესი სულ მიდიოდა, მაგრამ ლოკდაუნებისა და პანდემიის შემდეგ უფრო აჩქარდა. ადამიანებმა გადალახეს მანძილის დაფარვის ფსიქოლოგიური ზღვარი. ახლა ეს აქტიური ტენდენციაა და ქალაქგარეთ უბნის ტიპის პროექტებზე მოთხოვნა დიდია. ეს არის ლისი, საგურამო-მცხეთის მიმართულებით. მოთხოვნას ზოგადად აჩენს დეველოპერული წინადადებებიც, ხოლო თავად მოთხოვნა, დეველოპერების მოტივაციას ზრდის. რეალურად მოთხოვნა და მიწოდება ეხმარება ერთმანეთს, რომ სამომავლოდ ტენდენცია განისაზღვროს. ამასთან, ბოლო პერიოდში გაჩნდა დახურული უბნების განაშენიანების პროექტები, რაც მანამდე ნაკლები იყო. მანამდე აქცენტი კეთდებოდა ქალაქის ცენტრში წერტილოვანი კორპუსების პროექტებზე. ახლა კი არის ურბანული პროექტები. დეველოპერები მომხმარებლებს დაბალსართულიან ან კერძო ბინების ტიპის განაშენიანების პროექტებს სთავაზობენ. ET: რაც შეეხება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენციას, რა შემთხვევაში შეჩერდება? ალბათ როცა მოთხოვნა იკლებს ან ბაზარი გაჯერდება? შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი შენელდეს. ახლა რამდენიმე მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს: პანდემიის დასრულება, ომის შემდეგ ვიზიტორების ჩამოსვლა. მოთხოვნის ზრდამ მყისიერად გაზარდა ფასები. სწორედ ამიტომ შესაძლოა, ფასების ზრდის ტენდენცია შენელდეს, თუმცა უძრავ ქონებაზე ფასის შემცირებას არ ველი, იმიტომ, რომ ამ ფასების პირობებში მყიდველი არის. ფასის ზრდა შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე ბაზარზე მსყიდველუნარიანი მომხმარებელი იქნება და გაძვირებულ უძრავ ქონებას შეიძენს. ჯერ-ჯერობით გაძვირებული უძრავი ქონება იყიდება და სამშენებლო მასალის თვითღირებულებაც გაზრდილია და ამ ფონზე ფასის შემცირების მოლოდინი ამ მიმართულებით არ არის. მთელ მსოფლიოში გაძვირდა არმატურა, მეტალი, ცემენტი. შესაბამისად, მშენებლობის ხარჯი გაეზარდათ დეველოპერებს.
უკრაინა: რუსეთის საგუშაგოზე, ვასილივკაში ევაკუაციის მოლოდინში ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
რუსეთის მიერ კონტროლირებად საგუშაგოზე ვასილივკაში ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციის რიგს ელოდნენ. მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ „დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 10-ს მიაღწია. „ამაოდ ელოდნენ ევაკუაციას. საგუშაგოზე ევაკუაციის რიგში 1000-ზე მეტი მანქანა იყო“, - განაცხადა ფედოროვმა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ევაკუაციის პროცესს ორი დღის განმავლობაში აფერხებდნენ. შეგახსენებთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვასილივკის გავლით მიემგზავრებიან.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა. აღინიშნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნება და ტრადიციულად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდნენ.
უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად
პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი იერმაკის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის აქტიური ფაზა ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს, რადგან ერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები რჩება. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-მა ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ 100 ბელორუს სახელმწფო მოხელეს სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-მ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეორე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. სანქცირებულთა შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კგბ-ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის მთავარი დეპარტამენტის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამდებობის პირები. ასევე, სამთავრობო ტელეკომპანიების ჟურნალისტები, სამხედროები, პარლამენტარები, მოსამართლეები და სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებაში აღნიშნულია, რომ „სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ წამებაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების უკანონო ჩხრეკაში, მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაში, სტუდენტების გარიცხვაში და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე რეპრესიული კანონების მიღებაში". ბელორუსში 2020 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 297 ბელორუსი მოხვდა, რომელთაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
რუსეთის ფედერაციის რეგიონებში ბიზნესაქტივობა მინიმუმამდე დაეცა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის რეგიონებში ბიზნესაქტივობის ინდექსი მინიმუმამდე დაეცა. რუსული მედიის ცნობით, ამას რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მონაცემები ადასტურებს. უკრაინაში შეჭრის დაწყებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ივნისში, ინდექსი მინიმუმამდე დაეცა და 39,8% შეადგინა. ყველაზე დიდი ვარდნა ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა, ყველაზე ცუდი შედეგი ურალის და ვოლგის ფედერალურმა ოლქებმა აჩვენეს. ამასთან, 2022 წლის დასაწყისში ეკონომიკური აქტივობა 82 რეგიონიდან 70-ზე მეტში იზრდებოდა. ინდექსი როსსტატის ყოველთვიური მონაცემების საფუძველზე ეკონომიკის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის დინამიკაზე გამოითვლება. ეს დარგებია მრეწველობა, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, საბითუმო ვაჭრობა და ფასიანი მომსახურება.
კვლევა: დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება
დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სრული გავლენა 2023 წლის ბოლოს ექნება. ამის შესახებ კიევის ეკონომიკური სკოლის ახალ კვლევაშია ნათქვამი. რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, რადგან აგრესორის ენერგოექსპორტი შეზღუდული იქნება. ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნის პროგნოზი 2022 წელს 10-30%-დან 6-9,5%-მდე დაკორექტირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე პროგნოზირებული 20%-დან 12-15%-მდე შემცირდა. კიევის ეკონომიკურ სკოლაში განმარტავენ, რომ ასეთი ცვლილებების მთავარი მიზეზი ენერგობაზარზე არსებული მაღალი ფასებია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა სანქციების ზემოქმედებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის შიდა ეკონომიკაში. ამრიგად, ივნისში რუსეთში ავტომობილების წარმოების შემცირებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62% შეადგინა. ხოლო სამრეწველო წარმოება ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით დაეცა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული ძირითადი სანქციები ჯერ არ შესულა ძალაში. შესაბამისად, 5 დეკემბერს ამოქმედდება სანქციები ევროკავშირში რუსული ოფშორული ნავთობის ექსპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აიკრძალება. ამავდროულად, რუსული გაზის გაყიდვები ევროპაში გასული წლის დონის მესამედს შეადგენს და სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება და ფაქტობრივად არაუგვიანეს 2024 წელს დასრულდება. რადგან, ამ დროისთვის გერმანია მოელის, რომ რუსული გაზისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება.
დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს კითხვებზე არ უპასუხა
აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკოსის თქმით, მან ყველა მოქალაქისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და პრივილეგიებით ისარგებლა. დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN ტრამპის განცხადება მას შემდეგ გახმაურდა, რაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის ოფისში მივიდა, რათა ჩვენება მიეცა საქმეზე, რომელიც Trump Organization-ში სავარაუდო ფინანსურ თაღლითობას ეხებოდა. ტრამპის კომპანია, სესხის აღების მიზნით აქტივების ღირებულების ხელოვნურად გაბერვაშია ეჭვმიტანილი. რესპუბლიკელი ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და მიმდინარე გამოძიებას დემოკრატების მიერ ინიცირებულ „ჯადოქრებზე ნადირობას“ უწოდებს. 9 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა. ტრამპი ამტკიცებს, რომ ჩხრეკა - ისევე როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხდელის შეშლას ისახავს მიზნად.
ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
რუსული ვერტმფრენი Mi-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა. საზღვარი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოიდულას სასაზღვრო გადასასვლელის მიდამოში დაირღვა. ინციდენტთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო საპროტესტო ნოტა გადასცა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის აგრესია უკრაინაში მკაცრად დაგმო. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს ესტონეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სამართალს. ცნობისთვის, ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს. ცოტა ხნის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, „კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება“.
საბერძნეთში პირველი ცათამბჯენი აშენდება
საბერძნეთში ცათამბჯენის მშენებლობის პირველი ლიცენზია ამ კვირაში გაიცა. ამის შესახებ განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა ადონის ჯორჯიადისმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ათენის გარეუბანში, ელინიკოს მუნიციპალიტეტში 198,85 მეტრიანი კოშკის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება. ცათამბჯენს რივიერას კოშკი დაერქმევა. კოშკი Lamda Development Ellinikon პროექტის ნაწილია, რომელიც ევროპაში ურბანული აღორძინების უდიდეს პროექტად მიიჩნევა.
იაპონიის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტი შეცვალა
იაპონიის მთავრობის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ფუმიო კიშიდამ 10 აგვისტოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ოფიციალურად გამოაცხადა. იტყობინება იაპონური ტელეარხი NHK. არხის ცნობით, კიშიდა იმედოვნებს, რომ ცვლილებები მას ქვეყნის შიდა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მათ შორისაა COVID-19-ის ახალი ტალღა, ფასების ზრდა და ასევე დაძაბულობა უკრაინასა და ტაივანში. ცვლილებების შედეგად ადგილებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეინარჩუნებს: საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, ფინანსთა მინისტრი სუნიჩი სუზუკი და მათ გარდა კიდევ სამი მინისტრი. მთავრობაში ხუთი ყოფილი მინისტრი იქნება. მანამდე, კიშიდამ იაპონიის მთავარი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) ახალი ხელმძღვანელობა დაასახელა. პარტიის ვიცე-პრეზიდენტად ტარო ასო დარჩება, გენერალური მდივნის მთავარ პოსტს კი ტოშიმიცუ მოტეგი შეინარჩუნებს. ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი კოიჩი ჰაგიუდა, პოლიტიკური კვლევების საბჭოს თავმჯდომარე გახდება. ცნობისთვის, სინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, მოქმედი პრემიერისა და მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა იკლებს. ბოლოს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ფუმიო კიშიდას რეიტინგი 46%-მდე დაეცა, რაც მისი მმართველობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, IAEA-ს ძალისხმევას მხარს უჭერენ და შესაბამის განცხადებას ავრცელებენ. რადიაციის დონე ზაპოროჟიეში, დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე - IAEA-ს განმარტება „რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ დაუბრუნოს თავის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ასევე დაუბრუნოს კონტროლი ყველა ბირთვულ ობიექტზე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და საიმედო მუშაობა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე უკრაინელმა პერსონალმა უნდა შეძლოს მუქარისა და ზეწოლის გარეშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. რადგან რუსეთის მიერ ქარხნის მუდმივი კონტროლი, რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცახდებაში. რაზე შეთანხმდნენ უკრაინული და ამერიკული მხარეები ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ შეხვედრაზე 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს - „მოლდოვაგაზი“
„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს. „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით - ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, სხვა ფასების ფორმულა იქნება გამოყენებული, რის გამოც შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.
შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში - თავდაცვის სამინისტრო
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, რომელსაც უწყება Facebook-ზე შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა „რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში - თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალები მარინკასა და პესკოვის მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები მარინკასა და პესკოვის მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ და საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად „რუსული ძალები მარინკასა და პესკოვის მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ და საომარი მოქმედებები გრძელდება. ვოლინისა და პოლესის მიმართულებით ვითარება არ შეცვლილა. ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ახორციელებენ დავალებებს ბელარუსი-უკრაინის საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით ბრესტისა და გომელის ოლქებში. სევერსკის მიმართულებით, მტერმა არტილერიით დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩერნიგოვის ოლქის ლოგის დასახლებების და სუმის ოლქის ვოროჟბას, მეზენოვკას, გრაბოვსკოეს და სლავგოროდის დასახლებებში“, - აცხადებენ გენშტაბში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.